ცენტრალური მატჩი: უჩვეულო მონაწილენი

AutoSharing Option
მართალია, ჯერ ჩემპიონატის მეხუთედიც არ გალეულა, მაგრამ მაინც გასაკვირია, რომ ლიდერონაში ჩემპიონ "ბარსელონას" გვერდს ვალენსიური "ლევანტე" უმშვენებს.

ცოდვა გამხელილი სჯობს და, "ლევანტე", მას მერე, რაც წარმატებული მწვრთნელი ლუის გარსია ტორალი დაკარგა, აუტსაიდერობისთვის განწირული გვეგონა.
დღეისათვის კი "ლევანტეს" 14 ქულა აქვს, დაუმარცხებელია და 6 მატჩში სამი გოლი აქვს გაშვებული. არადა, "ბაყაყებს" ლა ლიგის ყველაზე უსახელო მწვრთნელი უდგას სათავეში - 47 წლის ხუან იგნასიო მარტინესი, რომელიც აქამდე სეგუნდადივიზიონს არ გასცილებია.

"ლევანტე" ხვალ თამაშობს და ლიდერთა ჯგუფის ერთ-ერთ წევრ "მალაგას" იღებს "სიუტატ დე
ვალენსიაზე". აბა, ვინ წარმოიგდენდა, რომ ეს შეხვედრა იქნებოდა ტურის ცენტრალური დაპირისპირება. არადა, ფაქტია.

ბუნებრივია, ყველაზე დიდ ინტერესს მაინც "ბარსელონას" და "რეალის" მატჩები იწვევს. მადრიდის "რეალი" დღეს "სანტიაგო ბერნაბეუზე" სეგუნდადივიზიონიდან დაბრუნებულ "ბეტისს" ხვდება. "რეალი" 13 ქულით მესამეა, "ბეტისს" კი, რომელმაც ლიდერობაც კი მოასწრო, 12 ქულა აქვს.

ჟოზე მოურინიოს კვლავ არ ეყოლება ნური შაჰინი, რომელიც კი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ჯერ ვერ არის ფორმაში. ქარიმ ბენზემას თამაშიც საეჭვოა, მაგრამ ფრანგმა რომც შეძლოს მოედანზე გამოსვლა, მწვრთნელი ალბათ მაინც გონსალო იგუაინს არჩევს. შეგახსენებთ, რომ სანაკრებო "პაუზის" წინ იგუაინმა ბარსელონაში ჰეთ თრიკი შეასრულა. რაულ ალბიოლმა ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე ყბა გაიტეხა და თვის ბოლომდე ვერაფრით შეეწევა "სამეფო კლუბს". ჟოზე მოურინიოს უკვე შეუძლია დაცვაში პეპეს და ფაბიო კოენტრაოს დაეყრდნოს, ორივე მისმა თანამემამულემ მოიშუშა ტრავმა. ვინ იქნება ნახევარდაცვაში ჩაბი ალონსოს მეწყვილე, ლასანა დიარა თუ სამი ხედირა, ამას პორტუგალიელი მწვრთნელი დღეს გადაწყვეტს. "ბეტისის" თავკაც პეპე მელს არ ეყოლება ტრავმირებული ნელსონი და დისკვალიფიცირებული ბრაზილიელი კაპიტანი ირინეი. "ბეტისი" ერთი ფორვარდით, პარაგვაელი როკე სანტა კრუსით შეუტევს.

ბოლოს, როცა "ბეტისი" "სანტიაგო ბერნაბეუს" ეწვია, სამარცხვინოდ დამარცხდა - 1:6. ეს იყო 2009 წლის თებერვალში. ბოლოს სევილიელებმა ამ სტადიონზე 1998 წელს მოიგეს.

"რეალი" (სავარაუდო): კასილიასი - ს. რამოსი, რ. კარვალიო, პეპე, მარსელო - ჩაბი ალონსო, დიარა - რონალდო, იოზილი, კაკა - იგუაინი.

* * *
საქართველოს ნაკრების ექს-თავკაცმა ექტორ კუპერმა "რეალი" უკვე დაამწუხრა - სანტანდერში 2 ქულა დაატოვინა, ახლა კი არგენტინელს "რასინგი" "კამპ ნოუზე" ჩაჰყავს, თუმცა იგივე გმირობის "ბარსელონასთან" გამეორება, წესით, ძალიან უნდა გაუჭირდეს.

ხოსეპ გვარდიოლას კვლავ აკლია რამდენიმე წამყვანი მოთამაშე: სესკ ფაბრეგასი და ალექსის სანჩესი ჯერ კიდევ ირჩენენ ტრავმებს, ხოლო იბრაჰიმ აფელაის თამაშამდე 6 თვე რჩება. სამაგიეროდ, მცირე პრობლემა მოაგვარა ანდრეს ინიესტამ და ის მზად არის კანტაბრიელებთან სათამაშოდ. დიდი შანსია, პეპმა ის თადარიგში დატოვოს და მეორე ტაიმში შეიყვანოს. კუპერს გუნდის მთავარი იმედი, მისივე თანამემამულე ლაუტარო აკოსტა დაუშავდა, რომელიც კიდევ ორი თვე ვერ ითამაშებს. მაგრამ "რასინგისთვის" ამ თამაშში შეტევაზე მეტად დაცვაა საზრუნავი, სადაც ასევე იჩინა საკადრო პრობლემამ თავი - ვარჯიშზე დაიმტვრა ოსმარი და კატალონიაში ვერ ითამაშებს.

შარშან "ბარსამ" "კამპ ნოუზე" პედროს, მესის და ინიესტას გოლებით 3:0 მოუგო "რასინგს". ისე, აკოსტას გარეშე დარჩენილმა "რასინგმა" შეტევაში რა უნდა მოახერხოს, ძნელი სათქმელია - 6 თამაშში გუნდმა 4 გოლი გაიტანა ("ბარსელონამ" 19 გოლით მეტი). არ დაგვავიწყდეს, რომ კუპერმა ჯერ პირველი გამარჯვების სიხარული არ იცის, რაც ლა ლიგას დაუბრუნდა.

ბარსელონა (სავარაუდო): ვალდესი - დ. ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი - ჩავი, მასკერანო, ბუსკეტსი - პედრო, მესი, ვილია.

* * *
ახლა ისევ ტურის მატჩს დავუბრუნეთ - "ლევანტეს" არ ეყოლება რაფაელ ხორდა. სამშაბათის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო თავდამსხმლელმა კარლოს არანდამ, თუმცა მან შეიძლება მაინც ითამაშოს "მალაგასთან". სტუმართა რიგებში საეჭვოა პორტუგალიელი დუდას თამაში, მას კოჭი აწუხებს. ჟულიო ბაპტიშტას Yთამაშიც საეჭვოა.

"სევილია" ლა ლიგის ყველაზე სუსტ გუნდს მასპინძლობს, ხიხონის "სპორტინგს", რომელსაც მხოლოდ ქულა აქვს მოპოვებული. "როხიბლანკოს" საშინაო მატჩებში 100%-იანი შედეგი აქვს, ასე რომ, ასტურიელთა ფანებს დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ "სპორტინგი" შინ თუნდაც ქულით დაბრუნდება. ოღონდ, "სევილიას" ალბათ არ ეყოლება ალვარო ნეგრედო. სტუმრებს კარმელო და ნაჩო ნოვო დააკლდებათ.

"ვალენსია" "მალიორკას" სტუმრობს, რომელსაც პირველად გამოიყვანს ხოაკინ კაპაროსი, რომელიც შარშან ბილბაოს "ატლეტიკს" წვრთნიდა, შემდეგ შვეიცარიულ "ქსამაქში" წავიდა და ახლა მიქაელ ლაუდრუპის ნაცვლად მოძღვრავს ბალეარულ კლუბს. "ღამურებს" არ ეყოლებათ ჰოლანდიელი ჰედვიგეს მადურო, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა და 4 თვე იუქმებს. სხვა მატჩებიდან გამოვყოფთ "ატლეტიკოს" ვიზიტს გრანადაში და ბასკურ-ნავარულ დაპირისპირებას ბილბაოში.

ესპანეთი. ლა ლიგა. VII ტური
დღეს
მალიორკა-ვალენსია 20:00
ტრავმა: ნუნიეში, ლაკრუსი, კასერესი - ტ. კოსტა, მადურო
დისკვალიფიკაცია: ნსუე, პინა (მალიორკა)

ხეტაფე-ვილიარეალი 20:00
ტრავმა: უსტარი, გავილანი, მოია (?), მასილელა (?) - ნილმარი, ა. ლოპესი, რუბენი
დისკვალიფიკაცია: ლასენი (ხეტაფე)

რეალი-ბეტისი 20:00
ტრავმა: ალბიოლი, კარვალიო (?), ბენზემა (?), შაჰინი (?) - ფაბრისიო, მარიო, ნელსონი
დისკვალიფიკაცია: ირინეი (ბეტისი)

ბარსელონა-რასინგი 22:00
ტრავმა: აფელაი, ფაბრეგასი, სანჩესი - აკოსტა, ოსმარი, კენედი

გრანადა-ატლეტიკო 00:00
ტრავმა: იებდა, კორტესი - ლოპესი, კოშტა, არდა, სილვიო (?)

ხვალ
რაიო ვალეკანო-ესპანიოლი 14:00
ტრავმა: არიბასი, ბრავო (?) - მატიონი, ფორლინი (?), ალბინი
დისკვალიფიკაცია: კასადო (ვალეკანო)

სარაგოსა-რეალ სოსიედადი 18:00
ტრავმა: მინერო, მატეოსი, პინტერი, ბრაულიო - იფრანი (?), ილარამენდი, ელუსტონდო
დისკვალიფიკაცია: ლანსარო (სარაგოსა)

ლევანტე-მალაგა 20:00
ტრავმა: არანდა (?), ხორდა, კონე (?) - დუდა (?), ველიგტონი, ბაპტიშტა (?), ხიმენესი

სევილია-სპორტინგი 00:00
ტრავმა: ნეგრედო (?) - ნაჩო ნოვო (?), ლეონი, კარმელო
დისკვალიფიკაცია: სპაჰიჩი (სევილია)

ზეგ
ბილბაო-ოსასუნა 23:00
ტრავმა: ხ. მარტინესი, ლორენტე (?), კასტილიო - როვერსიო (?), ეჩაიდე, რუბენი (?), მასუდი

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 6 4 2 0 23-4 14
2. ლევანტე 6 4 2 0 8-3 14
3. რეალი 6 4 1 1 20-5 13
4. მალაგა 6 4 1 1 10-4 13
5. ვალენსია 6 4 1 1 9-6 13
6. სევილია 6 3 3 0 6-3 12
7. ბეტისი 6 4 0 2 9-7 12
8. ატლეტიკო 6 2 2 2 8-6 8
9. სოსიედადი 6 2 1 3 7-8 7
10. მალიორკა 6 2 1 3 5-7 7
11. ოსასუნა 6 1 4 1 5-12 7
12. ვილიარეალი 6 1 3 2 7-11 6
13. ვალეკანო 6 1 3 2 6-10 6
14. სარაგოსა 6 1 3 2 7-13 6
15. ესპანიოლი 6 2 0 4 5-11 6
16. ბილბაო 6 1 2 3 7-9 5
17. ხეტაფე 6 1 1 4 6-10 4
18. რასინგი 6 0 4 2 4-9 4
19. გრანადა 6 1 1 4 2-8 4
20. სპორტინგი 6 0 1 5 2-10 1

ბომბარდირები: 8 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 7 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 5 - ფალკაო (ატლეტიკო), სოლდადო (ვალენსია), გონსალო იგუაინი (რეალი); 4 - აგირეჩე (რეალ სოსიედადი), კასორლა (მალაგა), ფაბრეგასი (ბარსელონა), მიკუ (ხეტაფე); 3 - ქარიმ ბენზემა (რეალი), რაულ გარსია (ოსასუნა), ლუის გარსია (სარაგოსა), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), ალვარო ნეგრედო (სევილია), მიჩუ (რაიო ვალეკანო), ჯუზეპე როსი (ვილიარეალი). 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული