მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ ცივა მთელს ევროპაში, ამაღამ "მესტალიაზე" ჩამოცხება - "ვალენსიას" ხომ ლა ლიგის ლიდერი "რეალი" სტუმრობს. მასპინძელთა ფეხბურთელებმა "ღამურების" გულშემატკივრებს მოუწოდეს, რომ სტადიონზე "სენიერას" მაისურებში გამოწყობილები გამოცხადნენ. ჩვენში ბევრმა არ იცის, რა არის სენიერა, დანარჩენები კი გიპასუხებენ: წითელ-ყვითელ ზოლებში გადაწყვეტილი კატალონიის დროშააო.
ფეხბურთს ცოტა კი მოვცილდებით, მაგრამ საკითხს ოდნავ ჩავუღრმავდეთ, რომ მავან ფეხბურთის გულშემატკივარს არ ეგონოს, ვალენსიაში "რეალის" საწინააღმდეგოდ და "ბარსელონას" მხარდასაჭერად უხმეს სენიერას. სენიერას სათავეები არაგონის სამეფომდე მიდის. დღეისათვის, ესპანეთს 4 ავტონომიურ მხარეს
"ვალენსია" 24 ქულით მესამეა, ხოლო ლიდერი "რეალი" "ლოს ჩეს" 4 ქულით უსწრებს. წარმატების შემთხვევაში, უნაი ემერის გუნდი ქულამდე შეამცირებს ჩამორჩენას და, არც მეტი არც ნაკლები, საჩემპიონო ბატალიაში ჩაებმება! ტურის ცენტრალურ მატჩამდე მეტოქეები სანაკრებო პაუზით მივიდნენ, ორივე გუნდის ფეხბურთელთა დიდი ნაწილი თავ-თავიანთ ეროვნულ გუნდებში გაისარჯნენ.
განსაკუთრებული ჯაფა "რეალის" პორტუგალიელებს დაადგათ, რომელთაც ევროპის ჩემპიონატის საგზური ბოსნიასთან ორმატჩიან ბრძოლაში მოიპოვეს. და აი, მთავარი მსხვერპლიც და თავისტკივილიც ჟოზე მოურინიოსთვის - კრიშტიანო რონალდომ მარცხენა ფეხის კუნთი დაიზიანა ბოსნიასთან 6:2 მოგებულ შეხვედრაში და მას მერე ვერ ვარჯიშობდა. თუმცა თავად პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა "ნაიკის" ახალი ბუცების პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ყველაფერი რიგზეა და "მესტალიაზე" სწორედ ახალ ბუცებს მოირგებს:
"ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ "ბარსას" წინ დავრჩეთ. ამ სეზონში "რეალი" ერთდროულად სამი ტიტულისთვის იბრძოლებს".
დღევანდელი მატჩი კიდევ ერთი რამით არის მნიშვნელოვანი მოურინიოსთვის, ის "რეალის" ისტორიაში მე-18 თავკაცი გახდება, ვინც 50 და მეტ მატჩში უხელმძღვანელა "სამეფო კლუბს". ბუნებრივია, ჩემპიონატის მატჩებს ვგულისხმობთ. "განსაკუთრებულს" დებიუტი "ონო ესტადიზე" 2010 წლის 29 აგვისტოს ჰქონდა, "ღამურებთან" დაპირისპირება კი საიუბილეო, 50-ეა. "რეალის" ლეგენდებამდე ჟოზეს ჯერ ძალიან ბევრი უკლია - მიგელ მუნიოსმა გუნდი 424-ჯერ გამოიყვანა პრიმერა დივიზიონში. ამ სეზონს, ალბათ, ვერასოდეს გააუმჯობესებენ. ცნობისათვის, ვისენტე დელ ბოსკე მეორეა - 153 მატჩი, ხოლო ლეო ბეენჰაკერი (139) - მესამე. ჟოზე სულ 5-ჯერ დამარცხდა ლა ლიგაში.
ამის მიუხედავად, მედიას "იუბილარის" ნაცვლად მისი ასისტენტი აიტორ კარანკა წარუდგა: "შარშანდელივით იოლ გასეირნებას ნუ ელით. წლეულს, გაცილებით დაძაბული მატჩი გველის. ნური შაჰინმა და კრიშტიანო რონალდომ დღეს ივარჯიშეს და ითამაშებენ თუ არა "მესტალიაზე", მწვრთნელი გადაწყვეტს".
მოურინიოს არ ეყოლება ანხელ დი მარია, რომელსაც კიდევ თითქმის თვე დარჩა მორჩენამდე. მცირე ტრავმა აქვს ალვარო არბელოას, ჯერ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა რიკარდო კარვალიო, ნაკლები შანსი აქვს თამაშის ფაბიო კოენტრაოსაც. სამაგიეროდ, ბრუნდებიან კაკა და მარსელო. ასე რომ, დიდი შანსია შუახაზში ისევ ვიხილოთ კაკა-იოზილის დუეტი.
საკადრო პრობლემები უნაი ემერისაც ბლომად აქვს: ვერ ითამაშებენ დიდი ხნით გამოკლებული სერხიო კანალესი, ევერ ბანეგა და ჰედვიგეს მადურო. ჟონასმა ბრაზილიის ნაკრების ამხანაგურ მატჩში დუბლი კი შეასრულა, მაგრამ, არა გვგონია, ემერიმ ლეგიონერი რობერტო სოლდადოს წინ დააყენოს. სხვათა შორის, სოლდადო იქადნება, რომ შარშანდელისთვის "რეალს" მწარე შურისძიება ელის. შეგახსენებთ, რომ აპრილში "ღამურებმა" "სამეფო კლუბთან" 3:6 წააგეს.
ერთი ცხადია, ახლაც უხვგოლიანობას უნდა ველოდოთ - ბოლო 4 მატჩში "მესტალიაზე" გუნდებმა ერთმანეთს 23 გოლი გაუტანეს. ვალენსიელები განსაკუთრებით გონსალო იგუაინს უნდა უფრთხოდნენ, რომელმაც "ვალენსიას" კარში უკვე 7 გოლი გაიტანა, თუმცა იგუაინმა შორი გზა გამოიარა და მას სასტარტოში ალბათ ვერ ვიხილავთ. ესეც კიდევ ერთი კარგი დუელი - ქარიმ ბენზემა ახლო მეგობრის, ადილ რამის წინააღმდეგ.
სავარაუდო შემადგენლობები
ვალენსია: გუაიტა - მიგელი, რუისი, რამი, ალბა - მ. თოპალი, ტ. კოსტა - პ. ერნანდესი, პიატი, მატიო - სოლდადო.
რეალი: კასილიასი - არბელოა, ს. რამოსი, პეპე, მარსელო - ჩაბი ალონსო, შაჰინი - იოზილი, კაკა, რონალდო - ბენზემა.
მესის მისტერია რიკელმემ ამოხსნა
ბუნებრივია, დაუსრულებლად მესტალიურ მატჩზე ვერ ვილაპარაკებთ, რაც უნდა მნიშვნელოვანი იყოს ის. ორი საათით ადრე "კამპ ნოუზე" ჩემპიონი არაგონულ "სარაგოსას" მიიღებს. გუნდს, რომელიც ვერაფრით აეწყო, ფინანსური პრობლემები აწუხებს და ძალიან ბევრ გოლს უშვებს. "სარაგოსა" 10 ქულით მე-16 ადგილზეა და უკანასკნელ საფეხურს სულ 2 ქულა აშორებს.
სანამ უშუალოდ მატჩზე გადავალთ, ერთ საინტერესო ფრაზას მოგაწვდით, რომლის ავტორი ყოფილი ბარსელონელი ხუან რამონ რიკელმეა. "ბოკას" ლიდერმა, ვფიქრობთ, წერტილი დაუსვა შეუსაბამობას, თუ რატომ ვერ თამაშობს ისე კარგად ეროვნულ გუნდში ლეო მესი, როგორც ამას "ბარსაში" ახერხებს: "ყველაფერი მარტივადაა - ესპანელებს მესი არ ჰყავთ, ხოლო არგენტინა "ბარსელონასავით" ვერ თამაშობს. ვინც ესპანელთა თამაშს უყურებს, დამეთანხმება, ერთადერთი, რაც ამ გუნდს აკლია - მესია, ხოლო ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს და ის შესაბამისად უნდა გამოვიყენოთ, თორემ ვერაფერსაც ვერ მივაღწევთ".
ხავიერ აგირეს მესამედ გაჰყავს გუნდი "კამპ ნოუზე" ხოსეპ გვარდიოლას წინააღმდეგ. წინა ორი ცდა (პირველი "ატლეტიკოს" თავკაცის რანგში) წარუმატებელი იყო. ნაკრებებში დარიგებული ფეხბურთელები ისე გვიან შეიკრიბნენ, რომ პეპმა სრული გუნდი მხოლოდ გუშინ ავარჯიშა. არ იყვნენ მხოლოდ იბრაჰიმ აფელაი და ადრიანო კორეია. მესიმ, ხავიერ მასკერანომ და ალექსის სანჩესმა ნორმალურად ივარჯიშეს, მათ პირველად შეუერთდა პედროც. და აი, ბოლო, შოკისმომგვრელი ცნობაც - ლეო ძალიან გადაღლილია და გვარდიოლას ჯერ არ გადაუწყვეტია, ათამაშებს, თუ არა მას.
აგირეს სამხრეთ ამერიკიდან ტრავმირებული ჩამოუვიდა მცველი პაულო და სილვა, მან ფეხი მოიტეხა და უახლოეს მომავალში თამაშს ვერ შეძლებს.
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა: ვალდესი - დ. ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ფაბრეგასი, მესი, ვილია.
სარაგოსა: რობერტო - ხუარესი, მეირა, ლანსარო, პარედესი - ბარერა, რუბენ მიკაელი, პონსიო, ხუან კარლოსი - ლუის გარსია - პოშტიგა.
ზოგს საქმე შავად ექნება
ტურში კიდევ არის ერთი ძალზე საინტერესო დაპირისპირება - ბილბაოს "ატლეტიკი" სევილიაში ჩადის, "სანჩეს პისხუანზე" სათამაშოდ. ბოლო 10 მატჩია, ბასკებს არ წაუგიათ, მაგრამ, თავის მხრივ, 18 წელიწადია ბილბაოელებს სტუმრად არ მოუგიათ "სევილიასთვის". მცველი მიკელ სან ხოსე არ მიიჩნევს, რომ წარსული სტატისტიკა რაიმე გავლენას იქონიებს ბასკთა თამაშზე და ისინი სევილიაში შებოჭილები იქნებიან.
"მეტოქეს ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ჩვენ დაუმარცხებელი სერიის შენარჩუნება გვსურს, მოგება კი ცოტა ძნელი იქნება".
ესპანეთის ნაკრებს ტრავმების გამო ორივე ბილბაოელი დააკლდა, თუმცა ხავი მარტინესი და ფერნანდო ლორენტე დაბრუნდნენ და მატჩისთვის მზად არიან. სტუმრებს დავცის ცენტრის გადაწყობა მოუწევთ - ფერნანდო ამორებიეტა დისკვალიფიცირებულია, ხოლო ბორხა ეკიზას თამაში საეჭვოა.
6 ტურია ალვარო ნეგრედო "სევილიას" სასტარტოში არ ყოფილა, ფორვარდს იმედი აქვს, რომ ტრავმას საბოლოოდ მოერია და "ბილბაოსთან" თამაშს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს. ვარჯიშებზე სევილიელებს სეზონის გმირი, მეკარე ხავი ვარასი აკლდათ, თუმცა თამაშს ისიც შეძლებს.
სავარაუდო შემადგენლობები
სევილია: ვარასი - კოკე, კასერესი, ესკუდე, ნავარო - ტროხოვსკი, ფასიო - ხ. ნავასი, დელ მორალი, რაკიტიჩი - ნეგრედო.
ბილბაო: ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ეკიზა, აურტენეჩე - ანდერი, ხ. მარტინესი - სუსაეტა, მუნიაინი, დე მარკოსი - ფ. ლორენტე.
* * *
"ლევანტე" "ვისენტე კალდერონს" სტუმრობს. გაგიკვირდებათ და, მე-4 ადგილზე მყოფი ვალენსიელები "ატლეტიკოს" ცხრილში 10 ქულით უსწრებენ! გრეგორიო მანსანომ თუ ვერ მოიგო, შეიძლება სკამს დაემშვიდობოს. არადა, მას მადრიდულ დერბიმდე (შეიძლება ვერც მაშინ) არ ეყოლება წამყვანი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო. მანსანოს გარდა ამ ტურში კიდევ რამდენიმე მწვრთნელს შეიძლება გაუჭირდეს პოსტის შენარჩუნება და მათ რიცხვში საქართველოს ნაკრების ექს-თავკაცი ექტორ კუპერიცაა.
P.S. გაირკვა "ელ კლასიკოს" ზუსტი თარიღი - "სანტიაგო ბერნაბეუ" სეზონის მთავარ მატჩს 10 დეკემბერს, საქართველოს დროით ღამის პირველ საათზე უმასპინძლებს...
ესპანეთი. ლა ლიგა. XII ტური
დღეს
ვილიარეალი-ბეტისი 21:00
ტრავმა: ნილმარი, კანი, როსი, კამუნიასი, საპატა - მომო, ნელსონი, ვადილიო, მარიო (?)
ბარსელონა-სარაგოსა 23:00
ტრავმა: ადრიანო, აფელაი, მასკერანო (?), პედრო - ბრაულიო, სილვა (?)
ვალენსია-რეალი 01:00
ტრავმა: კანალესი, ბანეგა, კოსტა, მადურო - რიკარდო კარვალიო, დი მარია, არბელოა (?), გრანერო (?), რონალდო (?)
ხვალ
რეალ სოსიედადი-ესპანიოლი 15:00
ტრავმა: დელა ბელა (?), მარიგა (?), ბერგარა - მატიონი, ლოპესი (?), ალბინი, მარკესი (?)
დისკვალიფიკაცია: მარტინესი - ფორლინი
სპორტინგი-ხეტაფე 19:00
ტრავმა: აიოსე (?), ბარალი (?), ლორა (?), ნაჩო კასესი (?) - ალბერტაცი (?), კასტრო (?), ბარადა (?), პედრო ლეონი, უსტარიცი
დისკვალიფიკაცია: ლოპო (ხეტაფე)
ოსასუნა-რაიო ვალეკანო 19:00
ტრავმა: ეჩაიდე, ბერტანი (?), სერხიო, მასუდი - ტამუდო (?)
დისკვალიფიკაცია: სატრუსტეგი (ოსასუნა)
სევილია-ბილბაო 21:00
ტრავმა: ეკიზა (?), გურპეგი, მარტინესი, კასტილიო, ოსიო (ბილბაო)
დისკვალიფიკაცია: მედელი - ამორებიეტა, იტურასპე
ატლეტიკო-ლევანტე 23:00
ტრავმა: ფალკაო, ხოელი, სილვიო (?), ლოპესი, კოშტა - დელ ორნო
გრანადა-მალიორკა 01:00
ტრავმა: ლუსენა (?), რიკო, მაინსი (?) - ნუნიეში, კასერესი (?), ლაკრუსი
დისკვალიფიკაცია: რამისი (მალიორკა)
ზეგ
რასინგი-მალაგა 00:00
ტრავმა: სამპერიო, აკოსტა, ბედია (?), კენედი - ბაპტიშტა, ველიგტონი, ვან ნისტელროი (?), აპონიო
დისკვალიფიკაცია: ნაუელპანი (რასინგი)
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 11 9 1 1 39-7 28
2. ბარსელონა 11 7 4 0 34-6 25
3. ვალენსია 11 7 3 1 17-9 24
4. ლევანტე 11 7 2 2 17-9 23
5. სევილია 11 4 6 1 11-8 18
6. მალაგა 11 5 2 4 12-14 17
7. ესპანიოლი 11 5 1 5 9-13 16
8. ვალეკანო 11 4 3 4 14-13 15
9. ბილბაო 11 3 5 3 17-14 14
10. ოსასუნა 11 3 5 3 14-24 14
11. ატლეტიკო 11 3 4 4 14-14 13
12. ბეტისი 11 4 1 6 10-15 13
13. ვილიარეალი 11 2 5 4 9-17 11
14. ხეტაფე 11 2 4 5 12-17 10
15. მალიორკა 11 2 4 5 8-16 10
16. სარაგოსა 11 2 4 5 12-22 10
17. სპორტინგი 11 2 3 6 10-16 9
18. რასინგი 11 1 6 4 7-15 9
19. გრანადა 11 2 3 6 4-12 9
20. სოსიედადი 11 2 2 7 9-18 8
ბომბარდირები
14 - ლიონელ მესი (ბარსელონა), 13 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 11 - გონსალო იგუაინი (რეალი); 7 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 6 - რობერტო სოლდადო (ვალენსია), ქარიმ ბენზემა (რეალი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"