კატალონიელთა საკადრო პრობლემები

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონა" წელსაც არნახულად ძლიერად გამოიყურება, სამწვრთნელო შტაბი მაინც მიიჩნევს, რომ შემადგენლობას კიდევ უფრო გაძლიერება არ აწყენდა.

ესპანური პრესის ცნობით, კატალონიელებს უკვე ჰყავთ ამოღებული სამიზნეში კონკრეტული ფეხბურთელები. უპირველესად ლაპარაკია ბრაზილიური "ინტერნასიონალის" შემტევი ნახევარმცველის, 20 წლის ოსკარის შეძენაზე.

გარდა ცენტრალური შუახაზელისა მას თამაში მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია. ბრაზილიური პრესა თავის მხრივ წერს, რომ ნიჭიერ ფეხბურთელს "ბარსელონა" უკვე წელიწად-ნახევარია აკვირდება და მზადაა, "ინტერნასიონალს" ოფიციალური წინადადებით მიმართოს. ბრაზილიის ჩემპიონატში ოსკარმა წელს 17 შეხვედრაში 8 გოლის გატანა და 4 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო,
რაც მის ტალანტს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

გარდა ბრაზილიური ბაზრისა, კატალონიელები სხვა ქვეყნებში მოთამაშე ფეხბურთელებსაც აკვირდებიან. ისინი იანვრისთვის ალბათ 4
მოთამაშეს მაინც შეიძენენ. sport.es-ის ცნობით, "ბლაუგრანას" სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ ხოსეპ გვარდიოლასთან ერთად მიმდინარე სეზონში გუნდის თამაშის ანალიზის დეტალური შედეგები დადო, სადაც აღნიშნულია, რომ "ბარსას" ყველაზე მეტად გაძლიერება დაცვაში სჭირდება, რადგან სწორედ ის უშვებს სხვა რგოლებზე მეტ შეცდომას.

უახლოეს დღეებში ეს პიროვნებები პრეზიდენტ სანდრო როსელთან გამართავენ შეხვედრას, სადაც ყოველ კანდიდატურას განიხილავენ და კლუბის სამოქმედო გეგმას დეტალურად შეიმუშავებენ.

სიახლეა ლიონელ მესის თავს. იმავე შპორტ.ეს-ის ინფორმაციით, კომპანია "ადიდასმა" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ახალი ბუცებით ასპარეზობა შესთავაზა, რომელშიც სპეციალური ჩიპი იქნება ჩადგმული. არგენტინელმა გერმანელების შეთავაზებაზე უკვე საბოლოო თანხმობა განაცხადა.

ახალი ბუცებით ის ნოემბრიდან ითამაშებს. ჩიპიდან ყოველი თამაშის შემდეგ დეტალურ ინფორმაციას ამოიღებენ, თუ რა მანძილი დაფარა ფეხბურთელმა, რამდენჯერ შეეხო ბურთს, რამდენი იყო მისი მაქსიმალური სისწრაფე და ასე შემდეგ. გეტყვით იმასაც, რომ სექტემბერში მესიმ ექსპერიმენტის სახით სწორედ ასეთი ჩიპიანი სპორტული ფეხსაცმლით ითამაშა არგენტინისა და ნიგერიის ნაკრებების შეხვედრაში, თუმცა მას მერე "ადიდასმა" გამოგონება კიდევ უფრო დახვეწა.

"ბარსას" ყოფილმა ლიდერმა, 39 წლის ლეგენდარულმა რივალდომ, ვინც ამჟამად "სან პაულუს" ღირსებას იცავს, გაზეთ "მარკასთან" ინტერვიუში ყოფილი კლუბის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა.

მისი თქმით, გვარდიოლას გუნდის თამაშის ყურება მას უზარმაზარ ესთეტურ სიამოვნებას ანიჭებს: "დღევანდელი "ბარსელონა" ფანტასტიკური გუნდია. მათი ყურება ერთობ სასიამოვნოა. ნამდვილად არ დავიშურებდი ფულს, რომ ამ გუნდის თამაშის ბილეთი მეყიდა.

ვერ გავრისკავ იმის თქმას, რომ ეს ყველა დროის საუკეთესო საფეხბურთო გუნდია, მაგრამ ისინი კლუბის ისტორიის განუმეორებელ ფურცელს რომ წერენ, ამაზე ალბათ არავინ შემედავება. ხანდახან უბრალოდ დაუჯერებელია ის ყველაფერი, რაც ამ ბიჭებს მოედანზე გამოსდით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული