ხოსე მოლინა: ძველი სახე, ახალი ამპლუა

AutoSharing Option
უმწვრთნელოდ დიდ ხანს არც "ვილიარეალი" დარჩენილა - გუშინ ვალენსიური კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი თავკაცი გაგვაცნო: მოხსნილ ხუან კარლოს გარიდოს 41 წლის ხოსე ფრანსისკო მოლინა შეცვლის.

ალბათ, გეცნაურად სახელი - დიახ, ეს ის ცნობილი გოლკიპერია, რომელსაც "ვალენსიას", "ატლეტიკოს", "დეპორტივოს" და "ლევანტეს" კარი დაუცავს.

მოლინამ 2007 წელს (37 წლისამ) "ლევანტეში" დაასრულა კარიერა. მან სულ 9-ჯერ ითამაშა ეროვნულ ნაკრებში, თუმცა იყო ევრო 96-ის და 1998 მუნდიალის განაცხადებში, ევრო 2000-ის ფინალურ ეტაპზე მას ნორვეგიასთან ანდეს კარი, მაგრამ ის თამაში ესპანეთის ნაკრებმა მისი შეცდომის გამო 0:1
წააგო.

სხვათა შორის, მოლინა უნიკალური ფეხბურთელია, მას ესპანეთის ეროვნულ გუნდში დებიუტი... მარცხენა გარემარბად ჰქონდა (1996 წ. მაშინაც ნორვეგიის წინააღმდეგ). მოლინას ზეობა 1996 წელს იყო, როცა "ატლეტიკოსთან" ერთად "ოქროს დუბლი" შეასრულა (ჩემპიონობა და თასი), თავად კი საუკეთესო მეკარისთვის განკუთვნილი ზამორას პრიზი მიიღო. მოლინა "დეპორტივოშიც" დაეუფლა ესპანეთის თასს, ორჯერ კი - სუპერთასს.

მოლინას "ვილიარეალშიც" უთამაშია (სულ 18 მატჩი 1994 წელს), მწვრთნელობა კი "ელ სუბმარინოში" დაიწყო. წლეულს მან "ვილიარეალის" სარეზერვო გუნდი ჩაიბარა, რომელიც სეგუნდა დივიზიონში გამოდის. მოლინას დებიუტი 8 იანვარს "ვალენსიას" წინააღმდეგ შედგება, იმ გუნდის წინააღმდეგ, სადაც ფეხბურთის თამაში ისწავლა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული