ალიყური ფურია როხას და დონ ვისენტეს

AutoSharing Option

ვინ შეიძლება დაამარცხოს "ბარსელონა" და "რეალი" ერთად? რა თქმა უნდა, "ბარსელონამ" და "რეალმა" ერთად! არ გჯერათ? ბუენოს-აირესის ანტონიო ლიბერტის სახელობის სტადიონზე (იგივე "მონუმენტალი") გამართული ამხანაგური მატჩის შემადგენლობებს გადახედეთ - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ესპანეთი მწარედ შერცხვა არგენტინის ნაკრებთან - 1:4, თუკი წაგებულთა რიგებში 9 ფეხბურთელმა ითამაშა "ბარსადან" და "რეალიდან", მოგებულთა რიგებშიც 5 ასეთი ფეხბურთელი იყო. მატჩი არგენტინის დამოუკიდებლობის 200 წლისთავს მიეძღვნა და ყოფილი კოლონიის რბევით დასრულდა.

ვფიქრობთ, არგენტინის ნაკრებს ეშველა: ამხელა პოტენციალისა და ამდენი კაშკაშა ვარსკვლავის პატრონ გუნდს, როგორც იქნა,

შესაფერისი მწვრთნელი დაუნიშნეს - სერხიო ბატისტა. მისმა წინამორბედმა დიეგო მარადონამ 100-ზე მეტი ფეხბურთელი გასინჯა, მაგრამ ვერ შეძლო საუკეთესო 11-ეულის ზუსტი შერჩევა. არადა, ჩვენი აზრით, ბატისტამ ეს პირველივე მატჩში მოახერხა - დაცვის მარჯვენა ფლანგს დაუბრუნდა ხავიერ ძანეტი, ნაკრების რეკორდსმენი, სრულიად გაუგებარია რა მიზეზით იწუნებდა დიეგო ხავიერს, მარცხენა ფლანგზე ადგილი შეინარჩუნა გაბრიელ ჰაინცემ. ცენტრში დაბრუნდა გაბრიელ მილიტო, რომელიც ამჯერად მარტინ დემიკელისს შეუწყვილდა. შუა ხაზში ითამაშეს ევერ ბანეგამ ("ვალენსიელს" მარადონამ მცირე შანსიც კი არ მისცა თავის გამოჩენის), ხავიერ მასკერანომ და ესტებან კამბიასომ (დიეგოს მიერ კიდევ ერთი შერისხული), წინ ითამაშა იდეალურმა ტრიომ - მესი-იგუაინი-ტევესი. შეცვლაზეც სამი ყველაზე საჭირო ფეხბურთელი შევიდა: ანდრეს დ'ალესანდრო (მარადონამ მუნდიალს არ გააკარა), სერხიო აგუერო (წაიყვანა, მაგრამ შანსი არ მისცა) და ანხელ დი მარია. მოკლედ, დავუმატოთ ამას ორი ინტერელი: დიეგო მილიტო და ვალტერ სამუელი და საუკეთესო ვარიანტია, რად უნდოდა ამას ორწლიანი ძიება და ათობით უსარგებლო კანდიდატის "გასინჯვა". რა ადვილი ყოფილა პასუხი, მარადონა კი ღობე-ყორეს მოედო და მაინც ვერ შეარჩია საუკეთესო გუნდი.

ვისენტე დელ ბოსკეს კი მაინცდამაინც პრინციპულ მეტოქესთან მოუნდა ექსპერიმენტები: 1. დელ ბოსკემ გადაწყვიტა ფონს იკერ კასილიასის გარეშე გასულიყო და სწორედ ამის გამო დაისაჯა; 2. დელ ბოსკემ წუთითაც კი არ ათამაშა ერთად ჩავი და ინიესტა, არადა ეს ორი სწორედ ერთად არის განსაკუთრებით ეფექტური; 3. არ ყოფილა ფერნანდო ტორესი, რომელიც ბოლო დროს ათამაშდა; 4. მწვრთნელმა სკამზე დასვა დაცვის ფლანგის ორივე ძირითადი მოთამაშე (სერხიო რამოსი და ხოან კაპდევილა); 5. გუნდში პირველი ვიოლინოს როლი სესკ ფაბრეგასს დააკისრა, რომელმაც აშკარად არ გაუმართლა.

2006  წლიდან მოყოლებული ესპანეთის ნაკრებმა სულ მესამედ წააგო (ბოლო 58 მატჩი), თუმცა ასეთი სასტიკი მარცხი "ფურია როხას" კარგა ხანია არ განუცდია. თამაში დაიწყო და მობილური არგენტინული შუახაზის წყალობით მასპინძელთა უპირატესობა აშკარა გახდა. მალევე მესიმ "მანჩესტერ სიტის" ფორვარდი კარლოს ტევესი პეპე რეინასთან ლამის პირისპირ გაიყვანა, მაგრამ ტევესმა ააცილა. ოთხ წუთში მესიმ გენიალური გოლი გაიტანა, ტევესის პასი მეკარის სიახლოვეს მიიღო და რეინას ბურთი თავზე გადაუგდო - 1:0.

ბარსელონელის შემდეგ თავი რეალელმა გამოიჩინა, ტევესის ჩინებული პასით გონსალო იგუაინი პირისპირ გავიდა, გაცდა რეინას და მახვილი კუთხიდან ცარიელ კარში გაიტანა. 34-ე წუთზე კი ტევესს გარჯა დაუფასდა, რეინამ უხეში შეცდომა დაუშვა (არბელოას პასი ფეხებშუა გაუძვრა და მერე წაიქცა), იქვე დადარაჯებულმა ტევესმა კი კარიერაში უიოლესი გოლი გაიტანა - 3:0. I ტაიმში ბატისტას გუნდმა დელ ბოსკეს კრებული ნოკდაუნში გააგზავნა. ესპანელებმა მხოლოდ ორჯერ შეუტიეს გვარიანად და ორივეჯერ დავიდ ვილიამ ბურთი ძელს გაარტყა.

შესვენებაზე დელ ბოსკემ ოთხი ცვლილება განახორციელა: კარიდან რეინა მოაცილა და ვალდესი დააყენა, ლორენტე, კასორლა და ხესუს ნავასი გამოჩნდენ, მალე თამაშში ჩავიც ჩაერთო. "როხაც" უკეთ ათამაშდა, ლორენტეს თავური მცირე მანძილით აცდა კარს, ხოლო რომერომ კასორლას სახიფათო დარტყმული მოიგერია. 84-ე წუთზე, როგორც იქნა გაიტანეს სტუმრებმა - პედროს პასის შემდეგ ლორენტემ ტრიალში რომეროსგან შორეული კუთხე დალაშქრა, მაგრამ დელ ბოსკეს გუნდი დიდი ანგარიშით მარცხს მაინც ვერ წაუვიდა - დი მარიას ჩაწოდებულს თავური შეაგება ნაკრების ყველაზე ტანდაბალმა ფეხბურთელმა კუნ აგუერომ, ბურთი ძირს დაეცა და ისე შევარდა ვალდესის კარში - 4:1.

ვისენტე დელ ბოსკე: "თამაში ცუდად დავიწყეთ, რაც მთავარია შუახაზში ბურთის კონტროლი ვერ მოვიგეთ. არგენტინამ ალალად გვაჯობა. რა თქმა უნდა, ასეთი მარცხი ძალიან ძნელად გადასატანია, მაგრამ ჭკუის სასწავლებელიცაა. ყველა მატჩს ვერ მოვიგებთ, ეს გამორიცხულია".

ლეო მესი: "ესპანეთის ნაკრებს შეუძლია ბურთი ერთი ფლანგიდან მეორეზე გადაიტანოს, თავგზა დაგაბნიოს. ჩვენ კი ვაჯობეთ. ახლა, ამ თამაშიდან კი არგენტინის ნაკრების აღმასვლა უნდა დაიწყოს".
ხავიერ ძანეტი: "ბიჭები მხარს ვუჭერთ სერხიო ბატისტას დამტკიცებას მთავარ მწვრთნელად. ვფიქრობ, მან დაიმსახურა ხანგრძლივი კონტრაქტი".

არგენტინულმა პრესამ უაღრესად დადებითი შეფასება მისცა ნაკრების თამაშს. "კლარინის" მოწინავე სტატია რიტორიკულ კითხვას სვამს სათაურში: "ი დონდე ესტაბა ელ კამპეონ" (სად იყო ჩემპიონი?). დაბოლოს, ესპანელთა მცველის კარლოს მარჩენას საოცარი რეკორდული სვლა გაჩერდა - 2003 წლის ივნისის შემდეგ ესპანეთის ნაკრებს არ წაეგო, თუკი გუნდში კარლოს მარჩენა თამაშობდა.

არგენტინა-ესპანეთი 4:1

არგენტინა (4-3-3): რომერო (7) - ძანეტი (7), დემიკელისი (6,5), გ. მილიტო (6), ჰაინცე (6,5) - ბანეგა (7), მასკერანო (7), კამბიასო (7,5) - მესი (8,5) (89. დ'ალესანდრო), იგუაინი (7,5) (68. აგუერო (6,5), ტევესი (9) (59. დი მარია (6)).
ესპანეთი (4-2-3-1): რეინა (4,5) (46. ვალდესი (6)) - არბელოა (4,5), პიკე (4), მარჩენა (5), მონრეალი (5) - ჩაბი ალონსო (6) (70. პედრო (6)), ბუსკეტსი (5) - სილვა (5) (46. ხ. ნავასი (6,5)), ფაბრეგასი (6) (56. ჩავი (6)), ინიესტა (4) (46. კასორლა (6,5)) - ვილია (6,5) (46. ლორენტე (6,5)).
გოლები: 1:0 მესი (10), 2:0 იგუაინი (13), 3:0 ტევესი (34), 3:1 ლორენტე (84), 4:1 აგუერო (91).
მაყურებელი: 53 000
შენიშვნა: GOAL.COM-ის შეფასებები

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული