ნაკლასიკოევს... კლასიკომდე

AutoSharing Option
ეს ტური ესპანური ფეხბურთის "მენიუში" ნომერ პირველად იყო შეტანილი, მაგრამ შარშანდელი ლოკაუტის გამო გადაიდო. ასე რომ, ცოტა უცნაურია, მაგრამ "პირველი" ტური ლა ლიგის პირველ წრეს ასრულებს.

კიდევ ერთი რამით იქნება ტური გამორჩეული, ის ორ სათასო კლასიკოს შორის არის "გაჩხერილი" სენდვიჩივით.

ცენტრალური მატჩი ხვალ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება - კლასიკოზე "დაჭრილი" "რეალი" ბილბაოს "ატლეტიკს" მასპინძლობს. მანამდე რამდენიმე საათით ადრე მდევარი "ბარსელონა" "მალაგას" სტუმრობს, ხოსეპ გვარდიოლას გუნდს ქულების განიავების უფლება აღარ აქვს, თორემ მართლა ისე მოხდება, როგორც ჟოზე მოურინიომ აღიარა: "მირჩევნია "ბარსას" ვერც
ჩემპიონატში მოვუგო, ოღონდ ჩემპიონი გავხდეო".

საინტერესო თამაშების ნუსხა ამით არ ამოიწურება. ასე მაგალითად, "ატლეტიკოს" ვიზიტი სან სებასტიანში არ უნდა იყოს ინტერესმოკლებული, აღარაფერს ვამბობთ "ბეტისისის" დაბრუნებით აღდგენილ სევილიურ დერბიზე. მესამეადგილოსანი "ვალენსია" ხვალ ნავარაში მიდის, ტურნირის ერთ-ერთ სენსაცია "ოსასუნასთან" სათამაშოდ.

ტურის ცენტრალური მატჩი ერთი კაცისთვის განსაკუთრებული დატვირთვისა იქნება - "რეალის" 30 წლის კაპიტანი იკერ კასილიასი "სამეფო კლუბის" კარს მე-600-ედ დაიცავს. მხოლოდ 5 ლეგენდარული მადრიდისტა დაიკვეხნის, რომ მეტი უთამაშია: რაული (741 თამაში!), სანჩისი (709), სანტილიანა (645), ხენტო (602) და იერო (601). იკერს დებიუტი 13 სეზონის წინ ჰქონდა. მას მერე მან გუნდთან ერთად ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ საკონტინენტთაშორისო თასი, ერთხელ ევროპის სუპერთასი, ოთხჯერ ლა ლიგა, ერთხელ კოპა და 3-ჯერ სუპერკოპა. დამთხვევაც საოცარია, 1999 წლის 12 სექტემბერს ლეგენდარულ გოლკიპერს დებიუტი სწორედ "ბილბაოსთან" ჰქონდა, ოღონდ, "სან მამესზე".

კლასიკოს შემდეგ კიდევ ერთხელ გაეხვა სკანდალში პორტუგალიელი პეპე, რომელიც "ბარსელონასთან" მატჩმა სხვა მხრივაც დააზარალა, კუნთი დაიზიანა და ექიმთა დასკვნით, 15-დღიანი დასვენება მოუწევს. ეს პეპეს საშინელ ობსტრუქციას ააცილებს, რაც მას საპასუხო სათასო მატჩში "კამპ ნოუზე" გამოჩენისას ელოდა. ბევრს არც კი სჯერა, რომ პეპემ ნამდვილად მიიღო ტრავმა.

გაირკვა, რომ ანხელ დი მარია კიდევ 10 დღეს ვერ გავა მოედანზე, ასე რომ, არგენტინელი ტურსაც გამოტოვებს და საპასუხო კლასიკოსაც. დავუმატოთ ამას სამი ხედირაც, რომლის თამაშიც კარგა ხნის წინ გამოირიცხა და ლიდერის საკადრო პრობლემებს სრულად მივიღებთ.

"რეალმა" განაახლა ვარჯიში, როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიოს "ბარსასთან" მარცხი მწარედ "მოხვდა", თუმცა კი ლაპარაკისას არ იმჩნევს. მან "სამეფო კლუბი" დახურულ კარს მიღმა ავარჯიშა, არც ვიდეოკამერები და არც ფოტოგრაფები არ დაუშვეს, არც რამე სიახლე შესთავაზა "რეალმა" ესპანურ მედიას.

"რეალის" ხვალინდელი ოპონენტი, ბრწყინვალე ფორმაში შევიდა, 26 ქულით მე-5 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. მარსელო ბიელსამ, როგორც იქნა, ისე დაალაგა "ბილბაო", როგორც მას სურდა.

გამოჯანმრთელდა ფერნანდო ლორენტეც, რომლის არყოფნაც ბასკებს დიდას ეტყობოდათ: "ჩემთვის "რეალთან" თამაში წლის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირებაა. მინდა, "სანტიაგო ბერნაბეუზე" დავამტკიცო, რას წარმოვადგენ", - უთხრა "მარკას" ფერნანდო ლორენტემ, რომლის მთავარი მიზანი ევრო 2012-ზე ესპანეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრებაა.

ბასკთა მარჯვენა მცველ ანდონი ირაოლას გრიპი ჰქონდა, თუმცა გამოჯანმრთელდა და "სანტიაგო ბერნაბეუზე" ითამაშებს. დისკვალიფიცირებული მარცხენა მცველის, იონ აურტენეჩეს ადგილს ინიგო პერესი დაიკავებს. არგენტინელი მწვრთნელი ჩვეულ, 4-1-4-1 ტაქტიკურ სქემას გამოიყენებს.

ჩემპიონს მართლა მძიმე მატჩი ელის ანდალუსიაში. მართალია, მანუელ პელეგრინის გუნდი დამაჯერებლად ვერ თამაშობს (ლა ლიგაში 6 ტურია არ მოუგია), მაგრამ "მალაგაში" ბევრი ვარსკვლავი თამაშობს, რომელთაც ამბიციურობას ვერ დავუკარგავთ. მარტინ დემიკელისს მიაჩნია, რომ შესაძლებელია იმის გამოყენება, რომ "ბარსა" ყველა ფრონტზე იბრძვის და კვირას მოგება. გუშინ კლუბმა "ესპანიოლისგან" შეძენილი კარლოს კამენი წარადგინა, რომელიც შეიძლება ამ ტურშივე კარში ვიხილოთ.

არადა, "ბარსა", როგორც წესი, კარგად თამაშობს კლასიკოს შემდეგ. ეს ბუნებრივიცაა, ბოლო დროს კატალონიელები ხშირად ჯაბნიან "რეალს" და შემდეგი ტურისთვის აღმაფრენის განწყობას ინარჩუნებენ. სხვათა შორის, დავიდ ვილიამ ვარჯიში დაიწყო! ელ გუახემ "ფეისბუქზე" ტრენაჟორ "ველოსიპედზე" თავისი ვარჯიშის ვიდეორგოლი დადო, თუმცა ბუნებრივია, ფორვარდს ჯერ კიდევ ბევრი უკლია გამოჯანმრთელებამდე.

ესპანეთი. ლა ლიგა. XIX ტური
დღეს
ესპანიოლი-გრანადა 21:00
დისკვალიფიკაცია: ლოპესი (გრანადა)
ტრავმა: ალვარესი, ს. გარსია, მარკესი, მატიონი, ა. ვასკესი, პანდიანი (?) - ხუანი, დიახატე, რობერტო, იებდა (?), იგჰალო (?)

რასინგი-ხეტაფე 21:00
დისკვალიფიკაცია: მუნიტისი (რასინგი)
ტრავმა: ფრანსისი - უსტარი (?)

რეალ სოსიედადი-ატლეტიკო 23:00
დისკვალიფიკაცია: ტიაგო (ატლეტიკო)
ტრავმა: ილარამენდი (რეალ სოსიედადი)

ბეტისი-სევილია 01:00
დისკვალიფიკაცია: მარიო - კანუტე
ტრავმა: ამაია, პოსუელო, ვადილიო - პეროტი, არმენტეროსი, კასერესი (?), დელ მორალი (?)

ხვალ
ოსასუნა-ვალენსია 15:00
ტრავმა: სოლა, მასუდი, რუბენი, როვერსიო, ეჩაიდე, იბრაჰიმა - ალკასერი, კანალესი, მადურო, მიგელი (?), გუაიტა (?)

რაიო ვალეკანო-მალიორკა 19:00
დისკვალიფიკაცია: სენდროსი (მალიორკა)
ტრავმა: ლ. ბანგურა, ბოტელიო, პაჩეკო, ბრავო (?) - ლაკრუსი

მალაგა-ბარსელონა 21:00
დისკვალიფიკაცია: ტულალანი (მალაგა)
ტრავმა: ხოაკინი, ბაპტიშტა, რუბენი (?) - აფელაი, ფონტასი, კეიტა, პედრო, ვილია

ლევანტე-სარაგოსა 22:45
დისკვალიფიკაცია: ხუანფრანი, ბალესტეროსი (ლევანტე)
ტრავმა: ვალდო, ხუანლუ, სუარესი (?), ლოპესი (?) - მატეოსი, ტომასი (?)

რეალი-ბილბაო 00:30
დისკვალიფიკაცია: აურტენეჩე (ბილბაო)
ტრავმა: ხედირა, პეპე, დი მარია - ოსიო, კასტილიო, გურპეგი, გაბილონდო

ზეგ
ვილიარეალი-სპორტინგი 00:00
ტრავმა: კამუნიასი, კატალა, ვაკასო, როსი - სანგოი (?)

თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 18 15 1 2 63-17 46
2. ბარსელონა 18 12 5 1 55-11 41
3. ვალენსია 18 10 4 4 28-19 34
4. ლევანტე 18 9 3 6 25-22 30
5. ბილბაო 18 6 8 4 26-19 26
6. ოსასუნა 18 6 8 4 21-30 26
7. სევილია 18 6 7 5 19-19 25
8. მალაგა 18 7 4 7 21-24 25
9. ესპანიოლი 18 7 4 7 18-21 25
10. ატლეტიკო 18 6 5 7 26-27 23
11. ბეტისი 18 7 1 10 21-26 22
12. ვალეკანო 18 6 4 8 21-27 22
13. ხეტაფე 18 5 6 7 18-24 21
14. სოსიედადი 18 5 6 7 17-23 21
15. რასინგი 18 4 8 6 14-21 20
16. მალიორკა 18 4 7 7 16-24 19
17. გრანადა 18 5 4 9 12-23 19
18. სპორტინგი 18 5 3 10 18-30 18
19. ვილიარეალი 18 3 7 8 15-28 16
20. სარაგოსა 18 2 5 11 14-33 11

ბომბარდირები
21 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 14 - გონსალო იგუაინი (რეალი); 11 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), რობერტო სოლდადო (ვალენსია); 10 - ქარიმ ბენზემა (რეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული