ხვალის "ბარსელონა" უკვე დღეს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ძალზე მნიშვნელოვანი და ძნელი რაუნდი დაძლეულია - "ბარსელონას" შეუძლია გადაერთოს ლა ლიგაზე და იქნებ საჩემპიონო ბრძოლაც შესთავაზოს დაწინაურებულ "რეალს". მანამდე კლუბში მომავალზე იზრუნეს...

პირველგუნდელი!
"ბარსელონას" სარეზერვო გუნდის 20 წლის მარცხენა მცველ მარკ მუნიესა მარტინესს დიდებული ოთხშაბათი ჰქონდა - მან 2011 წლის თებერვალს მოაწერა კონტრაქტს ხელი, ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტების თანახმად, კონტრაქტი ავტომატურად გაგრძელდა 2013 წლის ივნისის ბოლომდე.

უფრო მეტიც, ახალი სეზონიდან მუნიესა "ბარსელონას" პირველი გუნდის სრულუფლებიანი წევრი იქნება. მუნიესა, რომელსაც თავისი პოზიციის გარდა ცენტრალურ მცველად და საყრდენ ნახევარმცველად შეუძლია
თამაში, ფაქტობრივად უკვე პირველი გუნდის წევრია - მას მერე, რაც გაირკვა, რომ ერიკ აბიდალს კიდევ ერთი ოპერაცია ელის.

მუნიესა მუდმივად პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მან "ლევერკუზენთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში ითამაშა კიდეც. იმის ახსნა აღარ არის საჭირო, რომ მუნიესა "ლა მასიის" აღზრდილია. მისი გამოსყიდვის მსურველმა კლუბმა 30 მილიონი ევრო უნდა გაამზადოს.

ახლახან "ბარსელონა ბ-ს" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა გააფორმა კონტრაქტი - ნახევარმცველმა ილიე სანჩესმა 2013 წლამდე გაახანგრძლივა კლუბთან ურთიერთობა. მისი გამოსასყიდელი თანხა 3 მილიონი ევრო იქნება. 21 წლის ილიე უკვე დიდი ხანია ტრავმირებულია: "ამ ათი თვის განმავლობაში, რაც ტრავმირებული ვარ, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღეა", - განუცხადა ილიემ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს.

დავტკბე მომენტით
"ბარსას" სარეზერვო გუნდის კიდევ ერთი ყოფილი წევრი (იანვრიდან ოფიციალურადაც პირველ გუნდშია), ისააკ კვენკა უკვე კარგად "აითქვიფა" ძირითადში.

20 წლის გარემარბს ხოსეპ გვარდიოლა იმდენად ენდობა, რომ ის "მილანთან" ძალზე მნიშვნელოვან მატჩში ძირითად შემადგენლობაში მოხვდა! კვენკა 12 წლის ასაკში მივიდა "ბარსას" აკადემია "ლა მასიაში".

მისი აღზევება უცბათ მოხდა - "საბადელში" განათხოვრებული ფეხბურთელი ძალიან მალე აღმოჩნდა "ბარსას" პირველ გუნდში, მეგავარსკვლავების გვერდით.

"ყიველდღიურად ვცდილობ გავიზარდო, როგორც ფეხბურთელი და ამით ჩემს კლუბს დავეხმარო. "მილანთან" თუ მენდობოდნენ, ნამდვილად არ მეგონა, ძალიან გახარებული ვიყავი. ჩემს ირგვლივ ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება, რომ ამაზე დაფიქრების დროც კი არ მრჩება, უბრალოდ, ვცდილობ დავტკბე ამ მომენტით", - აცხადებს კვენკა.

პეპი, 2-მატჩიანების მეფე
ხოსეპ გვარდიოლამ უკვე ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ძალიან ძლიერი მწვრთნელია. მისი ყველაზე ძლიერი მხარე კი გუნდის ორმატჩიანი დაპირისპირებებისთვის მომზადებაა.

წარმოიდგინეთ, რაც პეპი "ბარსელონას" თავკაცია, გუნდმა 29 ასეთი 2-თამაშიანი დაპირისპირება გამართა და 27-ჯერ გამარჯვებული გამოვიდა! ეს უმთავრესად ჩემპიონთა ლიგის და ესპანეთის სამეფო თასის მატჩებია, აგრეთვე ესპანეთის სუპერთასის გათამაშება. წარმატების 93% - ნებისმიერი მწვრთნელისთვის საამაყო სტატისტიკაა.

ორადორი კლუბი, რომელმაც ორრაუნდიან ომში პეპის ბარსას აჯობეს, "სევილია" და "ინტერი" იყო, რომელსაც მაშინ ჟოზე მოურინიო წვრთნიდა.

FC UEFA?
"მილანთან" საპასუხო მატჩის შემდეგ, ჰოლანდიელი მსაჯის ბიორნ კუიპერსის გადაწყვეტილებების გამო "ბარსას" ბევრმა გაკრა კბილი. ზოგიერთმა კატალონიურ გრანდს FC UEFA-ც კი უწოდა, თითქოს, მას მიშელ პლატინი და კომპანია ხშირად წყალობდეს.

მართლაც დაუმსახურებელი იყო "ბარსელონას" ნახევარფინალში? სტატისტიკის მიხედვით, თითქმის ყველა ასპექტში ესპანური კლუბი უკეთესი იყო. ორივე შეხვედრაში "ბარსამ" 38 საგოლე მომენტი შექმნა, "მილანმა" - 8.

ბურთის ფლობა ორივე მატჩის ჯამში - 61%, ჯარიმები 18:33. "მილანთან" საპასუხო მატჩში "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობიდან 9 კაცი "ლა მასიას" გაზრდილი იყო, მხოლოდ ხავიერ მასკერანო და დანი ალვეში არ აღუზრდია კლუბის აკადემიას.

ლეო მესის ჩემპიონთა ლიგაზე 51 გოლი აქვს გატანილი. ის ამ ტურნირის ისტორიაში მესამე გოლეადორია რაულის (71) და რუუდ ვან ნისტელროის (56) შემდეგ.

ტრავმა იყო და არ იყო
ექიმთა დაკვნამ ხოსეპ გვარდიოლას შვებით ამოასუნთქებინა - პირველადი შიში არ გამართლდა, "მილანთან" მიღებული ტრავმა საშიში არ გამოდგა და ჟერარდ პიკე უკვე მომავალ ტურში, "სარაგოსას" წინააღმდეგ შეძლებს თამაშს.

იტალიელებთან მატჩის 74-ე წუთზე პიკე ორთავა კუნთს იტკიებდა და ის პეპმა გამოცვალა. აღმოჩნდა, რომ პიკეს ტრავმა საერთოდ არ მიუღია, უბრალოდ, კუნთი გადაიტვირთა და დასვენება ამიტომ იყო საჭირო. ასე რომ, მცველი "სარაგოსასთან" ითამაშებს, თუ... მწვრთნელმა მისი დასვენება არ განიზრახა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული