ესპანეთი. ლა ლიგა. XXIII ტურის წინ: ლიონელ მესი 200-იან ზღვართან

AutoSharing Option
"სეზონის ბოლოს თუკი "ბარსელონას" ერთი ქულით ვაჯობებთ, ეს იქნება უდიდესი წარმატება. მხოლოდ ერთი ქულა მეტი არ მინდა", - როგორ ფიქრობთ, ვისი სიტყვებია?

რა თქმა უნდა "რეალის" პორტუგალიელი თავკაცის, ჟოზე მოურინიოსი. იმ "რეალის", რომელიც ჩემპიონს ახლა 10 ქულით უსწრებს.

სიფრთხილეს თავი არ სტკივაო პორტუგალიელს გაგონილი აშკარად არ ექნება, თუმცა ცხოვრებაში რომ ამ პრინციპს არ ღალატობს, ფაქტია. მაშ ასე, ტურის ცენტრალურ მატჩში "რეალი" არ მონაწილეობს - კვირას "კამპ ნოუზე" "ბარსელონა" "ვალენსიას" მასპინძლობს...

* * *
ინტრიგა? რა ინტრიგა შეიძლება ჰქონდეს არც თუ
დიდი ხნისწინანდელი სათასო ნახევარფინალის რემატჩს? თავისთავად, ორი სახელიანი კლუბი ხვდება ერთმანეთს და ეს უკვე საინტერესოა, მაგრამ კიდევ? რატომაც არა! ინებეთ თქვენ ინტრიგა - "ბარსელონას" უგრძელდება ლალიგური მინი-კრიზისი (ბოლო სამ მატჩში 4 ქულა) და აგებს "კამპ ნოუზე".

სიუჟეტის ასეთი განვითარება ნაკლებად მოსალოდნელი, მაგრამ შესაძლებელია. თუკი ასე მოხდა მე-2 ადგილისთვის ბრძოლას "ღამურებისთვის" აზრი გაუჩნდება, ჩემპიონთან ჩამორჩენა 5 ქულამდე დავა.

ამასობაში უნაი ემერი მეტისმეტი დიპლომატობით ამტკიცებს, რომ სტუმრად "სტოკ სიტისთან" 1:0 მოგება სახიფათო ანგარიშია და ყველაფერი საპასუხო მატჩში თავიდან დაიწყება. ფაქტია, "ვალენსიამ" თითქმის გადაწყვიდა ევროპალიგის მერვედფინალში გასვლის საკითხი. ახლა დროა, "ბარსელონასთან" დაპირისპირებაზე ფიქრის. მეორე მხრივ, წაგების შემთხვევაში "ღამურების" "მყარ" მესამე ადგილს გაუჩნდება საფრთხე, თანაც სავარაუდოდ ვალენსიური კლუბისგან.

"თურქი ობობას ნაკბენი" - ასეთი სათაურით აუწყა "სუპერდეპორტემ" მკითხველს თუ ვინ იყო "სტოკ სიტისთან" მოგების მთავარი შემოქმედი. მართლაც, მეჰმეთ თოპალის გოლი არა მარტო ერთადერთი და გადამწყვეტი იყო, არამედ ულამაზესიც - თურქმა დაახლოებით 28 მეტრიდან ყუმბარისებული დარტყმით გაიტანა ინგლისელთა კარში. თუმცა უკვე გუშინ ყურადღების ცენტრში გუნდის კაპიტანი დავიდ ალბელდა მოექცა, ვეტერანს კლუბმა კიდევ ერთი წლით გაუგრძელა კონტრაქტი. ახლა ალბელდა, რომელიც 34 წლისაა 2013 წლამდე "ღამურაა".

ახლა მასპინძელთა ბანაკში გადავინაცვლოთ - პრობლემებით დავიწყოთ: ტურის მთავარ მატჩს გამოაკლდებიან ხავიერ მასკერანო და დანი ალვეში. არგენტინელიც და ბრაზილიელიც ჯანზე არიან, უბრალოდ, მათ 5-5 ყვითელი ბარათი დაუგროვდათ. მოკლედ, დაცვაში პრობლემებია, ამიტომ გვარდიოლას მოუწევს 3-4-3-ზე გადაწყობა, რომელიც ამ სეზონში რამდენჯერმე გამოსცადა. გვარდიოლას შეუძლია რეზერვებიდან მონტოია გამოიძახოს, მაგრამ ალბათ ის სამკაციან დაცვას არჩევს: პუიოლი-პიკე-აბიდალის შემადგენლობით.

კვირას, თუკი ლეო მესი ითამაშებს, არგენტინელი მე-200 მატჩს გამართავს ლა ლიგაში. "ბარსას" მოქმედი ფეხბურთელებიდან ამ ზღვარს მესი მეხუთე გადააბიჯებს ჩავის (401 თამაში), პუიოლის (359), ვალდესის (317) და ინიესტას (258) შემდეგ. მესიმ 199 ლალიგურ მატჩში 142 გოლი გაიტანა!

* * *
18 თებერვალს "რეალი" პრიმერას ერთ-ერთ ყველაზე სუსტ გუნდს, სანტანდერის "რასინგს" მასპინძლობს, რომელიც 23 ქულით მე-18 ადგილზეა ანუ გასავარდნ ზონაშია. ჟოზე მოურინიოს თამაშის წინ კითხვა ნური შაჰინის შესახებ დაუსვეს (რატომ არ ათამაშებო) - პორტუგალიელმა განაცხადა, რომ გუნდში მინდვრის 20 ფეხბურთელი ჰყავს და აქედან მხოლოდ 10-ის გამოყვანის უფლება აქვს.

"რა თქმა უნდა, "ბარსელონა" მძიმე სიტუაციაშია, ჩვენი დევნა უწევს, მაგრამ კონკურენტი დიდი გუნდია და მისგან ძალიან კარგი შედეგების წყებაა მოსალოდნელი. რა თქმა უნდა, მირჩვენია, რაც შეიძლება მალე გავინაღდოთ ტიტული, მაგრამ თუკი სეზონის ბოლოს მხოლოდ 1 ქულით გავუსწრებთ "ბარსელონას", ესეც დიდი მიღწევა იქნება".

ჟოზე მოურინიომ "რასინგთან" მატჩისთვის 21 ფეხბურთელი დაიგულა, სიაში ვერ მოხვდნენ ლასანა დიარა და ჰამით ალთინთოპი (ტრავმები) და ალვარო არბელოა (დისკვალიფიკაცია), სამაგიეროდ დაემატნენ მარსელო და ანხელ დი მარია, ორივემ შეიძლება სასტარტოში ითამაშოს. თუ ასე იქნა - მარსელო ფაბიო კოენტრაოს შეცვლის, ხოლო დი მარია - იგუაინს. სასტარტოში შეიძლება ვიხილოთ გერმანელი სამი ხედირაც, ამ შემთხვევაში 11-ეულიდან ესტებან გრანერო "ამოვარდება". სიაში მხოლოდ ერთი ფეხბურთელია მეორე გუნდიდან ტომას მეხიასი.

"ბარსელონასთან" წაგების შემდეგ (დეკემბერში) "რეალს" 7 ტურია ქულა არ დაუკარგავს. სექტემბერში ამ გუნდების შეხვედრა 0:0 დასრულდა, მაშინ "რასინგს" საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ექტორ კუპერი წვრთნიდა.

* * *
18 თებერვალს "სანტიაგო ბერნაბეუს" გარდა ორი მატჩია - მადრიდში "ხეტაფე" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ "ესპანიოლს" მასპინძლობს. ორივე გუნდს უამრავი ტრავმირებული ჰყავს. "სანჩეს პისხუანზე" კი მიჩელის საშინაო დებიუტი შედგება "სევილიას" მწვრთნელის პოსტზე. გამომცდელი "ოსასუნაა", რომელმაც წინა ტურში "ბარსელონას" დამარცხებით დიდი სენსაცია მოახდინა.

19 თებერვლის მატჩებიდან "სან მამესზე" გასამართავს გამოვყოფთ, სადაც "ბილბაო" "მალაგას" მასპინძლობს. ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს უმიზნებს. ტური ორშაბათს არაგონში "სარაგოსა" "ბეტისის" მატჩით დასრულდება.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXIII ტური
დღეს
ხეტაფე-ესპანიოლი 21:00
დისკვალიფიკაცია: მიჩელი - დიდაკ ვილა
ტრავმა: პედრო ლეონი (?), ტორესი (?), ლოპესი, მასილელა, ვალერა - მატიონი, ვასკესი (?), სანჩესი (?), ს. გარსია, ვერდიუ (?), პანდიანი, ალბინი, ალვარესი, მარკესი

რეალი-რასინგი 23:00
დისკვალიფიკაცია: არბელოა - სტუანი
ტრავმა: ალთინტოპი, იგუაინი (?), დიარა (?) - კოლსა, სამპერიო

სევილია-ოსასუნა 01:00
დისკვალიფიკაცია: რ. გარსია (ოსას)
ტრავმა: ვარასი (?), პეროტი, რეიესი (?) - სატრუსტეგი (?), სოლა, მასუდი, ეჩაიდე, რუბენი

ხვალ
გრანადა-სოსიედადი 15:00
დისკვალიფიკაცია: დიახატე (გრან)
ტრავმა: დემიდოვი (?), მარტინესი (?)

ბილბაო-მალაგა 19:00
დისკვალიფიკაცია: ხ. მარტინესი - დემიკელისი
ტრავმა: გაბილონდო, გურპეგი, კასტილიო, ოსიო - გამესი (?), ბაპტიშტა, რუბენი (?)

სპორტინგი-ატლეტიკო 21:00
დისკვალიფიკაცია:
ტრავმა: ლორა (?), ერნანდესი, კასესი (?) - ტიაგო (?), ლოპესი (?)

მალიორკა-ვილიარეალი 21:00
დისკვალიფიკაცია: ჩიკო (მალ)
ტრავმა: სენდროსი - როსი, ვაკასო, კატალა

ლევანტე-ვალეკანო 22:45
დისკვალიფიკაცია: იბორა - არიბასი, კასადო, მიჩუ
ტრავმა: ნავასი, ხუანლუ - მიჩელი (?), ხიმენესი (?)

ბარსელონა-ვალენსია 00:30
დისკვალიფიკაცია: დ. ალვეში, მასკერანო (ბარს)
ტრავმა: ფონტასი, ვილია, ჩავი, აფელაი - პ. ერნანდესი, კანალესი

ზეგ
სარაგოსა-ბეტისი 00:00
დისკვალიფიკაცია: ლანძარო - ირინეი
ტრავმა: არანდა - მონტერო (?), ამაია, ვადილიო

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 22 19 1 2 75-21 58
2. ბარსელონა 22 14 6 2 63-16 48
3. ვალენსია 22 11 7 4 35-22 40
4. ლევანტე 22 9 5 8 29-29 32
5. ესპანიოლი 22 9 5 8 25-26 32
6. ატლეტიკო 22 8 7 7 31-27 31
7. მალაგა 22 9 4 9 28-32 31
8. ოსასუნა 22 7 10 5 26-35 31
9. ბილბაო 22 7 9 6 34-30 30
10. ვალეკანო 22 8 4 10 27-32 28
11. სოსიედადი 22 7 6 9 25-30 27
12. ხეტაფე 22 7 6 9 22-29 27
13. სევილია 22 6 8 8 22-26 26
14. ბეტისი 22 8 2 12 25-31 26
15. ვილიარეალი 22 6 8 8 23-30 26
16. მალიორკა 22 6 7 9 19-28 25
17. გრანადა 22 7 4 11 17-31 25
18. რასინგი 22 4 11 7 18-26 23
19. სპორტინგი 22 5 4 13 20-43 19
20. სარაგოსა 22 3 6 13 18-38 15

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული