ნეტა, დღეს "ბარსას" ვხვდებოდეთო...

AutoSharing Option
დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა კამერუნელი სამუელ ეტოო სისხლს უშრობდა "ბარსას", სანამ ამ უკანასკნელმა 24 მილიონ ევროდ არ შეიძინა "მალიორკას" ფორვარდი. ახლა ეტოომ უზრუნველი "სიბერე" მოიწყო დაღესტანში, სადაც ზღაპრულ ხელფასს იღებს.

"ბარსელონასა" და "მალიორკას" დაპირისპირებებს კი აფრიკელი ფორვარდის ბალეარის კუნძულებიდან აბარგების შემდეგ ხიბლი მოაკლდა. დღეს ჩემპიონი კუნძულელებთან დაპირისპირების წინ აშკარა ფავორიტია.

"მალიორკა" პირველი გუნდია, რომელმაც სეზონში მწვრთნელი გამოიცვალა, მიქაელ ლაუდრუპმა ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო წასვლა არჩია, დანიელი დროებით მიგელ ანხელ ნადალმა შეცვალა, ვინც "ბილბაოს" ექს-თავკაცმა ხოაკინ კაპაროსმა ჩაანაცვლა. პალმელები
9 თამაშიდან ამდენივე ქულით მე-13 ადგილზე არიან და სპეციალისტები თანმხდებიან იმაში, რომ მათ ძალიან გაუჭირდებათ მზის ქვეშ ადგილის შენარჩუნება.

"ბარსა"? აქაც ბევრი თანხმდება, რომ ჩემპიონს მცირე კრიზისი აქვს - "სევილიასთან" საშინაო 0:0-ს მოყვა ძალზე უღიმღამო თამაში სუსტ "გრანადასთან", რომელსაც ჩემპიონმა ჩავის ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმის წყალობით მოუგო. ფაქტია, "ბარსელონა", ბოლო მატჩებია, ისე ვერ ბრწყინავს, როგორც მისი უშუალო კონკურენტი "რეალი", რომელიც მეტოქეს პირველივე ტაიმში "უგვარებს" საქმეებს. ამასთან, მადრიდელები ქულით უსწრებენ კიდევაც "ბარსას".

ხოსეპ გვარდიოლას საკადრო პრობლემები მოეძალა, როგორც დაცვის ცენტრში, ასევე შეტევის მარჯვენა ფლანგზე. კარლეს პუიოლმა წინა ტური მცირე ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო ჟერარდ პიკე ახლახან გამოჯანმრთელდა. პეპმა გუშინ "ბარსას" ექიმებისგან სასიხარულო დასკვნა მიიღო - პიკეს და პუიოლს ექიმებმა თამაშის ნებართვა მისცეს, ორივე მწყობრშია.

შეტევაში პედრო როდრიგესი კიდევ 15 დღე ვერ ითამაშებს, ალექსის სანჩესის დაბრუნება კი 5 ნოემბერს "სან მამესზე" დაიგეგმა, იბრაჰიმ აფელაის კიდევ კარგა ხანს ვერ ვიხილავთ. კარგი ისაა, რომ სესკ ფაბრეგასი ჯანზეა, მას შეუძლია წინ თამაში, ნახევარდაცვაში კი ტიაგო ალკანტარა დადგება, მით უფრო ტიაგოს "მალიორკასთან" თამაშში ჰქონდა "ბარსას" რიგებში დებიუტი და მისთვის ეს დაპირისპირება ბევრს ნიშნავს.

გუშინ "ბარსამ" წვიმიან ამინდში 18 პირველგუნდელით ივარჯიშა, მათთან ერთად იყო ისააკ კვენკაც, რომელმაც "გრანადასთან" სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.

"მალიორკას" ახალ თავკაცს, ხოაკინ კაპაროსს ჯერ არ მოუგია ახალ გუნდში და, ვფიქრობთ, დღეს ის ამას ძნელად თუ შეძლებს, "ბარსას" პრობლემების გარდა (რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ) ერთი მიზეზიც კი არაა, კუნძულელთა სასარგებლოდ. თავად განსაჯეთ - "ბარსამ" 5 საშინაო მატჩში 21 გოლი გაიტანა და... არც ერთი გაუშვა. "ბარსამ" ჩემპიონატში ბოლოს "ვალენსიასთან" გაუშვა გოლი და ისიც სტუმრად.

ბარსელონა (სავარაუდო შემადგენლობა): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე (ან მასკერანო), პუიოლი, ადრიანო - ჩავი, ბუსკეტსი, ტიაგო ალკანტარა - ფაბრეგასი, მესი, ვილია.

* * *
ზემოთაც ვთქვით, რომ "რეალი" შესანიშნავ ფორმაშია. ის კი არა, "სამეფო კლუბის" მცველმა სერხიო რამოსმა ინატრა, ნეტა, "ბარსას" დეკემბრის ნაცვლად ახლა ვხდებოდეთო. ჟოზე მოურინიოს გუნდი დღეს ბასკურ "ანოეტას" სტუმრობს, სადაც "რეალ სოსიედადთან" ელის ჯახი, ჩაბი ალონსო სამშობლოში ბრუნდება...

მადრიდში ახლა მართლაც ბევრი რამ მიდის კარგად, მაგრამ მთავარი მაინც კაკას ბრწყინვალე ფორმა გვგონია, ბევრმა ჩაიქნია ბრაზილიელზე ხელი, თქვეს, მილანისეულ კაკას ვეღარასოდეს ვიხილავთო და, ვგონებ, შეცდნენ - ამ სეზონში სულ სხვა კაკა თამაშობს "სამეფო კლუბში", ის კარგად უგებს მოედანზე მესუთ იოზილს და, თუ საჭირო გახდა, ერთ-ერთის არჩევა, მოურინიო ბოლო დროს უფრო სამხრეთამერიკელს ენდობა. კაკას სულ 17 თამაშში შეძლო "რეალის" მაისურით გოლის გატანა და "რეალმა" 17-ივე მოიგო. სულაც არ არის გასაკვირი, რომ კაკა "სელესაოშიც" გაახსენდათ.

ჟოზე მოურინიოს წლევანდელი "რეალი" უფრო შემტევია, გოლები მათი ნახევარმცველებისგან და ფორვარდებისგან უხვად "მოედინება" - 9 თამაშში 31 გოლი ამის დასტურია - თუ, ასე გაგრძელდა 1989/90 წლების სეზონის რეკორდი, 107 გოლი, დაემხობა (ამ ტემპით 131 გოლს უნდა მიაღწიონ). "რეალს" დაცვაშიც ყველაფერი რიგზე აქვს - 6 მიღებული ბურთი ამის დასტურია - ამ ტემპით "სამეფო კლუბი" 1987/88 წლების სეზონის რეკორდს (24 გოლი) დაამხობს. მოკლედ, ამ სტატისტიკის მიხედვით "რეალს" ისტორიაში საუკეთესო სეზონი აქვს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

ვარჯიში დაიწყო ლასანა დიარამ, თუმცა მისი ადგილი "ანოეტას" მატჩში ალბათ არ მოიძებნება. რაულ ალბიოლს მოტეხილი ყბის ძვალი კი შეუხორცდა, მაგრამ რისკი მაინც დიდია, ასე რომ, ბასკეთში ის არ ითამაშებს. ნური შაჰინი და რიკარდო კარვალიო კი ჯერ ბოლომდე მზად არ არიან.

"რეალ სოსიედადი" "ანოეტაზე" ძლიერად თამაშობს, ბოლო 8 ლალიგური მატჩიდან მხოლოდ ერთი დათმო. თუმცა ფილიპ მონტანიეს გუნდს არ ულხინს, ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა 8 ქულით. თუმცა, თუკი "რეალი" პირველ გოლს გაიტანს, დიდი ალბათობით მოიგებს, რადგან ბოლო 67 შეხვედრაა ასე ხდება.

"რეალი" (სავარაუდო შემადგენლობა): კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო - ჩაბი ალონსო, ხედირა - დი მარია, იოზილი (ან კაკა), რონალდო - იგუაინი.

* * *
მეოთხეადგილოსან "ვალენსიას" კარგი შანსი აქვს ლიდერთა ფეხის ხმას არ ჩამორჩეს, დღეს შინ "ხეტაფეს" მასპინძლობს. უნაი ემერი ფრანგი მცველის, ადილ რამის ალბათ არ ათამაშებს, მიუხედავად იმისა, რომ მას 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაუსრულდა. მიზეზი ისაა, რომ წინ "ლევერკუზენთან" გადამწყვეტი თამაშია. შესაძლოა, ამის გამო არიც ადურისმა სასტარტო შემადგენლობაში რობერტო სოლდადო შეცვალოს. სერხიო კანალესმა მუხლის ოპერაცია გუშინ გაიკეთა და მისთვის წელიწადი დასრულებულია.

ახლა ისეთი დროა, ესპანურ ჩემპიონატზე კიდევ ერთი ვალენსიური კლუბის უხსენებლად ვერ გავძლებთ - "ლევანტე" ხომ ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია. ლიდერი ხვალ ნავარაში წავა, რათა "ოსასუნას" ეთამაშოს. ზედიზედ 7 ტურია, რაც ხუან იგნასიო მარტინესის გუნდი იგებს. ეს კი ბრწყინვალე შედეგია. "ლევანტეს" არ ეყოლება დისკვალიფიცირებული ხუანფრანი.

ლა ლიგა. X ტური
დღეს
ვალენსია-ხეტაფე 20:00
ტრავმა: კანალესი, მადურო - გავილანი, მასილელა (?), ბარადა, უსტარი

ვილიარეალი-რაიო ვალეკანო 20:00
ტრავმა: ნილმარი, როსი, მარჩენა, ა. ლოპესი - ბრავო

ბარსელონა-მალიორკა 22:00
ტრავმა: აფელაი, პედრო, სანჩესი - მარტი (?), ლაკრუსი, ზუიველროონი, ნუნიეში, კასერესი
დისკვალიფიკაცია: ჩიკო (მალიორკა)

რეალ სოსიედადი-რეალი 00:00
ტრავმა: ილარამენდი (?) - კარვალიო, გრანერო, ალბიოლი, დიარა (?)

ხვალ
სპორტინგი-ბილბაო 15:00
ტრავმა: კარმელო, ნაჩო ნოვო - კასტილიო, გურპეგი, პერესი (?), მარტინესი

ოსასუნა-ლევანტე 19:00
ტრავმა: მასუდი, როვერსიო, ლამა, ეჩაიდე - ხორდა (?)
დისკვალიფიკაცია: ხუანფრანი (ლევანტე)

რასინგი-ბეტისი 21:00
ტრავმა: კოლსა, აკოსტა, სტუანი, ბედია, კენედი - ბენატი (?), მარიო (?), ნელსონი (?), ამაია, ვადილიო

ატლეტიკო-სარაგოსა 23:00
ტრავმა: ფალკაო (?), ხუანფრანი, სალვიო (?), კოშტა - ბრაულიო, პინტერი, მინერო

მალაგა-ესპანიოლი 01:00
ტრავმა: ბაპტიშტა, რონდონი, რესიო, სტადსგაარდი - მატიონი, ალბინი
დისკვალიფიკაცია: ელიზეუ - მარკესი

ზეგ
სევილია-გრანადა 00:00
ტრავმა: პეროტი - მარტინში, იებდა, ხუანი, ბოატენგი, იგჰალო
დისკვალიფიკაცია: ხაიმე რომერო, დანი ბენიტესი (გრანადა)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ლევანტე 9 7 2 0 17-5 23
2. რეალი 9 7 1 1 31-6 22
3. ბარსელონა 9 6 3 0 27-4 21
4. ვალენსია 9 5 3 1 12-8 18
5. სევილია 9 4 5 0 10-6 17
6. ესპანიოლი 9 5 0 4 8-11 15
7. მალაგა 9 4 1 4 10-13 13
8. ბილბაო 9 3 3 3 14-11 12
9. ვალეკანო 9 3 3 3 10-11 12
10. ბეტისი 9 4 0 5 10-14 12
11. ოსასუნა 9 2 5 2 11-17 11
12. ატლეტიკო 9 2 4 3 9-10 10
13. მალიორკა 9 2 3 4 8-11 9
14. სარაგოსა 9 2 3 4 9-17 9
15. სოსიედადი 9 2 2 5 9-13 8
16. ხეტაფე 9 1 4 4 8-12 7
17. სპორტინგი 9 2 1 6 7-13 7
18. ვილიარეალი 9 1 4 4 7-17 7
19. რასინგი 9 0 5 4 6-15 5
20. გრანადა 9 1 2 6 2-11 5

ბომბარდირები:
10 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 9 - გონსალო იგუაინი (რეალი); 6 - რობერტო სოლდადო (ვალენსია), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 5 - ხუანლუ გომესი (ლევანტე), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 4 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), სანტი კასორლა (მალაგა), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), მიკუ (ხეტაფე), რაულ გარსია (ოსასუნა), ტომერ ჰემედი (მალიორკა), ქარიმ ბენზემა (რეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული