დიეგოს დაბრუნება

AutoSharing Option
გუშინ მადრიდის "ატლეტიკომ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - არც თუ კარგად დავიწყებული ძველი, დიეგო სიმეონე.

გრეგორიო მანსანოს ხელში "ატლეტიკომ" ყველა ფრონტზე წაიფორხილა, ლა ლიგაში გუნდი 19 ქულით მხოლოდ მე-10 ადგილზეა და საეჭვოა, შეძლოს ევროთასების საგზურისთვის ბრძოლა. ამიტომაც მე-3 დივიზიონის "ალბასეტეესთYან" სამარცხვინო მარცხი ბოლო წვეთი იყო მოთმინების ფიალაში და 55 წლის ესპანელ სპეციალისტს კარზე მიუთითეს, 41 წლის არგენტინელს კი დაუძახეს.

"ატლეტიკოს" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, სიმეონეს პრეზენტაცია 27 დეკემბერს "ვისენტე კალდერონის" ვიპ-
დარბაზში გაიმართება. სიმეონე "ატლეტიკოს" ნახევარმცველი იყო 1994-1997 და 2003-2005 წლებში, ის ნაღდი "როხიბლანკოა" და მადრიდული კლუბის სამზარეულო იცის.

სიმეონე ახლა უკვე მწვრთნელის რანგში დაბრუნდა მადრიდში, მანამდე კი ის არგენტინულ "რასინგში" მუშაობდა. სიმეონემ არგენტინის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო, ჯერ როგორც "ესტუდიანტესის" თავკაცმა, მერე როგორც - "რივერ პლეიტის". გუშინ მან "ატლეტიკოსთან" 2013 წლის ზაფხულამდე გააფორმა ხელშეკრულება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული