LFP VS UFO- ბრძოლა "უცხოპლანეტელებთან" ჯერ კიდევ გრძელდება

AutoSharing Option
ჩემპიონატის თითქმის მეხუთედი გაილია და ჯერჯერობით "ბარსელონა" და "რეალი" ვერ ახერხებენ მდევრებისგან მოწყვეტას. რაშიც დიდი დამსახურება სხვა კლუბებს მიუძღვის, განსაკუთრებით კი - ვეტერანებით დაკომპლექტებულ "ლევანტეს".

ვნახოთ, როდემდე გაგრძელდება მათი ჭიდილი "უცხოპლანეტელებთან". ყოველ შემთხვევაში, ამით მხოლოდ მოიგებს პრიმერა. გამოიკვეთა გუნდი, რომლის მდგომარეობასაც კატასტროფული ეთქმის - ხიხონის "სპორტინგს" ერთადერთი ქულა აქვს 7 მატჩში.

ტური ისე არ გავა, ერთი საოცარი გოლი მაინც არ გავიდეს. ამჯერად "სარაგოსას" პორტუგალიელი ფორვარდის, ელდერ პოშტიგას ჯერი დადგა, რომელმაც "რეალ სოსიედადის" კარში ბრწყინვალე მაკრატელა გაიტანა "ცხრიანში" თითქმის საჯარიმოს ხაზიდან.

მუნიაინი - ბასკი ასფურცელა
ტრადიციულად, მიმოხილვას ორშაბათის მატჩით ვიწყებთ - ბასკურ-ნავარულ დაპირისპირებაში ბილბაოს "ატლეტიკმა" "საფეხბურთო კათედრალზე" "ოსასუნა" 3:1 დაამარცხა. ისე გამოდის, რომ ბილბაოელები მხოლოდ ბასკებს ერჩიან - ორჯერ მოიგეს ჩემპიონატში "რეალ სოსიედადთან" და "ოსასუნასთან". რაც მთავარია, მარსელო ბიელსას გუნდმა ღმრა კრიზისი დაძლია და ცხრილის შუაში დამკვიდრდა.

ბილბაოელებს ლიდერი ხავი მარტინესი დაუბრუნდათ, რომელიც გოლითაც შეეწია გუნდს, თუმცა მასპინძელთა გამარჯვების მთავარი შემოქმედი მაინც 18 წლის იკერ მუნიაინი გახლდათ. ეს ბიჭი ზღაპრის პერსონაGჟივით დღითიდღე იზრდება. "მარკა" წერს, რომ იკერს "ბილბაოს" თამაშში რევოლუცია შემოაქვს. ბიელსა კმაყოფილი დარჩა: "ჩვენ ვიყავით სოლიდურები და მეტოქეზე ძლიერებია. რაც ყველაზე მთავარია, კარგად გამოჩნდა, რომ მომატების პოტენციალი დაგვრჩა", - განაცხადა არგენტინელმა მწვრთნელმა.

ბარსა-რეალობა
ორივე გრანდმა დიდი ანგარიშით მოიგო - "ბარსელონამ" 3:0 აჯობა ექტორ კუპერის "რასინგს", ხოლო "რეალმა" 4:1 მოუგო "ბეტისს". "ბარსა" 17 ქულით პირველია, "რეალი" მას ქულით ჩამორჩება და მე-3 ადგილზეა. შუაში კი სეზონის აღმოჩენა "ლევანტეა" გაჩხერილი, ლიდერის დარად 17 ქულით.

ამ ორი თამაშიდან "სანტიაგო ბერნაბეუზე" უფრო თვალსასეირო გამოდგა, რადგან "ბარსამ" თავიდანვე გატეხა კანტაბრიული გუნდი, რომელსაც ძალზე სუსტი შემოქმედი ფეხბურთელები ჰყავს, ხოლო "ბეტისმა" მადრიდში ტაიმი ვაჟკაცურად გაძლო.

თამაშის დღეს მესუთ იოზილი 23 წლის გახდა, თუმცა იუბილარი გერმანელი არ ყოფილა ამ მატჩის მთავარი მოქმედი გმირი - გონსალო იგუაინმა ყველა გააკვირვა, როცა ზედიზედ 4 მატჩში (2-2 საკლუბო და სანაკრებო) 3 ჰეთ-თრიკი შეასრულა! მის გარდა 2-2 საგოლე პასით გამორჩეულ კრიშტიანო რონალდოს და ანხელ დი მარიას გამოვყოფთ, ასევე კაკას. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა "რეალის" მაისურით მე-100 საგოლე პასი გააკეთა. იცით, რამდენი თამაში ითამაშა "სამეფო კლუბში" კრიშტიანომ? 99! (ლიგის წუხანდელი მატჩის ჩათვლით, 100) და 95 გოლი გაიტანა. მოდი, წინადადება დავაწყოთ: კრიშტიანო რონალდომ "რეალის" მაისურით 99 შეხვედრაში 95 გოლი გაიტანა და 100 საგოლე პასი გააკეთა - ვაუ!

ამ თამაშში სერხიო რამოსთან ორთაბრძოლაში პრიმერადივიზიონის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ალვარო ვადილიო (ბეტისელი ახლახან გახდა 17 წლის). სხვათა შორის, როგორც კი თამაში დამთავრდა, რამოსმა პირველ რიგში ახალგაზრდა მოიკითხა. "ძალიან გაუხარდა, რომ მოვიკითხე და მითხრა, რომ არაფერ შუაში ვარ, ეს იყო შემთხვევითობა. ვთხოვე, რომ გამოკვლევის შემდეგ შემეხმიანოს. ვადილიო ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრების წევრია და მას დიდი მომავალი აქვს. ვუსურვებ, მალე გამოჯანმრთელებას".

"ბარსელონასა" და "რასინგის" მატჩზე სასაუბრო ბევრიც არაფერია - კატალონიელები ერთი თავით სჯობდნენ კანტაბრიელებს, ლიონელ მესიმ ორი გოლი გაიტანა (პირველი ძალიან კარგი იყო), ხოლო ტანდაბალმა ჩავიმ თავით გაიტანა.

ჟერარდ პიკემ ორთავა კუნთი დაიზიანა და "ბარსას" 15 დღით დააკლდება. მოკლედ, დაცვის ცენტრში ხან ერთია ლაზარეთში და ხან - მეორე (კარლეს პუიოლი), ხანაც - ორივე ერთად. სამაგიეროდ, გუნდს სესკ ფაბრეგასი გამოუჯანმრთელდა, ხოლო ალბერტ ფონტასმა 2015 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი, ერიკ აბიდალმაც კონტრაქტის გაგრძელებაზე სიტყვა "დაასველა". სხვათა შორის, ფრანგმა ყველაზე მეტჯერ, 18-ჯერ მოუპოვა გუნდს ბურთი, არადა, შეცვლაზე შევიდა. "ბარსა" 5-ჯერ დაჯარიმდა მხოლოდ, მასპინძლებმა 907 ზუსტი პასი გააკეთეს, სტუმრებმა - 129.

მესი VS რონი
ტიტანთა ბრძოლაში აქამდე (ჩვენი გამოთვლით) 4:3 იყო. ლიონელ მესიმ "რასინგთან" 7-ჯერ დაარტყა კარისკენ, რომელთაგანაც 4 ზუსტი იყო, 2 გოლი გაიტანა, 5-ჯერ მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ.

კრიშტიანო რონალდომ 4-ჯერ დაარტყა კარისკენ (1 ზუსტი დარტყმა), 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, 3-ჯერ მოხვდა თამაშგარეში და 1-ხელ დაჯარიმდა. მოკლედ, 5:3 მესის სასარგებლოდ...

ტურის სიმბოლური ნაკრები
Goal.com. 3-4-3
ხავი ვარასი (სევილია, 1) - ადილ რამი (ვალენსია, 4), ივან რამისი (მალიორკა, 1), ალვარო არბელოა (რეალი, 2) - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა, 1), ჩავი (ბარსელონა, 3), გარი მედელი (სევილია, 1), ხოსე ბარკერო (ლევანტე, 2) - ელდერ პოშტიგა (სარაგოსა, 1), გონსალო იგუაინი (რეალი, 2), ლიონელ მესი (ბარსელონა, 4).

ტურის გმირი
გონსალო იგუაინი (რეალი) - ჰეთ თრიკი "ბეტისის" კარში.

ტურის ფრაზები
კაკა: "ერთ რამედ ღირდა ის გრძნობა, რაც მაშინ განვიცადე, როცა შემცვალეს - მთელი "სანტიაგო ბერნაბეუ" ფეხზე ამდგარი მიკრავდა ტაშს", - "ბეტისთან" გოლის გატანის შემდეგ.

ჟოზე მოურინიო: "ჩემთვის არ არსებობს სიტყვა სტარტერი, როცა გუნდში ამდენი ბრწყინვალე ფეხბურთელი მყავს", - "ბეტისის" 4:1 დამარცხების შემდეგ.

გონსალო იგუაინი: "როცა ფეხბურთს თავს დავანებებ, ყოველთვის სიამოვნებით გავიხსენებ ამ სამ ჰეთ თრიკს", - "ბეტისის" კარში 3 გოლის გატანის შემდეგ.

პედრო მუნიტისი: "მოუგო "ბარსას" - დღეს ეს ფანტასტიკაა", - "რასინგის" ვეტერანი "ბარსასთან" 0:3 მარცხის შემდეგ.

ხოსეპ გვარდიოლა: "რეფერიმ მესის წაქცევისთვის პენალტი იმიტომ არ დანიშნა, რომ ვერ დაინახა ეპიზოდი", - საკამათო ეპიზოდზე საუბრისას.

ექტორ კუპერი: "კამპ ნოუზე" გოლის გატანა ნიშნავს, რომ დაამტკიცო - შენ მართალი ხარ, ისინი კი მტყუანები", - 0:3 მარცხის შემდეგ.

ხუან იგნასიო მარტინესი: "ყველაფერს ველოდი, მაგრამ ამას არა", - "ლევანტეს" თავკაცი, მას მერე, რაც "მალაგა" 3:0 დაამარცხა.

მანუელ პელეგრინი: "ეს იყო ძალიან უცნაური მატჩი", - "ლევანტესთან" 0:3 მარცხის შემდეგ.

ხოაკინ კაპაროსი: "მეორე ტაიმების გუნდი უნდა გავხდეთ", - "ვალენსიასთან" 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ.

ტურის სტატისტიკა
23 გოლი ტურში (2,3 მატჩში). 6 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 3 ფრით დასრულდა, სტუმრებმა ერთი მოიგეს. ტურში მსაჯებმა 56 ყვითელი და 2 წითელი ბარათი დაარიგეს.
ჰეთ თრიკი - გონსალო იგუაინი (რეალი).
დუბლი - ლიონელ მესი (ბარსელონა), ელდერ პოშტიგა (სარაგოსა)
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ალვარო ვადილიო (ბეტისი, 17 წლის)

ყველაზე მეტი მაყურებელი: 82 225 - "კამპ ნოუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 8 000 - "ალფონსო პერესი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 20 - "ბარსელონა"
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 9 - "ბარსელონა"
ყველაზე მეტი ჯარიმა: 20 - "სპორტინგი"
ყველაზე მეტი კუთხური: 11 - "ბილბაო"
ყველაზე მეტი თამაშგარე: 9 - "რეალი"
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 80% - "ბარსელონა"

მალიორკა-ვალენსია 1:1
ხეტაფე-ვილიარეალი 0:0
რეალი-ბეტისი 4:1
ბარსელონა-რასინგი 3:0
გრანადა-ატლეტიკო 0:0
რაიო ვალეკანო-ესპანიოლი 0:1
სარაგოსა-რეალ სოსიედადი 2:0
ლევანტე-მალაგა 3:0
სევილია-სპორტინგი 2:1
ბილბაო-ოსასუნა 3:1

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 7 5 2 0 26-4 17
2. ლევანტე 7 5 2 0 11-3 17
3. რეალი 7 5 1 1 24-6 16
4. სევილია 7 4 3 0 8-4 15
5. ვალენსია 7 4 2 1 10-7 14
6. მალაგა 7 4 1 2 10-7 13
7. ბეტისი 7 4 0 3 10-11 12
8. ატლეტიკო 7 2 3 2 8-6 9
9. სარაგოსა 7 2 3 2 9-13 9
10. ესპანიოლი 7 3 0 4 6-11 9
11. ბილბაო 7 2 2 3 10-10 8
12. მალიორკა 7 2 2 3 6-8 8
13. სოსიედადი 7 2 1 4 7-10 7
14. ვილიარეალი 7 1 4 2 7-11 7
15. ოსასუნა 7 1 4 2 6-15 7
16. ვალეკანო 7 1 3 3 6-11 6
17. ხეტაფე 7 1 2 4 6-10 5
18. გრანადა 7 1 2 4 2-8 5
19. რასინგი 7 0 4 3 4-12 4
20. სპორტინგი 7 0 1 6 3-12 1

ბომბარდირები
: 10 - მესი (ბარსელონა); 8 - იგუაინი (რეალი); 7 - რონალდო (რეალი); 5 - სოლდადო (ვალენსია), ფალკაო (ატლეტიკო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული