პორტუგალიელი სპეციალისტი გაექანა და "რეალის" სათადარიგო ფეხბურთელ ხოსე კალეხონს ზურგზე მოექცა. საერთოდაც, ჟოზემ და მისმა რაზმმა შაბათს "მესტალიაზე" ერთობ გიჟურად გამოხატეს გამარჯვებით გამოწვეული ემოციები, შეიძლება ითქვას, შეურაცხმყოფელადაც.
ბუნებრივია, "განსაკუთრებული" არ მიიჩნევს, რომ მეტისმეტი ემოციებით ვინმე შეურაცხყო: "ვალენსიასთან" გამარჯვება განსაკუთრებულად იმიტომ ვიზეიმეთ, რომ "ლოს ჩე" ურთულესი მეტოქეა. ჩვეულებრივ, რიგით მატჩში, ბუნებრივია, ასე არ ვიქცევით.
შეგახსენებთ, რომ ტურის ცენტრალური მატჩი საიუბილეო იყო ჟოზე მოურინიოსთვის - ლა ლიგის შეხვედრებში ის 50-ედ წვრთნიდა "სამეფო კლუბს". ამ თამაშის 3:2 მოგებით, მოუმ თავისივე რეკორდი დაამხო - პორტუგალიელმა ზედიზედ 11 გამარჯვება კარიერაში პირველად მოიპოვა. ადრინდელი რეკორდი 2002/03 წლების სეზონს ეკუთვნოდა, როცა მაშინ "პორტუს" თავკაცმა მოურინიომ ზედიზედ 10 შეხვედრა მოიგო. შეგახსენებთ იმ 11 მატჩს, რომელიც "რეალმა" ბოლოს მოიგო - ლა ლიგაში: "ოსასუნა" (7:1), "რაიო ვალეკანო" (6:2), "ესპანიოლი" (4:0), "ბეტისი" (4:1), "მალაგა" (4:0), "ვილიარეალი" (3:0), "რეალ სოსიედადი" (1:0) და "ვალენსია" (3:2). ჩემპიონთა ლიგაში: "აიაქსი" (3:0) და "ლიონი" (4:0 და 2:0).
ჟოზე მოურინიომ კარგი ამბავი შეიტყო კლუბის მედიკოსებისგან - ლა ლიგის ახალი სეზონის მთავარი მეპასე (10 საგოლე პასი) ანხელ დი მარია მადრიდული დერბისთვის მწყობრში იქნება. ეს საკმაოდ მოულოდნელი სიახლეა, რადგან დი მარიას თავიდან 1-თვიანი მკურნალობა გამოუწერეს და მომავალი უიქენდისთვის ერთი თვე გასული არ იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"