ჰიმნი ფეხბურთს

AutoSharing Option
"ბარსელონამ" "სან მამესზე" საოცარი მატჩი გამართა ბილბაოს "ატლეტიკთან". ჩემპიონმა მსაჯის მიერ დამატებულ დროში შეძლო შეხვედრის გადარჩენა. სულ ცოტაც და, "ბარსა" ლა ლიგაში სეზონის პირველ მარცხს იწვნევდა, ბასკები 2:1-ს იგებდნენ, მიმდინარეობდა მატჩის 91-ე წუთი, მაგრამ აქ "ბილბაოს" მცველებმა ვერ ივარგეს, გორკა ირაისოსს ბურთის ხეირიანად მოგერიება არ აცალეს, ის ლეო მესის საკბილო გახდა და არგენტინელმაც სეზონში მე-14 გოლით ქულა იხსნა.

აი, რას ამბობს ამ თამაშზე ჩავი: "ბილბაომ" დიდებულად ითამაშა. საფეხბურთო თვალსასზრისით, ეს იყო სეზონის საუკეთესო მატჩი.

ორივე გუნდი მხოლოდ მოგებისთვის იბრძოდა, პირადად
ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე თამაშისგან და ვნანობ, რომ ჩვენ ვერ მოვიგეთ.

გუნდში ყველაფერი კარგადაა და თუ ასე გავაგრძელებთ, მოგებები აუცილებლად იქნება. ამბობენ, რომ წაგებისგან გადავრჩით, მაგრამ, თუკი ვინმე ამ მატჩში მოგებას იმსახურებდა, ეს "ბარსელონაა".

ხოსეპ გვარდიოლა: "რა უნდა ვთქვა მატჩზე? ეს იყო ბრწყინვალე სპექტაკლი 22 ფეხბურთელის შესრულებით, ბრავო. ყველამ დიდი სიამოვნება მიიღო მატჩისგან, ეს იყო ფეხბურთისადმი მიძღვნილი შესანიშნავი ოდა".

მართლაც დიდებული მატჩი იყო, თუმცა სტატისტიკის მიხედვით, "ბარსას" უპირატესობა აშკარაა. უბრალოდ, ბილბაოელებმა უფრო ეფექტურად გამოიყენეს საგოლე მომენტები, კარში ზუსტად სულ ხუთჯერ დაარტყეს, თუმცა ორჯერ გაიტანეს.

აი, რამდენიმე სტატისტიკური დეტალი ამ მატჩიდან:

ლეო მესიმ პირველად გაიტანა "სან მამესზე" და პირველად ამ სეზონში გასვლით მატჩში.

ანდრეს ინიესტამ ლა ლიგაში 250-ე მატჩი ითამაშა.

პეპ გვარდიოლა კვლავ დაუმარცხებელი დარჩა "ბილბაოსთან" დაპირისპირებებში (როგორც მწვრთნელი).

"ბარსა" 12-ჯერ დაჯარიმდა, მაშინ როცა მასპინძლები ორჯერ მეტჯერ - 25-ჯერ.

ბასკებმა კარში ზუსტად 5-ჯერ დაარტყეს, კატალონიელებმა სამჯერ მეტჯერ - 15-ჯერ.

ხავიერ მასკერანომ 11-ჯერ მოუპოვა "ბარსას" ბურთი (საუკეთესო შედეგი მატჩში).

"ბარსამ" 502 ზუსტი პასი გააკეთა, "ბილბაომ" - 250.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული