10
დღევანდელ "მენიუში" "რასინგისა" და "ვილიარეალის" დაპირისპირებაც გვაქვს. აქ აღსანიშნავია, რომ კანტაბრიელები სეზონში პირველად ითამაშებენ ექტორ კუპერის დარიგების გარეშე, 29 ნოემბერს საქართველოს ნაკრების ექს-თავკაცი გადადგა და ამით მოვლენებს რამდენიმე დღით დაასწრო. საოცარი გუნდია ეს "რასინგი" მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში თამაშობს და... არა მარტო მწვრთნელის ადგილია ვაკანტური, არამედ - პრეზიდენტისაც (ფრანსისკო პერნია მოვალეობის შემსრულებელია), მეტიც, იანვარში დიდი ზარ-ზეიმით მოვლენილი ინდოელი მეპატრონე აჰსან ალი საიედი წმინდა წყლის აფერისტი გამოდგა. "ვილიარეალთან" შეხვედრაში გუნდს... ტექნიკური დირექტორი ხუან ხოსე გონსალესი გაიყვანს. არა, ნამდვილად განწირულია ამ სეზონში კანტაბრიული კლუბი. ვინ შეიძლება იყოს კუპერის მემკვიდრე? დიდი შანსები აქვთ ალეხანდრო მენენდესს და მარტინ ლასარტეს.
საფეხბურთო საღამო "მესტალიაზე" დასრულდება, სადაც "ვალენსია" "ესპანიოლს" მიიღებს. "ვალენსიას" ერთი პრობლემა აქვს - შუა კვირაში ლონდონში ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩი აქვს "ჩელსის" წინააღმდეგ და შეიძლება "ღამურების" თავკაცმა უნაი ემერიმ რობერტო სოლდადო ან ჟონასი (ან ორივე) დაასვენოს.
ხვალ ტური მცირე მადრიდული დერბით განახლდება - "ვისენტე კალდერონზე" "როხიბლანკოსი" "ელვებს" მასპინძლობს. ბედის ირონიით, ეს გუნდები ერთმანეთის გვერდი-გვერდ არიან ცხრილის შუაში. წლევანდელი "ატლეტიკო" მართლაც ვერაფრით სჯობს "რაიო ვალეკანოს". ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი "მალაგა" სან სებასტიანში ჩადის, ერთ-ერთ აუტსაიდერ "რეალ სოსიედადთან" სათამაშოდ. ნავარელები საკუთარ ბასტიონში, "რეინო დე ნავარაზე" მიიღებენ კრიზისში მყოფ "ბეტისს", "მალიორკა" კი "ბილბაოს" მასპინძლობს. დღის ბოლო მატჩი აუტსაიდერთა ჯახია - "გრანადა"-"სარაგოსა". დაბოლოს, ორშაბათს "სევილია", რომელიც 18 ქულით მე-6 ადგილზეა, მადრიდულ "ხეტაფეს" მიიღებს, სწორედ იმას, რომელმაც წინა ტურში ჩემპიონატის პირველი დიდი სენსაცია გამოაცხო.
"რეალი" იმ გუნდს ხვდება, რომელმაც შარშანდელ სეზონში ძალიან მწარე მარცხი აგემა ხიხონში. მანუელ პრესიადოს "სპორტინგმა" 1:0 მოუგო "სამეფო კლუბს". ამ სეზონში სიტუაცია განსხვავებულია, "რეალი" 3-ქულიანი (იდეაში 6-ქულიანი) ჰანდიკაპით ლიდერობს, ხოლო "სპორტინგი" 12 ქულით ბოლოდან მე-3 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ პრესიადო დასანახავად ვერ იტანს ჟოზე მოურინიოს და ხოსეპ გვარდიოლასთან მეგობრობს. ეს კი დამატებითი სტიმულია ასტურიელებისთვის.
"რეალს" ერთი პრობლემაც აქვს 5 ყვითელი ბარათი დაუგროვდა და ტურს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს ბასკი ნახევარმცველი ჩაბი ალონსო. წლეულს, მოურინიომ გუნდი ისე მომართა, რომ შეუცვლელიაო, კრიშტიანო რონალდოზეც კი ვერ იტყვი, მაგრამ ჩაბი სწორედაც რომ შეუცვლელი ფეხბურთელია.
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ჩაბი ალონსოს ადგილს ნური შაჰინი დაიკავებს. მანვე გამორიცხა ალვარო არბელოას თამაში. პორტუგალიელმა თავკაცმა თქვა, რომ კაკა და რიკარდო კარვალიო სკამზე იჯდებიან და ბრაზილიელს, შესაძლოა, თამაშიც მოუწიოს. რონალდოს ტრავმაზე ლაპარაკი აღარ ყოფილა, კრიშტიანო მზადაა "სპორტინგის" კარს შეუტიოს. "ახლა "ბარსელონასთან" თამაშზე მე არ ვფიქრობ. ჩემი მიზანია გუნდის "სპორტინგთან" თამაშისთვის მომზადება. ძალიან კარგია, როცა ლიდერები ვართ და სხვებს აქვთ საფიქრალი, როგორ დაგვეწიონ", - განაცხადა მოურინიომ პრესკონფერენციაზე.
"ბარსელონა" "ლევანტეს" მასპინძლობს, რომელიც ყველა წინასასეზონო პროგნოზის საპირისპიროდ მე-4 ადგილზეა, ჩემპიონს ხუთი ქულით ჩამორჩება და მასზე ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს გამართული.
ჩემპიონთა ბანაკში მთავარი სიახლე სადისციპლინო კომიტეტისგან შეიტყვეს, რომელმაც ჟერარდ პიკეს ქმედებაში განზრახ ჩადენილი ვერაფერი შენიშნა და 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აკმარა. შესაბამისად, "ბარსას" დაცვის ახალგაზრდა ბურჯი "ელ კლასიკოზე" ითამაშებს, მაგრამ, ბუნებრივია, "ლევანტესთან" მატჩს გამოტოვებს.
ხოსეპ გვარდიოლა: "ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ყოველთვის შემდგომია. ახლა ჩვენთვის ასეთი "ლევანტესთან" დაპირისპირებაა. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად მოვინდომებთ, რამდენად კონცენტრირებულნი ვიქნებით. ჩვენ მეორე ადგილზე ვართ და ამაში არაფერია საკვირველი, ბოლობოლო ასეთი ძლიერი კლუბი გვისწრებს".
პირველად ვალენსიური კლუბი "კამპ ნოუს" 1963 წელს ეწვია, მას მერე "ლევანტეს" 1 ქულაც კი არ აუღია ამ სტადიონზე. ხუან იგნასიო მარტინესის გუნდს დღეს ეს სტატისტიკა მძიმე ფსიქოლოგიურ ტვირთად დააწვება. გვარდიოლას ამ თამაშში ზემოთხსენებული პიკეს, ადრე დიდი ხნით დაშავებული აფელაისა და ბრაზილიელი ადრიანოს გარდა არავინ დააკლდება.
ესპანეთი. ლა ლიგა. XIV ტური
დღეს
სპორტინგი-რეალი 21:00
ტრავმა: ლორა - კალეხონი, რონალდო (?), არბელოა, რ. კარვალიო (?)
დისკვალიფიკაცია: ჩაბი ალონსო (რეალი)
რასინგი-ვილიარეალი 21:00
ტრავმა: ფრანსისი, კენედი, აკოსტა, სამპიერო - როსი, საპატა, კამუნიასი, კატალა, ბორდასი (?)
ბარსელონა-ლევანტე 23:00
ტრავმა: აფელაი, ადრიანო - ხუანფრანი (?)
დისკვალიფიკაცია: პიკე - ხუანლუ, ბარკერო
ვალენსია-ესპანიოლი 01:00
ტრავმა: რ. კოშტა, კანალესი, მადურო, ბანეგა, რუისი (?), გუაიტა (?) - მატიონი, ალბინი, ს. გარსია (?), მარკესი (?), ლოპესი (?)
ხვალ
ატლეტიკო-რაიო ვალეკანო 15:00
ტრავმა: სილვიო, ადრიან ლოპესი (?) - პერეა
დისკვალიფიკაცია: არდა თურანი, გოდინი, კურტუა (ატლ)
რეალ სოსიედადი-მალაგა 19:00
ტრავმა: ილარამენდი, კადამურო, ჩაბი პრიეტო, ბერგარა (?), დელა ბელა (?) - ველიგტონი, ბაპტიშტა, გამესი (?), ელიზეუ (?), დემიკელისი (?), მარესკა (?)
ოსასუნა-ბეტისი 21:00
ტრავმა: ეჩაიდე, მასუდი, რაიტალა (?), ბერტრანი (?), სერხიო (?) - ვადილიო, მონტერო, ესეკილი (?)
დისკვალიფიკაცია: სატრუსტეგი - ირინეი
მალიორკა-ბილბაო 23:00
ტრავმა: კასტრო, ლაკრუსი - კასტილიო, გურპეგი, ოსიო, მარტინესი
დისკვალიფიკაცია: ბიგასი (მალ)
გრანადა-სარაგოსა 00:30
ტრავმა: მაინსი, ლუსენა - სილვა, ფრანკო
დისკვალიფიკაცია: ნიომი - კარლოსი, ხუარესი, პარედესი
ზეგ
სევილია-ხეტაფე 00:00
ტრავმა: კასერესი (?) - მოია, გუისა, პედრო ლეონი, უსტარი
შენიშვნა: ? ნიშნით - ფეხბურთელის თამაში საეჭვოა.
7 დეკემბერი
გრანადა-მალიორკა 22:30
(2:1, დასამთავრებელია)
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 13 11 1 1 46-10 34
2. ბარსელონა 14 9 4 1 42-7 31
3. ვალენსია 13 8 3 2 21-13 27
4. ლევანტე 13 8 2 3 23-12 26
5. მალაგა 12 6 2 4 15-15 20
6. სევილია 12 4 6 2 12-10 18
7. ოსასუნა 13 4 6 3 16-25 18
8. ბილბაო 13 4 5 4 19-16 17
9. ესპანიოლი 13 5 2 6 10-15 17
10. ატლეტიკო 13 4 4 5 18-20 16
11. ვალეკანო 14 4 4 6 15-19 16
12. ვილიარეალი 12 3 5 4 10-17 14
13. ხეტაფე 13 3 4 6 14-19 13
14. ბეტისი 13 4 1 8 12-19 13
15. მალიორკა 12 3 4 5 10-17 13
16. გრანადა 12 3 3 6 5-12 12
17. სოსიედადი 13 3 3 7 12-20 12
18. სპორტინგი 13 3 3 7 12-21 12
19. სარაგოსა 12 2 4 6 12-26 10
20. რასინგი 13 1 6 6 9-20 9
ბომბარდირები
16 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა); 12 - გონსალო იგუაინი (რეალი); 8 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 7 - ქარიმ ბენზემა (რეალი), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"