ბარსა-რეალობა
"რეალმა" დიდი ანგარიშით მოიგო, "ბარსამ" კი წაიფორხილა და შედეგად "ლოს მერენგესის" 5-ქულიანი ჰანდიკაპი მივიღეთ. ჰანდიკაპის გაზრდაში თავისი წვლილი
რამოსი მოედანზე დარჩა, "რეალი" სწორედ მან გაიყვანა წინ ხელმეორედ. ალვარესმა კატალონიური დერბი განსაჯა, რეფერი თამაშს სრულად აკონტროლებდა, მაგრამ როგორც კი ალვარო ვასკესმა 87-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, მან აურია - ჯერ ენდო თანამსაჯს, რომელმაც არასწორად გააჩერა ლეო მესის პირისპირ გასვლა "ესპანიოლის" მეკარესთან, შემდეგ კი ათას-პროცენტიანი პენალტი არ დანიშნა, როცა პედროს დარტყმული მასპინძელთა მცველმა რაულ როდრიგესმა ხელით გამოიტანა.
"ბარსა" სესკ ფაბრეგასმა მატჩის დასაწყისშივე თავურით დააწინაურა და ეს "ბლაუგრანას" მე-100 გოლი იყო სეზონში! მაშინ, როცა "სარაგოსას" ჩემპიონატში და თასზე სულ 11 გოლი დაუგროვდა. "კორნელია ელ პრატზე" სესკის გოლი 51-ე იყო კლუბისთვის წლევანდელ ლა ლიგაში. ამას ემატება 20 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე, 14 სამეფო თასზე, 8 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, 5 ესპანეთის სუპერთასზე და 2 ევროპის სუპერთასზე. და ეს ყველაფერი 31 მატჩში (საშუალოდ 3,23 გოლი თამაშში), სეზონის ეკვატორზე!
სხვათა შორის, "ესპანიოლის" კოხტა სტადიონი ისევ იმ მცირე სტადიონთა ნუსხაში დარჩა, სადაც ლეო მესის გოლი არ გაუტანია. არგენტინელმა მართალია "ოქროს ბურთების" კოლექციონერობაზე მიჰყო ხელი, მაგრამ "ელ პრატი" მტკიცედ დგას, ერთხელ მან ბურთი ხარიხას გაარტყა.
"რეალს" დავუბრუნდეთ, მიუხედავად იმისა, რომ "სამეფო კლუბმა" მოიგო, ერთი უკმაყოფილო აქაც გვყავს - კრიშტიანო რონალდო, რომელმაც მატჩის მიწურულს სეზონში 21-ე გოლი გაიტანა, მაგრამ არ აღნიშნა. არ აღნიშნა და ნუ აღნიშნა, არ ავყვებით ესპანური მედიის სპეკულაციებს - ეს თემა ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს.
კომენტარებში მისმა თანაგუნდელებმა და მწვრთნელმა (ამჯერად, პრესკონფერენციაზე აიტორ კარანკა მივიდა) უარყვეს, რომ პორტუგალიელს რამე პრობლემა აქვს თანაგუნდელებთან. სხვათა შორის, კარანკამ ერთი მნიშვნელოვანი რამ თქვა - იგუაინმა და ბენზემამ დაამტკიცეს, რომ ერთად თამაში შესანიშნავად გამოსდით და, შესაძლოა, ექსპერიმენტი გაგრძელდესო. 17 ტურში "რეალმა" 61 გოლი გაიტანა ეს კი "სამეფო კლუბის" რეკორდია. 61-დან 44 გოლი კი ვარსკვლავურ ტრიოზე (რონალდო, იგუაინი, ბენზემა) მოდის.
მესი VS რონი
2012 წლამდე ჩვენს "ტურნირში" ლეო მესიმ და კრიშტიანო რონალდომ 10:9 ანგარიშით მოაღწიეს არგენტინელის სასარგებლოდ. ამ ტურში კრიშტიანო რონალდომ "გრანადასთან" 90 წუთი ითამაშა, კარისკენ 10-ჯერ დაარტყა და მხოლოდ ერთი წავიდა ჩარჩოში (გოლი)! შესაძლოა, სწორედ ეს აცილებები იყო რონის უკმაყოფილების მიზეზი.
ლიონელ მესიმ 90 წუთი ითამაშა "ესპანიოლთან" კარისკენ ერთადერთხელ დაარტყა (ხარიხა), ერთხელ დაჯარიმდა (მასზე დაჯარიმდნენ) და ორჯერ მოხვდა თამაშგარე მდგომარეობაში. დაგვეთანხმებით, არ იყო საუკეთესო ტური სუპერვარსკვლავებისთვის. გამოდის, რომ კაცმა, რომელმაც 90 წუთში 9-ჯერ "მოახერხა" აცილება დუელი მოიგო და ანგარიში გაათანაბრა: 10:10.
ტურის სიმბოლური ნაკრები
Goal.com 3-4-3
გუსტავო მუნუა (ლევანტე, 2) - სერხიო რამოსი (რეალი, 2), ალვარო დომინგესი (ატლეტიკო, 1), სერხიო ბალესტეროსი (ლევანტე, 3) - კარლოს ველა (რეალ სოსიედადი, 1), მესუთ იოზილი (რეალი, 2), ბორხა ვალერო (ვილიარეალი, 2), ჯეფერსონ მონტერო (ბეტისი, 1) - ქარიმ ბენზემა (რეალი, 2), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა, 5), ალვარო ვასკესი (ესპანიოლი, 1)
ტურის გმირი
ალვარო ვასკესი (ესპანიოლი)
ბარსელონელი ფორვარდი 14 წლის იყო, როცა "ესპანიოლში" (ახლა 20 წლისაა) მიიღეს. პირველ გუნდში დებიუტი წელიწად-ნახევრის წინ "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგა. კვირას ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრმა თავის კარიერაში ჯერჯერობით მთავარი გოლი გაიტანა - "ბარსელონასთან" მატჩის 87-ე წუთზე რაულ როდრიგესმა (რომელიც რამდენიმე წუთში დიდი სკანდალის ინსპირატორი გახდა) მარჯვნიდან ჩააწოდა, ტიევიმ ოდნავ წაჰკრა თავი, პუიოლის შეცდომით კარგად ისარგებლა ალვარომ და თავითვე გაიტანა ვიქტორ ვალდესის კარში.
ტურის ფრაზები
ხოსეპ გვარდიოლა: "და მაინც, "რეალს" ბევრი რთული საგარეო მატჩი დარჩა", - "ბარსას" თავკაცი დერბიში 2 ქულის დაკარგვის შემდეგ.
მაურისიო პოჩეტინო: "ბარსელონასთან" ფრეს სხვა დატვირთვაც აქვს, ის ჩვენ სამომავლო მატჩებისთვის ოპტიმისტით აღგვავსებს. ანუ ჩვენ სწორად ვმუშაობთ", - "ესპანიოლის" არგენტინელი მესაჭე.
სანდრო როსელი: "თუკი მსაჯმა პენალტი ვერ შენიშნა, ესე იგი ის არ ყოფილა", - "ბარსელონას" ბედს შეგუებული პრეზიდენტი.
რაულ როდრიგესი: "ხელი იყო, მაგრამ მე არ ვარ მსაჯი", - "ესპანიოლის" მცველის აღიარებითი და ირონიული ჩვენება.
ჟერარდ პიკე: "ესპანიოლთან" ფრე ძალიან ძნელი მოსანელებელია", - "ბარსას" უკმაყოფილო მცველი.
ხოსე მოლინა: "დერბიში გამარჯვებას ჩვენ ვიმსახურებდით, თუმცა ფრე რეალობაა, რომელიც უნდა მივიღოთ", - "ვილიარეალის" დებიუტანტი მწვრთნელი "ვალენსიასთან" 2:2 თამაშის შემდეგ.
ტურის ინციდენტი
კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დავუბრუნდეთ ბარსელონური დერბის დამატებულ წუთებს - "ბარსელონა" გააფთრებულ იერიშებზე გადავიდა, "ესპანიოლის" დაცვა უკვე ძლივს უძლებდა ჩემპიონთა გამუდმებულ შეტევებს. მარცხნიდან მასპინძელთა საჯარიმოში ჟერარდ პიკე შეიჭრა კარგადაც დაარტყა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა და იქვე დადარაჯებულ პედროს მიუვიდა, პედრომ კარგად დაარტყა, გოლი კი მხოლოდ იმიტომ არ გავიდა, რომ გზად "ესპანიოლის" მცველის, რაულ როდრიგესის ხელი გადაეღობა.
ტურის მსხვერპლნი
საშინლად არ გაუმართლა "ესპანიოლის" კაპიტანს, კრისტიან ალვარესს - ჯერ იყო არგენტინელმა მეკარემ პასი თავისივე თანამემამულე ლეო მესის მიაწოდა, რომელმაც ხელით გაისწორა ბურთი, თორემ გოლი აშკარა იყო (გავიდა კიდეც, მაგრამ, ბუნებრივია, არ ჩაუთვლიათ). მეორე ტაიმში კრისტიანმა ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა.
"ატლეტიკოს" კოლუმბიელმა ფორვარდმა რადამელ ფალკაომ ხელის თითი მოიტეხა. დაიმტვრა "რეალის" ფრანგი ფორვარდი ქარიმ ბენზემაც.
სამი მწვრთნელის დებიუტი
ამ ტურში სამი მწვრთნელის დებიუტი შედგა. ხოსე მოლინა "ვილიარეალის" სარეზერვო გუნდიდან გადაიყვანეს მთავარში. სხვათა შორის, "ვილიარეალმა" ვალენსიურ დერბიში კარგად ითამაშა, თუმცა მხოლოდ ქულას დასჯერდა. "მალაგაში" ქულა მოიპოვა "ატლეტიკოში" მწვრთნელის რანგში დაბრუნებულმა დიეგო სიმეონემ. ნაკლებად გაუმართლა მანოლო ხიმენესს, რომლის "სარაგოსამ" სანტანდერში წააგო.
ტურის სტატისტიკა
18 გოლი ტურში (1,8 მატჩში). 4 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 6 ფრედ დასრულდა. ტურში მსაჯებმა 54 ყვითელი და 2 წითელი ბარათი დაარიგეს.
ჰეთ თრიკი - არავინ
დუბლი - ქარიმ ბენზემა (რეალი)
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ხუანმი (მალაგა, 18 წლის)
ყველაზე მეტი მაყურებელი: 72 000 - "სანტიაგო ბერნაბეუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 11 000 - "ელ სარდინიერო"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 35 - რეალი
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 12 - რეალი
ყველაზე მეტი ჯარიმა: 24 - ატლეტიკო
ყველაზე მეტი კუთხური: 12 - რეალ სოსიედადი
ყველაზე მეტი თამაშგარე: 7 - ბეტისი
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 63% - ბარსელონა, ვალენსია
რასინგი-სარაგოსა 1:0
საუკეთესო: ბერნარდო სუნიგა (რასინგი)
რეალ სოსიედადი-ოსასუნა 0:0
საუკეთესო: ანდრეს ფერნანდესი (ოსასუნა)
ლევანტე-მალიორკა 0:0
საუკეთესო: გუსტავო მუნუა (ლევანტე)
რეალი-გრანადა 5:1
საუკეთესო: ქარიმ ბენზემა (რეალი)
მალაგა-ატლეტიკო 0:0
საუკეთესო: ალვარო დომინგესი (ატლეტიკო)
რაიო ვალეკანო-სევილია 2:1
საუკეთესო: მიჩუ (რაიო ვალეკანო)
ხეტაფე-ბილბაო 0:0
საუკეთესო: მიგელ მოია (ხეტაფე)
ვილიარეალი-ვალენსია 2:2
საუკეთესო: ბორხა ვალერო (ვილიარეალი)
ბეტისი-სპორტინგი 2:0
საუკეთესო: ჯეფერსონ მონტერო (ბეტისი)
ესპანიოლი-ბარსელონა 1:1
საუკეთესო: სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 17 14 1 2 61-16 43
2. ბარსელონა 17 11 5 1 51-9 38
3. ვალენსია 17 10 4 3 28-18 34
4. ლევანტე 17 9 3 5 25-19 30
5. ოსასუნა 17 6 8 3 21-28 26
6. მალაგა 17 7 4 6 20-22 25
7. სევილია 17 6 6 5 19-19 24
8. ესპანიოლი 17 7 3 7 18-21 24
9. ბილბაო 17 5 8 4 23-19 23
10. ბეტისი 17 7 1 9 19-22 22
11. ატლეტიკო 17 5 5 7 23-27 20
12. ხეტაფე 17 5 5 7 17-23 20
13. ვალეკანო 17 5 4 8 19-26 19
14. მალიორკა 17 4 7 6 15-22 19
15. გრანადა 17 5 4 8 11-21 19
16. სოსიედადი 17 4 6 7 16-23 18
17. რასინგი 17 3 8 6 12-21 17
18. ვილიარეალი 17 3 7 7 15-25 16
19. სპორტინგი 17 4 3 10 16-29 15
20. სარაგოსა 17 2 4 11 13-32 10
ბომბარდირები: 21 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 17 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 13 - გონსალო იგუაინი (რეალი); 11 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 10 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 9 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 7 - დავიდ ბარალი (სპორტინგი), მიჩუ (რაიო ვალეკანო); 6 - არუნა კონე (ლევანტე).
14 იანვარი: სარაგოსა-ხეტაფე, გრანადა-რაიო ვალეკანო, სევილია-ესპანიოლი, მალიორკა-რეალი, ვალენსია-რეალ სოსიედადი.
15 იანვარი: ატლეტიკო-ვილიარეალი, ოსასუნა-რასინგი, ბილბაო-ლევანტე, სპორტინგი-მალაგა, ბარსელონა-ბეტისი.
გრანადამ ჩილელი ტალანტი დაიმატა
"გრანადაში" მატებაა - ანდალუსიურმა კლუბმა ხელშეკრულება მატიას კამპოს ტოროსთან გააფორმა. ეს ფეხბურთელი შორუელ ჩილეში, ლა ფლორიდას კლუბ "აუდაქს იტალიანოში" თამაშობდა. სახელებმა არ დაგაბნიოთ, ქალაქი ნამდვილად ჩილეშია და არა შტატებში და კლუბიც იქაურია და არა აპენინური. სხვათა შორის, ამავე დღეს მატიასის თანაგუნდელი ბრიან კარასკო იტალიურ "უდინეზეში" გადავიდა. კამპოს ტორო 22 წლის მარცხენა ნახევარმცველია.
ვალეკანო ყიდის
"რაიო ვალეკანოს" ნახევარმცველ ხავი ფუეგოს ერთი ნაბიჯიღა აშორებს ტრანსფერთან - ის ბელგიურ "ბრიუგეში" გადადის. ბელგიაში ესპანელს ორშაბათს წარუდგენენ პუბლიკას. 28 წლის ფუეგოს სანაცვლოდ მადრიდული კლუბი 800 ათას ევროს მიიღებს. ფუეგოს გარეშე "ელვები" ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ კლუბი ფინანსური პრობლემების გამო იძულებულია ის გაყიდოს.
კოპა დელ რეი. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები
მალიორკა-სოსიედადი 23:00 (0:2)
რასინგი-მირანდესი 00:00 (0:2)
მალაგა-რეალი 01:00 (2:3)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"