მესი: ფანტასტიკური მატჩი გველის

AutoSharing Option
განა რა უნდა იყოს, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყოს ლიონელ მესის შესახებ? არგენტინელი ბოლო ორი წელიწადია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად სახელდება, მის საუკეთესოობას აღიარებენ მისივე კოლეგები, თამაშობს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ "ბარსელონაში", რომელიც ახლა მწვერვალზეა, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ესპანეთის ჩემპიონია. თუმცა ფიფას ოფიციალურმა საიტმა მაინც გამოძებნა საინტერესო თემები არგენტინელ სუპერვარსკვლავთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

- სულ მალე კიდევ ერთი ტურნირი გელით, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი...
- "ბარსელონასთვის" ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო ტურნირია. ბოლო ასპარეზობიდან ძალიან სასიამოვნო მოგონებები გამოგვყვა და ახლაც მოუთმენლად ველით შეჯიბრებას.

- თქვენმა გუნდელებმა გვითხრეს, რომ ძალიან გინდათ ამ ტურნირის მოგება...
- ვის არ უნდა? მთელი გუნდი შემართულია, რომ დაამტკიცოს - მსოფლიოში საუკეთესო საფეხბურთო გუნდია. ჩვენ ხომ მხოლოდ მოსაგებად გავდივართ.

- მაგრამ გელით შორი მგზავრობა, დიდი სხვაობა დროში, ეს თქვენზე არ იმოქმედებს?
- ვფიქრობ, ადაპტაციისთვის დრო გვრჩება. ხშირად მიწევს არგენტინასა და ესპანეთს შორის ფრენები. ასე რომ, ჩემთვის ეს პრობლემა არ იქნება.

- თქვენ ახლა უმნიშვნელოვანესი მატჩი გელით "რეალთან". არ გაგიჭირდებათ ამ შეხვედრის შემდეგ იაპონიისთვის ისევ ფორმის პიკში ყოფნა?
- მართალია, მათლა ძალიან ძნელია ამდენი შეხვედრის გამართვა და მუდამ კარგად თამაში, მაგრამ ყველაზე კარგად ჩვენი შესაძლებლობის შესახებ თავად ვუწყით.

- ბოლო მატჩებია, გვარდიოლა 3-4-3 ტაქტიკით გათამაშებთ, თქვენ რა აზრის ხართ ამ განლაგებაზე?
- მეტნი ვართ ნახევარდაცვაში, უკეთ ვაკონტროლებთ ბურთს, სწორედ ეს სურს ბოსს. როცა ბურთი ჩვენ გვაქვს, შეგვიძლია მეტოქის დამარცხება, თანაც მას ამის შესაძლებლობას ვუსპობთ. ნახევარდაცვაში ერთი კაცით მეტი, საუკეთესო გამოსავალია.

- რას იტყვით გვარდიოლას მწვრთნელობაზე?
- ის გუნდის მთავარი ფიგურაა. მისი ლიდერობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი მოტივირებისთვის, მზადებისთვის. მან ბევრი რამ შეცვალა და ინდვიდუალურად თუ გუნდურად უკეთესები გაგვხადა.

- ბურთით უფრო სწრაფად გადაადგილდებით, ვიდრე წინა წლებში, ეთანხმებით?
- დიახ, ეს მოიტანა გუნდურმა თამაშმა. ჩვენ უკვე ისე კარგად ვუგებთ ერთმანეთს, რომ ზეპირად ვიცით, საით გავიქცეთ, სად გადავაწოდოთ პასი.

- რას იტყვით შაბათის "კლასიკოზე"?
- ფანტასტიკური მატჩი გველის. ძალიან კარგი იქნება მოგება, რადგან ეს სეზონის ბოლომდე დადებითად დაგვმუხტავს. თუ ვერ მივაღწევთ სასურველ შედეგს, ძალიან გაგვიჭირდება.

- იანვარში ზედიზედ მესამედ გექნებათ შანსი წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტიტული თქვენთვის?
- ყოველთვის მითქვამს, დიდებულია, როცა ინდივიდუალურად საუკეთესო ხარ, მაგრამ პირველი მაინც მატჩებისა და გუნდური ტიტულების მოგებაა.

- სანაკრებო თემაზეც ვთქვათ, არგენტინის ნაკრებს საუკეთესო წელი არ ჰქონია...
- ადრე უფრო დაძაბულები ვიყავით, თუნდაც ბოლივიის კენჭისყრის დროს. საკვალიფიკაციო კამპანიაში ივნისამდე დასვენება გვაქვს და კარგად მოვემზადებით.

- ჩვენი ბოლო კითხვა, უფრო პირადი სახის, რა გავლენა აქვს თქვენს არასაფეხბურთო ცხოვრებაში ფეხბურთს?
- როცა პატარა ბიჭი ვიყავი, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, თან ბურთს დავატარებდი, არა მხოლოდ მოედანზე, არამედ - ყველგან. ახლა ცოტა სხვა დროა და მეც მოედანს გარეთ გადაწყობა მჭირდება ხოლმე, რაც არც ისე იოლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული