"სამეფო კლუბის" უნაკლო ღვინობისთვე

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" ოქტომბერში 6 მატჩი ითამაშა და ყველა მოიგო, ბურთების საერთო შეფარდებაც დიდებულია - 20:1. 6-დან 5 მატჩი ლა ლიგაზე მოდის, სადაც ჟოზე მოურინიოს გუნდმა ჯერ "ესპანიოლი" დაამარცხა ბარსელონაში - 5:0, შემდეგ შინ 4:1 მოუგო "ბეტისს", კვლავ სტუმრად იმარჯვა "მალაგასთან" - 4:0, შინ 3:0 გაანადგურა "ვილიარეალი" და სტუმრად 1:0 მოუგო "რეალ სოსიედადს". ამასთან, 18 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში "სამეფო კლუბმა" "ლიონი" 4:0 გაანადგურა. მოკლედ, შინაურ და საერთაშორისო ასპარეზზე კლუბში ყველაფერი აჟურშია.

"ბეტისის" 29 წლის ფორვარდი ხორხე მოლინა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც
შეძლო ოქტომბერში იკერ კასილიასის დამწუხრება. თუმცა, თქმა არ უნდა, ყველაზე მეტად "რეალს" ამ ტურში, "ანოეტაზე" გაუჭირდა, სადაც გონსალო იგუაინის ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვა. ამ გოლმა მოურინიოსა და კომპანიას ლიდერობა არგუნა.

სასტარტო შემადგენლობას დაბრუნებული გონსალო იგუაინის გოლის შემდეგ "რეალს" ორი ბომბარდირი ჰყავს, არგენტინელი კრიშტიანო რონალდოს გაუტოლდა, ორივეს 10-10 გოლი აქვთ ლა ლიგაში. "ანოეტაზე" გამარჯვება მადრიდელთათვის ლა ლიგაში ზედიზედ მე-6 იყო. ბასკეთში მოურინიოს გუნდმა შესანიშნავად ითამაშა დაღლამდე, შემდეგი კი ცოტა ანერვიულა ქომაგები. "რეალ სოსიედადმა" კლაუდიო ბრავოს კართან ნამდვილი ბასტიონი მოაწყო, სასტარტო შემადგენლობაში ერთადერთი შემტევი კარლოს ველა იყო. "რეალი" მთელ დროს მეტოქის ნახევარზე ატარებდა, იკერ კასილიასი უქმად იყო ("რეალის" დაწინაურების შემდეგაც კი), მაშინ როცა ბრავოს დიდი ოფლისღვრა შეხვდა. გოლი მალევე გავიდა - მე-9 წუთზე ფაბიო კოენტრაომ დიდებული პასით მოძებნა იგუაინი, რომელსაც არ გასჭირვებია ბრავოს გამწარება. სამაგიეროდ, მე-40 წუთზე ჩილელმა მეკარემ სასწაულებრივ მოიგერია კიდვ ერთი არგენტინელის, ანხელ დი მარიას დარტყმული.

და, რა შეიცვალა მეორე ტაიმში? ერთი რომ "რეალი" დაიღალა, მეორეც ბასკთა მწვრთნელმა ფილიპ მონტანიემ შემტევები, ანტუან გრიზმანი და იმანოლ აგირეჩე (მოგვიანებით) შემოუშვა. გრიზმანის დარტყმული კასილიასმა ძლივს მოიგერია.

"მოგება განსაკუთრებულად იმიტომ აღვნიშნე, რომ საამისოდ ბევრი ვიშრომეთ. მეტოქემ საოცარი ატმოსფერო შექმნა სტადიონზე და ძალზე გაგვიჭირდა მიზნის მიღწევა. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ თავიდან ბოლომდე სიტუაციას ჩვენ ვაკონტროლებდით. კარგად გვესმოდა, რომ "რეალ სოსიედადს" ბოლოსკენ გაძლიერება შეეძლო და ბოლო წუთები რთული იქნებოდა ჩვენთვის. ბოლო ხუთი თამაშია ზედიზედ, ყოველ სამ დღეში ერთხელ გავდივართ მოედანზე, ამან კი ფეხბურთელთა გამძლეობაზე იმოქმედა. გონსალო იგუაინი შარშანაც კარგად თამაშობდა, წლეულს კი უბრალოდ ფანტასტიკურია. გუნდში ორი ბრწყინვალე ცენტრფორვარდი მყავს, ორივე შესანიშნავ ფორმაში - ამას რა სჯობს. ახლა ბიჭების განწყობა კი ასეთია: ისინი დაღლილები, მაგრამ ბედნიერები არიან", - როცა ამ სიტყვებს ამბობდა, მოურინიომ არ იცოდა ჯერ, რომ სან სებასტიანში გამარჯვების წყალობით მისი გუნდი 10 ტურის შემდეგ სათავეში მოექცეოდა ლა ლიგას.

გონსალო იგუაინი: "მნიშვნელოვანია, რომ კარგად ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ. ახლა ჩვენ ლიდერები ვართ, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ვიცოდით, რომ ყველა თამაშს იოლად ვერ მოვიგებდით და ველოდით "სოსიედადის" წინააღმდეგობას. რაც შეგვეხება მე და ქარიმს, ორივე ვცდილობთ გუნდს გამოვადგეთ".

ჩაბი ალონსო: "რომ გაგვეტანა მეორე ბურთიც, უფრო მშვიდად მივიყვანდით მატჩს გამარჯვებამდე. ძალიან მოხარული ვარ იმ თამაშის გამო, რასაც კლუბი ბოლო ხანებია აჩვენებს".

ალვარო არბელოა: "რთულ სიტუაციაში თამაში უნდა შეგეძლოს, აქ სულ სხვა გარემოა, თამაში ყველა სტუმარს უჭირს. თან მეტოქე 5 მცველით გვეთამაშა. მაგრამ მთავარი გამარჯვებაა და ჩვენ ეს სამი ქულა დავიმსახურეთ".

სერხიო რამოსი: "ასეთი მატჩების ფასს სეზონის ბოლოს უფრო კარგად გავიგებთ. ჩემი აზრით, მსაჯს გრიზმანი ჩემთან უხეშობისთვის უნდა გაეგდო, კიდევ კარგი დროულად მოვაშორე ფეხი, თორემ მძიმე ტრავმას ვერ გადავურჩებოდი. რომელ პოზიციაზე ვითამაშებ, მწვრთნელის საქმეა - აქამდე მარჯვენა ფრთაზე ვირჯებოდი, ახლა - დაცვის ცენტრში, ორივეგან მომწონს თამაში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული