ზეიმი და შიში

AutoSharing Option
"ბარსელონა" კვლავ დიდებულად თამაშობს "კამპ ნოუზე" - ლა ლიგაში 8 მატჩიდან "კამპ ნოუზე" გუნდმა 7 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა, 34 გოლი გაიტანა და არაფერი გაუშვა!

მოიგო ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა სამშაბათსაც, ბრდღვინი ადინა "რაიო ვალეკანოს", 4 უპასუხო გოლი გაუტანა. ეს ყველაფერი კარგი "ბარსას" გულშემატკივრებისთვის, მაგრამ მათთვის ცუდი ამბავიც გვაქვს - ჟერარდ პიკემ მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო სეზონში, როგორც ამბობ, განზრახ, რის გამოც მას ერთი კი არა შეიძლება ორი თამაშით მისცენ დისკვალიფიკაცია. ეს კი ნიშნავს, რომ ჩემპიონის დაცვის ბურჯი "ელ კლასიკოს"
გამოტოვებს...

დაგვეთანხმებით, იმ დროს, როცა კარლეს პუიოლი იშვიათად არის მწყობრში, პიკეს გარეშე "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაში ძალიან სახიფათოა. არადა, პიკემ სულელურად მიიღო ეს ყვითელი.

აი, რა წერია შეხვედრის არბიტრის, პერეს ლასას ოქმში: "83-ე წუთზე ფეხბურთელმა ნომერი 3 მიიღო გაფრთხილება შემდეგისთვის: დროის გაყვანა". ეს ყველაფერი 4:0-ზე! ყველა მიხვდა, რომ პიკემ ეს ძალად გააკეთა, რადგან "ლევანტესთან" მატჩი გამოტოვოს და "ელ კლასიკოზე" დაბრუნდეს. მისთვის ცუდი ისაა, რომ ამას მიხვდა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაც და ამ საკითხზე მსჯელობასაც აპირებს.

ფედერაციის საჩემპიონატო კანონების 112-ე მუხლის თანახმად, განზრაც მე-5 ყვითელი ბარათის მიღება, დამატებით ისჯება. პეპმა უარი თქვა ამ ინციდენტზე კომენტარი გაეკეთებინა, მსაჯობაზე მაშინ არ ვილაპარაკე, როცა "ვალენსიას" კარში პენალტის დანიშვნაზე მსჯელობდნენ, არც მაშინ, როცა "ხეტაფეს" კარში გოლი გაგვიუქმეს და ყვითელი ბარათის გამო გინდათ ვილაპარაკოო.

"ელვებთან" კი "ბლაუგრანას" სამივე ფორვარდმა გაილაღა, განსაკუთრებით კი ჩილელმა ალექსის სანჩესმა, ვის ანგარიშზეც დუბლია.

თავიდან "ბარსამ" მაინცდამაინც ყოჩაღად ვერ დაიწყო, მაგრამ 29-ე წუთმა ყველაფერი დაალაგა თავის ადგილზე: ალექსისმა ჩავის პასი მიიღო და შორეული კუთხეში ბრწყინვალე გოლი გაიტანა. 41-ე წუთზე ისევ სანჩესმა გამოიჩინა თავი, ლეო მესის პასს დიდებული გაგრძელება მოუძებნა იმავე ჩავიმ ქუსლით. ორ წუთში ჩემპიონებმა გამანადგურებელი გახადეს ანგარიში - ჟერარდ პიკემ მოედნის მესამედი გადმოიარა, დანი ალვეში მოძებნა, ბრაზილიელმა კი ფაქტობრივად საქმე არ დაუტოვა - დავიდ ვილიას, "ელ გუახემ" ახლო მანძილიდან თითქმის ცარიელ კარში გაიტანა.

დაიწყო მეორე ტაიმი და ლეო მესი კრიშტიანო რონალდოს დაეწია ბომბარდირთა დავაში - მან ალვეშის პასი მიიღო, ხავი ფუეგო მოატყუა და კობენიოს მახვილი კუთხიდან გაუტანა - 4:0. ჩავი, სანჩესი და ვილია ამ მატჩის სამი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

ხოსეპ გვარდიოლა: "მინდა კომპლიმენტი ვთქვა მეტოქე გუნდზე. "რაიომ" კარგად ითამაშა. მათი დამარცხება იოლი სულაც არ ყოფილა. ასეთი ამბიციური თამაშით, მათ ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეთ".

"რაიო ვალეკანოსთან" მატჩში დაშავდა ადრიანო კორეია, ტრავმა სერიოზული არ არის, ბრაზილიელს მხოლოდ "ლევანტესთან" და ბატე-სთან მატჩების გამოტოვება მოუწევს, "ელ კლასიკოსთვის" კი სრულ მზადყოფნაში იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული