ლა ლიგა. XXVIII ტურის შეჯამება: ლიონელ მესის ოქროს ტური

AutoSharing Option
რიგით 28-ე ტურმა "ბარსელონას" ჩამორჩენა "რეალთან" 6 ქულამდე დაიყვანა. თუკი წინა ტურში ჟოზე მოურინიომ და კომპანიამ ფეხის დაცდენა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა მოჰკითხოს, ამჯერად, მსაჯმაც "ივაჟკაცა", თუმცა "ვილიარეალისა" და "რეალის" მატჩის არბიტრ პარადას რომეროს უკვე მივუძღვენით სტატია და თავს აღარ შეგაწყენთ.

ამ ტურმა კიდევ ერთი რამ დაგვანახა, ოდესღაც მყარი მესამე ადგილი "ვალენსიას" ძალიან შეერყა, ეს კი მხოლოდ "ღამურების" ბრალია და მეტი არავისი...

ბარსა-რეალობა
"გრანადამ" გვანახა, რომ შეიძლება "ბარსას" მისსავე მოედანზე ფეხბურთი ეთამაშო და შინ თავაწეული (ოღონდ, მოგებული ალბათ მაინც ვერა)
წახვიდე. 8-გოლიანი თრილერი ბოლოს ლეო მესის და კომპანიას დარჩა - 5:3.

"ბარსას" ბოლო გოლი, რომელიც ლეომ გაიტანა, გუნდისთვის 150-ე იყო სეზონში. არადა, სულ ახლახან იყო, როცა სესკ ფაბრეგასმა (9 იანვარს "ესპანიოლთან" დაპირისპირებაში) სეზონის მე-100 გოლი გაიტანა. გასაკვირი არცაა, რომ "ბარსელონას" შარშანდელი შედეგის გამეორებამდე მხოლოდ 2 გოლიღა აშორებს, სეზონის ბოლომდე კი ჯერ კიდევ ბევრია დარჩენილი.

"ელ მადრიგალზე" "რეალმა" ქულები დაკარგა, რაც მსაჯობის გარდა "ვილიარეალის" ვეტერანი ნახევარმცველის, მარკოს სენას დამსახურებაცაა - სენამ საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა და შემდეგ 9-კაციანმა "რეალმა" ვეღარ შეძლო ერთ-ერთი აუტსაიდერის კარის დალაშქვრა.

აღსანიშნავია, მესუთ იოზილის მორიგი, მე-14 საგოლე პასი ამ სეზონში. ამ მაჩვენებლით გერმანელმა ნახევარმცველმა არგენტინელ თანაგუნდელ ანხელ დი მარიას გაუსწრო და ლა ლიგაში პირველია. შარშან იოზილის ანგარიშზე 17 საგოლე პასი იყო, ამ ტემპით ის საკუთარსავე განრიგს უსწრებს.

იოზილმა განსაკუთრებით 2012 წელს გამოიჩინა თავი - 14-დან 9 საგოლე პასი წლეულს მიითვალა.

მესი VS რონი
ლიონელ მესიმ "გრანადასთან" 5:3 დასრულებულ მატჩში კარისკენ 6-ჯერ დაარტყა, 5-ჯერ ზუსტად და ჰეთ თრიკი შეასრულა. 3-ჯერ მის წინააღმდეგ იუხეშეს, ხოლო 2-ჯერ თავად დაჯარიმდა, მის ანგარიშზე 1 საგოლე პასიცაა.

კრიშტიანო რონალდომ "ვილიარეალთან" 1:1 დასრულებულ მატჩში 90 წუთი ითამაშა: მან კარისკენ 10-ჯერ დაარტყა, 3-ჯერ ზუსტად და 1 გოლი გაიტანა. რონალდოს წინააღმდეგ ორჯერ დაჯარიმდნენ, თავად - ერთხელ.

დასკვნა: რონალდო კარგად თამაშობს, მაგრამ მესი უკეთ - ჩვენ "ტურნირში" ეს რაუნდიც არგენტინელს დარჩა და ახლა ის 18:15 დაწინაურდა.

ტურის სიმბოლური ნაკრები
ესპანური Goal.com. 4-3-3

მიგელ მოია (ხეტაფე) - დანი ალვეში (ბარსელონა), ლუის პერეა (ატლეტიკო), ჟოზე ნუნიეში (მალიორკა), გილერმე სიკეირა (გრანადა) - მარკოს სენა (ვილიარეალი), ანხელ ლაფიტა (სარაგოსა), ხოსე ბარკერო (ლევანტე) - ლიონელ მესი (ბარსელონა), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), ხოსე რონდონი (მალაგა).
მწვრთნელი: მიგელ ანხელ ლოტინა (ვილიარეალი)
მე-12 ფეხბურთელი: ისააკ კვენკა (ბარსელონა)

ტურის გმირი
ლიონელ მესი (ბარსელონა)

ჰეთ თრიკი და საგოლე პასი, მგონი, საკმარისია ფეხბურთელის ტურის გმირად დასასეხელებლად. თან, თუ ამ ფეხბურთელმა ტურში ისეთი გუნდის ისტორიაში ჩაწერა შეძლო, როგორიც "ბარსელონაა", თანაც 24 წლის ასაკში... უდავოა, ტურის რჩეული ის უნდა იყოს.

ლიონელ მესის ანგარიშზე უკვე 234 გოლია "ბარსელონას" მაისურით. გავიხსენოთ, სულ პირველი გოლი: 2005 წლის 1 მაისს მესიმ რონალდინიოს პასით გაიტანა, მაშინ ლეოს მაისურზე 30 ნომერი ეწერა.

ტურის სტატისტიკა
36 გოლი ტურში (3,6 მატჩში). 3 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 3 ფრედ დასრულდა და 4 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 73 ყვითელი და 7 წითელი ბარათი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: ლიონელ მესი (ბარსელონა)
დუბლი: გილერმე სეკეირა (გრანადა), მანუელ დელ მორალი (სევილია), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), ანტონიო აპონიო (სარაგოსა), ხოსე რონდონი (მალაგა).
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ხაიმე სამპერიო (რასინგი, 18 წლის)
ყველაზე მეტი მაყურებელი: 62 700 - "კამპ ნოუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 12 500 - "ელ მოლინონი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 28 - ვალენსია
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 10 - ვალენსია
ყველაზე მეტი ჯარიმა: 23 - ვილიარეალი
ყველაზე მეტი კუთხური: 9 - ვალენსია, სპორტინგი
ყველაზე მეტი თამაშგარე: 7 - ვალენსია
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 75% - ბარსელონა

ოსასუნა-ხეტაფე 0:0
საუკეთესო: მიგელ მოია (ხეტაფე)

ბარსელონა-გრანადა 5:3
საუკეთესო: ლიონელ მესი (ბარსელონა)

ატლეტიკო-ბილბაო 2:1
საუკეთესო: რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

სპორტინგი-მალიორკა 2:3
საუკეთესო: ფორმოზე მენდი (სპორტინგი)

სოსიედადი-ლევანტე 1:3
საუკეთესო: ხოსე ბარკერო (ლევანტე)

ვალენსია-სარაგოსა 1:2
საუკეთესო: ანხელ ლაფიტა (სარაგოსა)

ვილიარეალი-რეალი 1:1
საუკეთესო: კრიშტიანო რონალდო (რეალი)

რასინგი-სევილია 0:3
საუკეთესო: მანუელ დელ მორალი (სევილია)

ბეტისი-ესპანიოლი 1:1
საუკეთესო: ფილიპე კოუტინიო (ესპანიოლი)

მალაგა-ვალეკანო 4:2
საუკეთესო: ხოსე რონდონი (მალაგა)

ბომბარდირები
34 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 33 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 17 - გონსალო იგუაინი (რეალი); 15 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 14 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 13 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), მიჩუ (რაიო ვალეკანო).

ასისტენტები
14 - მესუთ იოზილი (რეალი); 13 - ანხელ დი მარია (რეალი); 10 - ლიონელ მესი (ბარსელონა), დანი ალვეში (ბარსელონა); 8 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 7 - კარლოს ველა (რეალ სოსიედადი), ხესუს ნავასი (სევილია), რაულ გარსია (ოსასუნა).

ზამორას ტროფეი
0,79 (გოლი/მატჩში) - ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა); 0,89 - იკერ კასილიასი (რეალი); 1,12 - ტიბო კურტუა (ატლეტიკო); 1,14 - ხავი ვარასი (სევილია); 1,23 - ვილი კაბალიერო (მალაგა), მიგელ ანხელ მოია (ხეტაფე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული