ლა ლიგა. XXII ტური: მიჩელ გონსალესის დებიუტი წიწაკის გემოთი

AutoSharing Option
უარესი რა შეიძლება მოხდეს - "სევილია", რომელიც ყოველთვის მიიჩნეოდა ლა ლიგის ერთ-ერთ მოწინავე კლუბად, 26 ქულით მე-13 ადგილზეა, მხოლოდ გოლების უკეთესი შეფარდებით უსწრებს დაუძინელებელ მტერ "ბეტისს" და სამი ქულაღა აშორებს გავარდნის ზონას.

აი, ასეთი მწარე დებიუტი გამოუვიდა წარსულში ცნობილ ფეხბურთელს, მიჩელ გონსალესს ანდალუსიური კლუბის მესაჭის ადგილზე - ორშაბათს "სევილიამ" "ანოეტაზე" ბასკურ "რეალ სოსიედადთან" 0:2 წააგო. მასპინძლებს გამარჯვება კარლოს ველას და რუბენ პარდოს გოლებმა მოუტანეს.

ორივე გუნდს ეტყობოდა, რომ ცხრილში ყოველ ქულას უფრთხილდება, ფეხბურთელები ნერვიულობდნენ და ხშირად, უხეშობასაც არ თაკილობდნენ. მაგალითად,
ბასკი მარკელ ბერგარა მეტისმეტად ეუხეშა ხოსე ანტონიო რეიესს, მაგრამ დამნაშავე ყვითელ ბარათს გადაურჩა.

პირველ ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის ნახევარშანსები, იგივე გაგრძელდა მეორე ტაიმშიც.

სტუმრებს ეტყობოდათ, რომ უკეთესი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ კლასში სხვაობა საკმარისი არ აღმოჩნდა ქულების მოსაპოვებლად.

მოსაწყენი თამაში მატჩის დასრულებდამდე 25 წუთით ადრე გამოცოცხლდა - ჩაბი პრიეტომ ჩამოაწოდა, ხოლო ველამ, რომელიც ახლაც ლონდონის "არსენალის" საკუთრებაა, მიწაზე დაუშვებლად დაჰკრა ბურთს ფეხი.

გოლი ბრწყინვალე იყო, მაგრამ რამდენიმე წუთში პარდომ კიდევ უფრო უკეთესი გაიტანა საჯარიმოს გარედან. ერთს დავამატებთ, ნახევარმცველი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და შარშან ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.

ფილიპ მონტანიე (რეალ სოსიედადი): "დღეს ჩვენ სეზონში ერთ-ერთი სრულყოფილი თამაში ვაჩვენეთ".

მიჩელი (სევილია): "შედეგი თავისთავად ვერ მოვიდოდა, ბევრი შრომაა საჭირო. სწორედ ამას ვაპირებ მომავალში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული