ბრაზილიელს ბოლო სამი კვირა გაუცდა კუნთის გაწყვეტის გამო. "რეალის" ოფიციალური საიტის ცნობით, ჟოზე მოურინიომ ის ფეხბურთელები, რომელთაც ზაგრების "დინამოს" რბევაში მიიღეს მონაწილეობა, მსუბუქად დატვირთა. ჩემპიონატის ლიდერს შაბათს სერიოზული გამოცდა ელის - "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდული დერბი იქნება, "რეალს" "ატლეტიკო" სტუმრობს.
ტურის ცენტრალური მატჩისთვის სერიოზულად ემზადება "ატლეტიკო", რომელიც გრეგორიო მანსანოს თავკაცობით, ცხრილის შუაში ჩაიკარგა.
აი, რას ამბობს მომავალი მატჩის შესახებ 28 წლის ნახევარმცველი
მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ. ეს სწორედ ის შეხვედრაა, სადაც უნდა დავამტკიცოთ, რომ კარგი გუნდი ვართ, სერიოზული მიზნებისთვის მებრძოლი. ძალიან მინდა, თამაშის შემდეგ ჩვენი ფანების ტრიბუნასთან მივიდე და საზეიმოდ მქონდეს საქმე", - განაცხადა გაბიმ.
გაბიმ კოლუმბიელი ფორვარდის, რადამელ ფალკაოს შესახებაც ისაუბრა. მოგეხსენებათ, ფალკაო ტრავმირებულია, მაგრამ ექს-პორტუელი ამტკიცებს, რომ თუკი შანსი ექნება, აუცილებლად ითამაშებს: "ფალკაო ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა სჯობს მოიცადოს, ვიდრე გაუფრთხილებლობით კიდევ უფრო გაიუარესოს ტრავმა. ისე, დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილი მებრძოლია და აუცილებლად ითამაშებს, თუკი ამის შანსი ექნება", - თქვა გაბიმ პრესკონფერენციაზე.
ბაპტიშტას ხოაკინი მიემატა
მანუელ პელეგრინის "მალაგას" სამი კვირით გამოაკლდა 30 წლის გარემარბი ხოაკინ სანჩესი. ამის შესახებ ანდალუსიელთა ოფიციალური საიტი იუწყება. ხოაკინმა ორშაბათს "რასინგთან" 3:1 მოგებულ მატჩშიც ვერ მიიღო მონაწილეობა, ის არც ვარჯიშებზე ჩანდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ექს-ვალენსიელი "ვილიარეალთან" და "რეალ სოსიედადთან" მატჩებს გამოტოვებს. ხოაკინს აქვს შანსი "ოსასუნასთან" შეხვედრისთვის გამოჯანმრთელდეს, რომელიც 11 დეკემბერს გაიმართება.
მეხუთეადგილოსან "მალაგას" თან სდევს საკადრო პრობლემები, დიდი ხანია ვერ თამაშობს ბრაზილიელი ჟულიო ბაპტიშტა, ექიმების მტკიცებით, ბაპტიშტა, რომელიც შარშან ასე კარგად მოერგო ანდალუსიურ კლუბს და მისი შეტევების ლიდერადაც იქცა, კიდევ 4 კვირას იუქმებს.
ვილიარეალს ქვა აღმართში მოეწია
პრიმერა დივიზიონის არც ერთ კლუბს არა აქვს ამდენი საკადრო პრობლემა, რამდენიც ხუან კარლოს გარიდოს "ვილიარეალს". ვალენსიური კლუბის ლაზარეთი გადავსებულია, სადაც გუნდის ორივე დამრტყმელი ძალა, ბრაზილიელი ნილმარი და იტალიელი ჯუზეპე როსი კარგა ხნით იმყოფებიან.
და აი, კიდევ ერთი დანაკარგი - მარცხენა მცველი ხოსე მანუელ კატალა წლეულს ვეღარ ითამაშებს. ორშაბათის ვარჯიშზე კატალამ კუნთი ჩაიხია და ექიმებმა 6 კვირით დასვენება გამოუწერეს. ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, "ვილიარეალს" აკლია: კამუნიასი, ხერარდი, საპატა და კანი.
ბასკებმა ლიდერი დაკარგეს
ტრავმა მიიღო "რეალ სოსიედადის" ნახევარდაცვის ლიდერმა ჩაბი პრიეტომ. პრიეტოს მარჯვენა ფეხის კუნთი სერიოზულად დაუზიანებია. ბასკური კლუბის ვებ-საიტი ირწმუნება, რომ ფეხბურთელს მოსარჩენად ფიზიოთერაპიის კურსიც ეყოფა და ოპერაცია არ დასჭირდება, თუმცა არ ზუსტდება, როდის დაუბრუნდება მოედანს ჩაბი პრიეტო, ითამაშებს თუ არა ის უახლოეს მატჩში "ბეტისის" წინააღმდეგ. ორ დღეში მონტანიემ ორი შეგირდი დაკარგა ტრავმების გამო, მანამდე ილარამენდიმ მუხლი დაიზიანა და კლუბის ლაზარეთში გადაინაცვლა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"