"ლევანტე" - აღმოსავლური სასწაული

AutoSharing Option
აღმოსავლური სასწაული, რომელიც სამხრეთულს ჩაენაცვლა, გრძელდება - განვმარტოთ: სეზონი სამხრეთულმა (ანდალუსიის) "ბეტისმა" დაიწყო ზედიზედ 4 მოგებით, მაგრამ შემდეგ გააჩერეს. სევილიელთა ესთაფეტა კი აღმოსავლურმა (ვალენსიის) "ლევანტემ" (რაც ისედაც აღმოსავლეთს ნიშნავს) გააგრძელა.

კვირას 47 წლის და აქამდე უცნობ სპეციალისტ ხუან იგნასიო მარტინესს სერიოზული გამოცდა ელოდა, მანუელ პელეგრინის ვარსკვლავური და ამბიციური "მალაგა" სტუმრობდა "სიუტატ დე ვალენსიას", მაგრამ ანდალუსიაში შინ გაწბილებული წავიდა, 0:3 წააგო. 

მგონი, დადგა დრო ახლოს გავიცნოთ მწვრთნელიცა და გუნდიც - მათ ეს დაიმსახურეს: 7 თამაშიდან 17 ქულით "ლევანტე" "ბარსელონასთან" ლიდერობას იყოფს
(მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობით ჩამორჩება). ვალენსიელებმა 5 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს, გაიტანეს 11 და გაუშვეს 3 (ყველაზე ცოტა ლა ლიგაში) გოლი.

"ლევანტემ" "სიუტატ დე ვალენსიაზე" სამივე თამაში მოიგო, ხოლო სტუმრად 2 მოიგო და ამდენივე ფრედ დაასრულა. გუნდი ზედიზედ ხუთი თამაშია მხოლოდ იმარჯვებს (მოუგო თვით "რეალს"). მოკლედ, მუდამ "ღამურების" ("ვალენსიას" მეტსახელი) ჩრდილში მყოფი "ბაყაყები", სადაც კარიერა შოთა არველაძემ დაასრულა, მზის სინათლეზე გამოდიან.

ადრეც გვითქვამს, რომ ხუან იგნასიო მარტინესი აქამდე სეგუნდა და უფრო დაბალი ლიგების გუნდებს წვრთნიდა. მას შემდეგ, რაც უცხოელი ინვესტორების წყალობით გამდიდრებულმა "ხეტაფემ" "ლევანტეს" წარმატებული მწვრთნელი ლუის გარსია წაჰგვარა, მცირებიუჯეტიანმა აღმოსავლურმა კლუბმა ხუან იგნასიოს დაუძახა.

მართალია, "ბაყაყები" 1909 წელს დაარსეს, მაგრამ ვალენსიურ კლუბს მდიდარი ტრადიციების მეზობლისგან განსხვავებით, არაფრისთვის მიუღწევია - ლა ლიგაში სულ 7 სეზონი გაატარა (2 60-იან წლებში და 5 ბოლო ათწლეულში). კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი მიღწევა 1964 წელს ჩემპიონატის მე-10 ადგილზე დასრულებაა.

ბუნებრივია, რაც ხუან იგნასიომ პირველივე პრესკონფერენციაზე განაცხადა - "ლევანტეს" მიზანი პრიმერაში ადგილის შენარჩუნება იქნებაო. ამის გამო მწვრთნელის გაკრიტიკებ თავში არავის მოსვლია. მით უფრო, რომ "ლევანტემ" სეზონის წინ ლიდერი დაკარგა - "მანჩესტერ სიტიმ", რომელიც ეკვადორელი ფელიპე კაისედოს მფლობელი იყო ("ლევანტეში" იჯარით თამაშობდა და 13 გოლი გაიტანა), ის მოსკოვის "ლოკომოტივში" 7,5 მილიონ ევროდ გაყიდა (თანხის ნაწილი "ლევანტესაც" ერგო).

დანარჩენი დანაკარგი უმნიშვნელო იყო, მათ შორის თბილისის "დინამოში" წამოსული ჩისკო მუნიოსი. ვალენსიურ კლუბში რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი მივიდა, მაგრამ ბევრიც არაფერი: კეილორ ნავასი, ასიერ დელ ორნო, ხავიერ ფარინოსი, მიგელ პალიარდო, ხოსე ბარკერო და სხვები.

ხუან იგნასიო გუნდს ესპანეთში კარგად აპრობირებული 4-2-3-1 ტაქტიკით ათამაშებს. კარში 33 წლის გამოცდილი ურუგვაელი გოლკიპერი გუსტავო მუნუა დგას, ასე რომ, ჯერ კოსტა-რიკელი კეილორ ნავასის საქმეში ნახვის შანსი არ მოგვცემია.

დაცვის მარჯვენა ფლანგზე 35 წლის ხავი ვენტა თამაშობს (ეს ფეხბურთელი "ვილიარეალიდან" უნდა გახსოვდეთ), მარცხენა ფრთაზე მისი თანატოლი ხუანფრანია , რომელმაც ესპანეთის თითქმის ყველა გუნდი მოიარა და არა მარტო ესპანეთის, ეროვნულ ნაკრებში კი 11 მატჩი ჩაატარა, სანამ შემადგენლობიდან ხოან კაპდევილამ არ ამოაგდო.

დაცვის ცენტრში მუდმივი წყვილს კაპიტან სერხიო ბალესტეროსის (36 წლის) და ნანოს (31 წლის) დუეტი შეადგენს. დაცვისა და მეკარის ხუთეული ჯამში 170 წლისაა (!!!). შეცვლაზე შემოდის ხოლმე 30 წლის ბასკი ასიერ დელ ორნო.

საყრდენის პოზიციაზე სამი კაცია ადგილი კი ორი. ძირითადში ადგილს ერთმანეთს 33 წლის ხავიერ ფარინოსი (დიახ, "ის" ფარინოსი - "ვალენსიას" და "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი) და ორი ახალგაზრდა ხავი ტორესი (24 წლის, რომელმაც 2009 წელს "ბარსაში" 2 თამაში ჩაატარა) და ვისენტე იბორა (23 წლის) ეცილებიან.

შემტევი ტრიო ნახევარმცველებისა ხშირად ასეთია: 33 წლის ხოსე ბარკერო (ბასკი, რომელიც ოდესღაც ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი იმედი იყო), 31 წლის ხუანლუ და 30 წლის კაბო-ვერდელი ვალდო. შეტევაში ან 32 წლის რუბენ სუარესია, ან 27 წლის კოტდივუარელი არუნა კონე. ხანდახან ამ პოზიციაზე 31 წლის კარლოს არანდაც თამაშობს ხოლმე. მოკლედ, თავიდან ბოლომდე ვეტერანთა გუნდია და სეზონის წინ მიმომხილველები იმასაც წერდნენ, რომ "ბებრები" მომქანცველ სეზონს ვერ გაუძლებდნენ და აუცილებლად გავარდებოდნენ ლა ლიგიდან.

"ლევანტემ" უკვე იმაზე მეტი ქულა დააგროვა, ვიდრე შარშან სეზონის პირველ ნახევარში. "მალაგასთან" მატჩში ხუან იგნასიომ რეკორდი დაამყარა - მან პრიმერას ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული თერთმეტეული დააყენა - ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 32 წელს შეადგენდა! და აი, ამ "ბებრებმა" ბრდღვნად ვერ იმყოფინეს "მალაგა" თავისი კასორლებით, მატეისენებით, ტულალანებით და ვან ნისტელროებით... ეს იყო ტურის ერთადერთი ნაღდი სენსაცია.

როცა კვირას ხუან იგნასიომ ჟურნალისტებს უთხრა, ამას ნამდვილად არ ველოდიო. მედიელებმა სთხოვეს დაეკონკრეტებინა, რას გულისხმობდა, "მალაგას" 3:0 განადგურებას თუ საოცარ სტარტს პრიმერაში. მწვრთნელის პასუხი ლაკონური იყო - ორივეს... წინ ვალენსიური დერბია, "წყალქვეშა ნავ" "ვილიარეალთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული