დელ ბოსკე: გვაჯობეს

AutoSharing Option
კოსტა რიკა-ესპანეთი 2:2
ესპანეთი: კასილიასი (46. ვალდესი) - არბელოა, პუიოლი, სერხიო რამოსი, მონრეალი (70. ტორესი) - ჩავი (46. ხესუს ნავასი), ჩაბი ალონსო (46.ბუსკეტსი), ინიესტა - ფაბრეგასი (65. სილვა), ვილია, მატა (46. კასორლა).
გოლები: 1:0 ბრენესი (31), 2:0 კემპბელი (42), 2:1 სილვა (83), 2:2 ვილია (93)

"გვაჯობეს თქმა არ უნდა - კოსტა რიკა ჩვენზე უკეთ თამაშობდა. მეტოქე ძალიან კარგად იცავდა თავს და ბრწყინვალედ იყენებდა შანსებს. დღეს ფეხბურთში მეტოქის შეუფასებლობა დამღუპველია. არასოდეს არ უნდა იფიქრო, რომ იოლად მოიგებ", - განაცხადა ესპანეთის ნაკრების მთავარმა
მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ მას მერე, რაც "როხა" სან ხოსეში სასწაულებრივ დაუძვრა სამარცხვინო მარცხს.

კი ბატონო, კარგია, როცა მწვრთნელი აღიარებს, რომ გუნდში ყველაფერი რიგზე არ არის, მაგრამ ხომ დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ გაჯობებს? - სამშაბათს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი არმადის მეტოქე ხომ მსოფლიოს 62-ე გუნდი რეიტინგით, კოსტა რიკა იყო.

როცა მოედანზე "მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავი დავიდ სილვა შევიდა კოსტა რიკა ჯოელ კემპბელისა და რენდელ ბრენესის გოლების წყალობით 2:0-ს იგებდა. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ დღეისათვის 25 წლის, დედით იაპონელი გარემარბი "ფურია როხას" უპირობო სტარტერია - მის გარეშე დელ ბოსკეს გუნდი ფრთებშეკვეცილია. რომ არა სილვას გამოსვლა, ესპანეთი ვეღარ შემოაბრუნებდა მატჩის ჩარხს.

ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანი იყო 30 წლის იკერ კასილიასის კარიერაში, ის ეროვნულ გუნდში 127-ე მატჩს ატარებდა. ამით გოლკიპერი ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი სანაკრებო კეპის მომპოვებელი გახდა. მან მხოლოდ ტაიმი ითამაშა და... ცხოვრებაში რომ არ დაუშვია ისეთი სულელური შეცდომა მოუვიდა. 31-ე წუთზე იკერი თითქოს დროულად გამოვიდა და ბურთი ფეხით კარლეს პუიოლს გადააწოდა, მაგრამ პასი ძალიან ცუდი იყო, იქვე მყოფ რენდელს არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ ცარიელი კარი დაელაშქრა.

ამის შემდეგ სესკ ფაბრეგასი ორჯერ გავიდა პირისპირ "ლევანტეში" მოთამაშე კეილორ ნავასთან და ორჯერვე კოსტარიკელმა იყოჩაღა. 42-ე წუთზე "არსენალის" ფორვარდმა ჯოელ კემპბელმა ცაციათი შორეულ კუთხეში გაიტანა. ამ გოლის შემთხვევაშიც იკერს უკეთ გარჯა მართებდა.

მეორე ტაიმს, სილვას გამოცვლამდე, ელ გუახე ვს კოსტა რიკას ვუწოდებთ (თუმცა იყო ერთი დიდებული ეპიზოდი ანდრეს ინიესტას შესრულებით, როცა მან მცველები გააბითურა საჯარიმოში, მაგრამ ააცილა). დავიდ ვილია რამდენჯერმე ძალიან ახლოს იყო მიზანთან (ერთხელ გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაუთვალეს), მაგრამ ხან მეკარე ნავასი ყოჩაღობდა და ხან "ელ გუახე" აცილებდა მცირედით.

83-ე წუთზე სილვამ მარცხენა ფრთაზე ინიესტა გაიყვანა, ამ უკანასკნელმა საჯარიმოში დაუგორა ბურთი "სიტის" ვარსკვლავს, რომელმაც ერთი გოლი გაქვითა. ესპანეთი 93-ე წუთზე გადარჩა - სილვას ჩაწოდებულ საჯარიმოს ვილია ნახტომში თავით შეწვდა და ნაკრებში 51-ე გოლი ჩაიწერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული