ლა ლიგა. XXIV ტურის შეჯამება: "ბარსას" გამარჯვება და... გვარდიოლას კაპიტულაცია

AutoSharing Option
"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ლა ლიგას ვერ მოვიგებთ. ქულათა ჩამორჩენა ძალიან დიდია. ამიტომ ასეთი თამაშები გვაძლევენ საშუალებას, ვიყოთ ის გუნდი, რაც ვართ", - ეს სიტყვები ხოსეპ გვარდიოლამ მოგებული მატჩის შემდეგ თქვა! მოკლედ, 24-ე ტურის მთავარი მოვლენა, სტატუს ქვოს შენარჩუნების მიუხედავად, ჩემპიონი გუნდის თავკაცის კაპიტულაციაა...

არადა, იყო შანსი "რეალს" ფეხი დასცდენოდა, თან როგორი! მოკრძალებულმა "რაიო ვალეკანომ" ნამდვილი დერბის სულისკვეთება დაანთო "ვალეკასზე", "რეალს" დაცვის მარჯვენა ფლანგი "მოუნგრია", მაგრამ იკერ კასილიასის ბრწყინვალე თამაშისა და კრიშტიანო რონალდოს არაორდინალური გოლის წყალობით, 3 ქულა მაინც "რეალს"
დარჩა.

ბარსა-რეალობა
"რეალის" ოფიციალური ვებგვერდიც აღიარებს, რომ "სამეფო კლუბს" "რაიო ვალეკანოსთან" 3 ქულის აღება გაუჭირდა და რომ არა "ვალეკასზე" გატანილი გენიალური გოლი, საჩემპიონო დოღი ალბათ უფრო საინტერესო გახდებოდა, მაგრამ კრიშტიანო რონალდო სხვაგვარად ფიქრობდა - იოზილის კუთხური ხეირიანად ვერ მივიდა ადრესატამდე, პორტუგალიელმა ბურთი მხოლოდ კართან მოშორებით და ისიც ზურგით მდგომმა მოიგდო, თუმცა რონალდოს არ დაუხანებია ქუსლით დაარტყა და დაახლოებით 15 მეტრიდან გაიტანა.

"რაიო ვალეკანოსთან" 1:0 გამარჯვება საიუბილეო იყო ჟოზე მოურინიოსთვის. ის ლა ლიგაში 62-ედ გაუძღვა "რეალს" და 50-ე გამარჯვება მოაპოვებინა. 80,6% - ასეთია მწვრთნელის წარმატების რეიტინგი, ბრწყინვალე შედეგია. 50 მოგების გარდა, ჟოზეს "რეალმა" 6 თამაში ფრედ დაასრულა და 6 წააგო. ბურთების სხვაობაც შთამბეჭდავია: 181:54. 50 მოგებით მოუ უკვე დაეწია ფაბიო კაპელოს ლა ლიგაში მოპოვებული გამარჯვებებით. პეპემ ლა ლიგაში მე-100 მატჩი ჩაატარა.

"რეალმა" 2009/10 წლების სეზონის მიღწევა გაიმეორა - ზედიზედ 9 გამარჯვება სტუმრად ლა ლიგაში.

ჟოზე მოურინიო: "ამ სტადიონზე ქულების დაკარგვა იოლია. ბევრი იტყვის, რომ კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ ეს "რაიოს" დამსახურებაა. "რეალმა" კარგად ითამაშა, მაგრამ მეტოქე ფანტასტიკური იყო. ძალიან გაგვიჭირდა, მეტოქეს გოლის გატანის ბრწყინვალე შანსები ჰქონდა. ჩვენ შეგვეძლო ინტრიგა კონტრშეტევებით მოგვეკლა, მაგრამ ვერ ვიყოჩაღეთ.

თუკი ტიტულის მოგება გვსურს, ის უნდა მოვიგოთ ყოველ სტადიონზე, ყოველ თამაშში. სანდოვალმა გარისკა და დიდი ძალებით შემოგვიტია ბოლოს, მაგრამ ჩვენ სამი ქულა დიდ ბრძოლაში შევინარჩუნეთ".

მე-4 არბიტრთან დაკავშირებულ ინციდენტზეც ვთქვათ - ტელეკამერებმა დააფიქსირეს, მე-4 მსაჯთან ცხარედ მოკამათე მოუ. სარეზერვო არბიტრმა "განსაკუთრებულის" ერთ-ერთი თანაშემწე, რუი ფარია გააძევა, მიზეზი კი ემოციის მეტისმეტად გამოხატვაა. სხვათა შორის, რუი ფარია ბოლო სამ თვეში მესამედ გააძევეს.

კიდევ უფრო მეტი სალაპარაკო "ვისენტე კალდერონის" მატჩზე გვაქვს - ტურის ცენტრალურ მატჩში "ატლეტიკომ" და "ბარსელონამ" თვალსასეირო მატჩი აჩუქეს მაყურებელს, რომელიც შეიძლებოდა ყველა შესაძლო შედეგით დასრულებულიყო, რომ არა ლეო მესის გენია.

მატჩის დასასრულისკენ მან წამებში შეაფასა სიტუაცია, ისარგებლა იმით, რომ მსაჯს არ ჰქონდა მოთხოვნილი საჯარიმო დარტყმის სასტვენის შემდეგ შესრულება და მარცხენა ფრთიდან მოულოდნელად დაარტყა შორეულ "ცხრიანში" - 2:1. "ბარსა" ინარჩუნებს მცირე საჩემპიონო შანსს...

თუკი პირველი ტაიმი აშკარად "ბარსასი" იყო, მეორეში დიეგო სიმეონეს "ატლეტიკომ" გამოაჩინა ბრჭყალები. ასე რომ, მასპინძლებმა დანი ალვეშის გოლი (რომელიც შესანიშნავი კომბინაციის ლოგიკური დასასრული იყო), რადამელ ფალკაოს გასროლით გაათანაბრეს. "ბარსელონას" არ ჩაუთვალეს ორი გოლი, ორივეჯერ ხელით თამაშისთვის (არადა, მესის გოლი დიდებული სანახავი იყო და ტურის საუკეთესო გოლი გახდებოდა), პირველ შემთხვევაში მსაჯი მართალი იყო, მეორე კი უკვე საკამათოა.

არ შეიძლება არ აღინიშნოს ხოსეპ გვარდიოლას რისკი, მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, მან გუნდი 3-4-3 სქემაზე გადაიყვანა და რისკმა გაამართლა. ისე, სადაც მესის წვლილზე ვიტყვით, ნურც ვიქტორ ვალდესს დავუკარგავთ, "ბარსელონას" გოლკიპერი შესანიშნავი იყო.
სხვათა შორის, მესიმ და ბუსკეტსმა მორიგი ყვითელი ბარათები მიიღეს და მომდევნო მატჩს (შინ "სპორტინგთან") გამოტოვებენ. წლეულს ლა ლიგაში მესის შეხვედრა არ გამოუტოვია, ეს პირველი შემთხვევა იქნება.

ხოსეპ გვარდიოლა: "მეტოქე ძალიან ძლიერი იყო. "ატლეტიკოსთან" თამაში ჩვენთვის კარგი ტესტი იყო. როცა მეტოქემ გაათანაბრა, მაშინ გამოჩნდა ჩვენი გუნდის სიძლიერე".

მესი VS რონი
კრიშტიანო რონალდომ 90 წუთი ითამაშა "რაიო ვალეკანოსთან" 1:0 მოგებულ შეხვედრაში. მან კარისკენ 7-ჯერ დაარტყა, აქედან 3 კარში წავიდა, 1 გოლი გაიტანა, 2-ჯერ მის წინააღმდეგ იუხშეს, 1-ხელ კი რონალდო თამაშგარე მდგომარეობაში მოხვდა.

ლიონელ მესიმ 90 წუთი ითამაშა "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, კარისკენ 1-ხელ დაარტყა და გაიტანა. მესის წინააღმდეგ 4-ჯერ იუხეშეს, ის ერთხელ დაჯარიმდა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ორივემ კარგად ითამაშა, ჩვენ "ტურნირში" მათ 1:1 ეკუთვნით, მესი ისევ წინაა 15:13. მომავალ ტურში არგენტინელი არ იქნება და რონალდოს ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირების შანსი აქვს.

ტურის სიმბოლური ნაკრები
Goal.com 4-4-2

კლაუდიო ბრავო (რეალ სოსიედადი, 2) - დანი ალვეში (ბარსელონა, 2), ემირ სპაჰიჩი (სევილია, 1), სერხიო ბალესტეროსი (ლევანტე, 4), ნაჩო მონრეალი (მალაგა, 1) - ხესუს ნავასი (სევილია, 3), ისკო (მალაგა, 1), მარკოს სენა (ვილიარეალი, 1), კარლოს ველა (რეალ სოსიედადი, 1) - კრიშტიანო რონალდო (რეალი, 10), ლიონელ მესი (ბარსელონა, 9).

მესი და რონალდო ერთად ტურის სიმბოლურ ნაკრებში, მესი მეცხრედ, რონალდო - მეათედ. სიმბოლურში ხუთი დებიუტანტია.

ტურის გმირი
რუბენ სუარესი (ლევანტე)

თავისდა უნებურად! 33 წლის ვეტერანი ნახევარმცველი შეცვლაზე შევიდა. 89-ე წუთზე ის საჯარიმოს ასრულებდა მარცხენა ფრთიდან, ბურთი მოეჭრა და ჩაწოდების ნაცვლად კარში დარტყმა გამოუვიდა... შედეგიანი! "ლევანტემ" 2:1 მოიგო და კარდინალურად შეცვალა სიტუაცია ლიგის მე-4 საგზურისთვის ბრძოლაში.

ტურის ფრაზები
კრიშტიანო რონალდო: "არც კი ვიცოდი, რომ გოლი გავიტანე, ამ დარტყმას არც მცველები და მეკარე ელოდნენ. კარგი გოლი იყო, მაგრამ არა საუკეთესო ჩემს კარიერაში", - ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების ბომბარდირი ქუსლით გატანილ გოლზე.

ჟოზე მოურინიო: "ცხოვრებაში არ შემხვედრია ასეთი აგრესიული მე-4 მსაჯი", - "რეალის" თავკაცი განმარტავდა, თუ რა შეხლა-შემოხლა ჰქონდა სარეზერვო მსაჯთან შესვენებისას.

ჟოზე მოურინიო: "რაიო ვალეკანო არ დანებდა და იბრძოლა. ამ გუნდმა დაიმსახურა, რომ ვთქვათ: "რაიო" იმაზე მეტის ღირსი იყო, ვიდრე დღეს მიიღო. მე ძალიან მომწონს მათი მწვრთნელი სანდოვალი", - პორტუგალიელი აფასებს მადრიდულ დერბის.

ჟოზე მოურინიო: "საოცარია, მაგრამ მადრიდში გუნდს მხოლოდ 300 ფანი გამოყვა მხარდასაჭერად", - ფანებით უკმაყოფილო მწვრთნელი.

ხოსეპ გვარდიოლა: "მესი იმ ტიპის ლიდერია, რომელიც მაშინ გამოდის სცენაზე, როცა გიჭირს", - "ბარსელონას" თავკაცი მესის შესახებ.

ხოსეპ გვარდიოლა: "შემდეგ კვირაში მესიც დაისვენებს და პეპეც", - "ბარსას" თავკაცის ხუმრობა.

პეპე მელი: "ტურნირი კრივში, რომ ყოფილიყო, გამარჯვებულები დავრჩებოდით", - "ბეტისის" მწვრთნელი "ხეტაფესთან" 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ.

მანოლო ხიმენესი: "შერცხვენილი ვარ", - "სარაგოსას" ბოსი "მალაგასთან" 1:5 მარცხის შემდეგ.

ხუან იგნასიო: "ნუ მელაპარაკებით ჩემპიონთა ლიგის საგზურზე, ეს მე ნერვებს მიშლის", - "ლევანტეს" თავკაცი "ესპანიოლთან" 2:1 მოგების შემდეგ.

ტურის 5 საუკეთესო გოლი
1. დავიდ ბარალი (სპორტინგი) გოლი "რასინგის" კარში (საჯარიმო)
2. ლიონელ მესი (ბარსელონა) გოლი "ატლეტიკოს" კარში (საჯარიმო)
3. კრიშტიანო რონალდო (რეალი) გოლი "რაიო ვალეკანოს" კარში
4. ტინო კოსტა (ვალენსია) გოლი "სევილიას" კარში (საგოლე პასი: ხორდი ალბა)
5. მარკოს სენა (ვილიარეალი) გოლი "ბილბაოს" კარში (საჯარიმო)

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, როგორ გაგვიჭირდა ამჯერად - ტურში ძალიან ბევრი ლამაზი გოლი გავიდა, თუმცა მაინც დავიდ ბარალის საჯარიმო დარტყმა ავარჩიეთ. ამ გოლმა მესის საოცარ საჯარიმოსა და რონალდოს ქუსლურს აჯობა. ხუთეულში ვერ მოხვდნენ დანი ალვეშის (ბარსელონა), მიკელ რიკოს (გრანადა), გარი მედელის (სევილია) და იმანოლ აგირეჩეს (რეალ სოსიედადი) შესანიშნავი გოლები.

ესპანური ფეხბურთის სისუსტე... მსაჯები
ესპანელი მსაჯები საარაკოდ კომიკურები არიან, მათ შეუძლიათ ერთი უადგილო ჩასტვენით საკმაოდ მაღალი დონის თამაშის "გაფუჭება". ვინც კი რეგულარულად უყურებს პრიმერას მატჩებს, დაგვეთანხმება. გთავაზობთ ამ ტურში "გამორჩეულებს"...

ფერნანდეს ბორბალანი (რიაო ვალეკანო-რეალი). "მარკას" შეფასება - 0 (10-ბალიანი სისტემა).

რა დააშავა: 1. სერხიო რამოსმა საჯარიმოში იდაყვი ჩაარტყა მეტოქეს, მსაჯმა არც პენალტი დანიშნა და არც ყვითელი ბარათი უჩვენა რეალელს (რომელიც მისთვის მე-2 იქნებოდა). 2. პეპემ პიტის ფეხზე დააბიჯა, მაგრამ მსაჯმა არათუ არ გააფრთხილა პორტუგალიელი, არამედ ჯარიმაც არ დაუნიშნავს. 3. "ვალეკანოს" ნახევარმცველი მიჩუ არ იყო გასაძევებელი. პერეს ლასა (ატლეტიკო-ბარსელონა). მარკა - 4.

რა დააშავა: 1. ორი გოლი გაუუქმა "ბარსას", მეორე - შეცდომით. 2. მატჩის ბოლო წუთზე 100%-იანი პენალტი არ დადო "ბარსას" კარში, ბუსკეტსმა ხელით ითამაშა. 3. მისმა ასისტენტებმა 2-3-ჯერ არასწორად დააფიქსირეს თამაშგარე მდგომარეობა.

ტურის სტატისტიკა
28 გოლი ტურში (2,8 მატჩში). 3 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 3 ფრედ დასრულდა და 4 სტუმრებმა მოიგეს. ტურში მსაჯებმა 67 ყვითელი და 2 წითელი ბარათი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი - არავინ
დუბლი - არავინ
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ხაიმე სამპერიო (რასინგი, 18 წლის)

ყველაზე მეტი მაყურებელი: 55 600 - "ვისენტე კალდერონი"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 12 000 - "ელ სარდინიერო"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 21 - ვილიარეალი
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 9 - მალაგა
ყველაზე მეტი ჯარიმა: 22 - ატლეტიკო, ვალენსია, ვილიარეალი, სარაგოსა
ყველაზე მეტი კუთხური: 13 - რაიო ვალეკანო
ყველაზე მეტი თამაშგარე: 5 - სარაგოსა
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 73% - ბარსელონა

რასინგი-სპორტინგი 1:1
საუკეთესო: კრისტიან სტუანი (რასინგი)

ბეტისი-ხეტაფე 1:1
საუკეთესო: ჯეფერსონ მონტერო (ბეტისი)

მალაგა-სარაგოსა 5:1
საუკეთესო: ხოსე რონდონი და ისკო (მალაგა)

ესპანიოლი-ლევანტე 1:2
საუკეთესო: კოუტინიო და ვეისი (ესპანიოლი)

ვილიარეალი-ბილბაო 2:2
საუკეთესო: ფერნანდო ლორენტე (ბილბაო)

ვალეკანო-რეალი 0:1
საუკეთესო: კრიშტიანო რონალდო (რეალი)

ვალენსია-სევილია 1:2
საუკეთესო: ხესუს ნავასი (სევილია)

ოსასუნა-გრანადა 2:1
საუკეთესო: იბრაჰიმა ბალდე (ოსასუნა)

სოსიედადი-მალიორკა 1:0
საუკეთესო: კარლოს ველა (რეალ სოსიედადი)

ატლეტიკო-ბარსელონა 1:2
საუკეთესო: ლიონელ მესი (ბარსელონა)

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 24 21 1 2 80-21 64
2. ბარსელონა 24 16 6 2 70-18 54
3. ვალენსია 24 11 7 6 37-29 40
4. ლევანტე 24 10 5 9 34-35 35
5. ბილბაო 24 8 10 6 39-32 34
6. მალაგა 24 10 4 10 33-36 34
7. ოსასუნა 24 8 10 6 28-38 34
8. ესპანიოლი 24 9 6 9 27-29 33
9. ატლეტიკო 24 8 8 8 33-30 32
10. სევილია 24 8 8 8 26-27 32
11. ვალეკანო 24 9 4 11 32-36 31
12. ბეტისი 24 9 3 12 28-32 30
13. სოსიედადი 24 8 6 10 27-34 30
14. ხეტაფე 24 7 8 9 24-31 29
15. მალიორკა 24 7 7 10 23-29 28
16. გრანადა 24 8 4 12 22-34 28
17. ვილიარეალი 24 6 9 9 25-36 27
18. რასინგი 24 4 12 8 19-31 24
19. სპორტინგი 24 5 6 13 22-45 21
20. სარაგოსა 24 3 6 15 19-45 15

ბომბარდირები: 29 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 28 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 15 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 14 - გონსალო იგუაინი (რეალი); 13 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 12 - რობერტო სოლდადო (ვალენსია), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 11 - მიჩუ (რაიო ვალეკანო); 9 - რუბენ კასტრო (ბეტისი), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა); 8 - დავიდ ბარალი (სპორტინგი), არუნა კონე (ლევანტე), ალექსის სანჩესი (ბარსელონა).
ასისტენტები: 13 - ანხელ დი მარია (რეალი); 11 - მესუთ იოზილი (რეალი); 9 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 8 - დანი ალვეში (ბარსელონა); 7 - კარლოს ველა (რეალ სოსიედადი), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი).

ზამორას ტროფეი: 0,75 (გოლი მატჩში) - ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა); 0,88 - იკერ კასილიასი (რეალი); 1,14 - ტიბო კურტუა (ატლეტიკო), ხავი ვარასი (სევილია); 1,27 - მიგელ მოია (ხეტაფე).

მომდევნო ტური
3 მარტი: მალიორკა-ოსასუნა, ხეტაფე-მალაგა, რაიო ვალეკანო-რასინგი, ბარსელონა-სპორტინგი, სევილია-ატლეტიკო.
4 მარტი: სარაგოსა-ვილიარეალი, ბილბაო-რეალ სოსიედადი, გრანადა-ვალენსია, რეალი-ესპანიოლი.
5 მარტი: ლევანტე-ბეტისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული