მოურინიო პელეგრინივით ალაპარაკდა

AutoSharing Option

ბალეარის კუნძულებზე სტუმრობით "სამეფო კლუბმა" დაკარგა ორი ქულა, ორი ფეხბურთელი და დაემხო ჟოზე მოურინიოს ძლევამოსილობის მითი. მოკლედ, სტარტი "რეალს" ხეირიანი ვერ გამოუვიდა. მართალია, "ლოს მერენგესი" აშკარად უკეთესი გუნდი იყო, ვიდრე "მალიორკა", მაგრამ დუდუ ავატეს კარგი თამაშის წყალობით "მალიორკამ" 0:0 შეინარჩუნა.

საკუთარი გუნდის წარუმატებლობის მიზეზები ყველაზე უკეთ ჟოზე მოურინიომ იცის. აი, რა უთხრა ას-ს პორტუგალიელმა სპეციალისტმა: "დაცვამ კარგად ითამაშა, მას პრობლემა არ შექმნია, ეს კი ძალიან კარგია. არადა ჩვენ სულ შეტევაში ვიყავით და მეტოქეს კონტრშეტევის ბევრი შანსი ჰქონდა, მაგრამ ჩვენმა მცველებმა

უნაკლოდ ითამაშეს. "რეალს" გოლის გატანის ბევრი შანსი ჰქონდა, განსაკუთრებით თამაშის მიწურულს. 5-6 საგოლე შანსი გვქონდა, რაც საკმარისი უნდა იყოს გამარჯვებისთვის. ამიტომ, მიმაჩნია, რომ 3 ქულა დავიმსახურეთ. ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ საუკეთესო ფორმასთან. ამ შემთხვევაში კი გუნდმა ორი რამ უნდა გააკეთოს, თავი დაიცვას უნაკლოდ და გამოიყენოს ყველა შანსი. რის გაკეთებასაც ვაპირებთ უახლოეს ხანებში, რადგან მომავალი ორი კვირის განმავლობაში სერიოზული მუშაობის საშუალება არ მოგვეცემა - ფეხბურთელები თავიანთ ნაკრებებში წავლენ. როცა ისინი დაბრუნდებიან, ერთმანეთის მიყოლებით "ოსასუნასთან" და "აიაქსთან" გვაქვს მატჩი, ასე რომ სამუშაო დრო არ გვექნება".

გუშინ ესპანური მედია დილიდანვე ავრცელებდა ხმას, რომ "რეალის" ჰოლანდიელი ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი ახლოს იყო მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლასთან. ბავარიელები, თითქოს, 12 მილიონ ევროს იხდიდნენ მის სანაცვლოდ. საღამოს თავად ფეხბურთელმა უარყო ხმები მისი გერმანიაში შესაძლო გადასვლის შესახებ. "რეალის" კიდევ ერთმა ჰოლანდიელმა, რომელსაც ასევე ნაკლები შანსი აქვს გუნდის ძირითადში დაიმკვიდროს ადგილი, როისტონ დრენტემ ფაქტობრივად ჩაშალა ტრანსფერი - "სამეფო კლუბი" და "მონაკო" პრინციპში თანახმა იყვნენ დრენტეს ტრანსფერზე, მაგრამ ბოლო მომენტში 23 წლის დრენტემ კატეგორიული უარი განაცხადა საფრანგეთში გადასვლაზე. სხვათა შორის, ჟოზე მოურინიოს დრენტე "მალიორკასთან" მატჩის განაცხადშიც კი არ შეუყვანია.
"მალიორკასთან" მატჩში "რეალს" ორი ფეხბურთელი დაემტვრა - კრიშტიანო რონალდო და ლასანა დიარა. რონალდოს მარჯვენა კოჭი დაუზიანეს, მართალია პორტუგალიელმა თამაში ჩაამთავრა, მაგრამ ტრავმა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა. "რეალის" ექიმების დასკვნით, რონალდო 3 კვირას იუქმებს და პორტუგალიის ნაკრებს კვიპროსთან და ნორვეგიასთან მატჩებში ვერ დააკლდება. სავარაუდოდ, ის ვერც პრიმერას მეორე ტურში ითამაშებს და ვერც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გახსნის მატჩში ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ. ეს ზუსტად ის კოჭია, რომლის "წყალობითაც" რონალდომ გასული სეზონის ორი თვე დაკარგა. დიარამ მარჯვენა ფეხზე კუნთი გაიჭიმა.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული