ლა ლიგა. XXI ტურის შეჯამება: ხედი კოსმოსიდან

AutoSharing Option
"რეალი" და "ბარსელონა" სხვებს უკვე კოსმოსიდან ეთამაშებიან. არა, ხდება ხოლმე, როცა ერთ-ერთი მათგანი წაიფორხილებს (წლეულს, უფრო ჩემპიონი), ან როგორც ამ ტურში მოხდა, რთულად მიაღწევს მიზანს, მაგრამ მარათონისთვის სახელად ლა ლიგა, ეს ზღვაში წვეთია.

21-ე ტურის შემდეგ ლიდერმა "რეალმა" მესამეადგილოსან "ვალენსიასთან" ქულათა სხვაობა უკვე 18-მდე (!) გაზარდა, მეოთხეადგილოსან "ლევანტესთან" კი - 23 (!) ქულამდე. წარმოიდგინეთ, თეორიულადაც კი 23 ქულის "ამოქაჩვას" 8 ტური უნდა, პრაქტიკულად კი ეს შეუძლებელია. მაშ, რატომაც არა კოსმოსი?

ამ ტურში ყველაზე კარგ თამაშს "ვისენტე კალდერონზე" ველოდით, მაგრამ ყველაზე
ცუდი კი ვიხილეთ. ვფიქრობთ, უნდა შევეგუოთ, რომ არგენტინელი დიეგო სიმეონეს ხელში "ატლეტიკო" ყოველთვის იქნება ანგარიშგასაწევი ძალა, მაგრამ ალბათ არასოდეს ითამაშებს სანახაობრივ ფეხბურთს. სამაგიეროდ, მატჩში 25 ჯარიმა "ლოს კოლჩონეროსს" გარანტირებული აქვს.

ერთიც, ნელ-ნელა არაგონელებთა გამოტირება გვმართებს, "სარაგოსა" იმ გუნდს არა ჰგავს, რომელსაც ამ სიტუაციიდან თავის დახსნა შეუძლია.

შესავალის დამთავრებას კი იმით ვაპირებთ, რითაც უნდა დაგვეწყო - ჩვენი გუშინდელი წინასწარმეტყველება ახდა, "სევილიას" ხელმძღვანელები კარგად ჩაწვდნენ იმას, რომ მარსელინო გარსია ტორალის მოხსნის დროა. თუმცა წინასწარმეტყველება ნამეტანი "ხმამაღალი ნათქვამია" ამ სიტუაციაში.

ბარსა-რეალობა
"რეალი" ჯიქურ მიიწევს მიზნისკენ, მადრიდული დერბი არ გამოვიდა თვალსასეირო, სამაგიეროდ იყო დაძაბული, "ხეტაფემ" იბრძოლა.

რომ არა სერხიო რამოსის თავური, ვინ იცის, იქნებ გარეუბნელებს ეს ბრძოლა დაუფასდებოდათ კიდეც. მოკლედ, "რეალი" ისევ 7 ქულით უსწრებს ჩემპიონს და, როგორც ჩანს, ამ ტიტულს დაათმობინებს კიდეც.

არ გეგონოთ, რომ "რეალს" მეტი მომენტი არ შეჰქმნია, მაგრამ "სამეფო კლუბის" შემტევებმა ეს მომენტები ანიავეს და ანიავეს.

განსაკუთრებით თავი ქარიმ ბენზემამ "გამოიჩინა". ამის გამო "ხეტაფეს" შეეძლო მეტოქის დასჯა, მაგრამ "სამეფო კლუბი" აისა გამესმა იხსნა. არ გეგონოთ, იკერ კასილიასის ახალი შემცვლელია, ეს ამ თამაშის არბიტრია, ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ანტიგმირი - მან 100%-იანი პენალტი არ დანიშნა, როცა პეპემ საჯარიმოში ხელით ითამაშა. "სამეფო კლუბში" ისევ გოლის ავტორ რამოსს, კრიშტიანო რონალდოს და მესუთ იოზილს გამოვყოფდით. კაკა და ბენზემა კი ყველაზე სუსტები იყვნენ. აი, ასე მოიგო "რეალმა" ზედიზედ მე-8 მატჩი სტუმრად ლა ლიგაში.

აიტორ კარანკა: "ჩვენ ვეთამაშეთ ძლიერ მეტოქეს ძალიან ცუდ ამინდში. უპირატესობა სულ ჩვენი იყო და ყველა შანსი რომ გამოგვეყენებინა, სოლიდური ანგარიშით მოვიგებდით".

"ბარსელონამ" აღმაფრენის გარეშე, მაგრამ მაინც დაამარცხა "რეალ სოსიედადი" - 2:1. გუნდში მხოლოდ ერთი კაცი იყო, რომლის თამაშიც აღფრთოვანებას მოგგვრიდათ - ლიონელ მესი - თუმცა არგენტინელმა ჯადოქარმაც ერთი-ორი საოცარი უზუსტობა დაუშვა.

მაგრამ, რაც უნდა იყოს, ლეოს გოლი და განსაკუთრებით მისი საგოლე პასი კრისტიან ტელიოს მისამართით, დიდებული იყო. ხოსეპ გვარდიოლამ სასტარტოში სამი ფეხბურთელი ათამაშა სარეზერვო გუნდიდან, კვენკა (თუმცა ამ უკანასკნელს უკვე პირველი გუნდის წევრი ეთქმის), ტელიო და ჯონათან დოს სანტოსი. ბუნებრივია, ყველაზე ბედნიერი იმ დღეს "კამპ ნოუს" 20 წლის ტელიო ტოვებდა, რომელმაც სადებიუტო გოლი გაიტანა ლა ლიგაში.

ყველაზე ცუდად კი ეს შაბათი სერხიო ბუსკეტსს ემახსოვრება, რომელიც მეტოქეს ძალიან უხერხულად შეეჯახა. საბრალო ბუსკეტსს 15 ნაკერი დაადეს და ექიმთა საერთო დასკვნით, ის კიდევ სასწაულებრივად გადაურჩა სერიოზულ ტრავმას. სხვათა შორის, ეს თამაში იმით იყო გამორჩეული, რაც ასე იშვიათია თანამედროვე ფეხბურთში - "ბარსელონამ" საკუთარი სკოლის 8 აღზრდილი გამოიყვანა, ხოლო "რეალ სოსიედადმა" - 9.

მესი VS რონი
ჩვენი "ტურნირი", ლა ლიგის არ იყოს, ეკვატორს გადასცდა. კრიშტიანო რონალდო კვირას იუბილარი იყო, 27 წლის შესრულდა, ანუ, წესით, ფორმის პიკზე უნდა იყოს და ასეც არის. ლეო მესი მასზე სამი წლით უმცროსია და კარიერის პიკი ჯერ კიდევ წინ აქვს, თუმცა რონალდოს, ოდნავ, მაგრამ მაინც უკვე სჯობნის.

"ხეტაფესთან" 1:0 მოგებულ შეხვედრაში რონალდომ 90 წუთი ითამაშა: კარისკენ 4-ჯერ დაარტყა, 2-ჯერ ზუსტად, გოლი და საგოლე პასი არ მიუთვლია. სამაგიეროდ, სამჯერ მოხვდა ოფსაიდში და მის წინააღმდეგ 6-ჯერ იუხეშეს.

ლეო მესიმ "რეალ სოსიედადთან" 2:1 მოგებულ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა: კარისკენ 7-ჯერ დაარტყა, 5-ჯერ ზუსტად, ერთხელ გაიტანა, ერთხელ გაატანინა, მის წინააღმდეგ ორჯერ დაჯარიმდნენ. მოკლედ, ეს რაუნდი არგენტინელისაა, რომელიც 13:11 დაწინაურდა.

ტურის სიმბოლური ნაკრები
გოლ.კომ. 4-3-3

დიეგო ალვეში (ვალენსია, 1) - ტიტო (რაიო ვალეკანო, 1), სერხიო რამოსი (რეალი, 3), ადილ რამი (ვალენსია, 6), ხოსე მანუელ კასადო (რაიო ვალეკანო, 1) - მესუთ იოზილი (რეალი, 5), ბორხა ვალერო (ვილიარეალი, 3), ანტუან გრიზმანი (რეალ სოსიედადი, 3) - ხუან ალბინი (ესპანიოლი, 1), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო, 3), კრისტიან ტელიო (ბარსელონა, 1).

ფერნანდო ლორენტე შესანიშნავ ფორმაშია და მან ამ ტურშიც შეინარჩუნა ადგილი რჩეულთა შორის, იგივე ითქმის მესუთ იოზილზეც. მე-6-ედ მოხვდა სიმბოლურში "ვალენსიას" ფრანგი მცველი ადილ რამი. არიან დებიუტანტებიც, რომელთაგანაც, რა თქმა უნდა, კრისტიან ტელიოს გამოვყოფთ.

ტურის გმირი
ხუან ალბინი (ესპანიოლი)

შეცვლაზე შესულმა ალბინმა 92-ე წუთზე "სან მამესზე" 3:3 გახადა ანგარიში და "ესპანიოლისთვის" უმნიშვნელოვანესი ქულა იხსნა.

ტურის ფრაზები
პეპე მელი: "მალიორკას" თითქმის არაფერი შეუქმნია და მაინც მოგვიგო, ეს კი ძალიან მაფიქრებს", - "ბეტისის" თავკაცი კუნძულზე 0:1 მარცხის შემდეგ.

მარსელო ბიელსა: "ძალიან დამწუხრებული ვარ, მაგრამ არა გაბრაზებული, რა გაბრაზებული, დღეს მე ბიჭების თამაშით ამაყი ვარ", - არგენტინელი სპეციალისტი "ესპანიოლთან" 3:3-ის შემდეგ.

აიტორ კარანკა: "რა ვქნა, მართლა არ შემიმჩნევია პეპეს ხელი და ტყუილად ვაღიარო?" - ჟოზე მოურინიოს ასისტენტი საკამათო ეპიზოდზე.

ფილიპ მონტანიე: "ფრეს შანსი გვქონდა", - "კამპ ნოუზე" 1:2 მარცხის მერე დანანებით ნათქვამი.

მარსელინო: "შანსი არაა, არ გადავდგები!" - "სევილიას" თავკაცი მოხსნამდე 24 საათით ადრე.

უნაი ემერი: "ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ამ თამაშის არ წაგება", - "ვალენსიას" თავკაცი მადრიდული ფრეს შემდეგ.

ტურის მხვერპლი
ლა ლიგის ცხრილის შუაში გაჩხერილი "სევილიას" ხელმძღვანელობამ, როგორც იქნა, მიიღო გადაწყვეტილება და 46 წლის მარსელინო გარსია ტორალი სახლში გაუშვა. ბოლო 7 მატჩში ანდალუსიელებმა მხოლოდ 2 ქულა მოიპოვეს. ასე რომ, "რასინგიდან" ზარ-ზეიმით მოყვანილი მწვრთნელი დაითხოვეს. სხვათა შორის, მარსელინოს სტარტი იმედისმომცემი იყო - პირველი 9 ტური დაუმარცხებლად.

წუხელვე "სევილიამ" ახალი თავკაცის ვინაობა დაასახელა, ის "რეალის" ლეგენდა მიჩელია, რომელიც საქმეს დღეიდან შეუდგება. მიჩელმა სეზონის ბოლომდე მოაწერა კონტრაქტს ხელი, რომელიც ავტომატურად გაგრძელდება, თუკი "სევილია" ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.

ტურის სტატისტიკა
(შენიშვნა: წუხანდელი მატჩის მონაცემები არ არის შესული)

21 გოლი ტურში (2,33 მატჩში). 2 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 4 ფრედ დასრულდა და 3 სტუმრებმა მოიგეს. ტურში მსაჯებმა 53 ყვითელი და 4 წითელი ბარათი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი - არავინ
დუბლი - არავინ
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ხაირო სამპერიო (რასინგი, 18 წლის)

ყველაზე მეტი მაყურებელი: 89 000 - "კამპ ნოუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 7 600 - "სიუტატ დე ვალენსია"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 20 - ბილბაო, სევილია
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 9 - ბარსელონა
ყველაზე მეტი ჯარიმა: 25 - ატლეტიკო
ყველაზე მეტი კუთხური: 13 - ბილბაო
ყველაზე მეტი თამაშგარე: 9 - რეალი
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 66% - ბარსელონა

ბილბაო-ესპანიოლი 3:3
საუკეთესო: ფერნანდო ლორენტე (ბილბაო)

ლევანტე-რასინგი 1:1
საუკეთესო: ვალდო (ლევანტე)

მალიორკა-ბეტისი 1:0
საუკეთესო: გონსალო კასტრო (მალიორკა)

ხეტაფე-რეალი 0:1
საუკეთესო: სერხიო რამოსი (რეალი)

ბარსელონა-სოსიედადი 2:1
საუკეთესო: კრისტიან ტელიო (ბარსელონა)

სპორტინგი-ოსასუნა 1:1
საუკეთესო: დეიან ლეკიჩი (ოსასუნა)

სევილია-ვილიარეალი 1:2
საუკეთესო: დიეგო ლოპესი (ვილიარეალი)

სარაგოსა-ვალეკანო 1:2
საუკეთესო: ხოსე მანუელ კასადო (რაიო ვალეკანო)

ატლეტიკო-ვალენსია 0:0
საუკეთესო: დიეგო ალვეში (ვალენსია)

გრანადა-მალაგა 2:1

გრანადა (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - ნიომი, ი. ლოპესი, ბ. გომესი, სიკეირა - იებდა, მ. რიკო - ხარა, კ. მარტინში (84. უჩე), ბენიტესი (70. ენრიკე) - იგჰალო (85. ფ. რიკო).
მალაგა (4-4-2): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, მონრეალი - კასორლა, მარესკა (69. რესიო), ტულალანი, ბუონანოტე (61. დუდა) - სება ფერნანდესი (79. ხუანმი), რონდონი.
გოლები: 1:0 იგჰალო (57), 1:1 რონდონი (68), 2:1 ი. ლოპესი (81)
გაფრთხილება: მ. რიკო, ბ. გომესი, იებდა, ნიომი - გამესი
გაძევება: დემიკელისი (84)
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 11-8 (8-4); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 18 000

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 21 18 1 2 71-19 55
2. ბარსელონა 21 14 6 1 61-13 48
3. ვალენსია 21 10 7 4 32-23 37
4. ლევანტე 21 9 5 7 27-25 32
5. ესპანიოლი 21 9 5 7 25-24 32
6. ბილბაო 21 7 9 5 33-28 30
7. ატლეტიკო 21 8 6 7 32-28 30
8. მალაგა 21 8 4 9 25-31 28
9. ოსასუნა 21 6 10 5 23-33 28
10. ხეტაფე 21 7 6 8 22-27 27
11. სევილია 21 6 8 7 22-24 26
12. ვალეკანო 21 7 4 10 25-32 25
13. მალიორკა 21 6 7 8 18-25 25
14. გრანადა 21 7 4 10 16-28 25
15. სოსიედადი 21 6 6 9 23-30 24
16. ბეტისი 21 7 2 12 23-30 23
17. ვილიარეალი 21 5 8 8 20-29 23
18. რასინგი 21 4 10 7 18-26 22
19. სპორტინგი 21 5 4 12 20-39 19
20. სარაგოსა 21 2 6 13 16-38 12

ბომბარდირები: 24 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 23 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 14 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), გონსალო იგუაინი (რეალი); 12 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 11 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 10 - ქარიმ ბენზემა (რეალი).

ასისტენტები: 13 - ანხელ დი მარია (რეალი); 11 - მესუთ იოზილი (რეალი); 9- ლიონელ მესი (ბარსელონა); 8 - დანი ალვეში (ბარსელონა); 6 - ჩავი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი).

ზამორას ტროფეი: 0,62 (გოლი მატჩში) - ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა); 0,9 - იკერ კასილიასი (რეალი); 1,14 - ხავი ვარასი (სევილია); 1,16 - ტიბო კურტუა (ატლეტიკო); 1,19 - გუსტავო მუნუა (ლევანტე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული