რატომ ვერ თანხმდებიან ვალდანო და მოურინიუ?

AutoSharing Option
მადრიდის "რეალში" ერთობ უცნაური სიტუაცია შეიქმნა: მოურინიუ თავდამსხმელის შეძენას მოითხოვს, ვალდანო კი აცხადებს, სატრანსფერო ფანჯარა ჩვენთვის უკვე დაიხურაო. ჯერჯერობით უცნობია, ვინ გაიტანს თავისას – მთავარი მწვრთნელი, თუ დირექტორი?

ხორხე ვალდანომ "რეალის" სატრანსფერო აქტიურობის დასრულების შესახებ მესუთ იოზილის შეძენის შემდეგ განცხადება, მაგრამ მას შემდეგ დღე არ გავიდოდა ისე, ესპანურ პრესას "რეალთან" ესა თუ ის ფეხბურთელი რომ არ დაეკავშირებინა. ასეთი ვითარებაა ახლაც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჟოზე მოურინიუ უკვე პირდაპირ, ქარაგმების გარეშე აცხადებს, რომ მის გუნდს სულ ცოტა ერთი თავდამსხმელის დამატება სასწრაფოდ
ესაჭიროება.

"კლუბისთვისა და კერძოდ ფლორენტინო პერესისთვის მადლობის მეტი რა მეთქმის. ზაფხულში ექვსი ფეხბურთელი შევიძინეთ და შემიძლია დავადასტურო, რომ უმაღლესი დონის მოთამაშეების გუნდი ვართ. მაგრამ ფეხბურთში ფორტუნაც დიდ როლს თამაშობს. მაგალითად, თუკი თავდამსხმელებს რამე შეემთხვათ, პრობლემებს ვერ გადავურჩებით. დაცვაში ასეთ პრობლემებს გავუმკლავდებით, ცენტრალურ მცველად თამაში არბელოასაც კი ეხერხება. მაგრამ ღმერთმა დაიფაროს, იგუაინსა და ბენზემას რამე რომ მოუვიდეთ, დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით", - თქვა "სამეფო კლუბის" პორტუგალიელმა დამრიგებელმა.

ვერაფერს იტყვი, მოურინიუს არგუმენტი ქვას გახეთქავს, ისეთი მყარია. მაგრამ კლუბის არგენტინელი მმართველი ჯიუტად იმეორებს – ახალ ფეხბურთელს აღარ შევიძენთო.

"ვიმეორებ, მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე "რეალის" ფეხი აღარ იქნება და მესამე თავდამსხმელის შეძენას ჩვენგან ნუღარ ელით. მინახავს, როგორ თამაშობდა მესუთ იოზილი ბრემენის "ვერდერში". შემიძლია ვთქვა, რომ მას შეტევაში თამაში არ გაუჭირდება. კრიშტიანუ რონალდუს თვისებებზე კი ახალს ვერაფერს მათქმევინებთ", - ასე განმარტა სიტუაცია ხორხე ვალდანომ.

დრო გაგვარკვევს, ვინაა მართალი – ჟოზე თუ ხორხე, თუმცა ორი ნომინალური ფორვარდით მომქანცველ სეზონში ჩაბმას, ცოტა არ იყოს, ავანტიურული ელფერი წაჰკრავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული