ლევან-ტური

AutoSharing Option
მართალია, წუხელ უკვე ახალი ტური დაიწყო პრიმერადივიზიონში, მაგრამ მკითხველს ჩვენეული შეჯამების გარეშე არ დავტოვებთ.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა მე-8 ტურის ავ-კარგი, ტური, რომელშიც ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა - ლა ლიგას სათავეში ერთპიროვნულად ვალენსიის "ლევანტე" მოექცა.

ბარსა ისევ პირველია
სულ მცირე ერთი დღით "ბარსა" პირველ ადგილს დაუბრუნდა, თუმცა ჩემპიონის თამაში აუტსაიდერ "გრანადასთან" კრიტიკას ვერ უძლებს - ეს იყო კატალონიელთა ერთ-ერთი ცუდი მატჩი სეზონში, მაგრამ ფეხბურთში მთავარი შედეგია, ტაბლომ კი ანდალუსიაში ხოსეპ გვარდიოლას გუნდის მინიმალური უპირატესობა დააფიქსირა - 1:0.

გამარჯვების გოლი ჩავიმ საჯარიმო
დარტყმით გაიტანა. მასპინძლებს გრანდის წინააღმდეგ იარაღი არ აღმოაჩნდათ - ვიქტორ ვალდესის კარში ერთხელაც არ დაურტყამთ ზუსტად და, ბუნებრივია, ესპანეთის ნაკრების გოლკიპერმა "მშრალი" სერია კიდევ 90 წუთით გააგრძელა. ყველაფერთან ერთად "გრანადას" ჯერ ხაიმე რომერო, ბოლოს კი დანი ბენიტესი გაუძევეს.

ექტორ კუპერმა კინაღამ მოიგო პირველი მატჩი პრიმერადივიზიონში, თუმცა "სანჩეს პისხუანზე" მატჩის 92-ე წუთზე "სევილია" მანუ დელ მორალმა ბრწყინვალე გოლით იხსნა (დელ მორალმა წუხელ დუბლი შეასრულა) - 2:2.

ბარსა-რეალობა
რაც უნდა სასწაული მოახდინოს "ლევანტემ" პრიმერადივიზიონში, გულშემატკივართა უმეტესობას პირზე მაინც "ბარსელონა" და "რეალი" აკერია. ვნახოთ, როგორ ითამაშეს ამ ტურში გრანდებმა: მაშინ, როცა კატალონიაში დაკარგულ ქულებს მისტიროდნენ, დედაქალაქში ზეიმი იყო - "ბარსამ" "სევილიას" ვერაფერი მოუხერხა, კლუბს, რომელმაც თამაში 9 კაცის ამარა ჩაამთავრა და რომლის კარშიც 94-ე წუთზე თითქოსდა გამარჯვების მომტანი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, თუმცა ამაოდ. "რეალმა" კი სტუმრად გაძლიერებულ "მალაგას" შანსი არ დაუტოვა, პირველივე ტაიმში ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა, მერე კი დაისვენა.

შედეგად, მოხდა ის, რომ "სამეფო კლუბმა" 1 ქულით გაუსწრო ჩემპიონს. და, ვინ იცის, იქნებ ეს ერთი ქულა აღმოჩნდეს ბოლოს გადამწყვეტი. მწვრთნელიან-ფეხბურთელიანად ყველა ირწმუნება, რომ "რეალს" არასდროს უთამაშია ასე კარგად, როგორც ეს "მალაგასთან" პირველ ტაიმში შეძლო. 15 წუთში ჰეთ თრიკის ავტორი კრიშტიანო რონალდო კი უფრო შორს წავიდა: მორჩა, გათავდა - ჩემპიონობისთვის მზად ვართო. პორტუგალიელმა სეზონში მესამე ჰეთ თრიკი მიითვალა.

"ბარსელონას" ბანაკში კი მხოლოდ ერთი დადებითი მოვლენა მოხდა - ვიქტორ ვალდესმა პირადი რეკორდი გააუმჯობესა, "სევილიასთან" მატჩის 57-ე წუთზე 577-წუთიან "მშრალ" სერიას გადააბიჯა, გოლი არც მერე გაუშვია, ასე რომ, წუხანდელ მატჩამდე მისი სერია 607-წუთიანია. "ჩემი პირადი რეკორდები ყოველთვის მეორეხარისხოვანია ჩემთვის. მთავარი მოგება, ჩვენ კი ვერ მოვიგეთ, ამიტომ ვერ წარმომიდგენია, რა უნდა ვიზეიმო", - განაცხადა გოლკიპერმა. აი, ასე - მართლაც, რა არის საზეიმო, გვარდიოლას გუნდმა 188 მატჩიდან მხოლოდ მე-14-ედ ვერ შეძლო გატანა.

ჩავი ერნანდესმა კი დიდი აღიარება მოიპოვა - მან "ბარსას" ფანების გამოკითხვაში გაიმარჯვა და 2010/11 წლების სეზონის გუნდის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მიიღო. ჩავიმ ნახევარ მილიონზე მეტი ხმა მიიღო და ლეო მესის და ანდრეს ინიესტას გაუსწრო.

მესი VS რონი
ამჯერად საკამათოც არაფერია, კრიშტიანო რონალდო ტურის ერთადერთი ჰეთ თრიკის ავტორია, ლიონელ მესი კი - ტურის მთავარი ანტიგმირი. ჩვენეული ანგარიში მათ შორის გათანაბრდა - 4:4. სიმბოლურია, რომ ბომბარდირთა დავაშიც ამ ორს 10-10 გოლი აქვს გატანილი.

რონალდომ "მალაგასთან" 90 წუთი ითამაშა, კარისკენ 5-ჯერ დაარტყა (4-ჯერ ზუსტად, 3-ჯერ შედეგიანად), 4-ჯერ დაარღვიეს მასპინძლებმა მის წინააღმდეგ თამაშის წესი, ერთხელ კი თავად პორტუგალიელმა იცუღლუტა.

მესიმ 8-ჯერ დაარტყა კარისკენ, აქედან 2-ჯერ ზუსტად, ერთხელ თამაშგარეში მოხვდა და ერთხელ დაჯარიმდა. რაც ყველაზე მთავარია, 94-ე წუთზე ვერ გაიტანა პენალტი.

სულ სეზონში
ფეხბ. თამაში გოლი პასი დარტყმა
მესი 8 10 5 46
რონალდო 8 10 5 57

ლეო დიდი პენალტისტი ვერ არის - კარიერაში 22-დან 6 შემთხვევაში ვერ გაიტანა. წლეულს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მას თერთმეტმეტრიანი ვერ გააქვს. გთავაზობთ მესის ყველა უშედეგო პენალტს

თარიღი მეტოქე შედეგი შეჯიბ. შენიშვნა
31.01.2008 ვილიარეალი 1:0 თასი მეკარე (მარცხ. კუთხე)
12.11.2008 ბენიდორმი 1:0 თასი მეკარე (მარჯვ), დამატ. გაიტანა
11.04.2009 უელვა 2:0 ლა ლიგა მეკარე (მარცხენა)
14.09.2010 პანათინაიკ. 5:1 ლიგა მეკარე (მარჯვენა)
19.01.2011 ბეტისი 1:3 თასი ააცილა (ზემოთ)
22.10.2011 სევილია 0:0 ლა ლიგა მეკარე (მარჯვენა)

ტურის სიმბოლური ნაკრები
goal.com. 4-4-2
ხავი ვარასი (სევილია, მე-3-ედ სიმბოლურში) - ალბერტო ლორა (სპორტინგი, 1), ჟულიენ ესკუდე (სევილია, 1), ფედერიკო ფასიო (სევილია, 1), მარსელო (რეალი, 1) - ანხელ დი მარია (რეალი, 1), ევერ ბანეგა (ვალენსია, 2), იკერ მუნიაინი (ბილბაო, 1), ხუანლუ გომესი (ლევანტე, 1) - კრიშტიანო რონალდო (რეალი, 5), არუნა კონე (ლევანტე, 1).

ტურის გმირი
ხავი ვარასი (სევილია)
რატომ ვერ მოიგო "ბარსელონამ", გუნდი ლიგაზე თამაშმა გადაღალა? ფორვარდებმა ვერ იაქტიურეს? "სევილიამ" იყოჩაღა დაცვაში? შესაძლოა, მაგრამ მთავარი პასუხი ერთია - ხავიერ ვარასის ბრწყინვალე თამაში.

ხავი ვარასის ყველა "სეივი"
ტაიმი დამრტყმ. საიდან შენიშვნა
I ინიესტა საჯარ. შიგნ. ფეხით
I ვილია შიგნიდან ფეხით
I მესი შიგნიდან ხელით
II ინიესტა გარედან ხელით
II ინიესტა შიგნიდან ფეხით
II ინიესტა შიგნიდან ფეხით
II მესი შიგნიდან ფეხით
II მესი პენალტი ხელით
II მესი გარედან ხელით

ტურის ფრაზები
ხუან იგნასიო (ლევანტე): "რეალის" და "ბარსას" წინ ყოფნა ჩვენ ყველაზე თამამ ოცნებებშიც კი არ ჩაგვითქვამს", - ტურის დასრულების შემდეგ პირველ ადგილზე გადასვლის შემდეგ.

კრიშტიანო რონალდო (რეალი): "მგონი, მოვიდა დრო, "რეალმა" იჩემპიონოს", - "მალაგას" კარში ჰეთ თრიკის შესრულების შემდეგ.

უნაი ემერი (ვალენსია): "კარგად დავიწყეთ და კარგად დავასრულეთ, უნდა მოგვეგო", - "ბილბაოსთან" 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ.

გრეგორიო მანსანო (ატლეტიკო): "კარგად მესმის რატომ ბრაზობს პუბლიკა - ასე თამაში "ატლეტიკოს" არ ეკადრება", - "მალიორკასთან" 1:1-ის შემდეგ.

ხავი ვარასი (სევილია): "წინასწარ ვიცოდი, საით გადავმხტარიყავი - მესი კარგად შევისწავლე", - პენალტის მოგერიების შემდეგ.

ტურის მსხვერპლნი
"მესტალიაზე" ყველაზე მეტი ფეხბურთელი დაშავდა და ყველაზე მძიმედაც - ბილბაოს "ატლეტიკის" კაპიტან კარლოს გურპეგის ჯვარედინი მყესები გაწყვეტილი აქვს, მისთვის სეზონი დასრულდა. თითქმის ანალოგიური ტრავმა აქვს ვალენსიელ სერხიო კანალესს, რომელიც 3-6 თვე იუქმებს.

შედარებით იოლად გადარჩა ფერნანდო ლორენტე, სავარაუდოდ, ის მხოლოდ 1 კვირას იუქმებს.

"კამპ ნოუზე" საზარდული იტკინა კარლეს პუიოლმა (ბარსელონა) და 3 დღეს დაისვენებს.

პირველი
"სევილიას" ნახევარმცველი ხოსე გომეს კამპანია მხოლოდ 18 წლისაა. მან პრიმერადივიზიონში პირველად ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში. დებიუტი "კამპ ნოუზე" 0:0 დასრულებულ შეხვედრაში, საყრდენი ნახევარმცველისთვის ბრწყინვალეა. კამპანია "სევილიას" აღზრდილია. ძირითად გუნდში დებიუტი მას 25 აგვისტოს "ჰანოვერთან" ევროპალიგის მატჩში ჰქონდა, სამი დღის მერე მან ლა ლიგაშიც ითამაშა, მაგრამ სასტარტოში პირველად შაბათს იყო.

ტურის სტატისტიკა
19 გოლი ტურში (1,9 მატჩში). 2 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 4 ფრით დასრულდა, სტუმრებმა 4 მოიგეს. ტურში მსაჯებმა 54 ყვითელი და 2 წითელი ბარათი დაარიგეს.
ჰეთ თრიკი - კრიშტიანო რონალდო (რეალი).
დუბლი - ხუანლუ გომესი (ლევანტე).
ლიონელ მესიმ (ბარსელონა) ვერ გაიტანა პენალტი.
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ხოსე კამპანია (სევილია, 18 წლის)

ყველაზე მეტი მაყურებელი: 82 743 - "კამპ ნოუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 10 000 - "ელ სარდინერო"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 22 - ვალენსია, ბარსელონა
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 8 - ბარსელონა
ყველაზე მეტი ჯარიმა: 24 - სარაგოსა
ყველაზე მეტი კუთხური: 12 - ბარსელონა, ბეტისი
ყველაზე მეტი თამაშგარე: 8 - ხეტაფე
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 77% - ბარსელონა

ესპანეთი. ლა ლიგა. IX ტური
გრანადა-ბარსელონა 0:1 [იხილეთ ვიდეო]
გრანადა (4-2-3-1): რობერტო - ნიომი, ი. ლოპესი, მაინსი, სიკერა - ფ. რიკო (79. მოლიო), მ. რიკო - აბელი, ხაიმე, ბენიტესი - უჩე (63. ხეიხო).
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, მასკერანო, აბიდალი, მაქსველი - ჩავი (83. კეიტა), ბუსკეტსი, ფაბრეგასი (70. ინიესტა) - პედრო (55. ვილია), მესი, კუენსა.
გოლი: 0:1 ჩავი (33)
გაფრთხილება: ნიომი, ფ. რიკო, ბენიტესი, ხაიმე, უჩე - ალვეში, ბუსკეტსი, კეიტა, კუენსა
გაძევება: ხაიმე (52), ბენიტესი (91)
კუთხური: 2-10; ჯარიმა: 13-9; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 2-17 (0-7); ბურთის ფლობა: 30%-70%.
მაყურებელი: 22 500

სევილია-რასინგი 2:2
სევილია (4-2-3-1): ხავი ვარასი - კოკე (73. ლუის ალბერტო), სპაჰიჩი, ესკუდე, კასერესი - მედელი, კამპანია (73. რაკიტიჩი) - ხესუს ნავასი, ტროხოვსკი, არმენტეროსი (60. ნეგრედო) - დელ მორალი.
რასინგი (4-4-2): ტონიო - ფრანსისი, ალვარო, ტორეხონი, კრისტიანი - სამპერიო (89. ოსმარი), დიოპი, ადრიანი, სისმა - ნაუელპანი (74. მუნიტისი), კონე (79. არანა).
გოლები: 1:0 დელ მორალი (37), 1:1 ნაუელპანი (62), 1:2 სამპერიო (68), 2:2 დელ მორალი (92)
გაფრთხილება: ნეგრედო - ალვარო, დიოპი, სისმა
კუთხური: 14-0; ჯარიმა: 8-19; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 22-9 (11-5); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 35 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 9 6 3 0 27-4 21
2. ლევანტე 8 6 2 0 14-3 20
3. რეალი 8 6 1 1 28-6 19
4. სევილია 9 4 5 0 10-6 17
5. ვალენსია 8 4 3 1 11-8 15
6. მალაგა 8 4 1 3 10-11 13
7. ბეტისი 8 4 0 4 10-13 12
8. ესპანიოლი 8 4 0 4 7-11 12
9. ატლეტიკო 8 2 4 2 9-7 10
10. ოსასუნა 8 2 4 2 9-15 10
11. ბილბაო 8 2 3 3 11-11 9
12. მალიორკა 8 2 3 3 7-9 9
13. ვალეკანო 8 2 3 3 8-11 9
14. სარაგოსა 8 2 3 3 9-16 9
15. სოსიედადი 8 2 2 4 7-10 8
16. ვილიარეალი 8 1 4 3 7-14 7
17. ხეტაფე 8 1 3 4 6-10 6
18. გრანადა 9 1 2 6 2-11 5
19. რასინგი 9 0 5 4 6-15 5
20. სპორტინგი 8 1 1 6 5-12 4

ბომბარდირები
10 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 9 - გონსალო იგუაინი (რეალი); 6 - რობერტო სოლდადო (ვალენსია), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 5 - ხუანლუ (ლევანტე); 4 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), სანტი კასორლა (მალაგა), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), მიკუ (ხეტაფე), რაულ გარსია (ოსასუნა), ტომერ ჰემედი (მალიორკა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული