დიახ, "ბარსა" იაპონიაშია და კვირას გასამართი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალისთვის ემზადება, უფრო მეტად კი წვივ-მოტეხილ დავიდ ვილიას დარდობს. "ბარსამ" ამ ტურის მატჩი ნაადრევად ითამაშა და "რაიო ვალეკანო" 4:0 დაამარცხა. კლასიკოზე დამარცხებულ "რეალს" კი სერიოზული გამოცდა ელის, დღეს "სამეფო კლუბი" სევილიაში ჩადის. პირველი ადგილის დასაბრუნებულად "სანჩეს პისხუანზე" ქულა მაინც უნდა მოიპოვოს.
"რეალს", მის თავკაც ჟოზე მოურინიოს კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა
პირველ შემთხვევაში ქარიმ ბენზემას პასით ჩინებულ დასარტყამ პოზიციაზე გავიდა პორტუგალიელი, მის მარჯვნივ სულაც მარტო იდგა ანხელ დი მარია, მაგრამ რონალდოს არც პასზე უფიქრია და ვერც ხეირიანად დაარტყა. ზუსტად 5 წუთში ლეო მესის გენიალური პასით ალექსის სანჩესმა ანგარიში გაათანაბრა. არავინ იცის, რა მოხდებოდა 2:0-ის მერე.
მე-2 ტაიმში კრიშტიანოს შეეძლო ჩარხის ისევ სარეალოდ შემოტრიალება, საჭირო იყო ხუთიოდე მეტრიდან კარში თავით ზუსტი დარტყმა, მაგრამ მან ისევ ააცილა. ახლა "ბარსას" პასუხი მყისიერი იყო - რამდენიმე წამის შემდეგ სესკ ფაბრეგასმა მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა.
მიუხედავად ამისა, ყველაფრის რონალდოსთვის დაბრალება არ შეიძლება და მას დამცველებიც გამოუჩნდნენ, მათ შორის "რეალის" დირექტორი მიგელ პარდესაა, რომელმაც 26 წლის კრიშტიანოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა. ხოლო ლუიშ ფიგომ თქვა, რომ კრიშტიანოს კრიტიკოსებს ფეხბურთი საერთოდ არ ესმითო.
სხვათა შორის, კლასიკოს შემდეგ რონალდომ გატანაც მოასწრო - 10 კაცით მოთამაშე "რეალმა" (რაულ ალბიოლი გააძევეს) სტუმრად 2:0 მოუგო "პონფერადინას" და "სამეფო კლუბის" მეორე გოლი სწორედ კრიშტიანომ გაიტანა. ბუნებრივია, თასზე სუსტ "პონფერადინასთან" თავის გამოჩენა ვერაა სრულფასოვანი გამოსყიდვა. ამისთვის საჭიროა, რონალდომ "სევილიასთან" გაიბრწყინოს. ჰო მართლა, კინაღამ დაგვავიწყდა - ამ ტურით ესპანეთის ჩემპიონატი ზამთრის პაუზაზე გადის, რომელიც 8 იანვრამდე გრძელდება.
"რეალს" ტრავმის გამო ერთადერთი ფეხბურთელი აკლია - რიკარდო კარვალიო, სხვები მწყობრში არიან, "სევილიასთან" მატჩისთვის ის 8 ფეხბურთელიც დაბრუნდება, რომლებიც ჟოზე მოურინიომ სათასო მატჩში დაასვენა. ბოლო ვარჯიშები გააცდინა ანხელ დი მარიამ, არგენტინელს სიმამრი მოუკვდა. ითამაშებს თუ არა, დი მარია ჯერ ცნობილი არაა. "სევილიას" გარემარბი დიეგო პეროტი კვლავ ტრავმირებულია. მარსელინო ალბათ იმ შემადგენლობას ათამაშებს, რომელმაც წინა ტურში ვალენსიაში "ლევანტესთან" წააგო 0:1.
ამ ორი გუნდის ბოლო დაპირისპირება სევილიაში ძალზე თვალსასეირო გამოდგა, თუმცა ყველაფერი მასპინძელთათვის ცუდად დასრულდა - 2:6. წლეულს "სევილიას" ძალიან უჭირს გოლების გატანა: ანდალუსიელებმა მხოლოდ 16-ჯერ შეარხიეს მეტოქეთა კარის ბადე, როცა "რეალმა" ეს 50-ჯერ შეძლო. კრიშტიანო რონალდომ უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე მთელმა "სევილიამ"! სამაგიეროდ, მარსელინომ დაცვა დაალაგა (ადრე ეს ხაზი უფრო იყო "სევილიას" პრობლემა) - გუნდმა მხოლოდ 11 ბურთი გაუშვა, ორით ნაკლები, ვიდრე "სამეფო კლუბმა".
სავარაუდო შემადგენლობები
სევილია: ვარასი - კოკე, სპაჰიჩი, ფასიო, ნავარო - მედელი - ხესუს ნავასი, რაკიტიჩი, ტროხოვსკი, დელ მორალი - ნეგრედო.
რეალი: კასილიასი - დიარა, სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო - ხედირა, შაჰინი - დი მარია, იოზილი, რონალდო - იგუაინი.
* * *
"სევილია"-"რეალი" ამ ტურის მთავარი თამაშია, თუმცა კიდევ რამდენიმეს აღნიშნვნა შეიძლება. ვინ დაასრულებს წელიწადს მესამე ადგილზე? კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად ამის შანსი "ლევანტეს" აქვს, რომელიც მხოლოდ ქულით ჩამორჩება თანაქალაქელ "ვალენსიას".
უნაი ემერის გუნდს რთული საშინაო მატჩი აქვს შინ "მალაგასთან", ხოლო "ლევანტე" ერთ-ერთ აუტსაიდერ "გრანადას" სტუმრობს. კიდევ ერთ საინტერესო დაპირისპირებას შემოგთავაზებთ - ხვალ ნაშუადღევს "ატლეტიკო" "ბეტისს" უმასპინძლებს და არა გვგონია, მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში, გრეგორიო მანსანო კვლავ ვიხილოთ ახალი წლიდან მადრიდული კლუბის მესაჭის სკამზე.
ესპანეთი. ლა ლიგა. XVI ტური
დღეს
სპორტინგი-ესპანიოლი 21:00
ტრავმა: ლორა (?), ნაჩო კასესი (?), სანგოი (?) - ალბინი, პანდიანი, მატიონი, მარკესი, ლოპესი (?)
დისკვალიფიკაცია: ფორლინი (ესპ)
მალიორკა-ხეტაფე 21:00
ტრავმა: ლაკრუსი, ნუნიეში - პედრო ლეონი, უსტარი
დისკვალიფიკაცია: მიჩელი, კასტრო, ვალერა (ხეტ)
ბილბაო-სარაგოსა 23:00
ტრავმა: კასტილიო, მარტინესი, გურპეგი, ოსიო, ლორენტე (?) - ბრაულიო, სილვა, ფრანკო, რუბენ მიკაელი, მეირა (?)
სევილია-რეალი 01:00
ტრავმა: პეროტი - რიკარდო კარვალიო
ხვალ
ატლეტიკო-ბეტისი 15:00
ტრავმა: კოშტა, სილვიო (?) - სევილია, ჩიკა, ვადილიო, მონტერო
გრანადა-ლევანტე 19:00
ტრავმა: ლუსენა, მაინსი, იებდა, მარტინში - დელ ორნო, ფარინოსი (?)
ოსასუნა-ვილიარეალი 21:00
ტრავმა: მასუდი, ეჩაიდე, ბერტრანი (?), რუბენი (?) - კატალა, როსი
რასინგი-რეალ სოსიედადი 22:45
ტრავმა: ფრანსისი, სამპერიო, კენედი, მარიო (?) - ბერგარა, ილარამენდი
დისკვალიფიკაცია: ელუსტონდო (სოს)
ვალენსია-მალაგა 00:30
ტრავმა: მადურო, მიგელი, კანალესი - ბაპტიშტა, ელიზეუ (?), მარესკა (?)
დისკვალიფიკაცია: კოსტა (ვალ)
შენიშვნა: ? ნიშნით ფეხბურთელის თამაში საეჭვოა.
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 16 11 4 1 50-8 37
2. რეალი 15 12 1 2 50-13 37
3. ვალენსია 15 9 3 3 24-16 30
4. ლევანტე 15 9 2 4 24-17 29
5. სევილია 15 6 6 3 16-11 24
6. მალაგა 15 7 3 5 20-20 24
7. ოსასუნა 15 5 7 3 19-27 22
8. ესპანიოლი 15 6 2 7 15-19 20
9. ბილბაო 15 4 7 4 21-18 19
10. ატლეტიკო 15 5 4 6 23-25 19
11. მალიორკა 15 4 6 5 14-20 18
12. სოსიედადი 15 4 4 7 16-23 16
13. ბეტისი 15 5 1 9 15-22 16
14. ბეტისი 15 4 4 7 15-22 16
15. გრანადა 15 4 4 7 8-15 16
16. ვალეკანო 16 4 4 8 17-25 16
17. ვილიარეალი 15 3 6 6 12-21 15
18. სპორტინგი 15 4 3 8 15-25 15
19. რასინგი 15 2 7 6 11-21 13
20. სარაგოსა 15 2 4 9 12-29 10
ბომბარდირები
17 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა); 12 - გონსალო იგუაინი (რეალი); 9 - რობერტო სოლდადო (ვალენსია), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 8 - ქარიმ ბენზემა (რეალი), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"