ლა ლიგა. კლუბების წარდგენა: ერკულესი

AutoSharing Option

იჰერკულესებს ერკულესი?

ფოტო: ახალწვეული ბელგიიდან, მომო სარის პრეზენტაცია


ერკულეს კლუბ დე ფუტბოლ
მხარე:
ვალენსია
დაარსდა: 1922 წ.
მწვრთნელი: ესტებან ვიგო (55 წლ)
სტადიონი: ხოსე რიკო პერესი (30 000)
გასულ სეზონში: მე-2 (სეგუნდა)
ტიტულები: -
საიტი: http://www.herculescf.es/



ტრანსფერები

მივიდნენ: ოლივიე ტომერი (ლე მანი), აბელ აგილარი (უდინეზე), მათიას ფრიტცლერი (ლანუსი), დავიდ კორტესი (ხეტაფე), კრისტიან პულჰაკი (დინამო ბუქარესტი), ნელსონ ვალდესი (დორტმუნდი), მომო სარი (სტანდარდი).
წავიდნენ: ედუ მოია (ხერესი), ხორხე ალონსო (ვალიადოლიდი), ნორიეგა ხერარდო (ხიმნასტიკი), სერხიო როდრი (ხიმნასტიკი), ანდრია დელიბაშიჩი (რაიო ვალეკანო), იონელ დანჩიულესკუ, დანი ბაუტიშტა

(კონტრაქტი დაუსრულდათ), ხოსება დელ ოლმო, მანუელ რუსი (ტრანსფერზე დააყენეს).

საფეხბურთო კლუბი დიდებული სახელით "ერკულესი" ესპანეთის პრიმერა დივიზიონს უბრუნდება, აქამდე ამ გუნდს 20 სეზონი გაუტარებია უმაღლეს დივიზიონში. "ერკულესის" და "ლევანტეს" დამატებით ვალენსიის ავტონომიური რეგიონის წარმომადგენელთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. "ერკულესი" ძველი საპორტო ქალაქის, ალიკანტეს გუნდია, რომელიც სანტა ბარბარას მთის ძირში მდებარეობს. გუნდს მარტივი, მაგრამ რთულად შესასრულებელი ამოცანა აქვს განსახორციელებელი - თავი დაიმკვიდროს პრიმერაში.

შარშან "ერკულესმა" სასწაულებრივ მოიპოვა უმაღლესის საგზური - ბოლოსწინა ტურში გუნდმა "რაიო ვალეკანოსთან" ტაიმი 0:1 წააგო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ "ერკულესი" საგზურისთვის ბრძოლას ეთიშებოდა. ესტებან ვიგოს ბიჭებმა ის თამაში მოიგეს (2:1) და "ბეტისს" ბოლო ტურში გამარჯვებაც არ ეყო, რადგან ურთიერთშეხვედრებში ცუდი შედეგი ჰქონდა.

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში გუნდმა ორი კარგი შენაძენი გააკეთა - "უდინეზედან" აბელ აგილარი დაიმატა, ხოლო "ლანუსიდან" მათიას ფრიტცლერი, მაგრამ ეს საკმარისი არ უნდა იყოს "გადარჩენაზე" უფრო დიდი მიზნებისთვის საბრძოლველად. "ერკულესმა" ნელსონ ვალდესიც დაიმატა, მაგრამ ვალდესი ძველებურად ვეღარ თამაშობს. ამიტომ სპეციალისტები სკეპტიკურად უყურებენ ალიკანტეელთა შანსებს და მათ უკან, სეგუნდაში ჩაშვებას უწინასწარმეტყველებენ.

სხვათა შორის, "ერკულესის" რამდენიმე ფეხბურთელის სახელი არა მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრისათვისაა ცნობილი: ხავიერ პორტილიო, ფარინოსი, ნოე პამარო, კრისტიან გონსალესი, ფრანსისკო რუფეტე... "ერკულესში" ირიცხებიან. ამიტომაც, მაინცდამაინც არ ვეთანხმებით ესპანელ სპეციალისტებს, ვფიქრობთ, გუნდი შეძლებს ესპანური მზის ქვეშ ადგილის დამკვიდრებას...

დაბოლოს, ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე შეძლებს თუ არა კლუბი თურქეთიდან ევროპის ჩემპიონ დანიელ გუისას გადმოყვანას.

ერკლულესი 2009/10: კალატაიუდი (42 თამაში), მოლინა (17თ); სენდოა აგირე (39თ, 3გ), ხუანრა (38თ), ტიაგო გომეში (37თ, 6გ), როდრი (36თ, 4გ), კიკო (36თ, 3გ), ფარინოსი (35თ, 6გ), ტოტე (35თ, 4გ), დელიბაშიჩი (34თ, 9გ), პას კრუსი (31თ, 2გ), რუფეტე (32თ), პენია (29თ), დანჩიულესკუ (25თ, 10გ), კრისტიანი (24თ, 3გ), ალონსო (20თ), დელ ოლმო (20თ), პორტილიო (16თ, 5გ), ბაუტიშტა (14თ), დიასი (12თ), ხერარდო (10თ), პამარო (8თ), ედუ (1თ), რუსი (1თ).       

ერკულესი 2010/11 (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა): კალატაიუდი - კორტესი, პასი, ხუანრა, პენია - რუფეტე, გომეში, ფარინოსი, კრისტიანი - პორტილიო, ტოტე (ან ვალდესი).

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული