ტორესი გააფრთხილეს - უნდა იბრძოლოს

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ "ჩელსის" ფორვარდი ფერნანდო ტორესი გააფრთხილა, რომ ევრო-2012-ზე მოსახვედრად კონკურენციის დაძლევა მოუწევს.

27 წლის ტორესის საქმე მას შემდეგ წავიდა უკან, რაც "ელ ნინიო" "ჩელსიმ" "ლივერპულისგან" 50 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა. აქამდე ესპანეთის ნაკრებში ტორესის ადგილი (მიუხედავად ცუდი ფორმისა) ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ ახლა დელ ბოსკე აცხადებს, რომ უკრაინა-პოლონეთში მოსახვედრად თავდამსხმელს ბევრი ოფლისღვრა დასჭირდება. ბედის ირონიით, ტორესი ძლივს ათამაშდა ლონდონურ კლუბში და გოლების გატანაც დაიწყო.

დელ ბოსკე ამბობს, რომ ტორესის ევრო-2008-ის გმირობა და მსოფლიოს ჩემპიონობა ვერ
იქნება მისი ევრო-2012-ში თამაშის გარანტია, თუ თავადაც არ მოინდომებს. დელ ბოსკე აღნიშნავს, რომ მას შეტევაში რამდენიმე საინტერესო ალტერნატიული ვარიანტი აქვს, თუმცა ჯერ კიდევ სჯერა, რომ ფერნანდო უმაღლეს დონეზე ითამაშებს.

"მან შეიცვალა კლუბი, შემდეგ ჰქონდა არცთუ წარმატებული სეზონი. ჩვენ ჯერ კიდევ გვწამს მისი შესაძლებლობების, მაგრამ თუკი მაღალ დონეზე ვერ ითამაშებს, ევროპის ჩემპიონატზე ვერ წავა. მას საკმაოდ კარგი კონკურენტები ჰყავს და თუკი აჯობებენ, ვერ ვუღალატებთ სამართლიანობის პრინციპს. სხვათა შორის, უკვე ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ სხვებს უსამართლოდ ვექცევით", - განუცხადა "მარკას" ესპანეთის ნაკრების თავკაცმა. ამაზე ცხად გამაფრთხილებელ "მესიჯს" ფერნანდო ტორესი ვერ მიიღებდა.

მოდი, ჩამოვთვალოთ თავდამსხმელები, ვისთანაც ტორესს კონკურირება უწევს: დავიდ ვილია და პედრო როდრიგესი "ბარსელონადან", რობერტო სოლდადო "ვალენსიადან", ალვარო ნეგრედო ("სევილია") და ფერნანდო ლორენტე ("ბილბაო").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული