"ლევანტეს" 20 ქულა აქვს, ერთით მეტი, ვიდრე "რეალს" და ორით, ვიდრე "ბარსელონას", 8-დან 6 მატჩი მოიგო, ორი ფრედ დაასრულა და ბურთების შეფარდებაც უნაკლო აქვს -
ყველამ კარგად უწყის, რომ ბოლოს 90%-იანი ალბათობით (თუ მეტით არა) პრიმერას ტიტული მაინც იმ ორი სუპერგანდის გასაყოფი იქნება. არც ის იყო დიდი მოულოდნელობა, რომ ჩემპიონატის სტარტზე რომელიმე გუნდს შეეძლო თავი გამოედო და ტურნირი გაეხალისებინა, მაგრამ "ლევანტეს"? ელიტიდან გავარდნის ერთ-ერთ უპირველეს კანდიდატს?
"ძალიან ბედნიერი ვარ, ირგვლივ საოცრებები ხდება, ფანები ეიფორიაში არიან და მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს. იყო ლა ლიგის ლიდერი, როცა ხარ "ლევანტე", ეს მეტისმეტია. ამიტომაც, თუკი კვლავ გვსურს წარმატებული თამაში, უნდა დავივიწყოთ სად ვართ, არ მოვწყდეთ მიწას. სეზონი ძალიან გრძელია მეგობრებო", - თქვა ხუან იგნასიომ მას მერე, რაც ვალენსიური დერბიც მოიგო ("ვილიარეალი" 3:0 გაანადგურა).
ადრე ამბობდნენ, "ლევანტეს" გადაბერებული შემადგენლობა ჰყავსო - ახლა წერენ გუნდის ფეხბურთელები "ოქროს ასაკში" შესულანო. ადრე ამბობდნენ, "ლევანტემ" იმდენად ცოტა დახარჯა ზაფხულში, განწირულიაო, ახლა აღფრთოვანებულნი არიან იმით, რომ, თურმე შეიძლება 400 ათასი ევროთი გუნდი ისე გააძლიერო, ვარსკვლავებს შეწვდეს. ადრე პესიმისტური განწყობა იყო, დებიუტანტი და უცნობი მწვრთნელი ლა ლიგაში რას მიაღწევსო, ახლა კიდევ ქოთანს სახელური იქიდან მოაბეს, რომ ხუან იგნასიოს შემთხვევაში მოულოდნელობის ფაქტორმა ითამაშა დადებითი როლიო...
შესაძლოა, "ლევანტეს" ვალენსიაში იმდენივე ფანი არ ჰყავს, როგორც სახელოვან "ვალენსიას", მაგრამ მათ ერთგულებაში კლუბის 102-წლოვან ისტორიაში ეჭვი არავის შეჰპარვია. "ელ მადრიგალიდან" გამოგზავრებულ ავტობუსს ღამის 2 საათზე "სიუტატ დე ვალენსიაზე" მოუწია შევლა, რადგან ახალ ლიდერებს სტადიონზე ფანები ელოდნენ. ყველაზე მეტი ოვაციები წილად მწვრთნელს, კაპიტან სერხიო ბალესტეროსს, დუბლის ავტორ ხუანლუ გომესსა და მე-3 გოლის გამტან არუნა კონეს ერგოთ.
იცით, რა თქვა ხუანლუმ? წაიკითხეთ, საინტერესოა: "ეს ნამდვილი სასწაულია, ჩვენ ხომ მცირე ბიუჯეტიანი კლუბი ვართ - "ბარსას" ან
"რეალის" ერთი ფეხბურთელის გასამრჯელო "ლევანტეს" 25-ვე ფეხბურთელს გვეყოფა. ეს ხომ დიდებულია, როცა "ბარსას" და "რეალს" ცხრილში უსწრებ, მიუხედავად ამხელა სხვაობისა. თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, ჩვენი მიზანი არ იცვლება - ლა ლიგაში ადგილი უნდა დავიმკვიდროთ".
ხვალ "ლევანტე" შეეცდება ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგოს. საამისოდ, "ბაყაყებმა" ბასკური "რეალ სოსიედადი" უნდა დაჯაბნონ. ხუან იგნასიომ "წყალქვეშა ნავი" ისე ჩაძირა, რომ ერთი ფეხბურთელიც არ დაშავებია. ასე რომ, "ლევანტე" კვლავ ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს.
ტური დღეს ანდალუსიაში იწყება, სადაც ერთ-ერთი აუტსაიდერი "გრანადა" (5 ქულა, მე-18 ადგილი) ჩემპიონს მასპინძლობს. "ბარსას" და "სევილიას" თამაში სკანდალური გამოდგა. განსაკუთრებით საინტერესოა, რა მოხდა ფრედერიკ კანუტესა და სესკ ფაბრეგასს შორის, რა უთხრა ისეთი სესკმა, რომ აფრიკელი ფორვარდი მას მოსაკლავად ეცა. სევილიელები ამტკიცებდნენ, რომ ესპანელმა მალელი რასობრივად შეურაცხყო, თუმცა კატალონიელები ამას უარყოფენ.
ბოლოს კი ყველაფერი მშვიდობით დასრულდა - კანუტემ "ტვიტერზე" დაწერა: "ბოდიში ყველას, რაც გუშინ მოხდა ჩემი ბრალიცაა. რა თქმა უნდა იყო პროვოკაცია და შეურაცხყოფა, მაგრამ ჩემი საქციელი, როგორც მისი, მოსაწონი არაა. მაგრამ ფეხბურთში ასეთები ხდება". მალევე კიდევ ერთი წარწერა გაჩნდა მალელის გვერდზე: "მე და სესკმა ტელეფონით ვისაუბრეთ. ორივე დამნაშავე ვართ და ეს ორივეს კარგად გვესმის". მოკლედ, საკითხი ორ მოჩხუბარს შორის ამოწურულია, თუმცა კანუტეს მაინც თავი ქუდში - დღეს "რასინგთან" თამაშს გამოტოვებს და შეიძლება, შემდეგიც გამოატოვებინონ.
ალექსის სანჩესი 11 ნოემბერს დაბრუნდება, როცა ჩილეს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი აქვს გასამართავი. ჟერარდ პიკემ ჯგუფთან ერთად ივარჯიშა, მაგრამ მისი თამაში "გრანადასთან" ნაკლებადსავარაუდოა. ეს კი კვლავ "ბარსას" ყბადაღებულ პრობლემას ქმნის დაცვის ცენტრში, რადგან კარლეს პუიოლიც ვერ ითამაშებს. კაპიტანმა ექიმთა შტაბს საზარდულის ტკივილით მიაკითხა და მას დასვენება გამოუწერეს.
"გრანადას" ორ ლეგიონერს, ალჟირელ ჰასან იებდას და პორტუგალიელ კარლუშ მარტინშს ერთნაირი ტრავმები აქვთ, მაგრამ იებდა უკვე გამოჯანრთელების პირასაა, ხოლო მარტინში კიდევ 3 კვირას იუქმებს. ანდალუსიელებს მცველი დავიდ კორტესი გამოუჯანმრთელდათ, რომელიც მუხლს იტკიებდა. "გრანადამ" სეზონში სულ 2 გოლი გაიტანა, მაშინ როცა "ბარსამ" - 24. პეპ გვარდიოლას ანდალუსიაში პირველი გუნდის 17 ჯანმრთელი ფეხბურთელი მიჰყავს, რომელსაც სარეზერვოდან მონტოიასა და კუენსას დაამატებს.
"გრანადასთან" მატჩი ჩვენთვის კარგი ტესტი იქნება, მოკლე დროში ამნდენი მატჩის ჩატარება სერიოზული გამოცდაა. ვვარაუდობ, სულ სხვა თამაში იქნება, ისეთი არა, როგორც "სევილიასთან", - განაცხადა პეპმა, რომლის ხელმძღვანელობითაც "ბარსამ" სულ რაღაც მე-14-ედ ვერ შეძლო გოლის გატანა. სხვათა შორის, ლიონელ მესის პენალტებში არცთუ კარგი სტატისტიკა ჰქონია - 22-დან 6 გააცუდა.
ხვალ "რეალი" ტურის ცენტრალურ მატჩში "ვილიარეალს" მასპინძლობს. თითქოს ყველაფერი რიგზეა - "სამეფო კლუბი" დაფრინავს, მაგრამ პრობლემა მაინც საიდანღაც გამოძვრა - ჟოზე მოურინიოსა და კაპიტან იკერ კასილიასს შორის შავმა კატამ ჩაირბინა. პორტუგალიელმა ის ვარჯიშზე დაგვიანებისთვის დასაჯა, იმის მიუხედავად, რომ იკერმა საცობში გაჭედვის მტკიცებულება - მობილურით გადაღებული ფოტო - წარადგინა.
"ვალენსიასა" და "ბილბაოს" მატჩი ხიფათიანი გამოდგა, ორივე გუნდმა 2-2 ქულა და თითო გამორჩეული ფეხბურთელი დაკარგა. 20 წლის სერხიო კანალესი, რომელიც "ვალენსიას" "რეალისგან" ჰყავს ნათხოვარი და რომელმაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ორჯერ დაარბია, პირველ ტაიმში ისე დაშავდა, რომ კარგა ხანს მოუწევს უქმობა.
მან მუხლის წინა ჯვარედინი იოგი ნაწილობრივ გაიწყვიტა - ახლა მისთვის ორი ვარიანტი არსებობს, საუკეთესო შემთხვევაში სერხიო მოედანს 3 თვეში დაუბრუნდება, უარესში - 6 თვეში. ყველაფერი დამოკიდებულია შემოწმებაზე, თუკი მადრიდელი ექიმები ჩათვლიან, რომ ფეხბურთელს ოპერაცია არ ესაჭიროება, მაშინ პირველი ვარიანტი ამოქმედდება, თუ არადა მეორე.
მეორე ტაიმში შემოსული კარლოს გურპეგი, რომელიც "ბილბაოს" კაპიტანია, სეზონს მთლიანად გამოტოვებს. მას ზუსტად იგივე ტრავმა აქვს, რაც კანალესს, ოღონდ თუკი ვალენსიელს მხოლოდ ნაწილობრივ აქვს გაწყვეტილი კუნთი, გურპეგის დაზიანება სრულია.
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. ლევანტე 8 6 2 0 14-3 20
2. რეალი 8 6 1 1 28-6 19
3. ბარსელონა 8 5 3 0 26-4 18
4. სევილია 8 4 4 0 8-4 16
5. ვალენსია 8 4 3 1 11-8 15
6. მალაგა 8 4 1 3 10-11 13
7. ბეტისი 8 4 0 4 10-13 12
8. ესპანიოლი 8 4 0 4 7-11 12
9. ატლეტიკო 8 2 4 2 9-7 10
10. ოსასუნა 8 2 4 2 9-15 10
11. ბილბაო 8 2 3 3 11-11 9
12. მალიორკა 8 2 3 3 7-9 9
13. ვალეკანო 8 2 3 3 8-11 9
14. სარაგოსა 8 2 3 3 9-16 9
15. სოსიედადი 8 2 2 4 7-10 8
16. ვილიარეალი 8 1 4 3 7-14 7
17. ხეტაფე 8 1 3 4 6-10 6
18. გრანადა 8 1 2 5 2-10 5
19. სპორტინგი 8 1 1 6 5-12 4
20. რასინგი 8 0 4 4 4-13 4
ბომბარდირები: 10 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 9 - გონსალო იგუაინი (რეალი); 6 - რობერტო სოლდადო (ვალენსია), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 5 - ხუანლუ (ლევანტე); 4 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), სანტი კასორლა (მალაგა), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), მიკუ (ხეტაფე), რაულ გარსია (ოსასუნა), ტომერ ჰემედი (მალიორკა).
დღეს
გრანადა-ბარსელონა 22:00
ტრავმა: ხუანი, მარტინში, იგჰალო, იებდა (?) - სანჩესი, აფელაი, პიკე, პუიოლი
სევილია-რასინგი 00:00
ტრავმა: ნეგრედო (?), პეროტი - კოლსა, ოსმარი, აკოსტა, კენედი
დისკვალიფიკაცია: კანუტე, ნავარო (სევილია)
ხვალ
ხეტაფე-ოსასუნა 22:00
ტრავმა: გავილანი, უსტარი, მასილელა - მასუდი, ეჩაიდე, რიკარდო, როვერსიო
ლევანტე-რეალ სოსიედადი 22:00
ტრავმა: ხორდა - ილარამენდი, ველა (?)
რაიო ვალეკანო-მალაგა 22:00
ტრავმა: დუდა, ბაპტიშტა, ხიმენესი (მალაგა)
სარაგოსა-ვალენსია 22:00
ტრავმა: პინტერი, ბრაულიო, მინერო - პარეხო, მადურო, ალბელდა, დეალბერტი, კანალესი
მალიორკა-სპორტინგი 00:00
ტრავმა: ვიქტორი (?), მარტი (?), კასერესი, ნუნიეში, ლაკრუსი, ზუიველროონი - ნაჩო ნოვო, კარმელო
რეალი-ვილიარეალი 00:00
ტრავმა: ალბიოლი (?), დიარა, კოენტრაო, კარვალიო, შაჰინი - ა. ლოპესი, ნილმარი
ზეგ
ესპანიოლი-ბეტისი 22:00
ტრავმა: მატიონი, ალბინი - ვადილიო, დორადო, ნელსონი
ბილბაო-ატლეტიკო 00:00
ტრავმა: გურპეგი, კასტილიო, პერესი, გომესი - ხუანფრანი, გაბი, კოშტა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"