მარადიული მეტოქეები
ფუტბოლ კლუბ ბარსელონა
მხარე: კატალონია
დაარსდა: 1899 წ.
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა (39 წლ)
სტადიონი: კამპ ნოუ (98 772)
გასულ სეზონში: 1-ელი
ტიტულები: ესპანეთის 20-გზის ჩემპიონი, თასის 25-გზის მფლობელი, ლიგის თასის 2-გზის მფლობელი, სუპერთასის 9-გზის გამარჯვებული, ჩემპიონთა თასის 3-გზის მფლობელი, თასები მფლობელთა თასის 4-გზის გამარჯვებული, ევროპის სუპერთასის 3-გზის მფლობელი, მსოფლიოს ჩემპიონი კლუბებში.
საიტი: http://www.fcbarcelona.cat/
მივიდნენ: დავიდ ვილია (ვალენსია), ადრიანო კორეია (სევილია).
წავიდნენ: იაია ტურე (მანჩესტერ სიტი), ტიერი ანრი, რაფაელ მარკესი (რედ ბულზი), ალბერტო ბოტია (სპორტინგი), ალიაქსანდრ ჰლები (ტრანსფერზეა), მარტინ კასერესი (ტრანსფერზეა),
ბარსელონა 2009/10: ვალდესი (38 თამაში); მესი (35თ, 34გ), პედრო (34თ, 12გ), ჩავი (34თ, 3გ), ბუსკეტსი (33თ), პიკე (32თ, 2გ), პუიოლი (32თ, 1გ), დ. ალვეში (29თ, 1გ), იბრაჰიმოვიჩი (29თ, 16გ), კეიტა (29თ, 6გ), ინიესტა (29თ, 1გ), მაქსველი (25თ), ტურე (23თ, 1გ), ანრი (21თ, 4გ), კრკიჩი (23თ, 8გ), აბიდალი (17თ), მარკესი (15თ, 1გ), ჟეფრენი (12თ, 2გ), ჩიგრინსკი (12თ), მილიტო (11თ), დოს სანტოსი (3თ), ალკანტარა (1თ, 1გ), ფონტასი (1თ, ბარტრა (1თ).
ბარსელონა 2010/11 (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა): ვალდესი - დ. ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, იბრაჰიმოვიჩი, ვილია.
რეალ მადრიდ კლუბ დე ფუტბოლ
მხარე: კასტილია
დაარსდა: 1902 წ.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო (47 წლ)
სტადიონი: სანტიაგო ბერნაბეუ (80 354)
გასულ სეზონში: მე-2
ტიტულები: ესპანეთის 31-გზის ჩემპიონი, თასის 17-გზის მფლობელი, სუპერთასის 8-გზის გამარჯვებული, ლიგის თასის მფლობელი, ჩემპიონთა თასის 9-გზის მფლობელი, უეფას თასის 2-გზის მფლობელი, ევროპის სუპერთასის მფლობელი, საკონტინენტთაშორისო თასის 3-გზის გამარჯვებული.
საიტი: http://www.realmadrid.com/
მივიდნენ: ჟოზე მოურინიო (მწვრთნელი), სერხიო კანალესი (რასინგი), ანხელ დი მარია (ბენფიკა), პედრო ლეონი (ხეტაფე), სამი ხედირა (შტუტგარტი), რიკარდო კარვალიო (ჩელსი), მესუთ იოზილი (ვერდერი).
წავიდნენ: მანუელ პელეგრინი (მწვრთნელი), კრისტოფ მეტცელდერი, რაულ გონსალესი (შალკე), ოპარე (სტანდარდი), პედრო მოსკერა (ხეტაფე), მარკოს ალონსო (ბოლტონი), კორდერო (ხერესი), გუტი (ბეშიქთაში), როდრიგო (ბენფიკა), ტებარი (ხირონა).
რეალი 2009/10: კასილიასი (38 თამაში); მარსელო (35თ, 4გ), ჩაბი ალონსო (34თ, 3გ), ს. რამოსი (33თ, 4გ), ალბიოლი (33თ), იგუაინი (32თ, 27გ), გრანერო (31თ, 3გ), რაული (30თ, 5გ), არბელოა (30თ, 2გ), რონალდო (29თ, 26გ), ბენზემა (27თ, 8გ), ვან დერ ვაარტი (26თ, 6გ), გუტი (26თ, 2გ), კაკა (25თ, 8გ), ლ. დიარა (23თ, 1გ), გარაი (20თ, 1გ), გაგო (18თ), მ. დიარა (15თ), პეპე (10თ), დრენტე (8თ), მეტცელდერი (2თ), ვან ნისტელროი (1თ, 1გ), ხუანფრანი (1თ), მოსკერა (1თ), მ. ალონსო (1თ).
რეალი 2010/11 (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა): კასილიასი - ს. რამოსი, კარვალიო, პეპე, მარსელო - კანალესი, იოზილი, ჩაბი ალონსო - რონალდო - ბენზემა, იგუაინი.
***
მაშ ასე, ჩვენი წარდგენების ფინიშზეც გავედით. დაგვრჩა "მხოლოდ" ესპანური პირველობის ორი მთავარი გუნდი, კონტინენტის ორი გრანდი: "ბარსელონა" და "რეალი". აბა ამათ რა წარდგენა სჭირდებათ? ამიტომ, გადავწყვიტეთ, ტრადიციისთვის გვეღალატა და ესპანეთის 20-გზის და 31-გზის ჩემპიონები ერთად წარგვედგინა, ერთგვარი შედარებითი დახასიათება გაგვეკეთებინა...
ზოგადი სიტუაცია
ორიოდე სიტყვით, რომ აღვწეროთ, ზოგადი სიტუაცია ასეთია: ევროპის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის გადმოსახედიდან: "რეალი" მილიონებს ხარჯავს, მაგრამ ჯერ ვერ იპოვნა წარმატების ფორმულა, ვერც შემადგენლობა დარეგულირდა და ვერც წინა მწვრთნელმა გაამართლა. რაც მთავარია, "ბარსელონა" ტახტიდან ვერ ჩამოაგდეს, ჩემპიონთა ლიგაში კი მერვედფინალური ეტაპი გადაულახავ ზღუდედ ექცა გუნდს.
"ბარსელონას" შინაურ პირველობაზე კი აქვს თავი ქუდში, მაგრამ, მოგეხსენებათ, შენარჩუნება მოპოვებაზე რთულია. ცალკე სანერვიულო გაუხდათ კატალონიელებს ჟოზე მოურინიოს ფაქტორი, რომელმაც უკვე დაამარცხა "ბარსელონა" და ევროპული ტახტიდან ჩამოაგდო... ვინაიდან მდევრის როლში ყოფნა მაინც უფრო რთულია, 1:0 "ბარსას" სასარგებლოდ"...
ტრანსფერები
შარშანდელთან შედარებით ფლორენტინო პერესმა "მოკრძალებულად" ხარჯა ფული: არგენტინელი დი მარია 25 მილიონ ევროდ იყიდა, მესუთ იოზილი 18-ად, 12 მილიონი გადაუხადა "შტუტგარტს" სამი ხედირას სანაცვლოდ, 10 მილიონი გაიღო პედრო ლეონში, 8 მილიონად იყიდა ვეტერანი პორტუგალიელი რიკარდო კარვალიო "ჩელსიდან", ხოლო სერხიო კანალესი სულ რაღაც 4,5 მილიონი დაუჯდა. ყველა ჯამში ერთად უფრო ნაკლები დაუჯდა, ვიდრე კრიშტიანო რონალდო! 31 აგვისტომდე კიდევ რჩება დრო და ჟოზე მოურინიო ხანდახან ისეთ უცნაურ ფრაზებს ამბობს, რომ პირადად 1-2 ხმაურიან ტრანსფერს კიდევ ველი...
"რეალი" ორ ლეგენდას შეელია: გუტის და რაულს. უბრალოდ, ეს იყო გაბედული ნაბიჯი, თორემ გუტი და რაული უკვე პელეგრინის დროს აღარ იყვნენ მთავარი მოქმედი პირები გუნდში. სატრანსფერო სეზონის დასრულებამდე კიდევ ერთი-ორი ფეხბურთელი წავა...
"რეალისგან" განსხვავებით "ბარსელონას" სატრანსფერო პოლიტიკას პრეზიდენტის ცვლილებამ დაატყო ხელი, ჟოან ლაპორტას 7-წლიანი "ოქროს ხანა" დასრულდა, მის ნაცვლად სანდრო როსელი აირჩიეს. ლაპორტამ წასვლამდე ერთი მაგარი ტრანსფერი გაჩარხა და ერთიც ფაქტობრივად ჩიხში შეიყვანა. კატალონიურმა გრანდმა ამ სეზონის რეკორდი დაამყარა - "ვალენსიისგან" დავიდ ვილია 40 მილიონ ევროდ იყიდა, მაგრამ "არსენალთან" ისე დაძაბა ურთიერთობა, რომ სესკ ფაბრეგასის სამშობლოში დაბრუნება გამოირიცხა. როსელს რაც შეეხება, მან უნივერსალი ადრიანო კორეია იყიდა, რომელსაც 4-5 პოზიციაზე შეუძლია ტრავმირებული ლიდერების შეცვლა. ამ თვალსაზრისით ადრიანო მართლაც ბრწყინვალე შენაძენია. ჯერჯერობით ჯანჯლდება ხავიერ მასკერანოს ტრანსფერი "ლივერპულიდან", ინგლისელებმა "ბარსას" ვადა კვირამდე მისცეს.
"რეალის" არ იყოს, "ბარსელონაც" შეელია ორ დამსახურებულ ვეტერანს (თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ლეგენდას), ამერიკაში გააგრძელებენ კარიერას ტიერი ანრი და რაფაელ მარკესი. ვფიქრობთ, ეს ტრანსფერები საერთოდ არ დაასუსტებს გუნდს. უფრო დიდი დანაკარგია იაია ტურე, მაგრამ "მანჩესტერ სიტიმ" ისეთი მომხიბლავი წინადადება შეაგება "ბარსას" მის სანაცვლოდ, რომ... სატრანსფერო სეზონის დასრულებამდე რამდენიმე დღე დარჩა და სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესაძლო გადასვლაზე "მილანში". ეს თუ განხორციელდა, ხოსეპ გვარდიოლას შეტევაში რაიმე ახლის მოფიქრება მოუწევს, თუ არადა ამ ხაზში ყველაფერი გარკვეულია: მარჯვნიდან ლეო მესი შეუტევს, მარცხნიდან დავიდ ვილია, ხოლო ცენტრიდან - ზლატანი.
რომ შევადაროთ, "რეალი" უფრო გაძლიერდა, თქმა არ უნდა, მაგრამ ძირითადად - შუა ხაზში, სადაც ერთბაშად ხუთი ნახევარმცველი შეიძინა და ბუნებრივია ყველას ვერც ათამაშებენ ერთდროულად. "ბარსა" წერტილოვანი დარტყმებით გაძლიერდა და თუ მასკერანოსაც დაიმატეს, პირადად უკეთეს სატრანსფერო სეზონად ჩავუთვლი, ვიდრე "რეალისას". სატრანსფერო ამბების შემდეგ ანგარიში მაინც "გათანაბრდა" - 1:1.
ჟოზე ჟოზეს წინააღმდეგ
ქვესათაურს თავიდანვე ავხსნით: ამ სეზონში ჟოზე მოურინიოსა და ხოსეპ გვარდიოლას სამწვრთნელო დუელს ველით, ხოსეპი კატალონიურად ასე ჟღერს: ჟოზეპ... "რეალში" მოხვედრისთვის მხოლოდ კარგი ფეხბურთელობა (მწვრთნელობა) საკმარისი არაა, ეს კარგი თან ვარსკვლავიც უნდა იყოს, ამიტომაც ვერ მოერგო გუნდს პელეგრინი. არადა მის ხელში "რეალმა" რამდენიმე რეკორდი დაამხო.
ახლა ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა - გუნდის თავკაცი ჟოზე მოურინოა, მეტი სიკაშკაშის ვარსკვლავი სამწვრთნელო ამქარში არ არის. მახსოვს, პირველივე პრესკონფერენციაზე პორტუგალიელმა თითქოს დელიკატურად, მაგრამ საკმაოდ მკაცრად თქვა, დარწმუნებული ვარ ვალდანო თავის საქმის პროფესიონალია და საფეხბურთო ამბების გასარჩევად გასახდელში შემოსვლას არ იკადრებსო. ასეთის თქმას პელეგრინი ვერ გაბედავდა...
ამ ორი მწვრთნელის დუელი შარშან ჩემპიონთა ლიგაში ვიხილეთ და მაშინ "განსაკუთრებულმა" პირწმინდად აჯობა გვარდიოლას. ვნახოთ, რა იქნება წლეულს, მანამდე კი 2:1 "რეალის" სასარგებლოდ.
იქ, სადაც უნდა წაეგო
მწვრთნელი მწვრთნელად, მაგრამ ფეხბურთს 11 კაცი თამაშობს და მათ შორის მწვრთნელი არ არის, მთელი სიმძიმე მაინც ფეხბურთელებზე გადადის. ვნახოთ, როგორ ფორმაში ხვდებიან გუნდები ახალ სეზონს...
ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ "ბარსელონამ" სეზონი მძიმედ უნდა დაიწყოს. მიზეზი? მუნდიალი! ესპანეთის ნაკრები ხომ ფაქტობრივად "ბარსელონას" დამატებული კასილიასი და სერხიო რამოსი იყო. ეს ხალხი კი რობოტები არ არიან, დაიღალნენ, გამოიფიტნენ. "ბარსელონამ" მხოლოდ ერთი კვირის წინ შეძლო პირველად თამაში ოპტიმალური შემადგენლობით და... საოცრად ითამაშა, თითქოს არც მუნდიალი ყოფილა და ეს ბიჭებიც კარიერაში პირველი ტიტულისთვის იბრძოდნენ, მოკლედ, "სევილიას" 4:0 გადაურბინეს. "ბარსელონას" გამართულ თამაშში ლოგიკური არაფერია ერთის გარდა... გუნდი უნიკალური, სუპერვარსკვლავებით არის დაკომპლექტებული და მათზე ადამიანური კანონები ნაკლებად ვრცელდება.
რას აკეთებს "რეალი" ამ დროს? ჟოზე ამბობს, რომ ტაქტიკური სქემების სამი ვარიანტი მოსინჯა და მერტოქის მიხედვით გამოიყენებს მათ. პორტუგალიელი ამტკიცებს, რომ მისი გუნდი ჯერ საუცხოო ფეხბურთს ვერ თამაშობს, მაგრამ ბიჭებს მოგება შიათო... ასე რომ, იქ სადაც უნდა წაეგო, "ბარსამ" გაათანაბრა - 2:2.
ვინ, ვის? - ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს და ეს კარგიცაა, ჩემპიონატში ყველაფერს უნდა ველოდოთ (ბუნებრივია, მხოლოდ ამ ორი გუნდის საჩემპიონო დაპირისპირებას ვვარაუდობთ), ძალიან ბევრს გადაწყვეტს უშუალო დაპირისპირება (როგორც შარშან), ორი "კლასიკო". მოკლედ, ტელეეკრანებთან მოვეწყოთ და დაელოდოთ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგის - პრიმერა დივიზიონის სტარტს, ის მრავალ სანახაობას გვპირდება...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი ლელო