პრიმერა დივიზიონის I ტური უკვე წარსულია, 10 მატჩიდან მასპინძლებმა მხოლოდ 3 მოიგეს, სტუმრებმა კი - 4, სამი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა, თანაც სამივე 0:0. რომ არა ეს სამი მოსაწყენი მატჩი (ერთი "რეალის" შესრულებით "ონო ესტადიზე") ვიტყოდით, რომ ტური უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა. 10 შეხვედრაში 22 გოლი მაინც გავიდა, რაც ნორმალური შედეგია, მასპინძლებმა 10 გოლი გაიტანეს, სტუმრებმა ოდნავ მეტი - 12.
ჩემპიონატი დამაჯერებელი მოგებით დაიწყო "ბარსელონამ", ჩემპიონმა სანტანდერში "რასინგს" 3:0 აჯობა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "ბლაუგრანა" კვლავ ფავორიტია. ბრწყინვალე დროება
ვიხილეთ რამდენიმე მოულოდნელობაც. უპირველესად, "რეალის" მძიმე სტარტი, ჟოზე მოურინიოს გუნდმა "მალიორკას" ებრაელი კიპერის, დუდუ ავატეს კარს გასაღები ვერაფრით მოარგო - 0:0. პორტუგალიელი თავკაცი აღიარებს, რომ ჯერ ნამდვილ "რეალს" ვერ გვანახებს, ყოველ შემთხვევაში, სექტემბრის პირველ ნახევარში ეს გამორიცხულია. არ ველოდით მესამეადგილოსან "ვალენსიას" იოლ გამარჯვებას "მალაგაზე" სტუმრად - 3:1. მაშინ როცა "ღამურებმა" დარჩეული კაშკაშა ვარსკლავები დაყიდეს, რომ ვალები ნაწილობრივ მაინც დაეფარათ, ანდალუსიური კლუბი არაბი შეიხის საკუთრება გახდა და, როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე, ფინანსურად წელში გაიმართა. მაგრამ ხოაკინ სანჩესის "ბებერი რქებიც" საკმარისი აღმოჩნდა, რომ "ვალენსიას" პირველი 3 ქულა მოეპოვებინა. ასე რომ, ხმები "ვალენსიას" გარდაცვალებაზე, აშკარად გადაჭარბებულია.
ესპანეთის სუპერთასზე და ჩემპიონთა ლიგაში შერხცვენილი "სევილია" ლა ლიგაში მაინც დიდი ძალაა, რაც I ტურშივე გამოჩნდა, ვალენსიაში ანდალუსიელებმა 4:1 აჯობეს საბრალო "ლევანტეს". ახალწვეულებზეც ვთქვათ, "ლევანტე" აშკარად სუსტია, "ერკულესს" დიდად წაადგება დავიდ ტრეზეგე, ამ ორ გუნდს ლიგაში დარჩენისთვის მოუწევს ბრძოლა, "რეალ სოსიედადი" კი უფრო ძლიერი ჩანს. ეს ტური წარმატებული გამოდგა ბასკური გუნდებისთვის (თუკი ნავარელებსაც ბასკებად ჩავთვლით), "ბილბაოს", "რეალ სოსიედადსა" და "ოსასუნას" გოლი არ გაუშვიათ, ხოლო პირველმა ორმა მოიგო კიდეც.
იხილეთ GOAL.COM-ის I ტურის სიმბოლური ნაკრები. ეს პოპულარული გამოცემა 3-4-3 ტაქტიკური სქემით გვთავაზობს ტურის 11 გამორჩეულ ფეხბურთელს.
დუდუ ავატე (მალიორკა): ბალეარელებს უცუდესი ზაფხული ჰქონდათ, წლის ნაშრომი მათივე კლუბის ფინანსურმა მდგომარეობამ წყალში ჩაუყარა. სეზონი კი პოზიტიურად დაიწყო "მალიორკამ", ჟოზე მოურინიოს "რეალს" ქულა გამოსტყუა, რაშიც ლომის წილი ავატემ დაიდო. ავატემ სამი დუელი მოუგო გონსალო იგუაინს.
აბდულაი კონკო (სევილია): ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სეზონის პირველი დუბლის ავტორი მცველი იქნებოდა. "ლევანტეს" კარში მან ტაიმში თითო გოლი გაიტანა, განსაკუთრებით ლამაზი კონკოს მეორე გოლი იყო.
ირჟი იაროშიკი (სარაგოსა): "ჩელსის" ყოფილი ვინგერი "სარაგოსაში" ცენტრალური მცველის ფუნქციას ასრულებს. ჩეხმა "დეპორტივოს" ფორვარდები სტუმართა საჯარიმოს ახლოს არ გააჭაჭანა.
ჟოზე ნუნიეში (მალიორკა): 33 წლის ვეტერანმა ძველი დრო გაიხსენა. კრიშტიანო რონალდოსა და კომპანიის წინააღმდეგ ნუნიეში რამდენჯერმე აღმოჩნდა ყველაზე საჭირო მონაკვეთზე და მასპინძელთა კარს საფრთხე ააცილა.
ხოაკინ სანჩესი (ვალენსია): ის, რომ "ვალენსიამ" პირველ ტურში იმარჯვა, ხოაკინის დამსახურებაა. როცა ანგარიში 1:1 იყო, ვინგერმა 5-წუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაუტანა მასპინძლებს. დროული იყო, დავიდ ვილიასა და დავიდ სილვას წასვლის შემდეგ კლუბში ვინმემ უნდა იტვირთოს ლიდერობა, ექს-ბეტისელმა ეს პირველ ტურში შეძლო.
ანდრეს ინიესტა (ბარსელონა): ესპანეთის ნაკრების გმირი გამორჩეული იყო "რასინგთან" მატჩში, სადაც მარცხენა შემტევის ფუნქცია დაეკისრა. მისი გოლი, დაუმუშავებელი დარტყმა, როცა მეკარე წინ იყო გამოსული - განსაკუთრებული ფეხბურთელის განსაკუთრებული გოლია. ჩავის ტრავმის შემდეგ უკან დახიეს და იქაც ბრწყინვალედ ითამაშა.
ჩაბი პრიეტო (რეალ სოსიედადი): სან სებასტიუნული კლუბის ტრიუმფული დაბრუნება პრიეტოს ერთადერთმა გოლმა განაპირობა. 26 წლის ნახევარმცველი საუკეთესო იყო მატჩში, ხოლო გოლის მომენტში მან ხოსება ლორენტესთან ბრწყინვალე "კედელი" გაითამაშა.
ხოსე ანტონიო რეიესი (ატლეტიკო): "არსენალის" ყოფილმა ლეგიონერმა ბრწყინვალედ დაიწყო. ფლანგზე აშკარად დაჩაგრა სპორტინგელი ვიზავი კანელია და 4:0 გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
პაბლო ოსვალდო (ესპანიოლი): "ბლანკ ი ბლაუს" ფორვარდმა "ხეტაფეს" კარში დუბლი გაახერხა. 24 წლის არგენტინელმა ბომბარდირობის სურვილი უკვე გამოთქვა.
დავიდ ვილია (ბარსელონა): ახალი გუნდი, ახალი სიტუაცია - ძველი ვილია, მუდამ კარზე დაგეშილი. მას პირველ ტაიმში არ ჩაუთვალეს გოლი (თამაშგარე), მაგრამ მეორეში თავით მაინც გამოიჩინა თავი. უკვე გამოჩნდა, რომ მესისთან ერთად შეხმატკბილებული თამაში არ გაუჭირდება.
სერხიო აგუერო (ატლეტიკო): კუნმა "დახაზა", ძალიან მაგრად ითამაშა და იძულებული გაგვხადა სიმბოლურ ნაკრებში დიეგო ფორლანის ან ლეო მესისთვის ადგილი არ შეგვენახა. "როხიბლანკოს" არგენტინელი ფორვარდი სლალომით მიიკვლევდა ხოლმე გზას "სპორტინგის" დაცვაში. ერთხელ კინაღამ "მარადონული" გოლიც გაიტანა, როცა 6 მცველს გაცდა (იმ შემთხვევაში გოლი ფორლანმა შეაგდო). ტურის საუკეთესო ფეხბურთელი.
ისინი, ვისი გამორჩევაც გვინდოდა: ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა), ალვარო ნეგრედო (სევილია), ჯონათან დე გუზმანი (მალიორკა), არიც ადურისი (ვალენსია), ლუკა ჩიგარინი (სევილია), ლიონელ მესი (ბარსელონა), ტომაშ უიფალუში (ატლეტიკო) და, რა თქმა უნდა, დიეგო ფორლანი (ატლეტიკო).
ლელო