კარგად გვესმის შოტლანდიის ნაკრების გულშემატკივრების, ძალიან ძნელი გადასატანია მუდამ ასე ახლოს იყო მიზანთან და ყოველთვის მცირე გაკლდებოდის იქამდე. დელ ბოსკემ რამდენიმე სიახლე შეიტანა შემადგენლობაში: კარი ამჯერად "ბარსას" გოლკიპერ ვიქტორ ვალდესს ანდო. დაცვის მარცხენა ფლანგზე დებიუტი ჰქონდა ვალენსიელ ხორდი ალბას, სანტი კასორლა სასტარტოში
ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ჩვეულ სტილში დაიწყო - ბურთის ტოტალური კონტროლით, რომელმაც უკვე მე-5 წუთზე მოიტანა შედეგი: დავიდ ვილიამ ხორდი ალბა მოძებნა, დებიუტანტმა დავიდ სილვას დაუგორა და "სიტის" ლეგიონერმაც ახლო კუთხეში გაუტანა ალან მაკგრეგორს. მე-40 წუთზე მაკგრეგორის სასწაული რეაქცია რომ არა სანტი კასორლაც გაიტანდა, მაგრამ სამ წუთში სკოტთა კარი მაინც აიღეს - სილვამ ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, მარცხნივ შეიწია, პედროსთან კედელი გაითამაშა და მცველ ბერას ფეხებს შორის გაუძვრინა - მაკგრეგორს უშანსოდ იყო.
54-ე წუთზე "ელ გუახემ" საერთაშორისო კატეგორიაში 50-ე გოლი გაიტანა. კომბინაციაში მონაწილეობა კასორლამ, პედრომ და სილვამ მიიღეს. სტუმართა ერთადერთი გოლი ასე გავიდა - ვალდესმა საჯარიმოში შეჭრილი კრეიგ მეკეილ-სმითი მოცელა და დევიდ გუდვილმაც პენალტი გამოიყენა - 3:1.
თქმა არ უნდა, ამ შეხვედრაშიც (როგორც პრაღაში) ესპანელთა საუკეთესო ფეხბურთელი დავიდ სილვა იყო. "მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავი უბრალოდ ტოპ-ფორმაშია. კარგად ითამაშეს ვილიამ, ჩავიმ, კასორლამ და დებიუტანტმა ალბამაც.
"ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი თამაშით და ვფიქრობ, მომავალშიც ასე გავაგრძელო. ფეხბურთელი ვარ და ჩემი მოვალეობა სწორედ ესაა. ჩვენ შესარჩევი კამპანია ბრწყინვალე შედეგით დავასრულეთ", - განაცხადა 25 წლის დავიდ სილვამ.
ვისენტე დელ ბოსკეს კი უკვე ფინალურ ეტაპზე ეკითხებიან - "ევრო 2012-ის მოგება? ძნელი იქნება. ჩვენ ძალიან ძლიერი კონკურენტები გვეყოლება ინგლისი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი... მოკლედ, იმავეს გამეორება გაგვიჭირდება", - თქვა 60 წლის სპეციალისტმა, რომელსაც ჩამონათვალში, რატომღაც, ჰოლანდიის ნაკრები გამორჩა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"