12 წელი, 21 მატჩი... ისტორია "რეალისკენაა", რეალობა?

AutoSharing Option
დღეს ესპანური პრიმერა დივიზიონის მორიგი ტური სამი მადრიდული მატჩით იწყება. პირველ და მესამეზეც ვიტყვით, მაგრამ ოდნავ მოგვიანებით. მთავარი კი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გასამართი "ელ დერბი მადრილენიოა", სამეფოს სატახტო ქალაქის, ორი მთავარი კლუბის, "რეალისა" და "ატლეტიკოს" დაპირისპირებაა.

ცხრილს თუ ჩავხედავთ, ცხრილის შუაში გაჩხერილი "ატლეტიკო", რომელსაც "სამეფო კლუბის" ქულათა მონაგარის ნახევარი აქვს, "რეალის" რა კონკურენტია, მაგრამ აბა, ცხრილს ვინ უყურებს, როცა მადრიდული დერბია.

ლა ლიგაში მადრიდული დერბი 146-ჯერ ჩატარდა. 80-ჯერ "რეალმა" იმარჯვა, "ატლეტიკომ" - 35-ჯერ, 31 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება 262:197 "რეალის"
სასარგებლოდ.

როგორც ხედავთ, "სამეფო კლუბის" უპირატესობა დიდია. მეტიც, ბოლოს "ატლეტიკომ" "რეალს" 1999 წელს მოუგო "სანტიაგო ბერნაბეუზე" 3:1. ამის შემდეგ არც იქ და არც მშობლიურ "ვისენტე კალდერონზე" "ათლეტებს" არ გაუმარჯვიათ - მას მერე, რაც "როხი-ბლანკო" პრიმერას დაუბრუნდა, ორწლიანი არყოფნის შემდეგ (2002 წ), "რეალმა" 18 დაპირისპირებიდან 14 მოიგო და 4 ფრედ დაასრულა.

ლუის არაგონესი, ხუანიტო, ხოსე ლუის კამინერო... ის ცნობილი ფეხბურთელები არიან, რომელთაც ორივე გუნდში უთამაშიათ. დღეისათვის ასეთი სამია, სამივე "ატლეტიკოში": 26 წლის გარემარბები, ხუანფრან ტორესი (სულ 6 თამაში "რეალის" ძირითად გუნდში) და 28 წლის ხოსე ანტონიო რეიესი (30 თამაში, 6 გოლი), ასევე ბრაზილიელი მარცხენა მცველი ფილიპე ლუის კასმირსკი, რომელსაც 2005/06 წლების სეზონში ერთხელაც არ მოუწია "რეალის" პირველი გუნდის მაისურის მორგება.

მას შემდეგ, რაც "რეალმა" ორი ქულა დატოვა კანტაბრიაში (სექტემბერში ექტორ კუპერის "რასინგს" 0:0 დაუზავდა), ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა ზედიზედ 12 თამაში მოიგეს!

"ველი, რომ "ატლეტიკო" ყველაფერს გაიღებს წარმატებისთვის და მატჩი ძალზე დაძაბული იქნება - დერბი დერბია", - ეს სიტყვები ჟოზე მოურინიოს ეკუთვნის. პორტუგალიელმა ამჯერად თავად დააფასა მედია და პრესკონფერენციაზე გამოცხადდა (ზოგჯერ აიტორ კარანკას აგზავნის ხოლმე).

"ხალხს ჰგონია, რომ ეს დერბი იოლი გასეირნება იქნება ჩვენთვის. ისინი ცდებიან. სტატისტიკა და დღევანდელი სატურნირო მდგომარეობა ასეთ მატჩებში არაფერს წყვეტს. მოხარული ვიქნები, თუკი 1:0-ს მოვიგებთ".

ამის შემდეგ მოუმ ჩაბი ალონსოზე ილაპარაკა. რატომ მაინცდამაინც ჩაბი? ჯერ ერთი, ის 30 წლის შესრულდა, მეორეც - ნახევარმცველს ერთი გაფრთხილება აშორებს დისკვალიფიკაციამდე და ბევრის მტკიცებით, დღეს ის ამ გაფრთხილებას ძალით მიიღებს, რომ შემდეგი ტურის მატჩი გამოტოვოს და თავიდან აიცილოს "ბარსასთან" "კლასიკოს" გამოტოვების საფრთხე:

"ჩაბი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის. ამიტომაც ბევრს თამაშობს სხვებთან შედარებით. რა სისულელეა, ის ძალით ყვითელ ბარათს არ მიიღებს, რადგან შემდეგი ტურის მატჩიც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ბიოლოგიური ასაკი ბევრ არაფერს ნიშნავს, როცა ფეხბურთელს კვლავ მაღალ დონეზე შეუძლია თამაში. კიდევ ერთი 30 წლის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს მწვრთნელის ამპლუაში დავუპირისპირდებით", - განაცხადა პორტუგალიელმა.

"ყველა მწვრთნელი თავისი გუნდის თამაშს თავისი მოსაზრებების მიხედვით აწყობს. ასეა გრეგორიო მანსანოც. მე რომ ფილმზე წასვლა მინდოდეს, ბილეთს არ ვიყიდიდი, თუკი რეჟისორი იტყოდა, ჩემი ფილმი ცუდიაო. ჩვენ დერბისთვის მზად ვართ, ძნელ მატჩს ველით, თუმცა წარმატების იმედი გვაქვს, დანარჩენი კი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება. ამ ორ გუნდს შორის სხვაობა ისაა, რომ "ატლეტიკო" ჩემპიონობისთვის ვერ იბრძოლებს, მაგრამ მეტოქეს საკმაოდ ჰყავს კარგი ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ ერთ, კონკრეტულ შეხვედრაში ჩვენი გამწარება.

მე მყავს ორი საუკეთესო ფორვარდი, უკვე დავიტანჯე იმის გამოცნობით, რომელი უნდა დავაყენო, ბენზემა თუ იგუაინი. ფალკაო რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ, ჩემთვის რომ ეკითხათ გუნდში ვინ გსურსო, პასუხს დაუფიქრებლად გავცემდი: ბენზემა და იგუაინი".

ჟოზემ მატჩის წინა დღით 21-კაციანი სია დაასახელა, რომელთაგანაც 18 დერბის განაცხადში მოხვდება. საგულისხმოა, რომ სიაში მარსელო და ანხელ დი მარია მოხვდნენ, ხოლო რიკარდო კარვალიო, კაკა და ალვარო არბელოა ვერა.

სტუმართა ბანაკში მთავარი კითხვა რადამელ ფალკაოს შეეხებოდა - 47 მილიონ ევროდ ნაყიდი კოლუმბიელი ფორვარდი დერბისთვის გამოჯანმრთელებას ეშურებოდა, მაგრამ გუშინ გაირკვა, რომ 25 წლის ფეხბურთელი ვერ ითამაშებს: "ის ჯერ არ არის 100%-ით მზად. ფალკაოს მოედანზე გამოყვანა სარისკოა მისივე ჯანმრთელობისთვის და ამას მე არ გავაკეთებ", - განაცხადა "ათლეტთა" თავკაცმა გრეგორიო მანსანომ. სტუმრებს არ ეყოლებათ მცველები ანტონიო ლოპესი და სილვიო, ასევე ნახევარმცველი ტიაგო.

სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - დიარა, სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო - ჩაბი ალონსო, შაჰინი - დი მარია, იოზილი, რონალდო - ბენზემა.
ატლეტიკო (4-3-2-1): კურტუა - პერეა, მირანდა, დომინგესი, ფილიპე - სუარესი, გაბი, დიეგო - რეიესი, არდა თურანი - ადრიან ლოპესი.

* * *
ჩვენ შაბათის სამი მადრიდული შეხვედრა ვახსენეთ - გადავდივართ მესამეზე: "ალფონსო პერეს კოლისეუმზე" "ხეტაფე" ჩემპიონ "ბარსელონას" მასპინძლობს. სხვათა შორის, ოლიმპიური ჩემპიონი ალფონსო პერესი, ვისი სახელობისაცაა ეს სტადიონი, 10 წლის წინათ "ბარსას" ფეხბურთელი იყო. მართალია, "ბარსა" ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია ლა ლიგაში, მაგრამ კატალონიელები "რეალს" უკვე სამი ქულით ჩამორჩებიან.

ხოსეპ გვარდიოლას წინაშე ასეთი ამოცანაა: "კლასიკომდე" "რეალი" კიდევ მეტი ქულით არ გაუშვს წინ და, იქნებ, "ატლეტიკომაც" იყოჩაღოს...

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ადრიანო კორეია მწყობრშია და თამაში შეუძლია, ისევე როგორც, დანი ალვეშს. აი, ანდრეს ინიესტა აუცილებლად დააკლდება დღევანდელ მატჩს. მადრიდში 20 ფეხბურთელი გაემგზავრება, ისააკ კვენკას გარდა ყველა ძირითადი გუნდის წევრია. დანი ალვეშს ტრავმა არ ჰქონია, მან "მილანთან" მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა და "ხეტაფესთან" კვლავ დაუბრუნდება სასტარტოს.

საოცარი განცხადება გააკეთა "ბარსას" ვეტერანმა კაპიტანმა კარლეს პუიოლმა. მუნდიალის მწვერვალზე შებიჯების შემდეგ, მას თითქოს მობეზრებული ჰქონდა თამაში, ახლა კი აცხადებს კიდევ ცხრა წელიწადი (დიახ, ზუსტად 9 თქვა) უნდა ვითამაშო ფეხბურთიო. არადა, კარლესი 33 წლისაა და ტრავმებსაც ხშირად იღებს.

"ხეტაფეს", რომელიც 10 ქულით მე-15 ადგილზეა, მაგრამ ბოლოადგილოსანს მხოლოდ ქულით უსწრებს, კვლავ "რეალიდან" ნათხოვარი პედრო ლეონის გარეშე მოუწევს თამაში. ნახევარმცველის საქმეები რა კარგად მიდიოდა, სანამ ის "ხეტაფეს" ლიდერი იყო. ახლა კი... "რეალში" გადავიდა, იქ ფეხი ვერ მოიკიდა და მუხლის მძიმე ტრავმაც მიიღო. დისკვალიფიკაცია აქვს აბდელ ბარადას.

სავარაუდო შემადგენლობები
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - პ. რიოსი, რაფა, კატა დიასი, მანე - ლასენი, მიჩელი - ვალერა, სარაბია, კასტრო - მიკუ.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი - სანჩესი, მესი, ვილია.

* * *
შაბათის პირველ მადრიდულ შეხვედრაში დედაქალაქის მემარცხენეების საყვარელი გუნდი, "რაიო ვალეკანო" "ვალენსიას" მასპინძლობს. სხვათა შორის, "ელვებს" 16 ქულა აქვთ, რამდენიც "ატლეტიკოს", თუმცა თუ "როხი-ბლანკოსთვის" ეს ცუდი შედეგია, "რაიო ვალეკანოს" ხელმძღვანელობა მიღწეულით კმაყოფილია. "ლოს ჩე" 24 ქულით მესამეა და ნელ-ნელა წინ უშვებს გრანდებს და საჩემპიონო დოღში მონაწილეობის შანსსაც.

"რაიოს" დაცვას ბრწყინვალე ფორმაში მყოფი რობერტო სოლდადოს წინააღმდეგ მოუწევს თამაში. 26 წლის ფორვარდმა "რეალს" დუბლი შეუსრულა, ხოლო "გენკს" ჩემპიონთა ლიგაზე - ჰეთ თრიკი. ამბობენ, სოლდადო შეიძლება დაასვენონო და მის ნაცვლად სასტარტოში არიც ადურისი ვიხილოთ, თუმცა ჩვენ ნაკლებად ვვარაუდობთ მოვლენათა ასეთ განვითარებას.

"ღამურებს" კვლავ აკლიათ ჰედვიგეს მადურო, სერხიო კანალესი და ევერ ბანეგა.

ვალენსია (სავარაუდო): გუაიტა - მიგელი, დეალბერტი, რუისი, ალბა - თოპალი, ტ. კოსტა - პ. ერნანდესი, პარეხო, პიატი - სოლდადო (ან ადურისი).

* * *
კვირის მატჩებში "ბეტისი", რომელსაც შესანიშნავი სტარტის შემდეგ მწვავე კრიზისი უდგას, კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში მყოფ "რეალ სოსიედადს" მასპინძლობს, ვისაც არ ეყოლება ლიდერი ჩაბი პრიეტო; "ლევანტე" ლიდერთა ჯგუფში დარჩენას (ახლა მე-4 ადგილზეა) "სპორტინგის" დამარცხებით შეეცდება; "მალიორკა" ბოლოადგილოსან "რასინგს" მასპინძლობს; "ესპანიოლი" - "ოსასუნას"; შედარებით იოლი მეტოქე ეყოლება "ბილბაოს", წლეულს აღზევებული "გრანადა"; საინტერესო დაპირისპირებას ველით არაგონის დედაქალაქში, სადაც "სარაგოსა" "სევილიას" მიიღებს.

დაბოლოს, ორშაბათს მეხუთეადგილოსანი "მალაგა" ლაზარეთად ქცეულ "წყალქვეშა ნავ", "ვილიარეალს" დაუხვდება.

ესპანეთი. ლა ლიგა. XIII ტური
დღეს
რაიო ვალეკანო-ვალენსია 21:00
ტრავმა: პერეა - რ. კოშტა, მადურო, კანალესი, ბანეგა

რეალი-ატლეტიკო 23:00
ტრავმა: კაკა, არბელოა, რ. კარვალიო, დი მარია (?), მარსელო (?) - ტიაგო, ა. ლოპესი, კოშტა, სილვიო, ხოელი, ფალკაო

ხეტაფე-ბარსელონა 01:00
ტრავმა: პედრო ლეონი, გავილანი, უსტარი, მასილელა - აფელაი, ადრიანო (?), ინიესტა
დისკვალიფიკაცია: ბარადა, ტორესი (ხეტ)

ხვალ
ბეტისი-რეალ სოსიედადი 15:00
ტრავმა: ნელსონი, ვადილიო, სანტა კრუსი (?), მონტერო - ბერგარა (?), დელა ბელა (?), ილარამენდი, კადამურო, ჩ. პრიეტო

ლევანტე-სპორტინგი 19:00
ტრავმა: ხუანფრანი (?) - ბილიჩი (?), ეგურენი (?)

ესპანიოლი-ოსასუნა 21:00
ტრავმა: პანდიანი (?), გარსია (?), ლოპესი (?), მარკესი (?), ალბინი, მატიონი - ეჩაიდე, მასუდი, სერხიო, ბერტრანი

მალიორკა-რასინგი 21:00
ტრავმა: ჩიკო (?), ლაკრუსი - ბედია (?), სამპერიო, აკოსტა, კენედი
დისკვალიფიკაცია: ალვარო (რას)

ბილბაო-გრანადა 22:45
ტრავმა: ეკიზა (?), ოსიო, გურპეგი, ხ. მარტინესი, კასტილიო - ბენიტესი (?), მაინსი, რიკო, ლუსენა

სარაგოსა-სევილია 00:30
ტრავმა: ბრაულიო, ფრანკო, სილვა - კასერესი (?), ფასიო (?)

ზეგ
მალაგა-ვილიარეალი 00:00
ტრავმა: აპონიო (?), ველიგტონი, ხოაკინი, გამესი, ბაპტიშტა - კამუნიასი, კატალა, ბორდასი, საპატა, როსი, ნილმარი, კანი

შენიშვნა: ? ნიშნით - ფეხბურთელის თამაში საეჭვოა

თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 12 10 1 1 42-9 31
2. ბარსელონა 12 8 4 0 38-6 28
3. ვალენსია 12 7 3 2 19-12 24
4. ლევანტე 12 7 2 3 19-12 23
5. მალაგა 12 6 2 4 15-14 20
6. სევილია 12 4 6 2 12-10 18
7. ბილბაო 12 4 5 3 19-15 17
8. ესპანიოლი 12 5 2 5 9-13 17
9. ატლეტიკო 12 4 4 4 17-16 16
10. ვალეკანო 12 4 4 4 14-13 16
11. ოსასუნა 12 3 6 3 14-24 15
12. ვილიარეალი 12 3 5 4 10-17 14
13. ბეტისი 12 4 1 7 10-16 13
14. სპორტინგი 12 3 3 6 12-17 12
15. ხეტაფე 12 2 4 6 13-19 10
16. მალიორკა 11 2 4 5 8-16 10
17. სარაგოსა 12 2 4 6 12-26 10
18. გრანადა 11 2 3 6 4-12 9
19. სოსიედადი 12 2 3 7 9-18 9
20. რასინგი 12 1 6 5 8-18 9

ბომბარდირები
15 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 14 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 11 - გონსალო იგუაინი (რეალი); 8 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 7 - ქარიმ ბენზემა (რეალი), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული