ლიდერები დარჩნენ, დერბი აღდგა
ატლეტიკ ბილბაო
მხარე: ბასკეთი
დაარსდა: 1898 წ.
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი (54 წლ)
სტადიონი: სან მამესი (39 750)
გასულ სეზონში: მე-8
ტიტულები: 8-გზის ჩემპიონი, 23-გზის თასის მფლობელი, სუპერთასის მფლობელი.
საიტი: http://www.athletic-club.net
მივიდნენ: მიკელ ბალენზიაგა (ნუმანსია), მიკელ სან ხოსე (ლივერპული), რაულ ფერნანდესი (გრანადა), ოსკარ დე მარკოსი, ინიგო პერესი, ანდერ იტურასპე (ყველა - ატლეტიკ ბ).
წავიდნენ: იბან ზუბიაურე (ალბასეტე), ფრანსისკო იესტე (ალ ვასლი), ინიაკი მუნიოსი (კარტახენა), ინიგო დიას დე კერიო (კორდობა), არმანდო, ხოსება ეჩებერია (თამაშს თავი დაანებეს), მურილიო (სალამანკა), ჩაბიერ ეჩეიტა
მსოფლიო ფეხბურთის უკანასკნელი მოჰიკანი, ბასკური "ატლეტიკი" სათანადოდ ვერ გაძლიერდა ახალი სეზონისთვის, მაგრამ ბასკთა ქვეყანაში ამას არად დაგიდევენ, მათთვის მთავარია, რომ კლუბმა მუნდიალის ორივე გმირი, ხავი მარტინესი და (განსაკუთრებით) ფერნანდო ლორენტე შეინარჩუნა. ლორენტეს ყიდვა მართლაც ძალიან ბევრ კლუბს სურდა. რადგან ეს ორი ლიდერი ადგილზეა, ხოაკინ კაპაროსის გუნდს თავისუფლად შეუძლია გაიმეოროს შარშანდელი - იბრძოლოს მე-4 ადგილისათვის, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურს იძლევა. შარშან ბასკებმა ფინიშის სწორზე დათმეს ევროთასების საგზური. გუნდში ახალი სახე მართლაც არავინაა, ზოგი იჯარიდან დაიბრუნეს, ზოგს კი ახალგაზრდული გუნდიდან აუნთეს მწვანე შუქი. "ლივერპულიდან" იჯარით მყოფი მცველი მიკელ სან ხოსე კი ისე მოეწონა მწვრთნელს, რომ მას მრავალწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
არ გამართლდა ბილბაოელთა შიშები ფერნანდო ამორებიეტასთან დაკავშირებით, "ატლეტიკის" მცველის წაყვანა ჟოზე მოურინიოს სურდა, თუმცა სერიოზულ დაინტერესებამდე საქმე არ მისულა. თავად ამორებიეტამ თვის დასაწყისში დატოვა სახტად ყველა, როცა განაცხადა, რომ ვენესუელის ნაკრებში აპირებს თამაშს. ბასკი მშობლების შვილი ვენესუელაშია დაბადებული. ოთხშაბათს "ატლეტიკმა" სეგუნდა დივიზიონის "ლოგრონიესს" მოუგო დიდი ანგარიშით - 3:0. ამ მატჩის პირველი გოლი სწორედ მათმა ცენტრფორვარდმა ლორენტემ გაიტანა ანდონი ირაოლას ჩაწოდების შემდეგ. სხვა გოლები მარკელ სუსაეტასა და დავიდ ლოპესის ანგარიშზეა.
წლევანდელი ლა ლიგა კიდევ ერთი რამით იქნება მნიშვნელოვანი: ზედიზედ 40 წლის განმავლობაში ჩემპიონატს ბასკური დერბი ამშვენებდა, "ატლეტიკსა" და "რეალ სოსიედადს" შორის, 2007 წელს ეს ტრადიცია სან სებასტიანელთა გავარდნის გამო შეწყდა, ახლა კი "რეალ სოსიედადი" დაბრუნდა: "სან მამესსა" და "ანოეტაზე" დიდებული დაპირისპირებები გველის... დაბოლოს, ცოცხალი ლეგენდა მხოლოდ "რეალმა" არ დაკარგა, 1995 წლიდან "ატლეტიკის" ფეხბურთელმა, 32 წლის ხოსება ეჩებერიამ ფეხბურთს თავი დაანება. მან თეთრ-წითელ ზოლებიანი მაისურით 514 მატჩი ჩაატარა და 105 გოლი გაიტანა!
ატლეტიკი 2009/10: ირაისოსი (37 თამაში), არმანდო (1თ); ირაოლა (37თ, 2გ), ფ. ლორენტე (35თ, 14გ), სუსაეტა (35თ, 4გ), ხ. მარტინესი (34თ, 6გ), გურპეგი (34თ, 1გ), ამორებიეტა (34თ), ტოკერო (31თ, 8გ), მუნიაინი (26თ, 4გ), გაბილონდო (26თ, 3გ), სან ხოსე (25თ, 1გ), იესტე (22თ, 2გ), კოიკილი (21თ), ორბაისი (20თ, 1გ), კასტილიო (19თ), დე მარკოსი (19თ, 1გ), დ. ლოპესი (17თ), უსტარიცი (15თ, 1გ), იტურასპე (15თ), ეჩებერია (7თ), დე კერიო (5თ), ოსიო (3თ), პერესი (3თ), ეჩეიტა (3თ), ველესი (2თ), მუნიოსი (1თ), ბოვედა (1თ), აკეჩე (1თ).
ატლეტიკი 2010/11 (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა): ირაისოსი - ირაოლა, ამორებიეტა, სან ხოსე, კასტილიო - ხ. მარტინესი, სუსაეტა, იტურასპე, გაბილონდო (ან მუნიაინი) - ტოკერო, ფ. ლორენტე.
ლელო