ეს "ლევანტე" რა ყოფილა!

AutoSharing Option
აღმოსავლურ ზღაპარს (კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ლევანტე აღმოსავლეთის სინონიმია) არა და არ სურს დასრულება - მოკრძალებულმა ვალენსიურმა კლუბმა ლა ლიგის ისტორიაში ახალი ქვეთავი შექმნა - "ლევანტემ" ზედიზედ 7 მატჩი მოიგო და 9 ტურის შემდეგაც პირველია!

არადა, ამ ტურში ხუან იგნასიო მარტინესის გუნდს ძალზე გაუჭირდა მიზნის მიღწევა, თუ პირველ 8 ტურში 3 გოლი გაუშვა, ახლა ერთ მატჩში 2 მიიღო, თუმცა საოცარი სწრაფვა გამარჯვებისკენ 93-ე წუთზე დაუფასდა - 93-ე წუთზე ნახევარმცველი რუბენ სუარესი მივიდა ბურთთან, საჯარიმო ისე დაჰკრა, რომ ბურთი დაბალი ტრაექტორიით
წავიდა "რეალ სოსიედადის" კარისკენ და მიზანსაც მიაღწია - ზღაპარი, რომელიც კინაღამ შეწყდა, გრძელდება.

"სიუტატ დე ვალენსიაზე" "ლევანტე" უკვე მდევრის როლში გამოვიდა, წინა დღეს "ბარსამ" ანდალუსიაში მოიგო და გათავხედებულ "ბაყაყებს" გადაუსწრო. თამაშიც მასპინძელთათვის არცთუ სასიამოვნოდ დაიწყო - დანი ესტრადამ (ამ ფეხბურთელმა ბარსელონელი ალექსის სანჩესი დაამტვრია გასულ თვეში) ბასკური კლუბი დააწინაურა. სტუმრები თავს ლამის "ანოეტაზე" გრძნობდნენ, განსაკუთრებით კი მცველები ყოჩაღობდნენ, ესტრადამ ხომ გაიტანა, ალბერტო დე ლა ბელამ და კარლოს მარტინესმა მასპინძელთა კარის ხარიხა ორჯერ შეაზანზარეს.

მეორე ტაიმში ისევ ის "ლევანტე" ვიხილეთ, რომელმაც ბოლო დღეებია, მთელი საფეხბურთო ევროპა აალაპარაკა - თავი ისევ მცველმა გამოიჩინა - ნანომ გაათანაბრა. მალე ხოსე ბარკეროს ჩამოწოდებულს თავით ვალდო დახვდა და ვალენსიელები წინ წავიდნენ. 87-ე წუთზე კი ინიგო მარტინესმა (გახსოვთ, ალბათ ამ რამდენიმე ტურის წინ საკუთარი ნახევრიდან რომ გაიტანა გოლი) ამჯერად ახლო მანძილიდან გაათანაბრა. თითქოს, ფრე გარდაუვალი იყო, მაგრამ ფორტუნამ და რუბენ სუარესმა სხვაგვარად განსაჯეს - 3:2.

ხუან იგნასიო (ლევანტე): "შვიდმატჩიანი მოგებათა სერია, რაც ჩვენ გამოგვივიდა, თითქმის შეუძლებელია ლა ლიგაში. ახლაც არ ვიცი, როგორ შევძელით ჩვენ ეს".

სანამ იმას მოგიყვებით, თუ როგორ დაამარცხა "რეალმა" "ვილიარეალი", ვიდრე "გამარჯობას ეტყოდა" მეტოქეს, მანამდე "ყვითელი წყალქვეშა ნავის" თავკაცის, ხუან კარლოს გარიდოს პრობლემებზე მოგითხრობთ. მორჩა თამაში თუ არა ("რეალმა" 3:0 მოიგო) "მარკამ" დაწერა, რომ გარიდოს ვეთხოვებითო, მის ნაცვლად კი "ვილიარეალში" მიჩელი მოდისო. არ გასულა საათიც, რომ გარიდოს მოხსნის შესახებ ცნობა კლუბის პრეზიდენტმა ფერნანდო როიგმა უარყო.

საქმე იმაშია, რომ "მარკამ" ჯერ კიდევ თამაშამდე დაწერა, "ვილიარეალის" თავკაცი კლუბის ხელმძღვანელებმა დაიბარეს (ეს ინფორმაცია სინამდვილეს შეეფერება) და ასეთი ულტიმატუმი წარუდგინესო: "ვილიარეალმა" არ უნდა დაკარგოს სახე "რეალთან" გასვლით შეხვედრაში და მოიგოს შემდეგი საშინაო მატჩი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარიდო სამსახურს დაკარგავს. ან ეს ვერსიაა მცდარი, ან კიდევ "წყალქვეშა ნავის" ხელმძღვანელებმა გარიდოს "სანტიაგო ბერნაბეუზე" 0:3 "სახის არდაკარგვად" ჩაუთვალეს. ყოველ შემთხვევაში, ჩაძირული ნავის
კაპიტანს (ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდი გასავარდნ ზონაშია) წყალი რომ შეუდგა, ფაქტია.

ახლა თამაშზე - პირველ ნახევარ საათში "ბერნაბეუმ" სამი გოლი იხილა, ამის მერე კი მხოლოდ ერთი საკითხი რჩებოდა ღიად - გაიტანდა თუ არა კრიშტიანო რონალდო ორ გოლს. დუბლით ის არამარტო გაუსწრებდა ლეო მესის ბომბარდირთა დავაში (საამიდოდ ერთიც ჰყოფნიდა), არამედ, პორტუგალიელისთვის ეს მე-100 გოლი იქნებოდა "ბლანკოსის" მაისურით - ერთიც ვერ გაიტანა.

გოლები თავიდანვე წვიმასავით წამოვიდა, თითოჯერ ქარიმ ბენზემამ, კაკამ და ანხელ დი მარიამ გაიტანეს. სამ წუთში ბურთი უკვე დიეგო ლოპესის კარის ბადეში ფართხალებდა - სერხიო რამოსმა თავით გაიტანა, მაგრამ მსაჯმა სწორად დააფიქსირა თამაშგარე მდგომარეობა. "რეალმა" ეს იოტისოდენადაც არ შეიმჩნია - ორიოდ წუთში დი მარიამ ულამაზესი გრძელი პასით "ვილიარეალის" დაცვა უსაქმოდ დატოვა, ბენზემამ ბურთი მკერდით ჩამოიღო და ლოპესს თავზე გადაუგდო.

მალევე გაიბრწყინა კაკამ, რომელიც იმდენად კარგად თამაშობს, რომ ბრაზილიის ნაკრებში კვლავ დაუძახეს, ბენზემამ საჯარიმოს ხაზთან მოძებნა კაკა, რომელიც კარისკენ ზურგით იდგა, ნახევარმცველი ვირტუოზულად შემოტრიალდა და ცაციათი დაბალ კუთხეში გაიტანა.
მესამე გოლი "რეალმა" კონტრშეტევაზე გაიტანა, ბურთი მარსელომ წამოიღო ფლანგიდან, ბენზემამ კარგად მოძებნა დი მარია (ასე ვთქვათ - საგოლე პასი დაუბრუნა თანაგუნდელს) და 3:0.

მეორე ტაიმში "რეალმა", მოურინიოს კარნახით ტემპი დააგდო და საინტერესოც ბევრი არაფერი მოხდა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კი უჩვეულოდ მშვიდი ჩანდა მოედანზე, ცხადი იყო, რომ დუბლის გატანას ის ვერ შეძლებდა.

თამაშის მერე პრესკონფერენციაზე მოურინიოს მარჯვენა ხელი, აიტორ კარანკა გამოცხადა, რომელმაც აქო და ადიდა... "ლევანტე" - ბასკის განცხადებით, დღეისათვის ლა ლიგაში საუკეთესო გუნდი "ლევანტეა" და არა "ბარსა" ან "რეალი".

სარაგოსაში "ვალენსიას" 22 წლის ხორდი ალბამ მოაგებინა - ასე რომ, ჩემპიონატის ტოპ-ოთხეულში ორი ვალენსიური კლუბია. მატჩი უნიათო გამოდგა, ერთადერთი საინტერესო რაც მოხდა, ალბას გოლია - ხორდიმ თამაშის დასრულებამდე 8 წუთით ადრე ბურთი ბრუნოსგან მიიღო და მცველი ხუარესი და მეკარე რობერტო სახტად დატოვა - 1:0.

ცუდი ამბავი "ღამურების" ფანებს - ხორდიმ "ვალენსიასთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკება შეწყვიტა, თურმე მარცხენაფლანგელით "ბარსელონაა" სერიოზულად დაინტერესებული.

ცუდი ამბები ხდება "მალაგას" ჩილელი თავკაცის, მანუელ პელეგრინის თავსაც, კლუბმა მილიონები დახარჯა, მაგრამ "რაიო ვალეკანოსთან" (რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე მოკრძალებული ბიუჯეტი აქვს ევროპის ტოპ საფეხბურთო ქვეყნებში) - 0:2. ხოსე სანდოვალის გუნდი კუთხურის მოწოდების შემდეგ დაწინაურდა, საჯარიმოში ყველას პედრო ბოტელიომ აჯობა. პირველი ტაიმის დასრულებას 10 წუთი აკლდა, როცა ანდალუსიელთა პორტუგალიელმა მცველმა ელიზეუმ წითელი ბარათი მიიღო. მეორე ტაიმში თავი ვეტერანმა რაულ ტამუდომ გამოიჩინა, რომელსაც გოლი რობერტ ტრაშორასმა გაატანინა.

კიდევ ერთ მატჩში ხიხონის "სპორტინგმა" მოულოდნელად მოიგო ბალეარის კუნძულებზე და ბოლო ადგილს თავი დააღწია.

ცოტაც ტაფებზე და ვალენსიურ ჩხუბზე
არასაფეხბურთო ამბები ფეხბურთელებზე - პირველი: ლეო მესის ყოფილი მეგობარი გოგონა, არგენტინელი მოდელი მაკარენა ლოპესი ამბობს, რომ ლეოს დედა ნამდვილი მონსტრია, რომ, თითქოს, იყო ისეთი შემთხვევაც, როცა ლეოს დედა მას ტაფით ხელში გამოეკიდა საცემად.

ცემაზე და ჩხუბზე მეორე ამბავს მოგიყვებით, მსოფლიოს ჩემპიონი კარლოს მარჩენა (ვილიარეალი) ვალენსიის ქუჩაში ჩხუბშია შემჩნეული. ერთ-ერთი დაზარალებული ხელს სწორედ მარჩენას ადებს, ინციდენტი პასეო ალამედას ქუჩაზე სწორედ მან დაიწყოო.

ესპანიოლი-ბეტისი 1:0

ესპანიოლი (4-2-3-1): ალვარესი - ხ. ლოპესი, რ. როდრიგესი, მორენო, დიდაკ ვილა - ფორლინი, მარკესი (56. დატოლო) - ს. გარსია, ვერდიუ, რომარიკი (86. ბაენა) - ა. ვასკესი (68. პანდიანი).
ბეტისი (4-3-3): კასტო - ჩიკა, უსტარიცი, მარიო (46. ჩეჩუ დორადო), ნაჩო (76. ხ. პერეირა) - ბენატი, ირინეი, კანიასი - ხუანმა, სანტა კრუსი (53. ტოშიჩი), რ. კასტრო.
გოლი: 1:0 პანდიანი (74)
გაფრთხილება: ლოპესი, ფორლინი, პანდიანი, ვერდიუ - პერეირა, ბენატი
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 9-9; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 17-9 (5-5); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 19 000

ბილბაო-ატლეტიკო 3:0

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ეკიზა, ამორებიეტა (17. სან ხოსე), აურტენეჩე - იტურასპე, ხავი მარტინესი (46. ანდერი) - სუსაეტა, დე მარკოსი, მუნიაინი (64. ტოკერო) - ფ. ლორენტე.
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - სილვიო, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - ასუნსაო, გაბი - რეიესი (57. სალვიო), დიეგო (80. კოკე), არდა (73. პიცი) - ფალკაო.
გოლები: 1:0 ფ. ლორენტე (68), 2:0 ფ. ლორენტე (71), 3:0 ტოკერო (75)
გაფრთხილება: მარტინესი, აურტენეჩე, ეკიზა - გოდინი, სილვიო, ასუნსაო, სალვიო
კუთხური: 10-7; ჯარიმა: 9-20; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 9-9 (4-4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 32 000

სატურნირო მდგომარეობა

1. ლევანტე 9 7 2 0 17-5 23
2. რეალი 9 7 1 1 31-6 22
3. ბარსელონა 9 6 3 0 27-4 21
4. ვალენსია 9 5 3 1 12-8 18
5. სევილია 9 4 5 0 10-6 17
6. ესპანიოლი 9 5 0 4 8-11 15
7. მალაგა 9 4 1 4 10-13 13
8. ბილბაო 9 3 3 3 14-11 12
9. ვალეკანო 9 3 3 3 10-11 12
10. ბეტისი 9 4 0 5 10-14 12
11. ოსასუნა 9 2 5 2 11-17 11
12. ატლეტიკო 9 2 4 3 9-10 10
13. მალიორკა 9 2 3 4 8-11 9
14. სარაგოსა 9 2 3 4 9-17 9
15. სოსიედადი 9 2 2 5 9-13 8
16. ხეტაფე 9 1 4 4 8-12 7
17. სპორტინგი 9 2 1 6 7-13 7
18. ვილიარეალი 9 1 4 4 7-17 7
19. რასინგი 9 0 5 4 6-15 5
20. გრანადა 9 1 2 6 2-11 5

ბომბარდირები
: 10 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 9 - გონსალო იგუაინი (რეალი); 6 - რობერტო სოლდადო (ვალენსია), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 5 - ხუანლუ გომესი (ლევანტე), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 4 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), სანტი კასორლა (მალაგა), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), მიკუ (ხეტაფე), რაულ გარსია (ოსასუნა), ტომერ ჰემედი (მალიორკა), ქარიმ ბენზემა (რეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული