მოურინიო კალეხონზე დიდ ფსონს ჩამოდის

AutoSharing Option
ესპანეთის სამეფო თასის 1/16 ფინალის საპასუხო მატჩების უმეტესობა წუხელ გაიმართა, თუმცა წინა დღით 4 მერვედფინალისტის ვინაობა შევიტყვეთ. რეალური ბრძოლა მხოლოდ ერთ წყვილში მიმდინარეობდა, სადაც პრიმერა დივიზიონის ორი წარმომადგენელი დაეჯახა ერთმანეთს. თუმცა მანამდე "სამეფო კლუბის" გავარჯიშებაზე ვთქვათ...

28 წლის აკორან ბარერას არასოდეს დაავიწყდება ის დღე, როცა მან "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალს" გაუტანა. მართალია, "პონფერადინას" გარემარბის გოლი ერთადერთი იყო "რეალთან" ორ-მატჩიან დაპირისპირებაში მისი გუნდისთვის (მადრიდელთა 7-ის საპირისპიროდ), მაგრამ, აბა, სხვას რას ელოდით? ლეონური კლუბი სეგუნდა ბ დივიზიონის (ანუ იერარქიით მესამე ლიგა) მე-2 ჯგუფში
თამაშობს. ეს გუნდი შარშან გავარდა სეგუნდა დივიზიონიდან, სადაც ასპარეზობა (2 სეზონი) მისი ყველაზე დიდი მიღწევაა.

მართალია, ჟოზე მოურინიომ შერეული შემადგენლობა გამოიყვანა, მაგრამ გუნდი საქმეს სერიოზულად მიუდგა, ეს საბოლოო შედეგსაც (5:1) ეტყობა. ბრწყინვალედ ითამაშეს "რეალის" ახალწვეულებმა, ზაფხულში შემატებულმა ხოსე კოლეხონმა, ნური შაჰინმა და რაფაელ ვარანმა. თურქმა, როგორც იქნა, ის თამაში აჩვენა, რასაც მისგან მადრიდში ელიან და "ლოს ბლანკოსის" მაისურით პირველი ოფიციალური გოლიც გაიტანა, მცველმა ვარანმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და ძირითადში დამკვიდრების სერიოზული განაცხადი გააკეთა, მაგრამ ყველაზე კარგად კალეხონმა ითამაშა, "ესპანიოლის" ყოფილი გარემარბი თამაშის სტილით ძალიან მოსწონს მოურინიოს. ახლა პორტუგალიელი ახალი ვარსკვლავის "გამოჩორკნით" არის დაკავებული და, ვფიქრობთ, ეს საქმე ურიგოდ არ გამოსდის. ქარზე უსწრაფესი კალეხონი ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს.

"ვიმედოვნებდი და ველოდი, რომ ის გაიბრწყინებდა და კალეხონმაც არ დამაღალატა. ძალიან მომწონს მისი თამაშის სტილი და გუნდური სულისკვეთება", - განაცხადა მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ, რომელმაც რამდენიმე ვარსვკლავს, მათ შორის, კრიშტიანო რონალდოს, დასვენების საშუალება მისცა. "რეალში" დებიუტი ჰქონდა 22 წლის მარცხენა მცველ ხოსე კასადოს, ის სასტარტო შემადგენლობაში იყო.

"რეალმა" შემდეგი ეტაპის საკითხი ჯერ კიდევ პირველ მატჩში გადაწყვიტა, რომელიც კალეხონისა და რონალდოს გოლებით 2:0 მოიგო. საპასუხო მატჩში კი 25-ე წუთზე გახსნა ანგარიში, მესუთ იოზილმა კალეხონი მოძებნა და ესპანელმაც მეტოქის კარის მარცხენა დაბალი კუთხე დალაშქრა. მეორე გოლშიც იოზილს მიუძღვის წვლილი - 45-ე წუთზე მის მოწოდებულ კუთხურს შეწვდა თავით შაჰინი.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 4 წუთი იყო გასული, როცა ესტებან გრანეროს საჯარიმო დარტყმა მეკარე კინტანამ მოიგერია, მაგრამ ვარანის დამატებულს ვეღარაფერი მოუხერხა. მალე კი ის ისტორიული გოლიც გავიდა, აკორანი მარჯვნიდან შეიჭრა საჯარიმოში და ადანს ცაციათი დაბალ კუთხეში გაუტანა. ამის შემდეგ კიდევ ორი გოლი გავიდა: იოზილი-კალეხონის კომბინაცია შეცვლაზე შემოსულმა ხოსელუმ დააგვირგვინა, შემდეგ კი კალეხონმა დუბლი შეასრულა. "რეალი" დამსახურებულ არდადეგებზე გავიდა. ჟოზე მოურინიომ გუნდი 29 დეკემბრამდე შვებულებაში გაუშვა.

პრიმერელთა დუელში "მალიორკამ" "სპორტინგი" გამოაგდო. ეს არ იქნებოდა სენსაცია, რომ არა პირველი მატჩის შედეგი. ბალეარებზე ასტურიელებმა 1:0 მოიგეს და საპასუხო მატჩში მე-2 შემადგენლობის დაყენება გადაწყვიტეს და... დაისაჯნენ. არადა, თამაშით "სპორტინგი" სჯობდა მეტოქეს, მაგრამ, როგორც ბოლო ტურში, იღბალმა ამჯერადაც ზურგი შეაქცია მანუელ პრესიადოს გუნდს. მე-18 წუთზე 20 წლის ალექს მენენდესმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, ხოლო როცა "სპორტინგმა" თითქოს მოამწიფა საპასუხო გოლი, სტუმარმა ემილიო ნსუემ კონტრშეტევაზე გაიტანა - 0:2 და მერვედფინალში ბალეარელები გავიდნენ.

"ესპანიოლის" არგენტინელმა თავკაცმა მაურისიო პოჩეტინიომ "სელტას" საბრძოლო შემადგენლობა გამოუყვანა. ჯერ ერთი ვიგოელებს კარგი გუნდი ჰყავთ, რომლის მიზანი პრიმერაში დაბრუნებაა, მეორეც, პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა. თუმცა საპასუხოში კატალონიელებს მაინც არ შეექმნა პრობლემები. "სელტას" ძალიან ტექნიკურმა ფორვარდმა დავიდ როდრიგესმა დუბლი კი შეასრულა, მაგრამ 0:0-ზე 100%-იანი შანსი რომ გამოეყენებინა, ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა მატჩი. ისე კი სლოვაკმა ვლადიმირ ვეისმა, ალვარო ვასკესმა და სერხიო გარსიამ თითო გოლი მიითვალეს, ერთიც ავტოგოლი გავიდა და საბოლოოდ "ესპანიოლი" მერვედფინალშია - 4:2.

გაგიკვირდებათ და, მარსელინო ტორალმა მესამე დივიზიონში მოთამაშე "სან როკეს" თითქმის საბრძოლო შემადგენლობა გამოუყვანა.

კიდევ უფრო გაგიკვირდებათ და, "სევილია" ვერაფერს უხერხებდა მეტოქეს, სანამ მოედანზე ფრედერიკ კანუტე არ გამოჩნდა. თუმცა ამ ყველაფერს ერთი ახსნა აქვს, "სან როკე" ანდალუსიური კლუბია, ისევე როგორც "სევილია". მოკლედ, მალელმა ფორვარდმა ერთპიროვნულად გადაწყვიტა ამ მატჩის ბედი, წყვილში გამარჯვებულის პროგნოზირება კი უკვე პირველი შეხვედრის შემდეგ შეიძლებოდა - 2:1 (3:1 ჯამში).

კოპა დელ რეი. 1/16 ფინალი. საპასუხო მატჩები
რეალი-პონფერადინა 5:1 (2:0)
რეალი (4-2-3-1): ადანი (82. პაჩეკო) - ალთინტოპი, პეპე, ვარანი, კასადო (70. ნაჩო) - ხედირა, შაჰინი - კალეხონი, იოზილი, გრანერო - ბენზემა (77. ხოსელუ).
გოლები: 1:0 კალეხონი (25), 2:0 შაჰინი (45), 3:0 ვარანი (49), 3:1 აკორანი (54), 4:1 ხოსელუ (78), 5:1 კალეხონი (88)

სპორტინგი-მალიორკა 0:2 (1:0)
სპორტინგი (4-2-3-1): კუელიარი - ლორა, ბოტია, გალვესი, მენენდესი - ს. ალვარესი, ეგურენი (60. ნაჩო კასესი) - მორანი (57. ბარალი), კარმელო, აიოსე (71. დე ლას კუევასი) - ბილიჩი.
მალიორკა (4-2-3-1): კალატაიუდი - ზუიველროონი (89. სასტრე), კრესპი, რამისი, ბიგასი (68. კასერესი) - ჟოაო ვიქტორი, მარტი - ტეხერა (81. სენდროსი), ალფარო, ნსუე - ჰემედი.
გოლები: 0:1 მენენდესი (18 ს.კ.), 0:2 ნსუე (69)

ესპანიოლი-სელტა 4:2 (0:0)
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ამატი, რ. როდრიგესი, კანალი, დიდაკ ვილა - ფორლინი, რომარიკი (81. კ. გომესი) - ს. გარსია (72. რუი ფონტე), ვერდიუ, ვეისი (57. დატოლო) - ა. ვასკესი.
გოლები: 1:0 ვეისი (30), 2:0 ვასკესი (48), 3:0 მალო (57 ს.კ.), 3:1 დ. როდრიგესი (62), 4:1 ს. გარსია (67), 4:2 დ. როდრიგესი (92)

სევილია-სან როკე 2:1 (1:0)
სევილია (4-2-3-1): ვარასი - კოკე, კასერესი, ესკუდე, ლუნა - მედელი, კამპანია - ხესუს ნავასი, რაკიტიჩი (69. დელ მორალი), არმენტეროსი - ნეგრედო (46. კანუტე).
გოლები: 1:0 კანუტე (52-პენ), 2:0 კანუტე (60), 2:1 ადრი (79)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული