ვერც ერთი გუნდი მისცემდა თავს უფლებას, თუნდაც შერეული შემადგენლობით გამოსულიყო, სარეზერვოზე ხომ აღარც არის ლაპარაკი. მოკლედ, გუნდებმა საომარი შემადგენლობები გამოიყვანეს. მასპინძელთა რიგებში ხოსე რეიესის სათასო დებიუტიც შედგა. ჯერჯერობით, შინ დაბრუნებული ვარსკვლავი ვერ გახდა იღბლის მომტანი "სევილიასთვის" - მართალია, ანდალუსიელებმა მოიგეს, მაგრამ სტუმრად გატანილი გოლის წყალობით ბრძოლას "ვალენსია" აგრძელებს.
მატჩი ემოციებით დატვირთული და თვალსასეირო გამოდგა. პირველ ნახევარ საათში რაღაც
ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა. პირველი 66-ე წუთზე გავიდა. ტრიბუნაზე ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე იჯდა, ეს კი დამატებითი სტიმული იყო რობერტო სოლდადოსთვის, რომელსაც ევრო 2012-ზე თამაში სურს და, კაცმა რომ თქვას, ალალად იმსახურებს კიდეც. "ვალენსიას" ფორვარდმა ბურთი ბრაზილიელი ჟონასისგან მიიღო, მცველებს გასცდა და მარჯვენა კუთხეში გაიტანა.
ახლა "სევილიას" 3 გოლის გატანაღა აწყობდა, ამიტომაც ვამბობთ, რომ დაპირისპირებაში გადამწყვეტი სოლდადოს გასროლა იყო. თუმცა "სევილიას" ცდა არ დაუკლია - ივან რაკიტიჩმა მალევე გაათანაბრა, ალვეშმა მარტინ კასერესის დარტყმული კი მოიგერია, მაგრამ ხორვატის დამატებულს ვეღარაფერი მოუხერხა. თამაშის ბოლოს ვიქტორ რუისმა მკერდით საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი - 2:1.
ორი მატჩის ჯამში გამარჯვებით "ვალენსიამ" მეოთხედფინალში "ლევანტესთან" დუელი დაიბევა ანუ ჩვენ იანვარშივე ორი ვალენსიური დერბი გველის.
უნაი ემერი (ვალენსია): "ჩვენ ხარისხიანად და მონდომებულად ვითამაშეთ. ამიტომ გავედით შემდეგ ეტაპზე. პირველი 20-25 წუთი "სევილიას" გაჩერება გვიჭირდა, მათი შეტევები მეტისმეტად ინტენსიური იყო. სწორედ მაშინ გამოვავლინეთ ხასიათის სიმტკიცე და გოლამდე ხელში ჩავიგდეთ თამაშის სადავეები, შემდეგ კი ისევ დავკარგეთ. საბედნიეროდ, "სევილიას" დრო არ ეყო და ჩვენ გავძელით".
მარსელინო (სევილია): "ჩვენ კარგი თამაში გამოგვივიდა, უფრო მეტიც - ექსტრაორდინარული. დამწუხრებული, მაგრამ ამაყი ვარ".
* * *
მოსაწყენად ვერც სხვა სათასო მატჩებში მოიცლიდით - "ლევანტეს" პირველი თამაში სანტო დომინგოში "ალკორკონთან" 1:2 ჰქონდა წაგებული, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში ყველა კითხვა იოლად მოიხსნა - "ბაყაყებმა" "გაჭყლიტეს" სეგუნდა დივიზიონის კლუბი.
ბარკერომ, როხერმა, იბორამ და სუარესმა 4 უპასუხო გოლი გაუტანეს "ალკორკონს". განსაკუთრებით როხერ მარტი სალვადორის გოლს გამოვყოფთ ეს 21 წლის გარემარბი მეორედ თამაშობდა "ლევანტეს" ძირითადში.
ხუან იგნასიო (ლევანტე): "ჩვენი პრიორიტეტი ლა ლიგაა, თუმცა თასზეც ვიბრძოლებთ, მით უფრო, რომ მეტოქე "ვალენსიაა".
* * *
"ესპანიოლი" სენსაციურ გავარდნას ბეწვზე გადაურჩა, როგორც ჩანს, 20 წლის ალვარო ვასკესი ბარსელონურ კლუბს მხსნელად ევლინება - ჯერ იყო ქულის მომტანი გოლი "ბარსელონას" კარში და ახლა ჰეთ თრიკი...
პირველი შეხვედრა "კორდობამ" 2:1 მოიგო, მაგრამ თავიდანვე დაემსხვრა იმედები, რომ მიღწეულს შეინარჩუნებდა - ალვაროს დუბლით და მცველ დიდაკ ვილას გოლით კატალონიელები 3:0 დაწინაურდნენ. ყველას ეგონა რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ "კორდობამ" გაიბრძოლა და კინაღამ მიაღწია მიზანს - პირველი ტაიმის მიწურულს და მეორეს დასაწყიში 2 გოლი გაიტანა.
ასეთი ანგარიშით წაგება უკვე სეგუნდა დივიზიონის კლუბს აწყობდა, მაგრამ ალვარომ 88-ე წუთზე "ესპანიოლის" მეოთხე, მისთვის მესამე და გადამწყვეტი გოლი გაიტანა - 4:2.
კოპა დელ რეი. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები
ლევანტე-ალკორკონი 4:0 (1:2)
ლევანტე (4-2-3-1): კ. ნავასი - ვენტა, კაბრალი, ნანო, ხუანფრანი - იბორა, პალიარდო - ელ ჟარი, ბარკერო (77. პ. ლოპესი), როხერი (67. რაფა ხორდა) - კონე (46. რ. სუარესი).
ალკორკონი (4-2-3-1): მორენო - ანუაბრე, რუედა, ხ. ერნანდესი, ბერმუდესი - აბრაამი (46. ბაბინი), მორა - ექსპოსიტო (58. ქუინი), მიგელესი, საული (მონტანიესი) - ო. რიერა.
გოლები: 1:0 ბარკერო (23), 2:0 როხერი (45), 3:0 იბორა (52), 4:0 რ. სუარესი (66)
ესპანიოლი-კორდობა 4:2 (1:2)
ესპანიოლი (4-2-3-1): ედგარი - რ. როდრიგესი, ამატი, მორენო (54. ხ. ლოპესი), დიდაკ ვილა - ფორლინი, რომარიკი (76. რუი ფონტე) - ს. გარსია, ვერდიუ, ვეისი (54. ტიევი) - ალვარო ვასკესი.
კორდობა (4-4-2): არიასი - სერა (46. ბორხა), დ. პრიეტო, ტენა, ფუენტესი - კერო (37. ვიკო), ალბერტო, ერვასი, ლ. სილვა - პატინიო, პ. დიასი (84. გარაი).
გოლები: 1:0 ა. ვასკესი (9), 2:0 ა. ვასკესი (20), 3:0 დიდაკ ვილა (35), 3:1 ალბერტო (40), 3:2 პ. დიასი (49), 4:2 ა. ვასკესი (88).
სევილია-ვალენსია 2:1 (0:1)
სევილია (4-2-3-1): ვარასი - კასერესი, სპაჰიჩი, ფასიო, ფ. ნავარო (70. კანუტე) - მედელი, ტროხოვსკი (62. რაკიტიჩი) - ხესუს ნავასი, რეიესი, დელ მორალი (63. პეროტი) - ნეგრედო.
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - მიგელი, რამი, რუისი, მატიო - ალბელდა, ბანეგა (76. პარეხო) - ფეგული (82. პაბლო ერნანდესი), ჟონასი (68. ტ. კოსტა), ალბა - სოლდადო.
გოლები: 0:1 სოლდადო (66), 1:1 რაკიტიჩი (70), 2:1 რუისი (91 ს.კ.)
1/4 ფინალი
ესპანიოლი-მირანდესი
ბილბაო -მალიორკა
ვალენსია-ლევანტე
რეალი-ბარსელონა
I მატჩები: 17-19 იანვარი; საპასუხო: 24-26 იანვარი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"