ლა ლიგა. XXIII ტურის შეჯამება: ორი პოკერის ტური

AutoSharing Option
"რეალმა" ძალიან დამაჯერებლად მოიგო "ელ კლასიკო" და სამეფო თასს დაეუფლა. ლულის და კეროლის ბრწყინვალე თამაშის წყალობით "სამეფო კლუბმა" პირში ჩალაგამოვლებული დატოვა "პალაუ ბლაუგრანაში" შეკრებილი საზოგადოება, სამაგიეროდ, მადრიდში მთელ ღამეს ზეიმობდნენ... სტოპ!

სპორტის სახოება აგვერია, ეს ყველაფერი ნამდვილად მოხდა კვირას ესპანეთში, მაგრამ კალათბურთში. ფეხბურთში კი სეზონის ბოლო კლასიკო 22 აპრილს არის დანიშნული, მანამდე კი ამ სტატუს-ქვოს ("რეალის" 10-ქულიანი უპირატესობა) ბევრიც არაფერი ემუქრება. თუკი წინა ტურში კრიშტიანო რონალდო ჰეთ თრიკით გამოირჩა, ახლა ლეო მესის ჯერი იყო, რომელიც პოკერით "აფეთქდა". მოკლედ, ტიტულისთვის ბრძოლა
თუ გახდა ოდნავ მოსაწყენი, ეს ორი სუპერვარსკვლავი მაინც გვახალისებს.

ბარსა-რეალობა
ახლა, როცა ეს შეჯამება იწერება "რეალი" მოსკოვშია და მისი აღარც ერთი წევრი ფიქრობს პრიმერას ბოლო ტურის მატჩზე, რომელშიც "სამეფო კლუბმა" 4:0 გაანადგურა "რასინგი".

კრიშტიანო რონალდომ მხოლოდ ერთი გაიტანა მესის 4-ის საპირისპიროდ, მაგრამ სწორედ ამ გოლის წყალობით პორტუგალიელი ინარჩუნებს ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების ბომბარდირის სტატუსს. კიდევ რატომ იყო მნიშვნელოვანი ეს გოლი გუშინაც მოგახსენეთ, მაგრამ ახლა უფრო დავაკონკრეტებთ - ის თავური, რომელიც კაკას თავურ პასს მოყვა, რონალდოს 121-ე ოფიციალური გოლი იყო "რეალის" მაისურით. ეს კი ლეგენდარული ხუანიტოს (ხუან გომეს გონსალესი) მიღწევაა. "სამეფო კლუბის" 70-80-იანი წლების ფორვარდი 1992 წელს ავტოავარიაში 37 წლისა დაიღუპა.

რონალდო უკვე მე-13-ეა "რეალის" ყველა დროის გოლეადორებში, რომელსაც სათავეში რაული უდგას. "შალკეს" ვარსკვლავს, რომელმაც შაბათს კარიერაში მე-400 გოლი გაიტანა, "რეალის" მაისურით 323 გოლი გაუტანია. რაულამდე, რა თქმა უნდა, უსაშველოდ შორია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ რონალდომ 121-იან ნიშნულს 2,5 სეზონში მიაღწია.

ყველას არ ჩამოვთვლით, ვინც პორტუგალიელს უსწრებს: 3 გოლიც და ის პაინიოს დაეწევა, 4 გოლი აშორებს ფერნანდო იერომდე (რომელიც მცველი იყო!), ათეულში მოსახვედრად კი 9 გოლი სჭირდება (მაშინ "სევილიას" ახლანდელ მწვრთნელ მიჩელს გაუტოლდება).

"რეალის" მე-20 გამარჯვებაში რონალდოზე მეტი წვლილი ქარიმ ბენზემამ (დუბლი) და ანხელ დი მარიამ შეიტანეს. "რეალის" ოფიციალურმა საიტმა სწორედ ეს ორი დაასახელა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელებად. არადა, დი მარია შეცვლაზე შევიდა და საერთოდაც, თვეზე მეტი ხნის მერე პირველად თამაშობდა, მაგრამ გოლი ისეთი გაიტანა... თქვენი მოწონებული!

ჟოზე მოურინიომ "რასინგთან" შეხვედრაში სერხიო რამოსი მარჯვენა ფლანგზე დააბრუნა (ცენტრიდან), მის ადგილას კი რაფაელ ვარანი გაამწესა.

ამ სეზონში პირველად არ ყოფილა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ კაკამ და მესუთ იოზილმა ერთად ითამაშეს. სხვათა შორის, მოგვეჩვენა, რომ კაკას გვერდით იოზილი დაიჩაგრა. გოლებზე ბევრი ითქვა და ამ შეხვედრაში საგოლე პასები ასე განაწილდა: ჩაბი ალონსო (2), კაკა და სამი ხედირა.

ალბათ "ვალენსიას" ბევრმა ქომაგმა ინანა, რაც მე-9 წუთზე მოხდა - არადა, მაშინ "ღამურებმა" ანგარიში გახსნეს სოფიან ფეგულის შესანიშნავი გარღვევა მარჯვენა ფლანგიდან დიდებული ჩაწოდებით გაგრძელდა, ვალდესსაც აერია ორიენტაცია წამით პაბლო პიატიმ გაიტანა. ამით სტუმრებმა "ბარსელონა" გაამწარეს, ლეო მესის გაჩერება კი შეუძლებელი გახდა. მესი მე-200-ედ თამაშობდა "ბლაუგრანა" მაისურით.

ბუნებრივია, თავის გამოჩენა ეწადა, თუმცა მის ასეთ ბენეფისს მაინც ნაკლებად ველოდით - პოკერი დიეგო ალვეშის კარში!

პოკერი თვით მესისთვისაც განსაკუთრებული მოვლენაა - ეს მის კარიერაში მეორეა (პირველად "არსენალი" "დაასაჩუქრა" ჩემპიონთა ლიგაზე 2010 წლის აპრილში). ლა ლიგაში "ბარსელონას" ბოლო ფეხბურთელი, ვინც პოკერი შეასრულა სამუელ ეტოო იყო, რომელმაც 2008 წლის ნოემბერში "ვალიადოლიდს" 4 გოლი გაუტანა.

წლევანდელ სეზონში მესის ფანტასტიკური მაჩვენებელი აქვს - 44 გოლი 39 ოფიციალურ მატჩში! 200 ლალიგურ მატჩში კი მის ანგარიშზე 146 გოლია. გოლ.კომ-მა ლეო მესის თამაში "ვალენსიასთან" 10-ბალიანი სისტემით 9,5 ქულით შეაფასა.

მესი VS რონი
კრიშტიანო რონალდომ "რასინგთან" 4:0 მოგებულ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა: კარისკენ 8-ჯერ დაარტყა, 2-ჯერ ზუსტად, 1 გოლი გაიტანა. მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი ერთხელ დაარღვია თამაშის წესი, ერთხელაც თამაშგარე მდგომარეობაში მოხვდა.

ლიონელ მესიმ "ვალენსიასთან" 5:1 მოგებულ მატჩში 90 წუთი ითამაშა: კარისკენ 11-ჯერ დაარტყა, 5-ჯერ ზუსტად, 4 გოლი გაიტანა, მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

ეს რაუნდი უდავოდ მესიმ მოიგო და ჩვენ "ტურნირში" 14:12 დაწინაურდა.

ტურის სიმბოლური ნაკრები
Goal.com 3-4-3

ხუან პაბლო (სპორტინგი, 2) - მიკელ სან ხოსე (ბილბაო, 1), ინიგო ლოპესი (გრანადა, 2), ნუნიეში (მალიორკა, 1) - ხესუს ნავასი (სევილია, 2), კაკა (რეალი, 1), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა, 5), გონსალო კასტრო (მალიორკა, 1) - ლიონელ მესი (ბარსელონა, 6), ლასანა ბანგურა (რაიო ვალეკანო, 1), გაისკა ტოკერო (ბილბაო, 2).

ტურის სიმბოლურ ნაკრებში 5 "დებიუტანტია", ამათგან ორის დებიუტანტობა ცოტა არ იყოს, უცნაურია - "რეალის" ბრაზილიელი ნახევარმცველი კაკა და "მალიორკას" ურუგვაელი გარემარბი ჩორი კასტრო სეზონში პირველად მოხვდნენ რჩეულთა შორის.

კაკას პირველად მოხვედრა თუ სახელის გამო გვიკვირს, კასტრო ამ სეზონში მართლაც ბრწყინვალეა. ჩორიმაც თავისებური პოკერი შეასრულა - ოთხივე გოლი "ვილიარეალის" კარში მისი პასებით გავიდა. გაგიკვირდებათ და, მესი მხოლოდ მეექვსედაა სიმბოლურში (რონალდო ლიდერია - 9 მოხვედრა).

ტურის გმირი
ლიონელ მესი (ბარსელონა)

არც ერთი ქვეყნის ჩემპიონატში, არსად არ იქნება ტურის გმირი სხვა, თუკი ვინმემ პოკერი შეასრულა.

ტურის ფრაზები
ჟოზე მოურინიო: "ჟურნალისტიკის დღევანდელი მდგომარეობა კატასტროფულია" - "რეალის" თავკაცი მადრიდულ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაზე, სადაც ჟურნალისტი მოუს ერთ-ერთი ფეხბურთელის არ დაყენების მიზეზს "ვერ ხვდებოდა", მაშინ როცა ის ფეხბურთელი სინამდვილეში დისკვალიფიცირებული იყო.

ხოსეპ გვარდიოლა: "ჩვენ არ დაგვიმსახურებია "რეალთან" 10-ქულიანი ჩამორჩენა. ეს უსამართლობაა" - "ბარსას" თავკაცი ლიდერთან ჩამორჩენის თაობაზე.

კრისტიან ტელიო: "მესი არ გაჩერდება, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და კვლავ ასეთად დარჩება", - ახალგაზრდა ბარსელონელი სახელოვან თანაგუნდელზე.

ფილიპ მონტანიე: "მსაჯობაზე როგორ ვილაპარაკო, როცა დღეს მსაჯი თვალით არ მინახავს", - "რეალ სოსიედადის" მწვრთნელმა ასე მოიხსენია ვიტიენეს ტეიშეირა, რომელსაც "მარკამ" ამაზრზენი მსაჯობისთვის 1-იანი დაუწერა.

ხოანხო გონსალესი: "მსაჯობაზე მირჩევნია, ენა მოვიკვნიტო", - "რასინგის" თავკაცი 0:4-ის მერე.

ანდრეს პალოპი: "ყოველი წამით ვტკბები, რადგან ვიცი, რომ ცოტაღა დამრჩა", - "სევილიას" ვეტერანი (38 წლის) გოლკიპერი.

მანუელ პელეგრინი: "დღეს ორი სხვადასხვა მალაგა ვიხილეთ", - ანდალუსიელთა ჩილელი თავკაცი "ბილბაოსთან" 0:3 მარცხის მერე.

ხავიერ კლემენტე: "გუნდმა მართლაც კარგად ითამაშა", - გაგიკვირდებათ და, პირველ პრესკონფერენციაზე კლემენტეს არაფერი "ისეთი" არ უთქვამს.

ხუან იგნასიო: "შევღონდით", - "ლევანტეს" თავკაცი შინ 3:5 მარცხის შემდეგ.

ხოსეპ მარია ბარტომეუ: "ჩვენ ვულოცავთ ფლორენტინო პერესს თასის მოგებას", - "ბარსას" ვიცეპრეზიდენტი "რეალის" საკალათბურთო მიღწევაზე.

ტურის იდიოტი
ეს ახალი რუბრიკა იმედია, ერთჯერადი იქნება და მეტჯერ არ დაგვჭირდება. ადამიანურად თანავუგრძნობთ ევერ ბანეგას, მაგრამ რაც არგენტინის ნაკრებისა და "ვალენსიას" ერთ-ერთმა ლიდერმა ჩაიდინა სხვა შეფასებას არ იმსახურებს.

გუშინ გაუწყეთ, რომ ბანეგა საოპერაციოა და მას უახლოესი ნახევარი წელი ვერ ვიხილავთ. საოცარია, მაგრამ ფაქტია - ბანეგამ ტრავმა... ბენზინგასამართ სადგურზე მიიღო! საწვავის შესავსებად გაჩერებული ფეხბურთელი მანქანიდან ისე გადმოვიდა, ძრავი არ გამორთო, მანქანა დაგორდა და პატრონს კოჭი დაუმსხვრია.

ალბათ, ბევრს გაახსენდა "ვალენსიას" ფეხბურთელის ასეთივე კურიოზული ტრავმა - 2002 წლის მუნდიალის წინ სანტიაგო კანისარესმა საკუთარ აბაზანაში ოდეკოლონის ფლაკონით გაიჭრა ფეხი, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ წავიდა და იკერ კასილიასს გზა გაეხსნა.

ტურის 5 საუკეთესო გოლი
1. ლიონელ მესი (ბარსელონა) მე-4 გოლი "ვალენსიას" კარში (საგოლე პასი: სერხიო ბუსკეტსი)
2. ანხელ დი მარია (რეალი) "რასინგის" კარში (პასი: ჩაბი ალონსო)
3. გაისკა ტოკერო (ბილბაო) "მალაგას" კარში (პასი: ანდერი)
4. მიკელ სან ხოსე (ბილბაო) "მალაგას" კარში (პასი: ტოკერო)
5. პაბლო პიატი (ვალენსია) "ბარსელონას" კარში (პასი: სოფიან ფეგული)

ტურის სტატისტიკა
(შენიშვნა: წუხანდელი მატჩის მონაცემები არ არის შესული)

36 გოლი ტურში (3,6 მატჩში). 4 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 6 ფრედ დასრულდა და 2 სტუმრებმა მოიგეს. ტურში მსაჯებმა 56 ყვითელი და 4 წითელი ბარათი დაარიგეს.

პოკერი - ლიონელ მესი (ბარსელონა)
ჰეთ თრიკი - არავინ
დუბლი - ქარიმ ბენზემა (რეალი), ვიქტორ კასადესუსი (მალიორკა), იკეჩუკვუ უჩე (გრანადა), დიეგო კოშტა (რაიო ვალეკანო), რუბენ სუარესი (ლევანტე), ლასანა ბანგურა (რაიო ვალეკანო)
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: რაფაელ ვარანი (რეალი, 18 წლის)

ყველაზე მეტი მაყურებელი: 85 000 - "კამპ ნოუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 9 000 - "ალფონსო პერეს კოლისეუმი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 32 - ბარსელონა
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 15 - ბარსელონა
ყველაზე მეტი ჯარიმა: 20 - ატლეტიკო, სპორტინგი
ყველაზე მეტი კუთხური: 12 - ხეტაფე
ყველაზე მეტი თამაშგარე: 6 - ატლეტიკო
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 66% - რეალი

ხეტაფე-ესპანიოლი 1:1
საუკეთესო: ალვარო ვასკესი (ესპანიოლი)

რეალი-რასინგი 4:0
საუკეთესო: ანხელ დი მარია (რეალი)

სევილია-ოსასუნა 2:0
საუკეთესო: ანდრეს პალოპი (სევილია)

გრანადა-სოსიედადი 4:1
საუკეთესო: კარლუშ მარტინში (გრანადა)

ბილბაო-მალაგა 3:0
საუკეთესო: იკერ მუნიაინი (ბილბაო)

სპორტინგი-ატლეტიკო 1:1
საუკეთესო: პედრო ორფილა (სპორტინგი)

მალიორკა-ვილიარეალი 4:0
საუკეთესო: გონსალო კასტრო (მალიორკა)

ლევანტე-ვალეკანო 3:5
საუკეთესო: დიეგო კოშტა (რაიო ვალეკანო)

ბარსელონა-ვალენსია 5:1
საუკეთესო: ლიონელ მესი (ბარსელონა)

ლა ლიგა. XXIII ტური

სარაგოსა-ბეტისი 0:2
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - პ. ალვარესი, და სილვა, პარედესი, ობრადოვიჩი - აპონიო, რუბენ მიკაელი (73. დუიმოვიჩი) - ლუის გარსია (59. ბარერა), ე. ორიოლი (52. ხუან კარლოსი), ლაფიტა - არანდა.
ბეტისი (4-4-2): ფაბრისიო - ნელსონი, პაულაუ, დორადო, ნაჩო - სევილია (84. მატილია), კანიასი, ბენატი, მონტერო (69. სანტა კრუსი) - რ. კასტრო, მოლინა (76. პერეირა).
გოლები: 0:1 რ. კასტრო (41), 0:2 რ. კასტრო (66)
გაფრთხილება: ორიოლი, აპონიო, და სილვა - სევილია, კასტრო, კანიასი, ბენატი
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 7-4; კარში დარტყმა: 5-9 (2-9); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 16 000

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 23 20 1 2 79-21 61
2. ბარსელონა 23 15 6 2 68-17 51
3. ვალენსია 23 11 7 5 36-27 40
4. ბილბაო 23 8 9 6 37-30 33
5. ესპანიოლი 23 9 6 8 26-27 33
6. ატლეტიკო 23 8 8 7 32-28 32
7. ლევანტე 23 9 5 9 32-34 32
8. ვალეკანო 23 9 4 10 32-35 31
9. მალაგა 23 9 4 10 28-35 31
10. ოსასუნა 23 7 10 6 26-37 31
11. სევილია 23 7 8 8 24-26 29
12. ბეტისი 23 9 2 12 27-31 29
13. მალიორკა 23 7 7 9 23-28 28
14. ხეტაფე 23 7 7 9 23-30 28
15. გრანადა 23 8 4 11 21-32 28
16. სოსიედადი 23 7 6 10 26-34 27
17. ვილიარეალი 23 6 8 9 23-34 26
18. რასინგი 23 4 11 8 18-30 23
19. სპორტინგი 23 5 5 13 21-44 20
20. სარაგოსა 23 3 6 14 18-40 15

ბომბარდირები: 28 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 27 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 14 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), გონსალო იგუაინი (რეალი); 13 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 12 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 11 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), მიჩუ (რაიო ვალეკანო); 9 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა).

ასისტენტები: 13 - ანხელ დი მარია (რეალი); 11 - მესუთ იოზილი (რეალი); 9 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 8 - დანი ალვეში (ბარსელონა); 7 - კრიშტიანო რონალდო (რეალი).

ზამორას ტროფეი: 0,74 (გოლი მატჩში) - ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა); 0,91 - იკერ კასილიასი (რეალი); 1,1 - ტიბო კურტუა (ატლეტიკო); 1,14 - ხავი ვარასი (სევილია); 1,19 - ტონიო (რასინგი)

მომდევნო ტური
25 თებერვალი: ბეტისი-ხეტაფე, რასინგი-სპორტინგი, მალაგა-სარაგოსა, ესპანიოლი-ლევანტე.
26 თებერვალი: ვილიარეალი-ბილბაო, რაიო ვალეკანო-რეალი, ოსასუნა-გრანადა, რეალ სოსიედადი-მალიორკა, ვალენსია-სევილია, ატლეტიკო-ბარსელონა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული