აგრონომობიდან მწვრთნელობამდე

AutoSharing Option
ერთი კვირის წინ მანოლო პრესიადოს ძვირად დაუჯდა "სპორტინგის" მარცხი "რეალ სოსიედადთან" (1:5), ის გაანთავისუფლეს და დროებით ხიხონელთა თავკაცად 46 წლის ინიაკი ტეხადა დანიშნეს.

მაშინვე ითქვა, რომ კლუბი მალე გამოძებნიდა პრესიადოს შემცველს. ბოლო ტურში "სპორტინგმა" 1:1 ითამაშა "ოსასუნასთან". ასტურიელები 19 ქულით ბოლოსწინა ადგილზე არიან.

კლუბის ხელმძღვანელობამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ ახალი მწვრთნელის ძებნას თავს დაანებებენ, ხოლო ტეხადას სეზონის ბოლომდე დატოვებენ.

ბასკი სპეციალისტი 1985-87 წლებში ბილბაოს "ატლეტიკში" თამაშობდა. ნახევარმცველმა დარჩენილი კარიერა დაბალი ლიგის გუნდებში გაატარა. მთავარი მწვრთნელი კი ის აქამდე არასოდეს ყოფილა.
წლების განმავლობაში ტეხადა ან მარსელინოს, ან პრესიადოს ასისტენტი იყო, ხან კი "სპორტინგ ბ-ს" წვრთნიდა.

"სპორტინგს" შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ასტურიელთა ბოსები რამდენიმე მწვრთნელს დაეკონტაქტნენ, მაგრამ, მათივე თქმით, ტეხადაზე უკეთესი არც ერთი იყო. ტეხადა კი წლებია "სპორტინგში" ირჯება (1996 წლიდან, როცა მას კლუბის ბაზის მინდვრების საფარის ყურადღება ევალებოდა) და იქაურობის ავან-ჩავანი ბრწყინვალედ იცის.

გუშინ ტეხადამ კარგ ამბავთან ერთად ცუდიც შეიტყო - "სპორტინგის" ცენტრალური მცველი ივან ერნანდესი 10 დღე იუქმებს. ტესტმა აჩვენა, რომ მისი ფეხის კუნთი დაზიანებულია და დასვენება ესაჭიროება. კვირას, "მესტალიაზე" ერნანდესის თამაში, ბუნებრივია, გამორიცხულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული