კრიშტიანუს ორმაგი წარუმატებლობა

AutoSharing Option
კრიშტიანუ რონალდუსთვის ახალი სეზონის სტარტი ორმაგად წარუმატებელი გამოდგა. ჯერ ერთი, გუშინ მისმა "რეალმა" ბალეარებიდან კინკილა ქულა წამოიღო, არადა ჟოზე მოურინიუს ბიჭებისგან პუბლიკა მხოლოდ გამარჯვებას და ფეერიულ თამაშს ელოდა. პალმა დე მალიორკაში გამართული მატჩი უგოლოდ, 0:0 დასრულდა, ხოლო "სამეფო კლუბის" პორტუგალიელმა ლიდერმა ტრავმა მიიღო.

მართალია, კრიშტიანუმ "მალიორკას" წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ მეტოქისგან კოჭში მიღებულ დარტყმას ალბათ სავალალო შედეგი მოყვება. რონალდუს დღეს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, მაგრამ საკლუბო ექიმების ვარაუდით, მას პორტუგალიის ნაკრების მატჩების გამოტოვება მოუწევს. ცნობისთვის, ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლის სტარტზე, 3 სექტემბერს
პორტუგალიელები კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ხოლო 7-ში მათი მეტოქე ნორვეგია იქნება.

აქვე მოგახსენებთ, რომ "მალიორკასთან" თამაშში ლასანა დიარაც დაშავდა – "რეალის" ფრანგ ნახევარმცველს მარჯვენა ფეხის კუნთები დაეჭიმა, დაზუსტებულ დიაგნოზს კი მას ასევე დღეს დაუსვამენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული