ინიესტა დაშავდა, მაგრამ... ითამაშებს?

AutoSharing Option

ლიხტენშტეინის ნაკრები არასოდეს გასულა არც მსოფლიოს ჩემპიონატზე და არც ევროპულ პირველობაზე და, ალბათ, არც არასოდეს გავა. ნამცეცა ქვეყნისათვის ეს გარგანტუას ამოცანაა. ევრო 2012-ზე მოხვედრა შორეული ოცნებაა ლიხტენშტეინელთა მწვრთნელ ჰანს-პეტერ ცაუგისთვის და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ესპანეთთან სასტარტო მატჩი მის ნაკრებს ამ ოცნებას იოტისოდენადაც არ მიიახლოვებს. იბერიელთა წინააღმდეგ შუაევროპელებმა 4 მატჩი გამართეს აქამდე და ოთხივე წააგეს.

მაგრამ ცაუგი ოპტიმისტია და ამ ოპტიმიზმს ის უეფას ოფიციალურ საიტსაც უზიარებს: "კარგია, რომ წარმატებას მოშიებული ბიჭები გვყავს ნაკრებში". მისი ვიზავი, 59 წლის ვისენტე დელ ბოსკე

მხოლოდ ერთს მოითხოვს გუნდისგან - ლიხტენშტეინის ნაკრები სათანადო მეტოქედ ჩათვალონ და კონცენტრირებულნი გავიდნენ მოედანზე. "მსოფლიოს ჩემპიონობა მომავალი წარმატებების შემაფეხებელი კი არ უნდა გახდეს. ლიხტენშტეინი იოლად არაფერს დათმობს. ამაში ყველა დარწმუნდება მალე", - აცხადებს დელ ბოსკე.
ცაუგმა ნაკრებში ამჯერად არ გამოიძახა გუნდის რეგულარული წევრები: ტომას ბეკი, კრისტოფ ბაიდერმანი, ბენიამინ ფიშერი და ვოლფგანგ კიბერი. ავადმყოფობის გამო "ლა როხას" წინააღმდეგ თამაში არ მოუწევს შტეფან ბუხელს.

დელ ბოსკემ ამ თამაშისთვის არ დაუძახა ხავი მარტინესს და ხუან მატას, ისინი 21-წლამდელთა ნაკრებს დაეხმარნენ. ტრავმირებულები არიან რაულ ალბიოლი და კარლეს პუიოლი. ბოლო დღეებში ნაკრებს დაემატა "ოსასუნას" მარცხენა ფლანგელი ნაჩო მონრეალი. ტრავმიანი ვარჯიშობს ანდრეს ინიესტა, თუმცა ამბობენ, რომ "ბარსელონას" ნახევარმცველი თამაშს მაინც შეძლებს. იოჰანესბურგის გმირი ვარჯიშზე ალვარო არბელოას შეეჯახა და დაშავდა. ფერნანდო ტორესი უმეტესწილად ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. დელ ბოსკეს ვარჯიშები ყველანაირად მიუთითებს, რომ სერხიო რამოსს ისევ მარჯვენა მცველად ათამაშებენ, ხოლო ცენტრში პიკეს მარჩენა შეუწყვილდება.

სავარაუდო შემადგენლობები
ლიხტენშტეინი (4-4-2): იელე - რიცბერგერი, დელია, ოირი, ებერლე - ბრუგმაიერი, პოლვერინო, რ. ბუხელი, რეხშტაინერი - ფრიკი, დ. ჰასლერი.
ესპანეთი (4-1-3-2): კასილიასი - ს. რამოსი, პიკე, მარჩენა, კაპდევილა - ბუსკეტსი - ჩავი, ჩაბი ალონსო, სილვა - ლორენტე, ვილია.

 ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული