"ბარსელონა" ამომავალი მზის ქვეყანაში

AutoSharing Option
მაშინ, როცა "ბარსელონა" ამომავალი მზის ქვეყანაში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა, მშობლიურ "სანტიაგო ბერნაბეუზე" მასთან დამარცხებული "რეალი" რანგით მესამე დივიზიონში მოასპარეზე "პონფერადინასთან" სათამაშოდ უნდა განეწყოს (როგორია, წაგებული კლასიკოს შემდეგ!) - დღეს "კოპას" 1/16 ფინალების პირველი მატჩებია.

"რეალზე" უკვე ვთქვით, "ვალენსია" "კადისს" ეწვევა, "ვილიარეალი" - "მირანდესს", "სევილია" - "სან როკეს" და ასე შემდეგ. ბუნებრივია, სათასო ბატალიები ვერ იქნება ჩვენი მიმოხილვის მთავარი თემა, მით უფრო, რომ ჯერ პრიმერელთა მეტოქეები საკმაოდ სუსტი გუნდებია. ისე, 4 წყვილი "სუფთა" პრიმერულია: "მალიორკა"-"სპორტინგი", "რასინგი"-"რაიო ვალეკანო", "ხეტაფე"-"მალაგა" და
"რეალ სოსიედადი"-"გრანადა". ჩვენ კი ლა ლიგის XV ტურს დავუბრუნდეთ...

მანსანო და ბურუსი
ტურში, რომელშიც შერცხვა ჟოზე მოურინიო, მისმა თანაქალაქელმა კოლეგამ, "ატლეტიკოს" მწვრთნელმა გრეგორიო მანსანომ თანამდებობა თითქმის დაკარგა. თითქმის იმიტომ, რომ მანსანოს საქმე ამ წერილის დაწერისას ჯერ კიდევ ბურუსით იყო მოცული. ბარსელონაში "როხიბლანკომ" საზიზღრად ითამაშა, რასაც საბოლოო ანგარიშიც კი (2:4) ვერ ასახავს სრულად. მანსანომ მატჩის შემდეგ თქვა: "ასეთ თამაშს ახსნა არა აქვს. ფანებს გთხოვთ, გვაპატიოთ, საშინელი გამოსვლისთვის, ბოდიში".

როგორც ჩანს, ბოდიში 55 წლის სპეციალისტს ვერ უშველის. ესპანეთის 2008 წლის საუკეთესო მწვრთნელმა (მაშინ "მალიორკაში") "ატლეტიკოში" 7-წლიანი განშორების შემდეგ დაბრუნება წარმატებით ვერ შეძლო. გუშინ მწვრთნელი და გუნდი "ატლეტიკოს" სპორტულ დირექტორ ხოსე ლუის კამინეროს და გენერალურ მენეჯერ კლემენტე ვილავერდეს შეხვდნენ და თავს კრიტიკის ქარ-ცეცხლიც დაატყდათ. როგორც ჩანს, მწვრთნელის ბედს ხუთშაბათის მატჩი გადაწყვეტს "რენთან", თუმცა შეიძლება მანამდეც მოხსნან.

ამ ტურმა მხოლოდ გრეგორიო მანსანოს თანამდებობა არ შეარყია - მოხსნის პირას არიან "ვილიარეალის" ხუან კარლოს გარიდო და "სარაგოსას" თავკაცი ხავიერ აგირე. მომავალ ტურამდე ამ სამეულიდან შეიძლება ვერც ერთმა ვერ მიაღწიოს, რადგან წინ ევროთასები ან სათასო ბატალიები ელით.

რაც სეზონი დაიწყო, გუნდებმა სამი მწვრთნელი შეიცვალეს: სექტემბრის ბოლოს "მალიორკას" ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო დანიელი მიქაელ ლაუდრუპი გადადგა, რომელიც დროებით მიგელ ანხელ ნადალმა შეცვალა, 3 ოქტომბრიდან კი ბალეარელებს ხოაკინ კაპაროსი წვრთნის. ნოემბრის ბოლოს ერთამანეთს "რასინგი" და არგენტინელი ექტორ კუპერი დაშორდნენ.

რონი VS ლეო
ლა ლიგის ორი სუპერვარსკვლავი დაუსწრებელ დუელში აქამდე ფრე იყო - 8:8. და აი, უშუალო დაპირისპირების დროც დადგა. შევთანხმდეთ, რომ უშუალო დუელის მოგება 2 ბალად შეფასდეს - "ბარსამ" 3:1 მოუგო "რეალს", ხოლო მესიმ რონალდო დაჩაგრა. ლეო მესიმ 2-ჯერ დაარტყა "რეალის" კარისკენ, აქედან ერთხელ ზუსტად, მის ანგარიშზე 1 საგოლე პასია. მის ნაცვლად 4-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი - 2-ჯერ. არგენტინელმა ყვითელი ბარათი მიიღო და, სიმართლე გითხრათ, წითელ ბარათსაც გადაურჩა.

კრიშტიანო რონალდომ 7-ჯერ დაარტყა "ბარსას" კარისკენ, აქედან 2-ჯერ ზუსტად, პორტუგალიელი 3-ჯერ წააქციეს. თუმცა სტატისტიკა ნაკლებად ასახავს, რამდენად უფრო სასარგებლო იყო მესი შაბათს - 10:8 მესის სასარგებლოდ.

ტურის სიმბოლური ნაკრები
goal.com. 3-2-3-2
"ელ კლასიკოს" სამი გმირი მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში: კაპიტანი კარლეს პუიოლი, ალექსის სანჩესი და ანდრეს ინიესტა. აღშანიშნავია, რომ ჩილელი სიმბოლურში პირველადაა და ეს მან "რეალთან" მატჩში შეძლო. ანდრეს ინიესტა მესამედ მოხვდა ნაკრებში. სამი ფეხბურთელითაა წარმოდგენილი "ლევანტეც" - ურუგვაელმა მეკარე გუსტავო მუნუამ "სევილიას" 4 შემტევი დაამწუხრა, ისეთები აიღო, კაპიტანი სერხიო ბალესტეროსი, როგორც ყოველთვის, ბოლომდე დაიხარჯა, ხოლო მისმა პარტნიორმა დაცვის ცენტრში, ნანომ სულაც გამარჯვების გოლი გაიტანა. სიმბოლურში "სპორტინგის" 2 ფეხბურთელი სეზონში პირველად მოხვდა.

გუსტავო მუნუა (ლევანტე, 1) - სერხიო ბალესტეროსი (ლევანტე, 2), ნანო (ლევანტე, 1), კარლეს პუიოლი (ბარსელონა, 2) - ნდრი რომარიკი (ესპანიოლი, 1), ჟოან ვერდიუ (ესპანიოლი, 1) - ალექსის სანჩესი (ბარსელონა, 1), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა, 3), მიგელ დე ლას კუევასი (სპორტინგი, 1) - ნაჩო ნოვო (სპორტინგი, 1), რუბენ კასტრო (ბეტისი, 1).

ტურის გმირ(ებ)ი
ხუანმა, რუბენ კასტრო (ორივე "ბეტისი")
ბევრი არ გვიფიქრია, რომ ერთის ნაცვლად ორი ფეხბურთელი დაგვესახელებინა - სევილიაში, "ესტადიო ბენიტო ვილიამარინზე" "ბეტისი" ლა ლიგაში ზედიზედ მე-12 მატჩს ვერ იგებდა, პეპე მელი უკვე თანამდებობას ეთხოვებოდა, რადგან "ვალენსიასთან" მატჩის 91-ე წუთზე მისი გუნდი 0:1-ს აგებდა. მაგრამ 30 წლის ფორვარდმა რუბენ კასტრომ და მისმა თანატოლმა ნახევარმცველმა ხუანმამ (ხუან მანუელ გომესი) ყველაფერი თავდაყირა დააყენეს. შეცვლაზე შესულმა ხუანმამ ორი პასით კასტროს დუბლი შეასრულებინა და მესამეადგილოსანი "ღამურები" შინ არაფრით გაისტუმრეს.

ტურის ფრაზები
ხოსეპ გვარდიოლა: "ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ", - "ბარსელონას" თავკაცი "რეალთან" 3:1 ტრიუმფის შემდეგ ლაკონური იყო.
ჩავი ერნანდესი: "დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "რეალს" ჩვენამდე კიდევ ბევრი უკლია", - "ბარსას" ნახევარმცველი კლასიკოს შემდეგ.
ჟოზე მოურინიო: "ჩვენ თუ მოვიგებთ სევილიაში, ან ფრედ ვითამაშებთ, ისევ გავლიდერდებით ჩემპიონატში, ეს კი მთავარია", - "რეალის" მწვრთნელი 1:3 წაგების შემდეგ.
მარსელინო: "საშაყირო გოლი გავუშვით, თუმცა სამხიარულოდ სულაც არ გვაქვს საქმე", - "სევილიას" თავკაცი "ლევანტესთან" 0:1 მარცხის მერე.

პირველი...
პირველად მოხდა, რომ "ოსასუნას" 21 წლის მარცხენა მცველი ენეკო სატრუსტეგი მოედნიდან არ გაუძევებიათ. ახალგაზრდა ნავარელს, რომელიც ახლახან გადმოიყვანეს სარეზერვო გუნდიდან ბასკური სისხლი უდუღს - ის მესამედ თამაშობდა პრიმერაში: დებიუტი "რეალთან" ჰქონდა (ის თამაში "ოსასუნამ" 1:7 წააგო), მატჩის 53-ე წუთზე მესუთ იოზილი საჯარიმოში წააქცია და პენალტი და მე-2 ყვითელი ბარათი ერთად "აიკიდა". დისკვალიფიკაცია მოიხადა თუ არა, სატრუსტეგი "ესპანიოლთან" გასვლით მატჩში ("ოსასუნამ" 2:1 მოიგო) დარბუნდა. 76-ე წუთზე მან სლოვაკი ვლადიმირ ვეისი მოცელა... და ისევ მე-2 ყვითელი ბარათი იხილა მატჩში.

იტყვით გამოსწორებულაო, არც მთლად მასეა საქმე - უფრო, "ოსასუნას" თავკაცმა ხოსე ლუის მენდილიბარმა იხმარა ჭკუა: "მალაგასთან" საგარეო მატჩში (1:1) მე-19 წუთზე ენეკომ სანტი კასორლა მოცელა (რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო) და როცა მეორე ტაიმიც ჩვეულ სტილში დაიწყო, მენდილიბარმა დაუყოვნებლივ შეცვალა 58-ე წუთზე. მოკლედ, სატრუსტეგის სტატისტიკა ასეთია: 3 არასრულ მატჩში 7 ჯარიმა, 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - ბრავო!

ტურის სტატისტიკა
26 გოლი ტურში (2,6 მატჩში). 4 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 3 ფრედ დასრულდა, სტუმრებმა 3 მოიგეს. ტურში მსაჯებმა 54 ყვითელი და 1 წითელი ბარათი დაარიგეს.
ჰეთ თრიკი - არავინ
დუბლი - ნაჩო ნოვო (სპორტინგი), ჟოან ვერდიუ (ესპანიოლი), რუბენ კასტრო (ბეტისი).
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: მოისეს გომესი (ვილიარეალი, 17 წლის)
ყველაზე მეტი მაყურებელი: 79 900 - "სანტიაგო ბერნაბეუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 10 500 - "კოლისეუმ ალფონსო პერესი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 19 - რაიო ვალეკანო, მალაგა, ვილიარეალი
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 12 - ესპანიოლი
ყველაზე მეტი ჯარიმა: 23 - რასინგი
ყველაზე მეტი კუთხური: 13 - ბეტისი
ყველაზე მეტი თამაშგარე: 5 - ბეტისი
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 67% - რაიო ვალეკანო

ლევანტე-სევილია 1:0
საუკეთესო: ნანო (ლევანტე)

ბეტისი-ვალენსია 2:1
საუკეთესო: ხუანმა (ბეტისი)

რეალი-ბარსელონა 1:3
საუკეთესო: კარლეს პუიოლი (ბარსელონა)

რაიო ვალეკანო-სპორტინგი 1:3
საუკეთესო: ნაჩო ნოვო (სპორტინგი)

ხეტაფე-გრანადა 1:0
საუკეთესო: ფრანსისკო ხავიერ კასკერო (ხეტაფე)

ვილიარეალი-რეალ სოსიედადი 1:1
საუკეთესო: მიკელ არანბურუ (რეალ სოსიედადი)

სარაგოსა-მალიორკა 0:1
საუკეთესო: ვიქტორ კასადესუსი (მალიორკა)

მალაგა-ოსასუნა 1:1
საუკეთესო: ისკო (მალაგა)

ბილბაო-რასინგი 1:1
საუკეთესო: ალვარო გონსალესი (ბილბაო)

ესპანიოლი-ატლეტიკო 4:2
საუკეთესო: ჟოან ვერდიუ (ესპანიოლი)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 16 11 4 1 50-8 37
2. რეალი 15 12 1 2 50-13 37
3. ვალენსია 15 9 3 3 24-16 30
4. ლევანტე 15 9 2 4 24-17 29
5. სევილია 15 6 6 3 16-11 24
6. მალაგა 15 7 3 5 20-20 24
7. ოსასუნა 15 5 7 3 19-27 22
8. ესპანიოლი 15 6 2 7 15-19 20
9. ბილბაო 15 4 7 4 21-18 19
10. ატლეტიკო 15 5 4 6 23-25 19
11. მალიორკა 15 4 6 5 14-20 18
12. სოსიედადი 15 4 4 7 16-23 16
13. ბეტისი 15 5 1 9 15-22 16
14. ბეტისი 15 4 4 7 15-22 16
15. გრანადა 15 4 4 7 8-15 16
16. ვალეკანო 16 4 4 8 17-25 16
17. ვილიარეალი 15 3 6 6 12-21 15
18. სპორტინგი 15 4 3 8 15-25 15
19. რასინგი 15 2 7 6 11-21 13
20. სარაგოსა 15 2 4 9 12-29 10

ბომბარდირები
17 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა); 12 - გონსალო იგუაინი (რეალი); 9 - რობერტო სოლდადო (ვალენსია), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 8 - ქარიმ ბენზემა (რეალი), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა).

ასისტენტები
11 - ანხელ დი მარია (რეალი); 8 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 6 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), დანიელ ალვეში (ბარსელონა); 5 - ჩავი (ბარსელონა), მესუთ იოზილი (რეალი), არდა თურანი (ატლეტიკო), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), რაულ გარსია (ოსასუნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
mtelma sapexburto samkarom agiara rom mesi ar imsaxurebda meore kvitel barats.
barsa-barsa
00:22 14-12-2011
0

სიახლეები პოპულარული