მოწამლული თასი

AutoSharing Option
ესპანეთის თასის 1/16 ბატალიებს ასეთი აჟიოტაჟი გამოეწვიოს, არ გვახსოვს. ოთხშაბათს საღამოს გაფორმდა პრიმერელთა და მათი მწვრთნელების სრული კატასტროფა - ლაპარაკია, "ატლეტიკოზე", "ვილიარეალზე" და "სარაგოსაზე".

სენსაციები მხოლოდ ამით არ ამოწურულა - იყო მძიმე ტრავმები, ენით აუწერელი მსაჯობა, 4 და 7-გოლიანი თრილერები და მრავალი სხვა. ამიტომ გირჩევთ მიმოხილვა მთლიანად წაიკითხოთ...

ალბასეტე-ატლეტიკო 0:1 (1:2)
ატლეტიკო (4-3-3): ასენხო - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - გაბი (63. სალვიო), ასუნსაო, კოკე - ადრიან ლოპესი, ფალკაო, დიეგო (46. პიცი).
გოლი: 0:1 კურტო (20)

გრეგორიო მანსანოს მადრიდული კარიერა
მესამე დივიზიონის (სეგუნდა ბ) "ალბასეტეს" კართან დაიმსხვრა, რომელსაც ერთდროულად სამი ისეთი ფორვარდი უტევდა, რომელთა ჯამური სატრანსფერო ფასი (რადამელ ფალკაო, ადრიან ლოპესი, დიეგო) არა მარტო კლუბს, არამედ ქალაქ ალბასეტესაც იყიდის და გაყიდის. უტევდა, მაგრამ ლამანჩელებს ვერაფერი დააკლო.

პირველ შეხვედრაში "ატლეტიკომ" 1:2 დათმო და ვფიქრობთ, მაშინ გადაწყდა მანსანოს ბედ-იღბალიც, მაგრამ "ვისენტე კალდერონზე" ასეთ კატასტროფას მაინც არავინ ელოდა, ლა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდი კოპას 1/16 ფინალში დაემშვიდობა, წააგო ორივე მატჩი და თანაც ვისთან!

წყალი არ გაუვა, მანსანოსგან გამოთავისუფლებულ სკამს არგენტინელი დიეგო "ჩოლო" სიმეონე შეავსებს, რომელთანაც "ატლეტიკოს" შეფობა ბოლო კვირებში საიდუმლო მოლაპარაკებას აწარმოებდა.

"ატლეტიკო" მოედანზე მესამე დივიზიონის გუნდის დასასჯელად გამოვიდა, მაგრამ საშინლად არ გაუმართლა - მე-20 წამზე "ალბასეტეს" 29 წლის ფორვარდმა ვიქტორ კურტომ სერხიო ასენხოს კარი დალაშქრა. რა მოემოქმედებინა ასეთ სიტუაციაში, მანსანოს გუნდმა უბრალოდ არ იცოდა. ხანდახან, ასეთ შემთხვევაში მწვრთნელებს ახასიათებთ ჰარაკირის ჩატარება - ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს, რომელთა აზრიც არავის ესმის და ღუპავს გუნდს. მანსანომ შესვენებაზე დიეგო შეცვალა და მისი გუნდიც ნაწილებად დაიშალა. თამაშის შემდეგ მანსანომ აღიარა: "განადგურებული ვარ, ჩვენ ჯურღმულში დავეშვით".

ვილიარეალი-მირანდესი 0:2 (1:1)
ვილიარეალი (4-4-2): სესარი - ა. ლოპესი (62. დე გუზმანი), საპატა, მუსაჩიო, ორიოლი - ბ. ვალერო, სენა (61. კამუნიასი), ბრუნო, კანი - მ. რუბენი, ნილმარი (69. ხოსელუ).
გოლები: 0:1 ინფანტე (60), 0:2 ინფანტე (87)
გაძევება: მუსაჩიო (90)

განა ნაკლები კატასტროფა მოუვიდა "ვილიარეალსა" და მის მწვრთნელ ხუან კარლოს გარიდოს? "მირანდესიც" მე-3 დივიზიონის გუნდია, მაგრამ "ვილიარეალი" სტუმრად 2:0 დაამარცხა! ამ თამაშში ვალენსიელთა დაცვამ გვანახა თუ როგორ შეიძლება ყოველ ახალ სიტუაციაში წინაზე უარესად თამაში. არგენტინელი მატეო მუსაჩიო სულაც გააძევეს. მე-2 ტაიმში შეცვლაზე შესულმა პაბლო ინფანტემ დუბლი შეასრულა მასპინძელთა კარში და "მირანდესი" მერვედფინალში გაიყვანა.

შემდეგ ყველაფერი სახელდახელოდ მოხდა - გუნდის ხელმძღვანელობამ ხუან კარლოს გარიდო, რომელსაც კონტრაქტი 2014 წლამდე ჰქონდა, თანამდებობიდან მოხსნა. გარიდოს ოფიციალური მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისთვის, უსურვეს წარმატება საქმიანობაში და კარზე მიუთითეს. ვინ იქნება მისი შემცვლელი, არ დაუსახელებიათ, თუმცა, ამბობენ, ხუანდე რამოსი ფავორიტია კანდიდატებს შორისო.

ოსასუნა-ალმერია 1:1 (3:1)
ოსასუნა (4-2-3-1): რიესგო - დამია, ლოლო, სერხიო, რაიტალა - პუნიალი (83. სატრუსტეგი), ტიმორი - სეხუდო, ანუნსიატა (52. რ. ტორესი), კალეხა (64. ლამა) - ლეკიჩი.
გოლები: 1:0 ლამა (79), 1:1 გოიტომი (85)

ამ დაპირისპირების ბედი პირველ შეხვედრაში გადაწყდა, "ალმერიას" არ შეეძლო შინ წაგებული 1:3-ის იმ სტადიონზე შემოტრიალება, სადაც გამარჯვება "ბარსელონას" და "რეალსაც" კი უჭირს. თამაში შეცვლაზე შესულმა ბელგიელმა როლან ლამამ გამოაცოცხლა, როცა ანგარიში გახსნა, "ალმერიამ" შვედი ჰენოკ გოიტომის თავურით უპასუხა. "რეინო დე ნავარა" გულთბილად შეხვდა "ალმერიას" ნახევარმცველ ფერნანდო სორიანოს, რომელიც შარშან "ოსასუნაში" თამაშობდა.

სარაგოსა-ალკორკონი 0:2 (1:1)
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - სუკულინი, ლანსარო, პარედესი, აბრაჰამი - ა. ტომასი (70. კევინი), პონსიო - ე. ორიოლი, ლუის გარსია, ლაფიტა (46. ხუან კარლოსი) - პოშტიგა (46. ორტი).
გოლები: 0:1 რიერა (86), 0:2 ქუინი (89)

"ალკორკონმა" მანუელ პელეგრინის დროინდელი "რეალი" შეიწირა თასზე (თანაც როგორ!), თუმცა სეგუნდა დივიზიონის სუსტი გუნდისგან სტუმრად 2:0 მოგებას მაინც არ ელოდა ბევრი. პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, მეორე იწურებოდა და 0:0 იყო. ასეთ შემთხვევაში პრიმერა დივიზიონის "სარაგოსა" გადიოდა, მაგრამ ორიოლ რიერამ და ქუინიმ ორი უპასუხო გოლი გაიტანეს ბოლო ხუთ წუთში არაგონელთა კარში. "სარაგოსა" გავარდა, რა ბედი ელის ხავიერ აგირეს? ჯერჯერობით არაფერი ისმის, თუმცა არ გაგიკვირდეთ, რომ მან მანსანოს და გარიდოს ბედი გაიზიაროს.

ბეტისი-კორდობა 2:1 (0:1)
ბეტისი (4-4-2): ფაბრისიო (29. გოიტია) - ნელსონი (75. სანტა კრუსი), ამაია (21. ირინეი), დორადო, ა. მარტინესი - პოსუელო, კანიასი, ბენატი, მონტერო - რ. კასტრო, მოლინა.
გოლები: 0:1 ბორხა (17), 1:1 მოლინა (33), 2:1 მოლინა (54)
გაძევება: სერა (88. კორდობა)

პრიმერას კიდევ ერთი გუნდი გავარდა, თუმცა აქ ერთი მომენტიცაა - "ბეტისის" მწვრთნელმა პეპე მელმა განაცხადა, რომ მთელი ყურადღება ჩემპიონატზე აქვს გადატანილი, თუმცა რანგით დაბალ გუნდთან მარცხი (თუნდაც ორი მატჩის ჯამში სტუმრად გატანილი გოლის გამო) მაინც ცუდია. მე-17 წუთზე პეპე დიასის პასით ბორხამ გაიტანა. ამის შემდეგ ხორხე მოლინამ დუბლი შეასრულა, მაგრამ ბრძოლას "კორდობა" აგრძელებს.

ლევანტე-დეპორტივო 3:1 (1:3, 1:0 დ.დ.)
ლევანტე (4-2-3-1): კ. ნავასი - პ. ლოპესი, ბალესტეროსი, კაბრალი, ვენტა (77. იგონი) - პალიარდო (55. ხუანლუ), იბორა - ელ ჟარი, ბარკერო, რ. სუარესი - კონე.
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - სეოანე, აიტამი, როჩელა, მ. პაბლო (12. აიოსე) - ბორხა, ხ. ვასკესი - საული, პ. ალვარესი, სალომაო (82. ხუან კარლოსი) - ბოდიპო (62. ლასადი).
გოლები: 1:0 ელ ჟარი (13), 1:1 ალვარესი (23-პენ), 2:1 ბალესტეროსი (37), 3:1 სუარესი (79), 4:1 კონე (100)
გაძევება: საული (35), ბორხა (58)

როგორც შეამჩნევდით, ჩვენ მხოლოდ ერთადერთი გამონაკლისი დავუშვით და არაელიტელთაგან "დეპორტივოს" შემადგენლობაც შემოგთავაზეთ. გარდა იმისა, რომ ლა კორინიული გუნდი საქვეყნოდ ცნობილია, მას კარგი შანსი ჰქონდა შემდეგ ეტაპზე გასვლის, პირველი მატჩი 3:1 მოიგო "რიასორზე". მაგრამ "ლევანტემ" კიდევ ერთხელ სასიამოვნოდ გაგვაოცა.

თუკი ვალენსიელებმა დიდებულად შემოატრიალეს დაპირისპირების ბედის ჩარხი, რეფერი პარადას რომერომ თავი შეირცხვინა - თამაშის სადავეები ხელიდან გაუშვა, სტუმარი საული კი ტყუილუბრალოდ გააძევა.

მაროკოელმა ჰაბილ ელ ჟარმა მალევე გახსნა ანგარიში, მაგრამ იმ დღეს ბრწყინვალედ მოთამაშე პაბლო ალვარესმა 10 წუთში გაათანაბრა. რომ არა საულის გაგდება, უკვე პირველ ტაიმში, დაპირისპირება სულ სხვანაირი იქნებოდა, ახლა კი "ლევანტეს" შანსი მიეცა და მათმა ლიდერმა და კაპიტანმა სერხიო ბალესტეროსმაც თანაგუნდელებს მაგალითი მისცა, ვეტერანმა მცველმა დააწინაურა "ლევანტე". მეორე ტაიმში რუბენ სუარესმაც გაიტანა, ხოლო "დეპორმა" (ისევ ალვარესი) ბოლო წუთზე პენალტი გააცუდა! დამატებით დროში არუნა კონემ "ლევანტეს" მერვედფინალის საგზური მოუტანა.

და მაინც, "ლევანტეს" ძალზე ძვირი დაუჯდა გამარჯვება - მათი ნახევარდაცვის ლიდერმა ხუანლუ გომესმა გალისიელ ბორხასთან ორთაბრძოლაში ფეხი მოიტეხა და პარასკევს ოპერაცია ელის.

რაიო ვალეკანო-რასინგი 4:3 (2:3)
რაიო ვალეკანო (4-4-2): დანი - არიბასი, ხორდი, კასადო - დელიბაშიჩი (60. რაიკო), ტრაშორასი, მიჩელი (56. ბენიტო), პიტი - ტამუდო, მიჩუ.
რასინგი (4-4-1-1): მ. ფერნანდესი - ბარიო, ტორეხონი, ოსმარი, კრისტიანი - კენედი (46. სტუანი), დიოპი, ციოლისი (69. ნაუელპანი), სერანო - ბედია - აკოსტა (85. პიკონი).
გოლები: 0:1 ციოლისი (7), 1:1 ტორეხონი (33 ს.კ.), 2:1 მიჩუ (36), 3:1 დელიბაშიჩი (40), 3:2 სტუანი (52), 4:2 ტამუდო (61), 4:3 სტუანი (73-პენ).

პრიმერას გუნდებმა "ტერესა რივეროზე" ნაღდი თრილერი შემოგვთავაზეს და დასანანია, რომ ყველაფერი სულელურმა პენალტმა გადაწყვიტა. ურუგვაელი კრისტიან სტუანის დარტყმის შემდეგ "რასინგმა" "რაიო ვალეკანოსთან" 3:4 წააგო, მაგრამ შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა, სტუმრად მეტი გატანილი გოლის წყალობით.

მალაგა-ხეტაფე 2:2 (1:0)
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - ს. სანჩესი, დემიკელისი, ველიგტონი, ელიზეუ - ტულალანი, აპონიო (80. ბუონანოტე) - ხოაკინი, სება ფერნანდესი, ისკო (54. კასორლა) - ვან ნისტელროი (74. რონდონი).
ხეტაფე (4-4-2): კოდინა - ვალერა, კატა დიასი, ლოპო, მანე - რიოსი, მიჩელი, ლასენი, ბარადა - კოლუნგა (79. რ. პერესი), მიკუ (61. გუისა).
გოლები: 1:0 ვან ნისტელროი (45), 1:1 კაბალიერო (51 ს.კ.), 1:2 მანე (79), 2:2 ბუონანოტე (86)
გაძევება: ველიგტონი (76)

ოთხი გოლი, გაძევება, არეული რეფერი კლოს გომესი და სულ ბოლოს გადარჩენილი "მალაგა" - ასეთი იყო დაპირისპირება "ლა როსალედაზე". არადა, პირველი მატჩის შემდეგ ბევრს ყველაფერი გადაწყვეტილი ეგონა, მაგრამ "ხეტაფე" ბედს არ შეეგუა. სტუმრებზე არც ვან ნისტელროის გოლმა იმოქმედა, ორი გაიტანა (ერთი შესანიშნავი ავტოგოლი მასპინძელთა მეკარის შესრულებით) და რომ არა დიეგო ბუონანოტე, მერვედფინალის საგზური მადრიდელებს დარჩებოდათ. ეს კი მანუელ პელეგრინის სკამს საგრძნობლად შეურყევდა.

გრანადა-რეალ სოსიედადი 2:1 (1:4)
გრანადა (4-4-2): რობერტო - ნიომი, ი. ლოპესი, დიახატე, სიკეირა - ხაიმე (55. აბელი), მ. რიკო (84. ხარა), ფ. რიკო, ბენიტესი - ხეიხო, იგჰალო.
რეალ სოსიედადი (4-1-4-1): ზუბიკარაი - ესტრადა, ანსოტეგი, ი. მარტინესი, კადამურო - დემიდოვი - ჩაბი პრიეტო, პარდო (81. ზურუტუზა), მარიგა, დე ლა ბელა (72. ხ. ლორენტე) - იფრანი (68. აგირეჩე).
გოლები: 1:0 სიკეირა (19), 2:0 ხეიხო (66), 2:1 აგირეჩე (83)

"ანოეტაზე" გამანადგურებელი მარცხის მიუხედავად, "გრანადამ" ბოლომდე იბრძოლა, სტუმრებმა კი დაცვითი ტაქტიკა აირჩიეს. თამაშის დასრულებამდე 25 წუთი კიდევ იყო, როცა "გრანადა" 2:0-ს იგებდა და შანსი კიდევ იყო, თუმცა ბასკი იმანოლ აგირეჩეს გოლმა ანდალუსიელთა გარჯას ხაზი გადაუსვა.

ბილბაო-ოვიედო 1:0 (1:0)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ხ. მარტინესი, ამორებიეტა, აურთენეჩე - იტურასპე, ი. პერესი (47. სან ხოსე) - სუსაეტა (56. ი. გომესი), ანდერი (88. დ. ლოპესი), მუნიაინი - ტოკერო.
გოლი: 1:0 ანდერი (73)

"ბილბაო" ყოველთვის სერიოზულად უდგება სათასო ბატალიებს. ახლაც კი, როცა მეტოქე "ოვიედო" იყო და პირველი მატჩი ბასკებს მოგებული ჰქონდათ... მართალია, ერთადერთი გოლი ანდერ ერერამ გაიტანა, მასპინძელთა შემადგენლობიდან იკერ მუნიაინს გამოვარჩევთ, ეს 19 წლის ბიჭი უკვე აშკარა ლიდერია გუნდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული