ლა ლიგა. XXVI ტურის შეჯამება: გუტი - ჩემი მეგობარი რამოსი კარგი მცველი და ბრწყინვალე გოლკიპერია

AutoSharing Option
ფეხბურთს, როგორც წესი, ერთი ბურთით თამაშობენ, მაგრამ საქართველოსა და ნავარაში დაამკვიდრეს ერთგვარი ნოუ ჰაუ: ფეხბურთი ორი ბურთით. ვთქვათ, მეტოქე გუნდი სახიფათოდ გიტევს, შეაგორე მეორე ბურთი მოედანზე და მორჩა, ხიფათი გაუვნებელყოფილია - მსაჯი ვალდებულია თამაში შეაჩეროს!

ასე იყო ამ ორიოდე სეზონის წინ ზესტაფონში და იგივე გაიმეორეს პამპლონაში კვირას ლა ლიგის 26-ე ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში. ხრიკმა "რეინო დე ნავარაზეც" გაამართლა, თუმცა სიმართლე ითქვას, მანჩესტერში ისტორიული გამარჯვების შემდეგ "ბილბაო" ისეთი დაღლილი იყო და საკუთარ აჩრდილს ჰგავდა, რომ "ოსასუნა" იმ ერთი ბურთითაც მოუგებდა...

"რეალსა" და "ბარსელონას" შორის სხვაობა 20 საათით 13 ქულა გახდა და ისევ 10-ამდე დავიდა. კრიშტიანო რონალდომ და ლიონელ მესიმ "წყვილად" შეასრულეს დუბლები, ხოლო გრანდებმა სხვებთან უფსკრული კიდევ უფრო გააღრმავეს - "რეალი" მესამეადგილოსან "ვალენსიას" 26 ქულით უსწრებს, მეოთხეადგილოსან (ეს ადგილი, არ დაგვავიწყდეს, ჩემპიონთა ლიგის საგზურს იძლევა) "მალაგას" - 30 ქულით!

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, "რეალის" გამარჯვებამ ამჯერადაც დისკუსია გამოიწვია მსაჯობის კუთხით. ტურის ყველაზე საინტერესო თამაში კი "ესპანიოლმა" შემოგვთავაზა - ბარსელონურმა კლუბმა 5:1 მოუგო "რაიო ვალეკანოს". ბრაზილიელი კოუტინიო ზამთრის სატრანსფერო სეზონის უდავოდ ყველაზე კაშკაშა შენაძენია - იტალიიდან წამოსული ვარსკვლავი "ესპანიოლის" ლიდერი ხდება.

ყველაზე მწარე ეს ტური მიჩელისთვის იქნებოდა - "სევილიას" ახალმა თავკაცმა ხიხონში წააგო და თან ვისთან - "სპორტინგის" ახალი მესაჭე ხომ ხავიერ კლემენტეა. სწორედ ის კლემენტე, რომელმაც მიჩელი 90-იან წლებში ესპანეთის ნაკრებიდან მოკვეთა. ბოლო მატჩებია, "ვალენსია" თამაშის მიწურულს ბრინჯივით იბნევა - თუკი ევროპალიგაში პსვ-სთან ამას კატასტროფული შედეგი არ გამოუღია (4:0 4:2-ად იქცა), ლა ლიგის ტურში "ღამურებმა" 2 ქულა დაკარგეს მშობლიურ "მესტალიაზე".

ბარსა-რეალობა
სევილიაში ჟოზე მოურინიოს კინაღამ იუბილე ჩაუმწარეს. იუბილე კი იმაში გამოიხატებოდა, რომ "რეალი" პორტუგალიელის ხელმძღვანელობით მე-100-ედ გადიოდა სათამაშოდ. გავიდა კიდევაც, მაგრამ გადაჭედილ "ესტადიო ბენიტო ვილიამარინზე", რომელიც ესპანეთში ერთ-ერთი უძველესი არენაა (1929 წელსაა აშენებული), სახელი კი 5-ჯერ შეიცვალა, კინაღამ ფეხი დაუცდა. "სამეფო კლუბი" მატჩის განმავლობაში აგებდა და რომ არა კრიშტიანო რონალდოს დუბლი, წააგებდა კიდეც.

ამ მატჩის პერიპეტიებიდან გამოვყოფთ ორივე გუნდის შემტევ ფეხბურთს, იტურალდე გონსალესის ტრავმას, რის გამოც ის შესაცვლელი გახდა მე-4 მსაჯით და ქარიმ ბენზემას დაბრუნებას ტრავმიანობის შემდეგ. სტუმართა რიგებში საუკეთესოები რონალდო და გონსალო იგუაინი იყვნენ.

ამ მატჩმა ემილიო ბუტრაგენიოს ათქმევინა, ეს, სავარაუდოდ, "რეალის" ისტორიაში საუკეთესო გუნდიაო. "რეალმა" ზედიზედ მე-10 მატჩი მოიგო სტუმრად - ეს რეკორდია.

ახლა საკამათო ეპიზოდზე ვთქვათ: მატჩის მიწურულს, ბევრის აზრით, სერხიო რამოსმა საჯარიმოში ხელით ითამაშა. ყველაზე მოსწრებულად ეპიზოდი "რეალის" ყოფილმა ვარსკვლავმა გუტიმ საკუთარ "ტვიტერზე" იხუმრა: "ჩემმა მეგობარმა სერხიო რამოსმა დაამტკიცა, რომ კარგი მცველი და ბრწყინვალე გოლკიპერია".

"ბარსელონა" "რასინგს" ეწვია, რომლის გასაჭირზეც უკვე ბევრი ვწერეთ. ბუნებრივია, გუნდმა, რომელსაც სეზონში მესამე მწვრთნელი თამაშის წინა დღეს დაუნიშნეს, "ბარსას" წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. ჩემპიონმა მხოლოდ 2:0 მოიგო. მეტოქე დაინდო? - უფრო საკუთარი თავი მომავალი ბატალიებისთვის, "რასინგს" კი მესის აფეთქებაც ეყო. იცით, ყველაზე მეტად რა უშლიდა ხელს კატალონიურ გუნდს? კანტაბრიულ არენაზე აშკარად გასაკრეჭი ბალახის საფარი.

მესიმ დუბლი შეასრულა და ამ სეზონში გოლების რიცხვი 50-ამდე გაზარდა (30 ლა ლიგაში).

მესი VS რონი
კრიშტიანო რონალდომ "ბეტისთან" 3:2 მოგებულ მატჩში 90 წუთი ითამაშა. კარისკენ 10-ჯერ დაარტყა, 6-ჯერ ზუსტად, 2 გოლი გაიტანა. მის წინააღმდეგ 2-ჯერ იუხეშეს, 1-ხელ რონალდო თამაშგარე მდგომარეობაში მოხვდა (Goal.com-ის შეფასება - 8).

ლიონელ მესიმ  "რასინგთან" 2:0 მოგებულ მატჩში 90 წუთი ითამაშა. კარისკენ 9-ჯერ დაარტყა, 4-ჯერ ზუსტად, 2 გოლი გაიტანა (1 პენალტით).

მის წინააღმდეგ ორჯერ იუხეშეს. შეფასება - 8.

ამ ტურში 1:1 - ასე რომ, მესი ისევ წინაა 16:15.

ტურის სიმბოლური ნაკრები
Goal.com. 3-4-3

იკერ კასილიასი (რეალი, 1) - მირანდა (ატლეტიკო, 1), დიეგო გოდინი (ატლეტიკო, 1), კარლეს პუიოლი (ბარსელონა, 3) - ფრანსისკო პუნიალი (ოსასუნა, 1), ანდრე კაშტრო (სპორტინგი, 1), ირინეი და სილვა (ბეტისი, 1), ფილიპე კოუტინიო (ესპანიოლი, 1) - ლიონელ მესი (ბარსელონა, 10), კალუ უჩე (ესპანიოლი, 1), კრიშტიანო რონალდო (რეალი, 11).

ტურის გმირი
ხოსე სალომონ რონდონი (მალაგა)

ეს იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად ვენესუელელმა დაარტყა თავი "ლევანტეს" კარში და მას შემთხვევით მეტოქის ნახევარმცველმა ღეზალმა არ დაასწრო.

ტურის ფრაზები
ემილიო ბუტრაგენიო: "ეს გუნდი, სავარაუდოდ, "რეალის" ისტორიაში საუკეთესოა. მე მართლა ვფიქრობ, რომ ასე უნაკლოდ დაკომპლექტებული "რეალი" არასოდეს ყოფილა", - "რეალის" ლეგენდა დღევანდელ გუნდზე.

ჟოზე მოურინიო: "შემიძლია ვთქვა, რომ ნაკლოვანებით აღსავსე ვარ, რაც ალბათ უკვე ყველამ შეამჩნია. მაგრამ მე ასე ვარჩიე - არ დავმალო საკუთარი შეცდომები. როცა ვხედავ რამეს, რაც არ მომწონს, ამაზე ვლაპარაკობ კიდეც. სხვებმა სხვა გზა აირჩიეს", - პორტუგალიელი საკუთარ ნაკლოვანებებზე.

ჟოზე მოურინიო: "ხანდახან სჯობს, უფრო დაცვითი ფეხბურთი ითამაშო და თამაში აკონტროლო. დღეს ეს არც ერთმა გუნდმა არ მოინდომა. მატჩი სავსე იყო დრამატული ეპიზოდებით. ასე რომ, ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა", - პორტუგალიელი "ბეტისთან" მატჩზე.

ხოსეპ გვარდიოლა: "მე არ ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი პენალტი იყო. ჩვენ თავიდან ბოლომდე ყველაფერს ვაკონტროლებდით", - "ბარსელონას" თავკაცი "რასინგთან" 2:0 გამარჯვების შემდეგ.

ლიონელ მესი: "გვარდიოლა ჩემზე მნიშვნელოვანი ფიგურაა "ბარსელონაში", - არგენტინელი პეპის როლზე კლუბში.

ხოსე რამონ სანდოვალი: "ამ თამაშის ჩანაწერს სიამოვნებით მოვისროლებდი სანაგვე ყუთში", - "რაიო ვალეკანოს" თავკაცი 1:5 წაგების შემდეგ.

დიეგო სიმეონე: "კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ", - "ატლეტიკოს" მწვრთნელი "გრანადასთან" 2:0 მოგების შემდეგ.

ტურის 5 საუკეთესო გოლი
1. ჟოაო მირანდა (ატლეტიკო) "გრანადას" კარში (საგოლე პასი: დიეგო გოდინი)
2. ანდრე კაშტრო (სპორტინგი) "სევილიას" კარში (საგოლე პასი: ადრიან კოლუნგა)
3. ტინო კოსტა (ვალენსია) "მალიორკას" კარში (საგოლე პასი: სოფიან ფეგული)
4. გონსალო იგუაინი (რეალი) "ბეტისის" კარში (საგოლე პასი: მესუთ იოზილი)
5. ხოსე სალომონ რონდონი (მალაგა) "ლევანტეს" კარში (საგოლე პასი: ხოაკინ სანჩესი)

ესპანური ფეხბურთის სისუსტე... მსაჯები
გორკა ოსკოსი (ბეტისი-რეალი). "მარკას" არ შეუფასებია

რა დააშავა: მან მეორე ტაიმში შეცვალა ტრავმირებული იტურალდე გონსალესი. არ დანიშნა აშკარა პენალტი "რეალის" კარში. "მარკამ" მის მსაჯობას უწოდა "საშინელი".

დელ სერო გრანდე (რასინგი-ბარსელონა). "მარკას" შეფასება 4 (10-ბალიანი სისტემით)
რა დააშავა: პენალტი სისმაზე საეჭვო იყო. კონტაქტი სისმასა და ფაბრეგასს შორის იყო, თუმცა არასაკმარისი საიმისოდ, რომ მცველი დამნაშავედ მივიჩნიოთ.

ტურის მსხვერპლნი
სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა) კინაღამ სერიოზული ტრავმა მიიღო მას მერე, რაც "რასინგის" ფეხბურთელმა ბაბაკარმა კოჭზე დააბიჯა.

ტურის სტატისტიკა
შენიშვნა: წუხანდელი მატჩი გათვალისწინებული არ არის

27 გოლი ტურში (3,0 მატჩში). 6 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 1 ფრედ დასრულდა და 2 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 54 ყვითელი და 3 წითელი ბარათი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: კალუ უჩე (ესპანიოლი)

დუბლი: ფილიპე კოუტინიო (ესპანიოლი); კრიშტიანო რონალდო (რეალი), ლიონელ მესი (რეალი), იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი).
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: პოლ კუაიე (ესპანიოლი, 16 წლის)

ყველაზე მეტი მაყურებელი: 51 000 - "ბენიტო ვილიამარინი"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 16 000 - "რეინო დე ნავარა"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 24 - მალაგა
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 10 - რეალი, ესპანიოლი
ყველაზე მეტი ჯარიმა: 26 - ესპანიოლი
ყველაზე მეტი კუთხური: 13 - ვალენსია
ყველაზე მეტი თამაშგარე: 8 - რაიო ვალეკანო
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 71% - ბარსელონა

მალაგა-ლევანტე 1:0
საუკეთესო: ხოსე რამონ რონდონი (მალაგა)

სოსიედადი-სარაგოსა 3:0
საუკეთესო: კარლოს ველა (რეალ სოსიედადი)

სპორტინგი-სევილია 1:0
საუკეთესო: ფორმოზე მენდი (სპორტინგი)

ბეტისი-რეალი 2:3
საუკეთესო: კრიშტიანო რონალდო (რეალი)

ესპანიოლი-ვალეკანო 5:1
საუკეთესო: ფილიპე კოუტინიო (ესპანიოლი)

ატლეტიკო-გრანადა 2:0
საუკეთესო: მირანდა (ატლეტიკო)

ვალენსია-მალიორკა 2:2
საუკეთესო: ემილიო ნსუე (მალიორკა)

რასინგი-ბარსელონა 0:2
საუკეთესო: ლიონელ მესი (ბარსელონა)

ოსასუნა-ბილბაო 2:1
საუკეთესო: ფრანსისკო პუნიალი (ოსასუნა)

ვილიარეალი-ხეტაფე 1:2
ვილიარეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - ა. ლოპესი, გონსალო (61. მ. რუბენი), საპატა, ხ. კოსტა - სენა, ბრუნო - კანი, ბ. ვალერო, კამუნიასი (87. კასტელანი) - ნილმარი (70. ხოსელუ).
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, კატა დიასი, ალექსისი, მანე - მიჩელი, ლასენი - პედრო ლეონი (73. კასკერო), ბარადა (87. მ. ტორესი), დ. კასტრო - მიკუ (69. გუისა).
გოლები: 0:1 დ. კასტრო (5), 1:1 ნილმარი (45-პენ), 1:2 ბარადა (72)
ბ. ვალერომ ვერ გაიტანა პენალტი (18)
გაფრთხილება: გონსალო, კოსტა, ბრუნო - მიჩელი, ალექსისი, კატა დიასი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 3-7; კარში დარტყმა: 5-4 (5-1); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 17 500

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 26 23 1 2 88-23 70
2. ბარსელონა 26 18 6 2 75-19 60
3. ვალენსია 26 12 8 6 40-31 44
4. მალაგა 26 12 4 10 37-37 40
5. ლევანტე 26 11 5 10 37-37 38
6. ოსასუნა 26 9 11 6 31-40 38
7. ბილბაო 26 9 10 7 42-34 37
8. ატლეტიკო 26 9 9 8 36-31 36
9. ესპანიოლი 26 10 6 10 32-35 36
10. ვალეკანო 26 10 4 12 37-43 34
11. სევილია 26 8 9 9 27-29 33
12. სოსიედადი 26 9 6 11 30-36 33
13. ხეტაფე 26 8 8 10 27-35 32
14. მალიორკა 26 7 9 10 26-32 30
15. ბეტისი 26 9 3 14 31-38 30
16. გრანადა 26 8 4 14 22-37 28
17. ვილიარეალი 26 6 9 11 27-40 27
18. რასინგი 26 4 12 10 21-37 24
19. სპორტინგი 26 6 6 14 24-48 24
20. სარაგოსა 26 4 6 16 21-49 18

ბომბარდირები
32 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 30 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 17 - გონსალო იგუაინი (რეალი); 16 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 13 - ქარიმ ბენზემა (რეალი), მიჩუ (რაიო ვალეკანო), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 12 - რობერტო სოლდადო (იუვენტუსი).

ასისტენტები

13 - მესუთ იოზილი (რეალი), ანხელ დი მარია (რეალი); 9 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 8 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), დანი ალვეში (ბარსელონა); 7 - კარლოს ველა (რეალ სოსიედადი), კრიშტიანო რონალდო (რეალი).

ზამორას ტროფეი

0,73 (გოლი/მატჩში) - ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა); 0,88 - იკერ კასილიასი (რეალი); 1,08 - ტიბო კურტუა (ატლეტიკო); 1,14 - ხავი ვარასი (სევილია); 1,28 - გორკა ირაისოსი (ბილბაო).

მომდევნო ტური
17 მარტი: ხეტაფე-რეალ სოსიედადი, გრანადა-სპორტინგი, სარაგოსა-ოსასუნა, სევილია-ბარსელონა, რაიო ვალეკანო-ბეტისი.
18 მარტი: ლევანტე-ვილიარეალი, მალიორკა-ატლეტიკო, ბილბაო-ვალენსია, რეალი-მალაგა.
19 მარტი: ესპანიოლი-რასინგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული