ეს "რეალი" უკვე საჩემპიონოს ჰგავს

AutoSharing Option
"სამეფო კლუბი" 2008 წლის შემდეგ პირველად უსწრებს მის ყველაზე მთავარ კონკურენტს ჩემპიონატში 3 ქულით. შეგახსენებთ, რომ მაშინ "რეალი" ჩემპიონი გახდა, ჯერჯერობით უკანასკნელად. ჯერ შეიძლება ძალიან ადრეა, მაგრამ სეზონის დასაწყისში "რეალი" მართლაც საჩემპიონო ფეხბურთს აჩვენებს. კვირას, შუადღით ჟოზე მოურინიოს გუნდმა ერთი წამითაც არ ანერვიულა გულშემატკივარი და ზედიზედ მე-10 (ლა ლიგაში მე-7) გამარჯვება იზეიმა, თანაც როგორი - "ოსასუნას" 7:1 მოუგო.

იმის ნიშნები, რომ "რეალი" შეძლებდა "ბარსასთვის" ნამდვილი ბრძოლის გამართვას, ჯერ კიდევ წინასასეზონო მატჩებში გამოჩნდა.

"ბლანკოსის" ფანებს იმედი კიდევ უფრო გაუღვივდა სუპერთასის მატჩების
შემდეგ, რომელიც "რეალმა" კატალონიურ გრანდთან საბოლოოდ 4:5 დათმო. სულ მალე ეს ორი სუპერგუნდი კვლავ შეხვდება ერთმანეთს, ამჯერად ლა ლიგის მატჩში.

თუმცა, მთავარია, მიაღწევს თუ არა ჟოზეს გუნდი სუპერკლასიკომდე 3-ქულიანი უპირატესობით. მიმომხილველები ამტკიცებენ, რომ ეს მას ძალიან, ძალიან გაუჭირდება. მიზეზი? ერთობ დაძაბული კალენდარია: "რეალი" ჯერ შესანიშნავ ფორმაში მყოფ "ვალენსიას" სტუმრობს (19 ნოემბერს), შემდეგ კი, არც მეტი არც ნაკლები, მადრიდული დერბია "სანტიაგუ ბერნაბეუს" "ატლეტიკო" ეწვევა (26 ნოემნერი).

ამის შემდეგ "რეალს" ელის არცთუ იოლი გასეირნება ასტურიაში "სპორტინგთან" (3 დეკემბერი), 10-ში კი "ბერნაბეუზე" წლის მატჩია.

ლიდერთან შედარებით იოლი გრაფიკი აქვს სუპერკლასიკომდე ჩემპიონს. "ბარსა" შინ "სარაგოსას" მიიღებს (19 ნოემბერი), ესტუმრება "ხეტაფეს" (26 ნოემბერი) და "კამპ ნოუზე" "ლევანტეს" გამოცდის, რომელსაც ნელნელა ელევა ენერგია.

გასულ სეზონში "რეალი" წინ იყო, როცა პირველ კლასიკოზე შეხვდა "ბარსელონას", მაგრამ 0:5 განადგურდა და მას შემდეგ ფეხზე ვერ დადგა. მაგრამ ახლა სულ სხვა სიტუაციაა: ჯერ ერთი, კლასიკო მადრიდშია და ეს ბევრს ნიშნავს, მეორეც ახლანდელი "რეალი" გაცილებით ძლიერი გუნდია, გაცილებით ნაკლებად არის დამოკიდებული კრიშტიანო რონალდოზე, მაშინ, როცა "ბარსა" სულ უფრო და უფრო ლეო მესის გუნდი ხდება.

ოსასუნასთან მატჩი დიდ ხანს ემახსოვრება "რეალის" თურქ ლეგიონერ ნური შაჰინს. შარშანდელი ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელს, როგორც იქნა, ეღირსა დებიუტი "სამეფო კლუბში". მეორე ტაიმში მან გერმანელი სამი ხედირა შეცვალა: "ეს იყო დიდი დღე ჩემთვის. მინდა ყველას "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადლობა გადავუხადო. ახლა, რაც შეიძლება ბევრი უნდა ვიშრომო, რომ გუნდისთვის სასარგებლო ფეხბურთელი გავხდე. ძალიან ძნელი იყო ჩემთვის ეს დღეებია. არავის ვუსურვებ მსგავსი გამოსცადოს. თავიდან ძალიან ვინერვიულე, მე ხომ პირველად ვთამაშობდი "რეალის" გულშემატკივრების წინაშე".

მაგრამ ყველაფერი კარგად არც "რეალშია" - "ოსასუნასთან" მატჩში ტრავმა მიიღო სამი საგოლე პასის ავტორმა ანხელ დი მარიამ.

გუშინდელმა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ არგენტინელმა მარცხენა მუხლის მყესი დაიზიანა. დი მარია ნოემბერში ვეღარ ითამაშებს, მის დაბრუნებას "ელ კლასიკოსთვის" ვარაუდობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული