ესპანეთი. ლა ლიგა. XXII ტური: Game over?

AutoSharing Option
"ბარსელონას" "რეალი" გაუფრინდა, ისევე როგორც ლეო მესის - კრიშტიანო რონალდო. ნავარული მარცხის შემდეგ ძნელია ჩემპიონისთვის ტიტულის შენარჩუნების შანსებზე ილაპარაკო - სხვაობა "რეალთან" 10 ქულაა!

წუხელ კრიშტიანო რონალდომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბენეფისი მოიწყო, "ლევანტე" მოარბია და აქაც ცხადი გახადა, მის არგენტინელ მდევარს ძალიან გაუჭირდება პიჩიჩისთვის ბრძოლა - ის ფაქტობრივად, წაგებულია...

* * *
რაც "ატლეტიკოს" არგენტინელი დიეგო სიმეონე ჩაუდგა სათავეში, მადრიდულმა გუნდმა გოლი არ გაუშვა (ბუნებრივია, არც წაუგია) და ეს მხოლოდ ბელგიელი გოლკიპერის, ტიბო კურტუას დამსახურება არაა - 19 წლის კურტუამ "რასინგთან"
მატჩში მხოლოდ ერთხელ გადაარჩინა გუნდი, როცა "სევილიას" ახალი დამრიგებლის, მიჩელის ვაჟმა, ადრიან გონსალესმა დაარტყა დაბალ კუთხეში.

სხვა მხრივ "რასინგს" "ატლეტიკო" სერიოზულად არც შეუწუხებია იმდენად დიდი იყო სიმეონეს გუნდის უპირატესობა. მაშ, რატომ ვერ მოიგო "ლოს როხიბლანკოსმა"? მიზეზი მხოლოდ ერთია და მას ანტონიო როდრიგეს მარტინესი, უფრო მოკლედ კი ტონიო ჰქვია, "რასინგის" კაპიტანი გოლკიპერი, რომელსაც ამ მატჩში ტრავმის გამო არც უნდა ეთამაშა.

სტუმართაგან საუკეთესო მომენტი ადრიან ლოპესს შეექმნა, მაგრამ მისი დარტყმული ტონიომ მოიგერია, ისევე, როგორც ფილიპე ლუიშის, რადამელ ფალკაოს და დიეგოს გასროლები. ორჯერ მეკარეს ძელიც დაეხმარა, დიეგოს და ფალკაოს მორიგი დარტყმებისას.

ძალიან კარგად ითამაშა ბრაზილიელმა დიეგომ, რომელიც თანდათან "ატლეტიკოს" ლიდერად ყალიბდება. ყველაზე ცუდი კი, რაც "ატლეტიკოს" შეემთხვა, პირველი ტაიმის მიწურულს პორტუგალიელი ტიაგოს მიღებული ტრავმაა, ნახევარმცველმა მარცხენა ფეხზე კუნთი დაიზიანა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

* * *
"რეინო დე ნავარაზე" შეკრებილი 20 ათასი ადამიანი სიხარულით ადევნებდა თვალს, როგორ კარგავდა "ბარსელონა" ჩემპიონობის რეალურ შანსს. ანგარიში მე-4 წუთზე სერბმა დეიან ლეკიჩმა რაულ გარსიას შესანიშნავი პასის შემდეგ გახსნა.

ამის შემდეგ ლეო მესიმ გაანიავა ანგარიშის გათანაბრების შანსი. 22-ე წუთზე ისევ ლეკიჩის დრო დადგა - როცა სერბმა ახლო მანძილიდან გაიტანა ალვარო სეხუდოს ჩამოწოდების შემდეგ. სტუმართაგან ისევ მესი აქტიურობდა, მაგრამ მისი დარტყმული იოლად აიღო მეკარე ანდრეს ფერნანდესმა.

მეორე ტაიმი ხუთი წუთის დაწყებული იყო, როცა ალექსის სანჩესმა ერთი ბურთი გაქვითა, შეცვლაზე შესულმა ისააკ კვენკამ შორეულ ძელთან ჩააწოდა და ჩილელმა ყველას დაასწრო. თითქოს, თამაშის ჩარხი შემოტრიალდა, მაგრამ მასპინძელთაგან საუკეთესომ, 25 წლის რაულ გარსიამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა ვალდესის კარში. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის პამპლონელი ნახევარმცველის კარიერაში, როცა მას "ბარსას" კარში გოლი გააქვს.

73-ე წუთზე ჩემპიონს მატჩის გადარჩენის შანსი კრისტიან ტელიომ გაუჩინა, როცა საჯარიმოში ცრუ მოძრაობით მოიცილა ნინო და ცაციით აუღებელი დაარტყა. ამის შემდეგ მეტოქეებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს, "ოსასუნას" კაპიტანმა ფრანსისკო პუნიალმა ძელს გაარტყა, ხოლო სანჩესმა სულაც გაიტანა... მაგრამ მსაჯებმა საკამათო თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეს.

"ბარსას" ბოლო იერიშებმა არაფერი მისცა, ფერნანდესმა ჯერ სანჩესის დარტყმული მოიგერია, შემდეგ შეცვლაზე შესული ფაბრეგასის თავური - 3:2. ხოსეპ გვარდიოლამ ამ სეზონში სტუმრად უკვე 16 ქულა დაკარგა!

* * *
ბილბაოს "ატლეტიკმა"სევილიაში ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა დატოვა, რომელიც შემდგომში შეიძლება სანანებლადაც გაუხდეს მარსელო ბიელსას გუნდს, "ბეტისთან" 1:2 წააგო. ბასკთა ამბიციები ნელსონმა ჩაძირა - ბუნებრივია, ადმირალი ნელსონი არაფერ შუაშია, მატჩის 91-ე წუთზე ბილბაოელებს "ბეტისის" პორტუგალიელმა მარჯვენა მცველმა ნელსონმა გაუტანა.

ეს ნელსონის პირველი მატჩი იყო სეზონში, ის ახლახან დაბრუნდა გუნდში მას მერე, რაც მამა გარდაეცვალა. მან ბურთი საჯარიმოს კუთხეში მიიღო და "ბეტისს" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

მანამდე კი მოვლენები ასე განვითარდა, პირველ ტაიმში მასპინძელმა რუბენ კასტრომ გახსნა ანგარიში, 15 წუთიც არ იყო გასული ამ ეპიზოდიდან, რომ ხავი მარტინესმა გაათანაბრა. მეორე ტაიმში სწორედ ხავი მარტინესი გააძევეს და მას მერე ბასკები მხოლოდ თავს იცავდნენ. 91-ე წუთამდე მათ ეს საქმე კარგად გამოსდიოდათ.

* * *
ბოლოადგილოსანმა "სარაგოსამ" ოცნების უფლება დაიბრუნა - ბარსელონაში მოულოდნელად "ესპანიოლი" დაამარცხა - 2:0. მოკლედ, ამ ტურში ჩემპიონთა ლიგის მე-4 საგზურისთვის მებრძოლთ "რაღაც" დაემართათ. სამ მიზეზს ჩამოვთვლით, თუ რატომ მოიგო "სარაგოსამ", პირველი, პარაგვაელი მცველის, პაულო და სილვას მეტად დროული გოლია, სამხრეთამერიკელი ლუის გარსიას კუთხურს გამოეხმაურა და თავით უძლიერესად დაარტყა.

მეორე, სტუმართა მეკარე რობერტო გაგოა, რომელმაც ყველანაირი დარტყმული მოიგერია, კოუტინიოს შეტევის შემთხვევაში კი მას ძელი დაეხმარა. მესამე მიზეზი, ნახევარმცველი რუბენ მიკაელია, ის შეცვლაზე შევიდა და "სარაგოსას" თამაში შუახაზში დალაგდა. "ესპანიოლს" არ ჰყავდა წინა ტურის გმირი ხუან ალბინი, რომელიც სამი კვირით ლაზარეთში დარჩება.

* * *
მართალია, "ლა როსალედაზე" ანგარიში სტუმართა ფრანგმა ლეგიონერმა მიშელ პერეირამ გახსნა, მაგრამ "მალაგა" ამჯერად გადაურჩა ქულების დაკარგვას - სება ფერნანდესმა მალევე გაათანაბრა.

მეორე ტაიმში კი ჟერემი ტულალანმა და სალომონ რონდონმა გაიტანეს. ეს "მალაგას" მეცხრე გამარჯვებაა სეზონში, "მალიორკა" ზუსტად მეცხრედ დამარცხდა. მანუელ პელეგრინის ეს მოგება ძვირი დაუჯდა, ტრავმები მიიღეს რესიომ და სანტი კასორლამ.

* * *
მართალია, "რეალი"-"ატლეტიკო" არაა, მაგრამ "რაიო ვალეკანოსა" და "ხეტაფეს" დაპირისპირებაც დერბია და შესაბამისად - პრინციპული. მიჩუმ და დიეგო კოშტამ ტაიმებში თითო გოლი გაიტანეს და "ელვებმა" 2:0 მოიგეს.

"ვალეკასზე" ძალზე ციოდა, ამიტომაც თამაში ვერ გამოდგა თვალსასეირო. მეორე ტაიმში კოშტასთან სიუხეშისთვის მოედნისან "ხეტაფეს" ნახევარმცველი მიჩელი მიაბრძანეს.

* * *
"ვალენსიამ" ძალზე იოლად მოუგო აუტსაიდერ "სპორტინგს" და განიმტკიცა მე-3 ადგილი. ანგარიში გამანადგურებელი მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გახდა, როცა ბრაზილიელმა ჟონას ოლივეირამ დუბლი შეასრულა - 4:0.

* * *
"ვილიარეალმა" თვალში გამოიხედა, ხოსე მოლინას გუნდმა ბოლო 4 მატჩში მესამე მოიგო და გასავარდნ ზონას, სადაც არაფერი ესაქმება, დასცილდა.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXII ტური
რასინგი-ატლეტიკო 0:0
რასინგი (4-2-3-1): ტონიო - ალვარო, ტორეხონი, ბერნარდო სუნიგა, სისმა - დიოპი, გულონი - არანა (58. აკოსტა), ადრიანი (68. მუნიტისი), სამპერიო - სტუანი (83. ბაბაკარი).
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, პერეა, დომინგესი, ფილიპე ლუიში - ტიაგო (43. მ. სუარესი), გაბი - ადრიან ლოპესი, დიეგო, არდა თურანი (69. პიცი) - ფალკაო.
გაფრთხილება: დიოპი, სტუანი, აკოსტა, მუნიტისი - ფილიპე ლუიში, არდა თურანი, ტიაგო, გაბი
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 18-25; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 6-23 (1-9); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 18 000

ოსასუნა-ბარსელონა 3:2
ოსასუნა (4-3-3): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, სერხიო, ფლანიო, რაიტალა - პუნიალი, ნეკუნამი, რ. გარსია (87. დამია) - სეხუდო, ნინო (75. ლოლო), ლეკიჩი (69. იბრაჰიმა).
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პუიოლი (45. კვენკა), პიკე (69. ფაბრეგასი), აბიდალი - სერხი რობერტო, მასკერანო, ტ. ალკანტარა - სანჩესი, მესი, პედრო (45. ტელიო).
გოლები: 1:0 ლეკიჩი (4), 2:0 ლეკიჩი (22), 2:1 სანჩესი (50), 3:1 რ. გარსია (55), 3:2 ტელიო (72)
გაფრთხილება: რ. გარსია, პუნიალი - სერხი, სანჩესი, ალვეში, ვალდესი, მასკერანო
კუთხური: 3-12; ჯარიმა: 23-7; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 7-20 (3-8); ბურთის ფლობა: 31%-69%.
მაყურებელი: 19 000

ბეტისი-ბილბაო 2:1
ბეტისი (4-3-3): ფაბრისიო - ნელსონი, პაულაუ, დორადო, ნაჩო - ბენატი, ირინეი, სევილია (68. პოსუელო) - რ. კასტრო, მოლინა (74. სანტა კრუსი), მონტერო (54. პერეირა).
ბილბაო (4-2-3-1): ურსაისი - ირაოლა, ხ. მარტინესი, ამორებიეტა, აურტენეჩე (91. ტოკერო) - იტურასპე, ი. პერესი (46. სან ხოსე) - სუსაეტა, მუნიაინი (68. ეკიზა), დე მარკოსი - ფ. ლორენტე.
გოლები: 1:0 რ. კასტრო (10), 1:1 ხ. მარტინესი (22), 2:1 ნელსონი (91)
გაფრთხილება: ირინეი, მოლინა, ბენატი, ნელსონი, სანტა კრუსი - მარტინესი, აურტენეჩე
გაძევება: ხ. მარტინესი (64)
კუთხური: 13-10; ჯარიმა: 23-8; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 25-9 (5-4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 38 000

ესპანიოლი-სარაგოსა 0:2
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხ. ლოპესი, რ. როდრიგესი, მორენო, დიდაკ ვილა - ფორლინი (64. ტიევი), ვერდიუ - ვეისი, რომარიკი, კოუტინიო - კალუ უჩე (71. რუი ფონტე).
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - პ. ალვარესი, ლანძარო, და სილვა, ობრადოვიჩი - პინტერი, აპონიო - ორიოლი (73. სუკულინი), ლუის გარსია (60. რუბენ მიკაელი), ლაფიტა - პოშტიგა (84. ხუან კარლოსი).
გოლები: 0:1 და სილვა (56), 0:2 ხუან კარლოსი (90)
გაფრთხილება: კოუტინიო, დიდაკ ვილა - ლაფიტა, ლანძარო, ალვარესი, სუკულინი, რობერტო
კუთხური: 6-8; ჯარიმა: 17-24; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 14-10 (4-7); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 23 000

მალაგა-მალიორკა 3:1
მალაგა (4-4-2): კაბალიერო - ს. სანჩესი, ველიგტონი, მატეისენი, მონრეალი - კასორლა (71. ელიზეუ), ტულალანი, რესიო (71. მარესკა), ისკო - სება ფერნანდესი, რონდონი (80. ვან ნისტელროი).
მალიორკა (4-4-2): ავატე - კრესპი, ჩიკო, ნუნიეში, პ. კასერესი (74. ალფარო) - პერეირა (59. ნსუე), პინა, ტისონე, გ. კასტრო - ჰემედი, ალვარო (59. ოგუნჯიმი).
გოლები: 0:1 პერეირა (3), 1:1 სება ფერნადესი (10), 2:1 ტულალანი (54), 3:1 რონდონი (67)
გაფრთხილება: რესიო, ველიგტონი - ჩიკო, ალფარო
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 8-15; თამაშგარე: 1-7; კარში დარტყმა: 17-8 (8-3); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 25 000

ვალეკანო-ხეტაფე 2:0
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხოელი - ტიტო, არიბასი, პულიდო, კასადო - ფუეგო, მოვილია - პიტი (65. ლ. ბანგურა), მიჩუ, არმენტეროსი (86. ბენიტო) - დ. კოშტა (72. ტამუდო).
ხეტაფე (4-4-2): მოია - ვალერა (68. რაფა), კატა დიასი, ლოპო, მანე - დ. კასტრო (66. ლასენი), მიჩელი, კასკერო (78. არისმენდი), ბარადა - მიკუ, გუისა.
გოლები: 1:0 მიჩუ (33), 2:0 დ. კოშტა (63)
გაფრთხილება: მიჩუ, პულიდო, კოშტა, არიბასი, კასადო - ლოპო, მანე, გუისა
გაძევება: მიჩელი (61)
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 19-23; თამაშგარე: 7-4; კარში დარტყმა: 13-5 (7-0); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 13 500

ვალენსია-სპორტინგი 4:0
ვალენსია (4-4-2): გუაიტა - მიგელი, რამი, დეალბერტი, მატიო - ფეგული (76. პიატი), ალბელდა, ტ. კოსტა, ალბა (81. ბერნატი) - სოლდადო, ადურისი (70. ჟონასი).
სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - ლორა, ბოტია, გრეგორი, კანელია (39. აიოსე) - რივერა, ეგურენი - კარმელო (60. კოლუნგა), ანდრე კაშტრო (73. ბილიჩი), დე ლას კუევასი - ბარალი.
გოლები: 1:0 ფეგული (33), 2:0 ბოტია (73 ს.კ.), 3:0 ჟონასი (91), 4:0 ჟონასი (94)
გაფრთხილება: ალბელდა - ბოტია
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 19-15; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 22-5 (8-1); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 42 500

ვილიარეალი-გრანადა 3:1
ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - ა. ლოპესი, საპატა, მარჩენა, ხ. ორიოლი - კანი, სენა, ბ. ვალერო, კამუნიასი (88. ე. პერესი) - ნილმარი (62. კასტელანი), მ. რუბენი (75. მარტინუჩო).
გრანადა (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - ნიომი, ი. ლოპესი (57. დიახატე), ბ. გომესი, სიკეირა (69. ენრიკე) - ფ. რიკო (67. უჩე), მ. რიკო - ხარა, კ. მარტინში, ბენიტესი - იგჰალო.
გოლები: 1:0 მ. რუბენი (16), 1:1 ი. ლოპესი (50), 2:1 ბ. ვალერო (64), 3:1 ჟულიო სეზარი (73 ს. კ.)
გაფრთხილება: კანი, მარჩენა - იგჰალო, ხარა, დიახატე
გაძევება: დიახატე (88)
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 8-3; კარში დარტყმა: 11-13 (7-5); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 17 000

რეალი-ლევანტე 4:2
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, კოენტრაო - გრანერო (75. ხედირა), ჩაბი ალონსო - ბენზემა, იოზილი (80. კაკა), რონალდო - იგუაინი (66. კალეხონი).
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ვენტა, ბალესტეროსი, კაბრალი, დელ ორნო (57. პ. ლოპესი) - ფარინოსი, იბორა - ვალდო (76. ბოტელიო), ელ ჟარი (46. პალიარდო), სერანო - კონე.
გოლები: 0:1 კაბრალი (4), 1:1 რონალდო (44-პენ), 2:1 რონალდო (49), 3:1 რონალდო (56), 3:2 კონე (62), 4:2 ბენზემა (65)
გაფრთხილება: რამოსი, პეპე, არბელოა - სერანო, იბორა, კაბრალი
გაძევება: იბორა (43)
კუთხური: 14-1; ჯარიმა: 15-9; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 26-5 (9-3); ბურთის ფლობა: 78%-22%.
მაყურებელი: 75 000

სოსიედადი-სევილია დღეს. 00:00

სატურნიო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 22 19 1 2 75-21 58
2. ბარსელონა 22 14 6 2 63-16 48
3. ვალენსია 22 11 7 4 35-22 40
4. ლევანტე 22 9 5 8 29-29 32
5. ესპანიოლი 22 9 5 8 25-26 32
6. ატლეტიკო 22 8 7 7 31-27 31
7. მალაგა 22 9 4 9 28-32 31
8. ოსასუნა 22 7 10 5 26-35 31
9. ბილბაო 22 7 9 6 34-30 30
10. ვალეკანო 22 8 4 10 27-32 28
11. ხეტაფე 22 7 6 9 22-29 27
12. სევილია 21 6 8 7 22-24 26
13. ბეტისი 22 8 2 12 25-31 26
14. ვილიარეალი 22 6 8 8 23-30 26
15. მალიორკა 22 6 7 9 19-28 25
16. გრანადა 22 7 4 11 17-31 25
17. სოსიედადი 21 6 6 9 23-30 24
18. რასინგი 22 4 11 7 18-26 23
19. სპორტინგი 22 5 4 13 20-43 19
20. სარაგოსა 22 3 6 13 18-38 15

ბომბარდირები
27 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 23 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 14 - გონსალო იგუაინი (რეალი), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 12 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 11 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), მიჩუ (რაიო ვალეკანო), ქარიმ ბენზემა (რეალი).

მომდევნო ტური
18 თებერვალი: ხეტაფე-ესპანიოლი, რეალი-რასინგი, სევილია-ოსასუნა.
19 თებერვალი: გრანადა-რეალ სოსიედადი, ბილბაო-მალაგა, სპორტინგი-ატლეტიკო, მალიორკა-ვილიარეალი, ლევანტე-რაიო ვალეკანო, ბარსელონა-ვალენსია.
20 თებერვალი: სარაგოსა-ბეტისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული