ამაღამ რეალი-ბარსაა - ფეხბურთი არსებობს იმისთვის, რომ ეს ნახო

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის 10 წყვილიდან დღეს მხოლოდ ერთზე დავწერთ. დაე, სხვა გუნდების გულშემატკივრებმა ამ ერთხელ გვაპატიონ, დღეს ხომ დიდი მატჩია, რიგით 216-ე "ელ კლასიკო"!

ვინ, რა თქვა
ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი):
"როცა "რეალში" ვმუშაობდი, მახსოვს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბარსას" წინააღმდეგ გუნდი სამი მცველით ვათამაშე და მაშინ "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

"ბარსას" მადრიდელთა წინააღმდეგ წარმატებული თამაშის რამდენიმე ვარიანტი აქვს, რომელთაგანაც პეპ გვარდიოლამ ყველაზე ნაღდი უნდა აირჩიოს. ვფიქრობ, რომ "რეალის" წინააღმდეგ სამი მცველით თამაში გაამართლებს. მიხარია, რომ ორივე გუნდმა
ესპანური ფეხბურთის იმიჯი მსოფლიო ფეხბურთში ერთი-ორად მაღალ დონეზე აიყვანა. რაც ყველაზე მთავარია, ორივეს სხვადასხვა, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილი აქვს.

"რეალი" და "ბარსა" მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდია. ჩემი პრობლემა "რეალის" ხელმძღვანელობასთან მხოლოდ პირადი ხასიათისაა და გუნდს ამის გამო ვერაფერში დავადანაშაულებ, თუმცა ტრიბუნაზე ფლორენტინო პერესი თუ შემხვდება, რა თქმა უნდა, მივესალმები".

ხოსე მარი ბაკერო ("ბარსას" ყოფილი ვარსკვლავი, ახლა პოზნანის "ლეხის" მწვრთნელი):
"ეს კლასიკო "ბარსელონასთვის" უფრო მნიშვნელოვანია. თუკი ისინი ვერ შეძლებენ მოგებას, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ კარგად ითამაშებენ, მათთვის დიდი დარტყმა იქნება და შეიძლება სეზონის ბოლომდეც ვერ მოვიდნენ გონს და ტიტული "რეალს" დარჩეს. მადრიდელებმა უნდა შეუტიონ. ის თამაში, რაც მათ შარშანდელი სეზონის კლასიკოებში აჩვენებს, ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებაა".

ანდრეს ინიესტა (ბარსელონა):
"რამდენი ხანია აქ ვარ და ასეთი ძლიერი "ბარსელონა" არ მინახავს. გუნდი ყოველ წელს უკეთ თამაშობს. ჩვენი მიზანიც ეს არის - წინსვლა. გუნდი ამ კურსს არ გადაუხვევს, ტექნიკურად, ფიზიკურად და ტაქტიკურად ჩვენ ძალიან წინ წავედით. "ბარსას" მოტივაცია არსად გამქრალა, იმიტომ, რომ მოგებებით ვერ დაიღლები. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ, ამჯერად, მეტოქეც დიდებულად მოემზადა. ძალიან დიდი ბრძოლა გველის და ეს მე ბრძოლის ჟინით მავსებს".

იოჰან კრუიფი: "ვინ არის ფავორიტი? ერთის თქმა შემიძლია, რომ "ბარსელონა" "რეალის" წინააღმდეგ მხოლოდ მოსაგებად გადის. მოდი, ვნახოთ, ვინ იმარჯვებს შაბათს. კლასიკო ვერ გადაწყვეტს ტიტულის ბედს, რადგან ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრი ტური დარჩა. როგორც არ უნდა დასრულდეს, შაბათის მატჩი, მისი შედეგი არ იქნება გადამწყვეტი. ეს მხოლოდ ერთი თამაშია და მეტი არაფერი".

ჩავი ერნანდესი (ბარსელონა): "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამარჯვება ერთ რამედ ღირს. ახლა კი მოგებას განსაკუთრებული ფასი აქვს, ჩვენი სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით. კლასიკო მაინც სხვა მატჩია. ხშირად არ აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორ ფორმაშია, ვინ რომელ ადგილზეა, ეს არის თამაში, სადაც შეიძლება ყველაფერი მოხდეს".

არსენ ვენგერი ("არსენალის" მწვრთნელი): "შაბათს მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდის დაპირისპირებას ვნახავთ. ეს ისეYთი შეხვედრაა, რომლის ყურებაც ალბათ მთელ მსოფლიოს სურს. "რეალს" შესანიშნავი შანსი მიეცა დაამტკიცოს, რომ "ბარსელონასთან" ჩამორჩენა შეამცირა. არა მგონია, კატალონიელების წინააღმდეგ დაცვითმა თამაშმა გაამართლოს, "რეალმა" უნდა შეუტიოს, დარწმუნებული ვარ, მადრიდელები ამას გააკეთYებენ კიდევაც. მაგრამ ესეც სარისკოა, ერთი მოდუნებაც და მესი და მთელი "ბარსა" აქეთ შემოგიტევს".

კაკა (რეალი): "რეალი" შესანიშნავ ფორმაშია, თუმცა მჯერა, რომ მომატება კიდევ შეგვიძლია, არის საამისო რესურსი. რაც მთავარია, ჩვენ სწორი მიმართულებით ვმუშაობთ. კლასიკოზე ბევრს ვფიქრობთ და ცოტას ვლაპარაკობთ. ეს იქნება სპეციალური მატჩი".

რას იზამს მოურინიო?
ჟოზე მოურინიომ ალბათ უკვე გადაწყვიტა სტრატეგიულად როგორ მიუდგეს თამაშს: პრაგმატულად, თუ მასზე დიდ ფსონს ჩამოვიდეს, "ბარსას" წელში გატეხვის იმედით. ისევ "ოპერაცია ფარს" დავუბრუნდეთ, რომელიც ესპანურ წყაროებს რეალურ ვარიანტად მიაჩნიათ: თითქოს, მოურინიო ერთდროულად სამი დაცვითი ტიპის ნახევარმცველს ათამაშებს (სავარაუდოდ, ჩაბი ალონსოს, სამი ხედირას და ლასანა დიარას). ამ შემთხვევაში "რეალის" ტაქტიკა იქნება 4-3-3, ოღონდ დაცვითი ტიპის (მას შეიძლება 4-3-2-1 ვუწოდოთ).

"ფარის" გარეშე, მოუს სხვა გზა არა აქვს - ისევ ჩვეული 4-2-3-1 უნდა ათამაშოს გუნდი. თამაშის მიხედვით განსხვავება დიდი იქნება, პირველი ვარიანტი "ბარსას" შემტევების მოედნის ცენტრთან ახლოს "მოხრჩობას" ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში ერთი შემტევი ნახევარმცველი უნდა ამოვარდეს (ლასანა დიარა რომ მოხვდეს სასტარტოში) და ის შეიძლება მესუთ იოზილი იყოს. თუკი, ჟოზე ძველებურ ტაქტიკას არჩევს, მაშინ მხოლოდ ერთი დეტალი იქნება გადასაწყვეტი - ვინ იქნება ცენტრფორვარდი? გონსალო იგუაინი თუ ქარიმ ბენზემა.

"განსაკუთრებულმა" უკვე დააკონკრეტა, რომ ორივეს ერთდროულ თამაშს გამორიცხავს. "ფარის" შემთხვევაში, ცხადია, პორტუგალიელი არგენტინელ ფორვარდს არჩევს, მიზეზი ორია: ჯერ ერთი, იგუაინი ოდნავ უკეთ და შედეგიანად თამაშობს, ვიდრე ფრანგი, მეორეც ბენზემას ყველაზე უკეთ პარტნიორთაგან იოზილი უგებს, რომელიც "ფარის" შემთხვევაში სათადარიგო იქნება.

"რეალი". სავარაუდო I
ფარით (4-3-3): იკერ კასილიასი - ალვარო არბელოა, სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო - ლასანა დიარა, ჩაბი ალონსო, სამი ხედირა - ანხელ დი მარია, გონსალო იგუაინი, კრიშტიანო რონალდო.
"რეალი". სავარაუდო II
უფაროდ (4-2-3-1): იკერ კასილიასი - ალვარო არბელოა, სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო - სამი ხედირა, ჩაბი ალონსო - ანხელ დი მარია, მესუთ იოზილი, კრიშტიანო რონალდო - ქარიმ ბენზემა.

რას იზამს გვარდიოლა?
გვარდიოლას სულ სხვა საფიქრალი აქვს - მან წარმატებით შეძლო გუნდის 3-4-3 სქემაზე გადაყვანა. "ბარსელონა" სამი მცველითაც ჩვეულად ათამაშდა, მაგრამ გარისკავს კი "სანტიაგო ბერნაბეუზე" პეპი? ერთი მხრივ, მართალია კრუიფი - "ბარსა" მუდამ მოსაგებად გადის "რეალთან" დაპირისპირებაში, მაგრამ განა 4-3-3 შემტევი ტაქტიკა არ არის? რა საჭიროა, შემტევი სუპერშემტევად აქციო და კონტრშეტევებზე მსოფლიოში საუკეთესოდ მოთამაშე გუნდს ამით შანსი მისცე?

"ბარსელონა", სავარაუდო I
4-3-3: ვიქტორ ვალდესი - დანი ალვეში, ჟერარდ პიკე, კარლეს პუიოლი, ერიკ აბიდალი - ჩავი, სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა - ალექსის სანჩესი, ლიონელ მესი, დავიდ ვილია.
"ბარსელონა", სავარაუდო II
3-4-3: ვიქტორ ვალდესი - ჟერარდ პიკე, კარლეს პუიოლი, ერიკ აბიდალი - დანი ალვეში, სერხიო ბუსკეტსი, ჩავი, სესკ ფაბრეგასი - ალექსის სანჩესი, ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა.

პრესკონფერენციები
ჟოზე მოურინიომ არ დააფასა კლასიკო და პრესკონფერენციაზე ასისტენტი აიტორ კარანკა გაგზავნა, რომელმაც ფაქტობრივად დაადასტურა "ფარი".

აიტორ კარანკა ("რეალის" მწვრთნელის ასისტენტი):
"ვფიქრობ, 4-3-3 სისტემით ვითამაშებთ - წინ იქნებიან, დი მარია, კრიშტიანო და პიპა ან ქარიმი. უკანა სამეულს ამათგან შევადგენთ: იოზილი, კაკა, ჩაბი, ლასი და ხედირა.

ჩვენ არ გვინდა ფრე, ვთამაშობთ მოგებაზე. ამის დასტური ბოლო თამაშია "აიაქსთან", რომელსაც სატურნირო დანიშნულება არ ჰქონდა. გუნდი უკეთესია, ვიდრე შარშან, რადგან ერთად მუშაობისვის დიდი დრო გვქონდა. არბელოას თამაში საეჭვოა, თუმცა ის განაცხადში მოხვდა და შესაძლოა მოედანზე მაინც ვიხილოთ. ერთადერთი, რიკარდო კარვალიო ნამდვილად დაგვაკლდება".

ესპანეთი. ლა ლიგა. XV ტური
დღეს
ლევანტე-სევილია 21:00
ტრავმა: არანდა, დელ ორნო, ნანო (?) (ლევ)

ბეტისი-ვალენსია 23:00
ტრავმა: ვადილიო, მონტერო (?), სევილია (?) - კანალესი, მადურო, ბანეგა (?)

რეალი-ბარსელონა 01:00
ტრავმა: რიკარდო კარვალიო (?) - აფელაი, ადრიანო (?)

ხვალ
რაიო ვალეკანო-სპორტინგი 15:00
ტრავმა: ლორა (სპორ)
დისკვალიფიკაცია: ხორდი, ფუეგო - ეგურენი

ხეტაფე-გრანადა 19:00
ტრავმა: უსტარი, პედრო ლეონი, გუისა - მარტინში, ლუსენა, მ. რიკო, მაინსი

ვილიარეალი-რეალ სოსიედადი 19:00
ტრავმა: როსი, კატალა - კადამურო, ილარამენდი, ბერგარა (?), ჩაბი პრიეტო (?), დე ლა ბელა (?)

მალაგა-ოსასუნა 21:00
ტრავმა: ბაპტიშტა, მარესკა (?) - ეჩაიდე, მასუდი, ბერტრანი (?), გარსია (?), რუბენი (?)
დისკვალიფიკაცია: ნეკუნამი, დამია

სარაგოსა-მალიორკა 21:00
ტრავმა: სილვა, ბრაულიო, მეირა (?) - ლაკრუსი, კასტრო

ბილბაო-რასინგი 22:45
ტრავმა: კასტილიო, გურპეგი, მარტინესი, ოსიო, ანდერი (?) - სამპერიო, კენედი, ფრანსისი

ესპანიოლი-ატლეტიკო 00:30
ტრავმა: მატიონი, მარკესი, ალბინი, პანდიანი (?), ს. გარსია (?), ლოპესი (?) - კოშტა, სილვიო (?)
დისკვალიფიკაცია: ვეისი (ესპანიოლი)

? ნიშნით - ფეხბურთელის თამაში საეჭვოა.

თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 14 12 1 1 49-10 37
2. ბარსელონა 15 10 4 1 47-7 34
3. ვალენსია 14 9 3 2 23-14 30
4. ლევანტე 14 8 2 4 23-17 26
5. სევილია 14 6 6 2 16-10 24
6. მალაგა 14 7 2 5 19-19 23
7. ოსასუნა 14 5 6 3 18-26 21
8. ატლეტიკო 14 5 4 5 21-21 19
9. ბილბაო 14 4 6 4 20-17 18
10. ესპანიოლი 14 5 2 7 11-17 17
11. ვალეკანო 15 4 4 7 16-22 16
12. გრანადა 14 4 4 6 8-14 16
13. სოსიედადი 14 4 3 7 15-22 15
14. მალიორკა 14 3 6 5 13-20 15
15. ვილიარეალი 14 3 5 6 11-20 14
16. ხეტაფე 14 3 4 7 14-22 13
17. ბეტისი 14 4 1 9 13-21 13
18. რასინგი 14 2 6 6 10-20 12
19. სპორტინგი 14 3 3 8 12-24 12
20. სარაგოსა 14 2 4 8 12-28 10

ბომბარდირები
17 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა); 12 - გონსალო იგუაინი (რეალი); 9 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 8 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 7 - ქარიმ ბენზემა (რეალი), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა).

ასისტენტები
11 - ანხელ დი მარია (რეალი); 7 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 6 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 5 - დანიელ ალვეში (ბარსელონა), ჩავი (ბარსელონა), მესუთ იოზილი (რეალი), არდა თურანი (ატლეტიკო), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), რაულ გარსია (ოსასუნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
Toko google-ით მოგვიწევს ლინკების ძებნა ვისაც GMG არ გვაქ :D
Werner
21:02 10-12-2011
0
კაია მარა სად ვუყუროთ?
Toko
18:06 10-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული